"20 წლის ფეხმძიმე გოგომ რომ მითხრა, მექსიკის გავლით ჩამოვედიო, კინაღამ გული გამიჩერდა"
ცნობილი მსახიობი, შოუმენი, საბავშვო თეატრ "მაჩაბელას" ხელმძღვანელი მამუკა ლომაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც საკუთარ ქვეყანაში პერსპექტივა ვეღარ დაინახა და უკვე წელიწად-ნახევარია ამერიკაში ცხოვრობს. აპირებს თუ არა სამშობლოში დაბრუნებას, რას ფიქრობს საქართველოში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე და როგორ ხედავს ემიგრაციაში მყოფი ქართველების ყოფას, ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ხელოვანმა ხალხმა ძალიან რთულად გადავიტანეთ პანდემიის პერიოდი. დაწესებული შეზღუდვების გამო კონცერტები და სპექტაკლები აღარ იმართებოდა, ჩვენ კი ხელფასები არა გვაქვს, ჰონორარზე ვართ დამოკიდებული, და ძალიან გაგვიჭირდა. ვერც სხვა საქმეში დავინახე გამოსავალი და გადავწყვიტე, გამომეყენებინა ამერიკაში წასვლის შესაძლებლობა. არ ვიცოდი, რა დამხვდებოდა, მაგრამ გავრისკე. რეალისტი ვარ, ოცნებაში ოქროს კოშკების აგება არ მჩვევია. ასე ვფიქრობდი ამერიკაში წასვლაზეც, ვიცოდი, რომ ზარ-ზეიმით არავინ დამხვდებოდა.
- ახლა რას აკეთებთ ამერიკაში?
- ძალიან საინტერესო პროექტი მაქვს. მალე გავასაჯაროებ და პირველად თქვენ გეტყვით. ვფიქრობ, დიდ წარმატებას მომიტანს.
- ამერიკაში დროებით ხართ?
- ყველა ემიგრანტი ფიქრობს, რომ ოდესმე სამშობლოში დაბრუნდება. ემიგრაციაში ცხოვრება ძალიან რთულია, იმაზე ბევრად რთული, ვიდრე სამშობლოში მცხოვრებ ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს. ეს უნდა გამოცადო, რომ მიხვდე, რაც არის. მე მარტო იმას კი არ განვიცდი, რომ უცხო ქვეყანაში მიწევს ცხოვრება, იმასაც ვდარდობ, ამდენი ქართველი რომ გამორბის საქართველოდან. უკვე ქუჩაში მხვდებიან ნაცნობები. ჩემი სტუდენტებიც რომ შემხვდნენ, კინაღამ გავგიჟდი. 18-20 წლის ბავშვები მექსიკიდან და კოლუმბიიდან გადმოდიან, თავს საფრთხეში იგდებენ. მოდიან დედაბუდიანად, ცოლშვილიანად, ჩვილი ბავშვებით, ფეხმძიმე ცოლებით, 20 წლის ფეხმძიმე გოგო რომ ვნახე და მითხრა, მექსიკის გავლით ჩამოვედიო, კინაღამ გული გამიჩერდა. ხალხო, საქართველო იცლება ქართველებისგან, საკუთარ თავს გენოციდს ვუწყობთ. შეიძლება ვინმემ მითხრას, თუ ასე შეგტკივა გული, რატომ გაიქეცი ამერიკაში, დარჩენილიყავი სამშობლოშიო, მაგრამ მე ამერიკაში უკეთესი ცხოვრებისთვის კი არა, გადარჩენისთვის გამოვიქეცი. შვილი მყავს გასაზრდელი.
- რა კატეგორიის ხალხი მოდის?
- ყველა სფეროს წარმომადგენელი, მათ შორის მსახიობები და ჟურნალისტებიც. ბევრიც ფიქრობს წამოსვლაზე. ისეთი პროფესიის ხალხი მოდის, წესით, საკუთარ ქვეყანაში თავის გატანა არ უნდა უჭირდეს. პრემიერმა ღარიბაშვილმა რომ თქვა, 4%-ით შემცირდა უმუშევრობაო, რა იგულისხმა?! თუ ამერიკაში ჩამოსული ქართველების დასაქმება, მაშინ გასაგებია. კი, აქ დასაქმდნენ ისინი, ვინც გადმოაღწია მექსიკის საზღვრიდან. არ შეიძლება ერთმა და ორმა პარტიამ პირად ინტერესებს გადააყოლოს მთელი ქვეყანა. ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ კონკრეტულ პოლიტიკოსში ან პოლიტიკურ ძალაში კი არა, თავად ერშია პრობლემა?! ზვიადის ხელისუფლება არ მოგვწონდა, შევარდნაძის ხელისუფლება არ მოგვწონდა, სააკაშვილის ხელისუფლება არ მოგვწონდა, არც ივანიშვილის ხელისუფლება მოგვწონს! იქნებ ქართველები ვართ ძალიან ეგოისტები და თბილ ადგილზე რომ აღმოვჩნდებით, სხვა ადამიანები, ქვეყანა აღარ გვანაღვლებს?! აბა, რა ამბავია ამდენი მე, მეს ძახილი?! გოიმობაა, როდესაც მაღალ თანამდებობაზე ხარ და ფიქრობ, რომ ქვეყნის ყოფნა-არყოფნა შენ არ გეხება. ცდილობენ იმდენი ქონება დააგროვონ, შვილთაშვილებს ეყოთ. ის კი არ იციან, შეიძლება საბოლოოდ თავიც დაკარგონ. 20 წლის ბიჭები და გოგონები აქ რატომ უნდა გამორბოდნენ?
- საინტერესოა იმ ემიგრანტების განწყობა, რომლებიც მნიშვნელოვან თანხას უყრიან თავს, მერე კი აღარ უნდათ დაბრუნება.
- რომელ ემიგრანტსაც უნდა ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ აპირებს საქართველოში დაბრუნებას, მაგრამ გულის სიღრმეში ყველამ კარგად იცის, რომ უკან აღარ ან ვეღარ დაბრუნდება. რატომ?! იმიტომ, რომ გინდა თუ არა, აქაური ცხოვრების რიტმში ებმები და ვეღარ გამოდიხარ. ამასთან, განცდა გაქვს, რომ თუ არ იმუშავებ, დაიკარგები, თუ იმუშავებ, დაფასდები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნებისმიერი სამუშაო ფასდება, მნიშვნელობა არა აქვს, მინისტრი ხარ თუ მეეზოვე. აქ ხვალინდელი დღის არ გეშინია. თუ ზარმაცი არა ხარ, თავს გაიტან და თუ რომელიმე სასწავლებელს დაამთავრებ, მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი ხარ. აი, ამ ყველაფერს ვეღარ ელევი, მით უფრო, როცა იცი საქართველოში პერსპექტივა არა გაქვს, იქ შეიძლება მშიერს მოგიწიოს ყოფნამ. აი, იმაზე მეცინება, პიედესტალზე შემდგარი ტიპები ჭკვიანური სახით გვმოძღვრავენ, ქართველები ზარმაცი ხალხი ვართო. აბა, აქ ნახეთ, თუ ზარმაცები არიან. დღე და ღამე გასწორებული აქვთ შრომაში.
- საქართველოში რუსეთუმეების ნარატივზე რას იტყვით, მართლა მოდის გარყვნილება ამერიკიდან?
- ამერიკის არსებობის შესახებ რა ვიცოდით ქართველებმა, როცა პეტრე პირველისა და ეკატერინეს გარყვნილების ამბავი ცასა და დედამიწას იყო მოდებული?! რუსებს ვისი გარყვნილება უკვირთ? ამერიკელებს ცხენებთან მაინც არ აქვთ ურთიერთობა. გარყვნილი ყველა ქვეყანაშია. სად იყო ამერიკა ან თუნდაც რუსეთი, ახლო აღმოსავლეთი მამათმავლებით და პედოფილებით რომ იყო სავსე... მასებზე ზემოქმედებისთვის თითიდან გამოწოვილ თემებს იყენებენ.M მე თუ გარყვნა არ მინდა, ვერავინ გამრყვნის. ერთი რამ მინდა გითხრათ - მე ძალიან მომწონდა რუსეთ-უკრაინის ომზე "ქართული ოცნების" ნეიტრალური პოზიცია, მაგრამ უკვე ნამეტანი მოსდით. თუმცა იცით, მთავარი პრობლემა რა არის?! ჩვენ ხელისუფლებას არ ვენდობით. არ გამოვრიცხავ, რომ ახლა სწორედ ისეთი პოზიციის დაჭერა იყოს საჭირო, როგორიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და არა პირადი. არ ვიცი, იქნებ მართლა იძულებული არიან ისეთი განცხადებები აკეთონ, მაგრამ იმათ რა რჯით, არც პოზიციის გამოხატვის ვალდებულება რომ არა აქვთ?! რატომ ირჯებიან ასე ძალიან რუსეთის სასარგებლოდ? ერთმა ამბავმა განსაკუთრებულად გამაოცა; დუგინის ქალიშვილი რომ მოკლეს, ატყდა ცრემლების ღვრა და ერთი ამბავი, ჩვენ ქრისტიანები ვართ და როგორ შეიძლება ვიღაცის შვილის, ახალგაზრდა ქალის სიკვდილი გაგვიხარდესო. ზოგმა ზარ-ზეიმი გამართა. ვერ ვიტყვი, რომ დუგინას მკვლელობა გამიხარდა ან არ გამიხარდა. ლეონიძის არ იყოს, მე ასე მწამს: "მაგრამ თავადაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად". როდესაც ასეთ ამბავში ხარ ჩართული, როდესაც სხვა ერის დახოცვისა და დაპყრობის პროპაგანდას ეწევი, შენც მზად უნდა იყო, რომ ვიღაცას შენი სიკვდილიც ენდომება.
ასეთი შეკითხვა მაქვს: რუსეთი რომ დაიშალოს, რას გვიპირებს ჩვენი ხელისუფლება? არის მზად ამისთვის? შეიძლება არც დაიშალოს, მაგრამ რომ დაიშალოს? არის გათვლილი ეს ამბავი, როგორც ერთ-ერთი გამოწვევა?! არა მგონია და ამას ძალიან განვიცდი. არათუ მე არ ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას, ისიც კი მედარდება, ცოლ-შვილი, მშობლები და ნათესავები რომ მყავს ასეთ არეულ ქვეყანაში. აუცილებლად წამოვიყვან ჩემს ცოლ-შვილს. ამერიკაში მყოფი რუსები ვერ იტანენ პუტინის რეჟიმს და აკრიტიკებენ, საქართველოში კი რატომ არიან რუსებზე მეტად რუსები?! წაიკითხონ ალექსანდრე ყაზბეგი და გაიგებენ, რასაც წარმოადგენენ რუსები.
ხათუნა ბახტურიძე