"მეტი რა გავაკეთოთ?!“ - კვირის პალიტრა

"მეტი რა გავაკეთოთ?!“

ოპოზიციონერ ლიდერთა ნაწილის­ აზრით, რუსეთ-უკრაინის ფრონტზე­ შეცვლილმა ვითარებამ "ქართული ოცნების"­ ანტიდასავლური განწყობა შეცვალა. მმართველი გუნდის განწყობაზე, პოზიციასა და გეგმებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი გვესაუბრება:­

- ჩვენი დამოკიდებულება სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენი პოზიცია საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრირების შესახებ არასდროს შეცვლილა, ჩვენი კურსი ყოველთვის პროდასავლური იყო. ზოგიერთ საკითხზე კითხვები ჰქონდა და, ალბათ, ახლაც აქვს პარტიიდან­ წასულ ოთხ დეპუტატს, იმიტომაც გადაწყვიტეს გუნდიდან წასვლა, რომ მათი პოზიცია და შეხედულებები განსხვავდებოდა.

- თუმცა გვახსოვს ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებზე ირაკლი კობახიძის მწვავე განცხადებები, ზოგჯერ ის მათ "კრიმინალი ნაციონალების" მფარველებადაც მოიხსენიებდა.

- ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკური კურსი და კონკრეტულ პირზე მწვავე თუ კრიტიკული შეფასება.

- ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ხშირად გსაყვედურობთ იმის გამო, რომ თქვენ არ ან ვერ აკრიტიკებთ რუს პოლიტიკოსებს.

- თქვენ ხომ იცით, რომ ეს პროვოკაციული მანიპულაციაა? საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობაც კი არა აქვს. ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ ყველა რეზოლუციაზე გვაქვს­ ხელი მოწერილი. რუსეთის ფედერაცია საკმაოდ მკაცრად შევაფასეთ, ცალკეული რუსი პოლიტიკოსის შეფასება ვერ იქნება ჩვენი თვითმიზანი, რადგან მათთან საერთო არაფერი გვაქვს.

- შეგიძლიათ თქვათ, რომ დღევანდელი ვითარება იძლევა ევროსაბჭოს 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების შესაძლებლობას?

- მთელი ზაფხული ვიმუშავეთ, პარლამენტში სხვადასხვა ჯგუფი შევქმენით ყველა რეკომენდაციის შესრულებისთვის სამუშაოდ. ერთ ჯგუფს მეც ვხელმძღვანელობდი. რეკომენდაციებიდან ბევრი საკითხი უკვე დამუშავებული გვაქვს, საშემოდგომო­ სესიაზე პლენარულ სესიაზე გავიტანთ და საბოლოო გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ.­ რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც ამოუჩემებია რუსეთუმეს ძახილი და იმის იქით ვერ მიდის, ამ მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია. მათ ხელს არ აძლევს ამ 12 რეკომენდაციის შესრულება, ვინაიდან საქართველოს ნებისმიერი წარმატება მათი რევოლუციური სცენარის ჩაფლავებაა. რადგან მუშაობაზე უარი თქვეს, ჩვენც გულხელდაკრეფილი ვერ ვიქნებოდით - თორმეტივე რეკომენდაცია შესრულდება დეკემბრის ბოლომდე.

- ისინიც ამბობენ, რომ კანონპროექტებზე­ მუშაობენ, მაგალითად, "სტრატეგია აღმა­შე­ნებელი" და "ლელო" სექტემბერში თავიანთი­ კანონპროექტების წარმოდგენას აპირებენ.

- სამუშაო ჯგუფებში რომ არ მონაწი­ლე­ობდნენ და ახლა თავიანთი კანონპროე­ქტები მოაქვთ, ეს ხომ პროცესის ჩაშლას­ ნიშნავს. ევროსაბჭომ რეკომენდაციებზე ინკლუზიური მუშაობისკენ მოგვიწოდა. ეს უმრავლესობის, უმცირესობისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივ მუშაობას გულისხმობს. პროვოკაციულად შემოტანილი კანონპროექტები ჩვენ როგორ უნდა განვიხილოთ?

- 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთს, დეპო­ლარიზაციის საკითხს როგორ მოაგვარებთ დეკემბრამდე, მით უფრო, რომ ოპოზიციის­ ნაწილი უახლოეს მომავალში საპროტესტო აქციებსა და დაუმორჩილებლობას გეგმავს?

- ამ ხალხს რევო­ლუცია უნდა! თავი კი მოაქვთ, პროდასავლელები ვართო, მაგრამ მაჩვენონ ერთი, რომელი დასავლური ქვეყნის ოპოზიცია მიზეზობს და რევოლუციას ითხოვს არჩევნებში წაგების შემდეგ! იმუშაონ, ბატონო, და მომავალ არჩევნებში­ მიიღონ უკეთესი შედეგი.

- ომბუდსმენის არჩევის წესი დავის საგანი გახდა უმრავლესობისა და იმ ოპოზიციონერთა შორისაც კი, რომლებიც არც აქციებს გეგმავენ და არც სამუშაო ჯგუფებში მუშაობაზე ამბობენ უარს. ეჭვობენ, რომ თქვენი რიგებიდან გსურთ ახალი სახალხო დამცველის არჩევა.

- მათ ეჭვი კი არა, არგუმენტი სჭირდებათ ამ ბრალდების დასადასტურებლად. არ არსებობს ომბუდსმენის არჩევის იმაზე უფრო იდეალური წესი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ. ამაზე მეტად ინკლუზიური და გამჭვირვალე რაღა უნდა იყოს?! უბრალოდ, მათი თვითმიზანია პოზიტივი არაფერში დაინახონ. კანონით, კანდიდატის წარდგენა შეუძლია პარლამენტში არსებულ ყველა ფრაქციასა და ჯგუფს. ჩვენ ვთავაზობთ შეიქმნას კომპეტენტური საბჭო, სადაც იქნებიან არასამთავრობო­ ორგანიზაციები, დარგის ექსპერტები, აკადემიური­ წრის წარმომადგენლები. შემდეგ გამოცხადდეს ღია კონკურსი, რომელშიც ყველა მსურველს ექნება საკუთარი კანდიდატურის წარდგენის საშუალება. კომისიამ შეარჩიოს კანდიდატი და წარუდგინოს პარლამენტს. ეს უფრო ინკლუზიური არ არის?

- კომისიის წევრებს ვინ შეარჩევს?

- კომისიის წევრები შეფასების სკალის მიხედვით შეირჩევიან. კრიტერიუმი იქნება ცოდნა, პროფესიონალიზმი, სანდოობა...

- როდესაც თქვენ გამოხატეთ მზაობა, გენპროკურორი­ აირჩიოთ 3/5-იანი კვორუმით და იმ წესით, რომე­ლიც ოპოზიციასთან მიშელის დოკუმენტის ფარგლებში შეთა­ნხმდა, ოპოზიციონერმა ლიდერებმა თქვეს, რომ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი "ოცნების" "დამსახურებით" არა გვაქვს. გულწრფელად გვითხარით, "ქართულ ოცნებას"­ მიშელის­ დოკუმენტი რომ არ უარეყო, გვექნებოდა ახლა სტატუსი?

- დოკუმენტს ხელი არ მოაწერა "ნაცმოძრაობამ". ჩვენ ასი დღის განმავლობაში­ ველოდით, რომ ხელისუფლების ნაწილი გადაგვებარებინა, მაგრამ მათ ჰქონდათ კონკრეტული მიზანი - ხელისუფლების ნაწილი კი არა, მთლიანი ხელისუფლება­ სურდათ. მიშელის დოკუმენტის ანულირება "ნაციონალების" სიჯიუტისა და სიხარბის­ შედეგი იყო. ახლა მეორე საკითხი - სხვა­დასხვა თანამდებობის პირის 3/5-ით გამ­წესება სამართლებრივი ნონსენსია. ასეთი­ წესით მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ნიშნავენ თანამდებობაზე. ეს დამაზიანებელია ამ ინსტიტუციისთვის. ამაში ცესკოს მაგალითით დავრწმუნდით. თუმცა იძულებული ვართ 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად ასეთ სამართლებრივ ნონსენსსაც დავთანხმდეთ. მეტი რა გავაკეთოთ?!

- მმართველი გუნდი საშემოდგომოდ დაგ­ეგმილი ოპოზიციის აქციებისთვის მზად არის?

- ოპოზიცია აჭრილია, აქციის ლიდერებმა თავადაც არ იციან, რა უნდათ, მხოლოდ არეულობაზე უჭირავთ თვალი. ცდილობენ ნებისმიერ ფასად დავკარგოთ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღების შანსი. ჰგონიათ, თუ ასე მოხდება, ხალხი "ქართულ ოცნებას" დაამხობს და "ნაციონალებს" მოიყვანს ხელისუფლებაში. ეს არ მოხდება! ამიტომ ურჩევნიათ, როგორც ქვეყნის გულშემატკივარ პოლიტიკოსს სჩვევია, ისე მოიქცნენ. ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებთ.

ხათუნა ბახტურიძე