უკრაინის ფრონტის ხაზიდან - კვირის პალიტრა

უკრაინის ფრონტის ხაზიდან

ქართველი სამხედრო ჟურნალისტი ზაირა­ მიქატაძე, ალბათ, ის გამონაკლისია,­ რომელსაც საქართველოს უახლოეს წარსულში სამივე ომი უნახავს. სამხედრო საქმიანობა მისთვის უცხო არ არის, ამიტომაც როგორც კი უკრაინაში წასვლის შესაძლებლობა მიეცა, არც დაფიქრებულა. ის "კვირის პალიტრას" ფრონტის ხაზიდან ესაუბრა და 30 წლის წინ აფხაზეთში მომხდარ უმძიმეს ეპიზოდებთან გაავლო პარალელი.

- სანამ თქვენთან სასაუბროდ მოვიცლიდი, კიევში, წმინდა ვლადიმირის ტაძარში, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი სამხედროს, გელა გოგიას სამოქალაქო პანაშვიდს დავესწარი. მას თანამებრძოლები, ქართველი და უკრაინელი მეგობრები დაემშვიდობნენ, მერე კი ფრონტის ხაზზე დაბრუნდნენ. ასეთია ომის სასტიკი, დაუწერელი კანონი...

კიევიდან ზაპოროჟიეს მატარებელს გავყევი, ქალაქ დნიპროში დილის ხუთ საათზე ჩავედი, სადაც ახლობელი დამხვდა.­ სადგურზე ქართველ მებრძოლს შევხვდი და მისასალმებლად ხელი გავუწოდე. ქართველი ხარო, სიხარულისგან თვალები გაუფართოვდა. ქუთაისელი აღმოჩნდა. დაახლოებით ერთი საათი ვიარეთ და ერთ-ერთ სოფელში შევედით. ქართველი პარტიზანები დაგვხვდნენ. ბიჭებმა ყავა შემომთავაზეს.

აფხაზეთი გამახსენდა, მაშინაც ასე იყო... მეორე დღეს ფრონტის ხაზზე უნდა წასულიყვნენ, მანამდე კი გავესაუბრე. მათ შორის ჩემი შორეული ნათესავი აღმოვაჩინე - ვინაობას ვერ დავასახელებ. მეორე­ დილით გათენებამდე დავტოვეთ იქაურობა. თითქმის მთელი დღე ვიმგზავრეთ. გვერდით მეჯდა აზერბაიჯანელი ბიჭი, რომე­ლმაც ნიღბით ისურვა ჩაწერა. სახე რომ ვაჩვენო, უკან რომ დავბრუნდები, ადგილობრივი ხელისუფლება დევნას დამიწყებსო. გზაში წარამარა ურეკავდნენ ოჯახის წევრები, დედა, ძმა... მხოლოდ ჩემმა ძმამ იცის, აქ რომ ვარ, დანარჩენებს პოლონეთში­ სამუშაოდ წასული ვგონივარო. როცა გავდიოდით, ვიღაცას ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, მაპატიე, ჩამეძინა და ვერ დაგემშვიდობე, უკვე გავდივართო. მოგვიანებით ქართველი მეომრებისგან გავიგე, ქართველ პარტიზანებს ერთი ბიჭი მოუკლეს, ხუთი კი დაუჭრესო. ის აზერბაიჯანელი ბიჭი მოუკლავთ და გამიელვა, რომ სანამდე დედა დაიტირებდა, მე ვიტირებდი, ისე, როგორც 30 წლის წინ აფხაზეთში დავიტირე ნიკუშა თურმანაული, სანამ საშინელ ამბავს დედამისს შეატყობინებდნენ.

კიევის შესასვლელშივე ყურადღებას იქცევს შენობის წინ დალაგებული სათამა­შოები. 14 თებერვლიდან 20 აგვისტომდე რუსეთმა 362 ბავშვი იმსხვერპლა. ეს რიცხვი ცარცით წერია, რადგან, სამწუხაროდ, ციფრის გადაკეთება ხშირად უწევთ...

კიევში ყველა სტრატეგიული ობიექტი და დიდი ქუჩა რკინის კონსტრუქციებითაა­ ჩახერგილი. ერთი მშვენიერი უკრაინელი­ გოგონა ამ სიმახინჯეებს ეროვნულ ორნა­მენტებს ახატავდა. ფოტოს გადაღება მთხოვეს, საქართველო მიყვარსო, ჩანთაზე მიკრულ დროშაზე მიმითითა ვიღაც ბიჭმა. "საქართველოს გაუმარჯოს!" - გავიგონე ქალის შეძახილი. ცრემლები მომებჯინა...

ქვეყანაში რომ ომია, პოლონეთის საზღვრის გადაკვეთისთანავე იგრძნობა, ქუჩებში შეიარაღებული ადამიანები დადიან, პატრულირებენ, ყველა ქალაქისა და სოფლის შესასვლელთან ბლოკპოსტებია. ქვეყანაში არ არსებობს უსაფრთხო მხარე. რუსეთის შეიარაღებული ძალები უფრო ქვეყნის აღმოსავლეთს უტევენ, მაგრამ არც დანარჩენია უსაფრთხო. ქალაქ ჟიტომირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზეც არაერთხელ მიიტანეს იერიში. ხან ბელარუსიდან ისროდნენ, ხან რუსეთის კონტროლირებადი ტერიტორიებიდან. ისროდნენ ყველა საშუალებით, ისეთი რაკეტებით, რომლებიც რამდენიმე კილომეტრს ფარავს, და საიდან ისვრიან და საით, დადგენა ძნელია. აქ ცხოვრება ლატარიას ჰგავს. რომელი მხრიდან დაგესხმიან­ თავს, არავინ იცის. სარაკეტო იერიშები, ბომბდამშენები, არტილერია მთელ უკრაინას უტევს, მაგრამ იგერიებენ. შეიძლება ადამიანმა იფიქროს, ამხელა ქალაქში რაღა მაინცდამაინც მე დამეცემა რუსული ჭურვიო, მაგრამ ასე არ არის, ნებისმიერ დროს შეიძლება რამე მოხდეს. ჩემი აქ ყოფნისას დაარტყეს დნიპროპეტროვსკის რეგიონის ჩაპლინკის რკინიგზის სადგურს, ხუთი ვაგონი დაიწვა და 25 კაცი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი იყო. უამრავი დაიჭრა. ბომბავენ დასახლებულ პუნქტებსაც - შეცდომით, შეგნებულად, დამიზნებით...­ ამის მიუხედავად, კიევშიც და სხვაგანაც, ხალხი ბრუნდება. ის ადგილი, სადაც ქართველ პარტიზანებთან ვიყავი,­ სოფელი იყო, მთელი დღის განმავლობაში ჩვენს თავზე უკრაინული ავიამოიერიშეები დაფრინავდნენ. რადგან უკვე ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევა დაწყებულია, უკვე შემიძლია თქმა - ხერსონში რუსების სამხედრო ბაზებსა და ობიექტებს დაბომბავდნენ და უკან ბრუნდებოდნენ. გაფაციცებული ვუსმენდით, დაბრუნდებოდნენ თუ არა, გვეშინოდა, რომელიმე არ ჩამოაგდონო. საბედნიეროდ, არც ერთი ჩამოგდების ხმა არ ყოფილა. ამ დროს კი ხალხი მოსავალს იღებდა, ყანას, ხილს, ბოსტნეულს უვლიდა, ცხოვრებას განაგრძობდა. ქლიავი, საზამთრო და რაღაცები მოგვიკითხეს. დაბომბვაში თუ მოუკვდებათ მეზობელი, ნათესავი თუ ახლობელი, იგლოვებენ,­ დაკრძალავენ და ისევ აგრძელებენ ცხოვრებას. უკრაინელები მამაცი ხალხია, მაგრამ ჩვენთანაც ასე იყო - აფხაზეთში ზღვიდან არტილერია რომ ცეცხლს გვიშენდა, ხალხი მიწას ხნავდა და თესავდა, ციტრუსსა და ხილს კრეფდნენ, აბინავებდნენ. რამდენჯერ მინახავს, სროლაში ყანას თოხნიდნენ.

- ვიცი, რომ ბუჩასა და ირპენშიც იყავით. ეს ორი ქალაქი რუსული აგრესიისგან განსაკუთრებით დაზარალდა. ახლა რა ხდება?

- რუსულმა აგრესიამ უმძიმესი კვალი დაატყო მთელ უკრაინას, მაგრამ ბუჩაში­ სახლი არ არის დარჩენილი დამწვარი და დაბომბილი არ იყოს. მე მკვდარ ქალაქს ველოდებოდი, მაგრამ დანგრეული სახლების ადგილი უკვე მოსუფთავებული აქვთ და ახლის შენებას იწყებენ, დამწვარ სახლებს­ არემონტებენ. მითხრეს, რომ ყველგან ძალიან დიდი სითბოთი დახვდნენ, მაგრამ თავიანთ ბუდეს მაინც არაფერი ურჩევნიათ.

ჩემი იქ ყოფნა უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნის დღეს დაემთხვა. ქალაქის სასაფლაოს რკალად­ აკრავს ბუჩის ქუჩებში უმოწყალოდ დახოცილთა საფლავები. აქვეა გმირთა სასაფლაოც, იმ გმირების, რომლებიც ბუჩიდან წავიდნენ სამშობლოს დასაცავად და აღარ დაბრუნებულან. ქალაქში მონიშნული აქვთ ის ადგილები­, სადაც რუსმა სამხედროებმა­ უდანაშაულო ადამიანები, გამვლელები დახვრიტეს. ოჯახი არ არის დარჩენილი, რომ არ დაეკარგოს ახლობელი. უამრავი ამბავი­ მოვისმინე, არაფრის გამო, ქუჩაში მიდიოდა, ტელეფონი ეჭირა ხელში და დახვრიტესო. ავტობუსში გავიცანი­ ქალი, რომელსაც სამსახურიდან მომავალი თითქმის სახლთან მისული ქმარი მოუკლეს... რკინიგზის ქუჩაზე ვნახე ყვავილებით შეკრული უკრაინული თავსაფარი. ვიღაც გოგონას ვკითხე, აქ ქალი მოკლეს-მეთქი? არა მარტო ქალი, აქაურობა ცხედრებით იყო სავსეო. ერთჯერადი პლასტმასის ხელბორკილის ნაწილები ვიპოვე. როგორც მითხრეს, ხელებშეკრულ დაჩოქილ ხალხზე ავტომატის ჯერი მიუშვიათ. ერთი წამოვიღე კიდეც რუსული სისასტიკის სიმბოლოდ. ოდესმე სამხედრო მუზეუმის გაკეთება მინდა და რუსების დანაშაულების თვალსაჩინოებისთვის გამომადგება. აფხაზეთის ომიდან ჩამოტანილი ნივთებიც მაქვს... ირპენში­ დამწვარი­ შენობის წინ ვიჯექი, ვწერდი და ვფიქრობდი, რომ წლების შემდეგ ამ ფურცლებსაც ისეთივე სუნი ექნება, როგორიც ტამიშის მიწაზე დაწერილ აფხაზეთის ომის დღიურებს...

ირპენი უფრო მეტად დაუნგრევიათ რუს ოკუპანტებს, მაგრამ ადამიანური მსხვერპლი, როგორც ამბობენ, დიდი არ ყოფილა, რადგან მოსახლეობამ გასვლა მოასწრო. ქალაქის სასაფლაოს ნახვაზე შეიძლება გული გაგისკდეს - უზარმაზარია. რკინის ფირფიტებზე, რომლებიც 2022 წლის მარტით არის დათარიღებული, ყველა ასაკის ადამიანის გვარ-სახელის ნახვა შეიძლება: ბავშვების, ახალგაზრდების, მოხუცების... ირპენში ვიგრძენი საშინელი დამწვრის სუნი. იმ არაადამიანური სისასტიკის შემდეგ ექვსი თვე გავიდა, მაგრამ მაინც იგრძნობა. თურმე უამრავი ადამიანი დაბომბილ და აფეთქებულ შენობებში ჩაიწვა. ყველა ცხედრის გამოტანა ვერ მოხერხდა, ეტყობა, დაბომბვისას ნაფლეთებად იქცნენ. დამწვარი შენობების ნაწილი მიწაშია ჩამარხული. მინდოდა ერთი ღამე ირპენში დავრჩენილიყავი, მაგრამ სუნის გამო ვერ შევძელი, ინტოქსიკაციის ნიშნები დამეწყო. ერთმა უკრაინელმა მაჩვენა დიდი სახლი და მითხრა, ამის თავზე მომწამვლელი ფოსფორის ბომბები გაუშვესო. იმ დამწვარ შენობებს შორის გარემონტებული სახლებია, ხალხი ცხოვრობს.­ ზოგს ფანჯრებზე ტენტები ან პლედები აქვს აკრული. საცხოვრებელი პირობები არა აქვთ, მაგრამ მაინც კარგად გრძნობენ თავს. ბევრს წასასვლელიც არა აქვს, თუმცა კიდევაც რომ ჰქონდეთ, არ წავლენ. ზოგი ამბობს, კიდევ რომ შემოვიდნენ, ვეღარ გავუძლებთო, უმეტესობა კი გამარჯვების მოლოდინშია. ისინი ბუჩიდან და ირპენიდან არ გასულან და ნახეს, როგორ გაათავისუფლა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მათი ქალაქები. ეს აძლევთ იმედს, რომ გამარჯვება გარდაუვალია. მე შევხვდი ქართველ ბიჭებს, რომლებიც იმ ქალაქების გათავისუფლებაში მონაწილეობდნენ და ვიცი, რამდენად მაღალპროფესიონალურად და ორგანიზებულად იბრძოდნენ უკრაინელები. უკრაინის არმია არ არის ის, რაც წლების წინ იყო. ისინი ომში გამოიწვრთნენ, მაღალი დონის მომზადებასა და აღჭურვილობას საერთაშორისო მხარდაჭერაც უფრო აძლიერებს. ბევრი რამის დაწერის და გადაღების უფლება არა მაქვს, მაგრამ როგორც კი ხერსონის მიმართულებით შეტევა დაიწყო, თავად ვნახე გაქცეული რუსი ჯარისკაცების უბადრუკი აღჭურვილობა, ყოველდღიური მოხმარების ნივთები, ფეხსაცმელები...

უკრაინაში ვეტერანების საქმეთა სახელმ­წიფო სამსახურის ეგიდით წამოვედი. ყველანაირად დამეხმარნენ, რადგან საერთო მტერი გვყავს რუსეთის სახით და ნები­სმიერ­ ფრონტზე ისე უნდა ვებრძოლოთ, როგორც შეგვიძლია. ჩემი მისიაა აქ ნანახი­ ფაქტები მოვაგროვო და გამოვამზეურო. ვფიქრობ, ეს ორივე ქვეყნის ინტერესებს­ წაადგება.