ვისაც უნახავს სამების ბაღში მოლზე ჩაჩოქილი და აყვავებულ ვარდებთან მოჩურჩულე პატრიარქი, ამბობს, რომ ეს დაუვიწყარი სანახაობაა - კვირის პალიტრა

ვისაც უნახავს სამების ბაღში მოლზე ჩაჩოქილი და აყვავებულ ვარდებთან მოჩურჩულე პატრიარქი, ამბობს, რომ ეს დაუვიწყარი სანახაობაა

პატრიარქს ხშირად უყვარს თავის ორანჟერეაში განმარტოება, ყველაზე უკეთ იქ ისვენებს. უამრავი ყვავილის გარემოცვაში თითქოს ყველაზე ახლოსაა ღმერთთან. ვისაც მისი ბაღი უნახავს, არასოდეს დაავიწყდება ის სილამაზე და სიმშვიდე, რითაც ეს წალკოტია ცნობილი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დიდი სიყვარული და დამოკიდებულება მცენარეების მიმართ საყოველთაოდ ცნობილია. პატრიარქის ინიციატივით შეიქმნა სამების ბაღის როზარიუმი, საპატრიარქოს მებაღეობის კოლეჯი, ფონდი "გაამწვანე საქართველო" და სხვ. ვისაც უნახავს სამების საკათედრო ტაძრის ბაღში მოლზე ჩაჩოქილი და აყვავებულ ვარდებთან მოჩურჩულე პატრიარქი, ამბობს, რომ ეს დაუვიწყარი სანახაობაა. ალბათ, ასევე მოზღვავებული გრძნობებისგან "ფრენდა" ის ადამიანი, რომელზეც პატრიარქის ორანჟერეის დიასახლისმა დედა ბარბარემ გვიამბო: "საპატრიარქოს ახალი თანამშრომელი შემთხვევით მოხვდა ორანჟერეაში სწორედ მაშინ, როცა იადონები და თუთიყუშები გვყავდა გალიიდან გამოშვებული. ამდენი აყვავებული მცენარე და მოჟღურტულე ჩიტი რომ დაინახა, კაცი ჯერ გაშეშდა, მერე ხელები აღაპყრო და აღტაცებული ჩურჩულებდა, გმადლობ, უფალო, სამოთხეში ვარ, სამოთხეშიო!" ამჯერად, სწორედ ამ სამოთხეზე გიამბობთ, რომელიც პატრიარქის რეზიდე­ნციის მესამე სართულზეა და სადაც მოხვედრა პატრიარქის სტუმრებისთვის დიდი პატივია.

ilia2-1662293375.jpg

ირინა ირემაძე უკვე ათი წელია პატრიარქის ორანჟერეის ბინადრებზე ზრუნავს. უჭირს თქმა, რამდენი მცენარეა ორანჟერეაში, ალბათ, რამდენიმე ასეული. განსაკუთრებით ახსოვს პირველი შეხვედრა პატრიარქთან, როცა მისი ორანჟერეის მებაღე გახდა.

- დედა ბარბარემ წარმადგინა პატრია­რქთან: უწმინდესო, ირინა მოუვლის თქვენს ბაღსო. პატრიარქმა მითხრა: ეს ბაღი მარტო ჩემი არ არის, მთელი საქართველოსია და, ესე იგი, შენიცო... უწმინდესს განსაკუთრებით უყვარს ეს ადგილი, ხშირად განმარტოვდება, უსმენს მუსიკას, ყვავილებს... განსაკუთრებით ზამთრის თოვლიან დღეებში თითქოს ამ ორანჟერეის ბინადართაგან იღებს სასიცოცხლო ძალას.

ilia6-1662293376.jpg

პატრიარქს ორანჟერეაში სტუმრებიც ხშირად მოჰყავს. ერთხელ მეცნიერები გვყავდა სტუმრად. ტრაპეზის შემდეგ პატრიარქმა მითხრა, გაგვიძეხ, ირინა, სტუმრებს­ ბაღი ვაჩვენოთო. გზად სტუმრებს ღიმილით უთხრა, როცა მოგინდებათ გამახაროთ, ყვავილები მაჩუქეთო. სტუმრებსაც გაეღიმათ. პატრიარქის ორანჟერეაში მცენარეთა უდიდესი ნაწილი სწორედ ნაჩუქარია, თავად პატრიარქსაც უყვარს მცენარეების გაჩუქება, მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს ჩუქნის...

უწმინდესის ორანჟერეა მცენარეთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ფიკუსისა და არაუკარიის მრავალწლოვანი ბონსაები, ასპარაგუსები, ანთურიუმები, მონსტერები, ყოჩივარდები, დრაცენები, კლივიები, კაქტუსები, ბეგონიები, ორქიდეები და უზამბარული იები ერთ სივრცეშია მოქცეული, ისეთი მცენარეებიც კი, რომელთაც, წესით, სრულიად სხვადასხვა საარსებო გარემო სჭირდება. კიდევ უფრო საოცარია ის, რომ აქ ისეთი მცენარეები ყვავის, რაც ოთახის პირობებში წარმოუდგენელია. გაზაფხულზე, როცა ორანჟერეას ვალაგებთ, პატრიარქიც გვიერთდება. გვეუბნება, რომელი მცენარე სად დავდგათ, რომელ ყვავილებს მოსწონთ ერთმანეთთან მეზობლობა - ერთმანეთი უყვართ და ნუ დააცალკევებთო. ყოველთვის ამჩნევს, თუ რომელიმეს მორწყვა მოაკლდა, გასაკრეჭია ან მოიწყინა. ამბობს, რომ მცენარეები ცოცხალი არსებები არიან და მათი გაბრაზება არ შეიძლება.

ilia7-1662293376.jpg

- განსაკუთრებით თუ უყვარს რომელიმე?

- თეთრი ორქიდეები და ფიკუსის ბონსაი. რომელ მცენარესაც უჭირს, ეფერება. მონაზვნებმა მიამბეს, ერთხელ საპატრიარქოს ეზოში ხე ყოფილა მოსაჭრელი. სანამ მებაღე იარაღების მოსატანად ყოფილა წასული, პატრიარქი ხესთან მისულა, ბოდიში მოუხდია და დამშვიდობებია. აქაურობა დაახლოებით 20 წლის წინ უწმინდესმა თავისი ხელით მოაწყო. თითოეულ მცენარეს დღემდე სათუთად უვლის, ადამიანებივით ესაუბრება.ბაღში ყველაზე ბევრი 100-წლიანი ბონსაის­ ხეები და მრავალფეროვანი კაქტუსებია. ორანჟერეის ერთ-ერთი პირველი­ მკვიდრი ეს ბონსაია, რომელიც პატრიარქს­ წლების წინ ცნობილმა ფეხბურთელმა აჩუქა. სხვადასხვა ქვეყნიდან ქოთნის ყვავილების დიდი ნაწილი თავად ჩამოიტანა. უწმინდესმა 2 იადონიც საჩუქრად მიიღო, გამრავლდნენ და დღეს საპატრიარქოში 50-ზე მეტი იადონი ბუდობს. სტუმრები ორანჟერეას ხშირად სამოთხის ბაღს ადარებენ. სიმბოლურია პატრიარქის მშობლების ფოტო როიალზე. პატრიარქი ხშირად საუბრობს ბავშვობასა და დედ-მამაზე, ამიტომაც იქ, სადაც საგალობლებს წერს, ეს კავშირი უწყვეტია...უწმინდესი ხშირად გვეუბნება, რომ ნებისმიერი მცენარე ცოცხალია და ყველაფერს­ გრძნობს, ხშირად უნდა დალოცოთო. ამიტომ გვასწავლა ასეთი ლოცვა: "გაიხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ" და სულ დალოცვილი იქნებით მათგანო.

ilia3-1662293375.jpg

პატრიარქის ქადაგებიდან:

"ხეები მგრძნობიარენი არიან, თვალისათვის ძნელად შესამჩნევია, მაგრამ სიყვარულს ამჟღავნებენ მათი მზრუნველის,­ მომვლელ-პატრონის მიმართ. საოცარ ძალას იჩენენ დიდი გრძნობითა და სიყვარულით დარგული ნერგები. თუ მათ გული­სყურს მივუგდებთ, იქნებ ისიც გაგვახსენდეს, რომ ოდესღაც, სულ თავიდან, როცა ედემის ბაღში ვცხოვრობდით, ყველას გვესმოდა ეს ენა. მერე კი, როცა ჩვენი ნებით ედემი დავკარგეთ, ეს ცოდნაც დაგვეკარგა. ახლა არც ისე კარგად ვართ. ჩვენს ეზოებში­, ან თუნდაც კორპუსის ციცქნა აივნებზე, სადაც მიწას გამოქცეულები ვცხოვრობთ, ნელ-ნელა მძიმე ფიქრებით ვითრგუნებით. აღარც ხეებს ვრგავთ, აღარც ყვავილებს­, რომელზეც დილის ნამი ისე ბრწყინავს, რომ მასთან ნამდვილი მარგალიტი არაფრად გეჩვენება, სადაც ჩიტები გალობით გახსენებენ, რომ გახუნებული ყოფის გარდა არსებობს ფერადი, სიცოცხლით სავსე ბუნება, რომლის შვილიც ხარ. ამიტომაც ბუნებას უნდა მიაშურო მაშინაც, როცა ძალიან შეწუხებული ხარ, რადგან ის განუგეშებს, ანდა როცა ძალიან გიხარია, რადგანაც ის გაიზიარებს შენს დიდ სიხარულს".

რუსუდან შაიშმელაშვილი