ტურისტი ვანდალები - კვირის პალიტრა

ტურისტი ვანდალები

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ერთ დღეს პრომეთეს ან სათაფლიას მღვიმეში შეხვალთ და იქ აღარაფერი დაგხვდებათ... ზღვა კოვზით დაილევაო და ადამიანის ხელსაც ყველაფერი შეუძლია - თუნდაც პრომეთეს ან სათაფლიას მღვიმეების ჩამომტვრევა, რაც არც ისე ძნელია.­ 200 000 ტურისტიდან, რომლებიც ყოველ წელიწადს ამ მღვიმეებს სტუმრობენ, სტალაქტიდები თუნდაც მეასედმა რომ "წაატეხოს", რამდენიმე წელიწადში მღვიმეში­ აღარაფერი დარჩება. პრომეთეს მღვიმის­ გიდები შესაბამისი ზომების გატარებას ითხოვენ, თუმცა ჯერჯერობით - უშედეგოდ. მათ შორის არის ტურისტული სამსახურის წარმომადგენელი ლექსო ჩარკვიანი, რომელმაც პრომეთეს მღვიმის არაერთ მნახველს წაასწრო, სტალაქტიდის მოტეხას რომ ცდილობდნენ.

- ბევრი ფაქტი გაქვთ, როცა ტურისტები მღვიმეში სტალაქტიდებს ამტვრევდნენ?

- უამრავი. შეიძლება იმიტომ, რომ ვანდალიზმს ვერ ვიტან და მღვიმეში გაფაციცებული ვაკვირდები, უკან ვინ მიბრუნდა, ან გვერდზე ვინ გადაუხვია და რატომ. რამდენიმე დღის წინაც წავადექი ორ ტურისტს, რომლებმაც ჯგუფის მიმართულებას გადაუხვიეს და ქვევით დაიძრნენ, რამაც დამაეჭვა და უკან გავყევი. ერთ-ერთს მაშინ მივუსწარი, როდესაც სტალაქტიდის წვერი ეჭირა და წატეხვას აპირებდა. რომ დავუყვირე, რას აკეთებ-მეთქი, სტალაქტიდს ხელი კი გაუშვა, მაგრამ ძალიან გაჯავრებულმა შემომხედა. ვიცი, რომ დიდხანს მღვიმეში მხოლოდ ისინი რჩებიან, ვისაც სტალაქტიდების მოტეხა სურს,A ან კედლებზე რამის დაწერა. ვანდალიზმი არცერთი ქვეყნისთვის არ არის უცხო, ამიტომაც არის კონტროლის გამკაცრება აუცილებელი. ახლახან მღვიმიდან ერთი ჯგუფი გამოვაცილე. ერთ-ერთმა შემომსვლელ ჯგუფში ნაცნობი დაინახა და უთხრა, მღვიმეში რომ შეხვალ, ამა და ამ ადგილას ჩემი სახელი და გვარი დაგხვდება და ნახეო. ამის გაგონებაზე კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა, აბა, უცხოეთში გაბედონ მსგავსი რამ ტურისტებმა! ნახავენ, რასაც მიიღებენ!

- ალბათ, ჯარიმას, რაც ჩვენთანაც შეიძლება დაწესდეს.

- მეეჭვება, იმხელა ჯარიმები დაწესდეს, რომ ჩვენი მღვიმეების დაზიანება ანაზღაურდეს. თუ არ ვცდები, სტალაქტიდების ერთ სანტიმეტრამდე გაზრდას ლამის საუკუნე სჭირდება და ამას რა აანაზღაურებს?! მღვიმის ძარცვა ადვილია. მღვიმეები მხოლოდ 30%-ით არის განათებული...

- მაშ, რა არის გამოსავალი?

- ჩემი აზრით, ყველა ჯგუფს როგორც თავში, ისე ბოლოში უნდა მიჰყვებოდნენ ამ საქმისთვის სპეციალურად გამოყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ტურისტებს გააკონტროლებენ. კი ცდილობენ გიდები ვანდალიზმის შეჩერებას, მაგრამ ყველას გაკონტროლება შეუძლებელია. ჩვენს მღვიმეებში ვიზიტორთა უსაზღვრო რაოდენობა შედის. რამდენიმე გიდმა მითხრა, რომ 120 მეტრი სიღრმისა და 2-კილომეტრიანი მღვიმის გავლა დღეში 8-ჯერ უწევთ, ამ სიტუაციაში კი კონტროლი შეუძლებელია, გარდა ამისა, მღვიმეში Aშესვლისას აუცილებელია ზურგჩანთების ჩამორთმევა. პრომეთეს მღვიმეში ზურგჩანთებისთვის სპეციალური ადგილია გამოყოფილი,E ეს ხალხი კი ჯიუტად არ იხსნის ზურგჩანთებს. არ მესმის, რა საჭიროა 2-კილომეტრიანი მღვიმის გავლა ზურგჩანთით, მით უფრო, რომ ტურისტები მღვიმის შემდეგ ნავებში­ სხდებიან და ჟილეტებს იცვამენ. მღვიმიდან გამოსვლის შემდეგაც არავინ აკონტროლებს, რა უდევთ ტურისტებს ზურგჩანთებში.

მთავარია, ჩვენი პროტესტით რამე გამოვიდეს და არ მოვერიდები ჩემი ემოციების ხარჯვას, მაგრამ ერთ რამეს მაინც ვერასოდეს გავიგებ: ზოგს იმის ნახევარი სიმდიდრეც არ გააჩნია, რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ გააფთრებით იცავს და ჰპატრონობს, იმაზე ასჯერ მეტადაც წარმოგვიდგენს, ვიდრე სინამდვილეშია, ჩვენ კი ასეთი სიმდიდრე გვაქვს და არ ვუფრთხილდებით, არ ვიცი, ასე როდემდე უნდა ვიცხოვროთ!