"არ არის გამორიცხული, ესებუა ისევ ჩვენს ტერიტორიაზე იყოს" - კვირის პალიტრა

"არ არის გამორიცხული, ესებუა ისევ ჩვენს ტერიტორიაზე იყოს"

თითქმის ორი წელია, რაც ბადრი ესებუა გაუჩინარდა და მას შემდეგ ბანკზე თავდამსხმელის ასავალ-დასავალი უცნობია. როგორც რესპონდენტი გვეუბნება, მის დასაკავებლად სამეგრელოში რამდენიმე ოპერაცია ჩატარდა, თუმცა მისი დაპატიმრება ვერ მოხერხდა. ისიც საკითხავია, არის კი საქართველოს ტერიტორიაზე და რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს მის საპოვნელად.შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში "საქართველოს­ ბანკის"­ შენობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული სამხედროფორმიანი ნიღბიანი­ მამაკაცი შეიჭრა და 43 მძევალი აიყვანა. თავდამსხმელმა მძევლების გათავისუფლების­ სანაცვლოდ 500.000 დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებისთვის გარანტია მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. შვიდსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ მას გამოსასყიდი თანხა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ავთანდილ გალდავამ მიუტანა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა მასთან­ და 3 მძევალთან ერთად ავტომანქანით დატოვა. გამთენიისას უწყებამ გამოაქვეყნა­ ოფიციალური განცხადება,­ რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოც­ხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, დამნაშავის დასაკავებლად კი ღონისძიებები გრძელდებოდა. 5 დღის შემდეგ შსს-მ იდენტიფიცირებული თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა - ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა იყო... ორი თვის შემდეგ, 12 დეკემბერს, სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარა­ღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილ­ობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით ბადრის ძმა ბიძინა ესებუა დააკავეს. შსს-ს განცხადებით, არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას ძმასთან ჰქონდა­ კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა­ სხვადასხვა ნივთი... დაკავებული ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამბობს, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციამ ჩაუდო. მისმა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგში გაასაჩივრა.

"ბადრი ესებუას ძმა გახდა შურისძიების ობიექტი"

სოსო ჯანაშია, ბიძინა ესებუას ადვოკატი: - ბიძინა ესებუას საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელი დარჩა,­ უზენაესიდანაც იგივე განაჩენი მოვიდა, რაც სტრასბურგში გვაქვს გასაჩივრებული. ბიძინა ესებუა გაასამართლეს შსს-ს დაკვეთით, სხვა რეალური მტკიცებულება არ ჰქონდათ. ეს არის ძმის დანაშაულისთვის გასამართლებული და დასჯილი ადამიანი,­ ბიძინა გახდა შურისძიების მსხვერპლი. რაც შეეხება ბადრის, მის შესახებ ოჯახმა ახალი არაფერი იცის. აქამდე რომ არაა ნაპოვნი, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შს სამინისტრო მოწოდების სიმაღლეზე არ არის. ვვარაუდობ იმასაც, რომ შესაძლოა აღარც არის ცოცხალი. მართლა მიწა კი არ გაუსკდებოდა, ცოცხალი რომ იყოს, სადღაც გამოჩნდებოდა. მე რა ინფორმაციაც მაქვს,­ დაიგეგმა სპეცოპერაციები, რომლებიც უშედეგოდ დამთავრდა. ესებუა შეიძლება­ აფხაზეთში გადასულიყო, მაგრამ ამ ვარიანტს გამოვრიცხავ, იქ რომ გადასულიყო, მალე გამჟღავნდებოდა. ამხელა თანხით აფხაზეთში გადასვლა მისთვის შეიძლება უფრო დიდი პრობლემა ყოფილიყო, ვიდრე აქ დარჩენა. ამხელა თანხის გულისთვის ვიღაცას შეეძლო მოეკლა. აფხაზეთის მთავრობას ესებუა რომ დაეკავებინა, ეს ამბავი მაინც გამჟღავნდებოდა, ვერ დაიმალებოდა ვერც ოფიციალურად და ვერც არაოფიციალურად. თუ გახსოვთ, შსს-ს სპეცოპერაცია, ესებუას რომ ჩაუსაფრდნენ და პურის მანქანა გადავარდა, აფეთქებაც იყო, სროლაც და როგორც აქაურები ამბობენ, იმ ფურგონში მართლა იჯდა ესებუა. მოწმეების თქმით, მძღოლს მართლა ჰქონია შეხება ბადრისთან. მერე, როცა ის პირი დააკავეს, ეს თემა მიჩუმათდა. ჩემი ინფორმაციით, ესებუამ მოახერხა გაქცევა. თუ დაიღუპა, თანხაც ხომ უნდა ამოეღოთ? მერე იყო და, ვიღაც კაცს ეძებდნენ, რომელმაც თითქოს ბადრი აფხაზეთში გადაიყვანა. იმ კაცს ნარკოტიკები ჩაუდეს და დააკავეს, თუმცა ამ საქმესთან არაფერი აკავშირებდა. ასეთი ინფორმაცია მომივიდა - იმ კაცს სთავაზობდნენ, თქვი, რომ ესებუა გადაიყვანეო. მერე საპროცესო გაუფორმეს, ასაკში იყო ის კაცი და გაუშვეს, ნარკოტიკების თემა ვერ დალაგდებოდა, ძალიან გაბაზრდებოდა და აქედან გამომდინარე, საქმეს თავი ვერ მოაბეს და გაუშვეს. იმასაც ვერ ამბობენ, გაგვექცა და ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადავიდა სხვაგანო. ესენი რეალურთან მიახლოებულს ვერანაირ ინფორმაციას ვერ ფლობენ და ვერც მუშაობენ. მუშაობა ამათ ერთი იმაში ეტყობათ, რომ ბადრი ესებუას ოჯახის მიმართ დაგეგმეს იდიოტური ოპერაცია და მისი ძმა გახდა შურისძიების ობიექტი. თუმცა ესეც ვერ დაალაგეს ნორმალურად.

ის ოპერაცია წარმატებული რომ ყოფილიყო, გაახმაურებდნენ, მაგრამ ესებუა­ რომ გაექცათ, უფრო მეტი პრობლემა გაუჩნდათ­ და ამიტომ ვერ გაამჟღავნეს სიმართლე. სროლისას რომ დაღუპულიყო, არც ეს დაიმალებოდა. მერე რა მოხდა, არ ვიცით. იყო მეორე, მესამე დევნის სპეცოპერაცია, მიზანთან ახლოს იყვნენ, მაგრამ არავინ იცის, იქ რა მოხდა. თუ ესებუამ გაქცევა მოახერხა, ეს მიუთითებს, რა დაბალი დონისაა ოპერატიული სამსახური. ვფიქრობ, ბადრი თუ ცოცხალია, ისევ საქართველოშია, ამას არ გამოვრიცხავ.

"აფხაზეთში კი არა, ესებუას ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლო ამხელა ფულით გადასვლა"

ემზარ საბანაძე, ყოფილი გამომძიებელი: - გავიხსენოთ, როგორ გაუშვეს ბადრი ესებუა საქართველოს ტერიტორიიდან (თუ, რა თქმა უნდა, გასულია). ისიც გახსოვთ, სპეცოპერაცია რომ ჩატარდა და ესებუა მეზობლის მანქანით გაექცათ. მერე მისი ოჯახის წევრი დააკავეს, რომ ესებუა ჩაბარებულიყო. ამ ყველაფერს თუ გადავხედავთ, გამოდის, შს სამინისტროს სპეცსამსახურები ძალზე ცუდად მუშაობენ. სამინისტროს და სპეცსამსახურს ოპერატიული მონაცემები, ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, რათა გაქცეული პირის ადგილსამყოფლის დადგენა მოახერხონ. ამ მოვალეობას თუ ვერ ასრულებენ, მაშინ სპეცსამსახურები გადასახალისებელია. საქართველო გაძეძგილია ჭკვიანი და ვიდეოკამერებით. იმას თუ იტყვიან, რომ კამერები არ მუშაობსო, გამოდის, ვიღაცის საბოტაჟია ან დაკისრე­ბული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება. შეიძლება 2 წლის განმავლობაში პირის იდენტიფიცირება არ მომხდარიყო და არც ის იცოდე, რომელ ქვეყანაშია? იმ მიდამოებთან, საიდანაც ესებუა გაუჩინარდა, ახლოსაა აფხაზეთი. თუ გადასულია, გამოდის, ჩვენ აფხაზეთთან საზღვარს ვერ ვაკონტროლებთ. აფხაზეთთან არა გვაქვს დამნაშავის გადმოცემის შეთანხმება, რუსეთთანაც­ არა გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, თუმცა მათთან გვაქვს ასეთი­ შეთანხმება. ჩვენ ხომ ვასრულებთ რუსეთის მოთხოვნას და გადავცემთ მის მოქალაქეს, რომელმაც­ რუსეთის ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ექსტრადირების მოთხოვნა რომ გავგზავნოთ, ხომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ძებნილი რუსეთის ტერიტორიაზეა? აფხაზეთში კი არა, ესებუას ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლო ამხელა ფულით გადასვლა, საბუთების შეცვლა და თავის შენახვაც. ესენი იმაში შეცდნენ, დანომრილი ფული რომ არ მისცეს. ნახევარ მილიონს რომ აძლევ, რამდენიმე კუპიურის ნომრები მაინც დაგემუშავებინა, სადმე დაფიქსირდებოდა. არ არის გამორიცხული, ესებუა ისევ ჩვენს ტერიტორიაზე იყოს. 2012-13 წლებში ვმონაწილეობდი ე.წ. კასრების საქმეში. როგორც მახსოვს, მაშინ 10-12 მიწური სამალავი დაფიქსირდა სამეგრელოში. ესებუა სამხედრო პირია და იმ მიწურებზე ინფორმაცია არ ექნებოდა? არ არის გამორიცხული, იმ მიწურებშიც იმალებოდეს, ამაზე ხომ უნდა მუშაობდნენ შსს და სუს-ი?­ შესაძლოა დაკავების ნება არც იყოს. როგორც დღეს გოგაშვილი ამბობს ყველაფერს, შესაძლოა ესებუამაც გამოამზეუროს რაღაც დეტალები. იყო ინფორმაცია, ესებუამ ავტომანქანაში ყველა კვალი წაშალაო. დალოცვილო, 3 თუ 4 პირი ახლდა თან, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციის მაღალჩინოსანი იყო და ის რას აკეთებდა? ხომ შეეძლო განეიარაღებინა, ან რაღაც გაეკეთებინა? ან დრონები სად იყო, ან "ჟუჩოკები"? კონტროლზე აყვანის ბევრი შესაძლებლობაა, ბოლოს და ბოლოს, ჩანთით რომ მიუტანეს ფული, მასზე დაეყენებინათ სპეცმოწყობილობა და ჩანთის გადაადგილებას გააკონტროლებდა. შსს-სა და სუს-შიც ბევრი პროფესიონალია, მთავარია, გამოძიების და ესებუას მოძებნის ნება იყოს, რასაც ვერ ვხედავ. გამორიცხულია, ესებუა ცოცხალი აღარ იყოს. მისი მკვდრად გამოცხადება და გვამის წარმოდგენა სამინისტროს ხელ-ფეხს გაუხსნიდა, ეს მათთვის შვება იქნება - გარდაცვლილი იყო, ამიტომაც ვერ ვპოულობდითო.

სამეგრელო სპეციფიკური ზონაა, უმეტესად ბუჩქნარია, თუ გეგმავ რაღაცას, როგორ უნდა გაგექცეს? რატომ ვერ ახერხებენ ამ საქმეზე გადართვას ძალოვანი სტრუქტურები? იმიტომ, რომ ხან ერთ არჩევნებში­ მონაწილეობენ, ხან მეორეში, არის პოლიტიკური პარტიების დევნა-მიყურადება და დამნაშავეებისთვის არ სცალიათ. ამასთან, პოლიციელმა ვერ გაიგო, კრიმინალს ებრძოლოს თუ პოლიტიკური დავალებები­ შეასრულოს? ესებუას საქმე უწყების თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია, თუ პოლიტიკური ნება არ იქნა, არაფერიც არ მოხდება. როცა პირველი პოლიციელი აცხადებს, რომ ეს საქმე გადადებულია, მუშაობენ და როცა იქნება, დაიჭერენ, რა გინდა, რომ ქნა? ძალიან კარგი თანამშრომლები გვყავს, რომელთაც კარგად შეუძლიათ ესებუას ადგილმდებარეობის დადგენაც და დაკავებაც, მაგრამ, ალბათ, პოლიტიკური ნება არ არის. კაცს ნახევარი მილიონი გაატანეს და არაფერი... მისცენ პოლიციელებს იმის გარანტია, რომ როცა კანონის შესაბამისად მოიქცევიან, მათი უფლებები დაცული იქნება და შრომას წყალში არ ჩაუყრიან, არ გააფრთხილებენ ობიექტს, არიქა,­ ბიჭები მოდიან და გაიქეციო. ბიჭები აღმა­-დაღმა, ტალახში დარბიან, დასდევენ კრიმინალებს­, მათ კი წინმსწრები ინფორმაცია მისდით. ისიც არ მჯერა, ამათ არ ჰქონდეთ ინფ­ორმაცია, სად არის ესებუა. სამეგრელოში არაფერი იმალება, მთელმა რაიონმა იცის, ვინ შედის და გადის. შეიძლება თბილისშიც მიმოდიოდეს. მოდი და იმკითხავე, სად წავიდა ესებუა ნახევარი მილიონი დოლარით - აფხაზეთში, რუსეთში, თურქეთსა თუ უკრაინაში? ამხელა ფულით ყველგან საპატიო სტუმარი იქნება.

როგორც ჩანს, არ ეჩქარებათ მისი დაკავება. დიდი ალბათობით, იციან კიდეც, სად არის და ელოდებიან მომენტს, რათა ეს ქეისი სათავისოდ გამოიყენონ, როცა პოლიტიკური რეიტინგი ძალზე დაბალი ექნებათ. მერე იტყვიან, ვიმუშავეთ და დავაკავეთო. დღეს-ხვალ გოგაშვილმა რომ თქვას, იციან, სად არის ესებუა და არ აკავებენ, ან სულაც თვითონ გაუშვესო, სად მიდიან? რა, არ შეიძლება თავად გაეშვათ თუნდაც კომპრომატების გამო? ესებუას რომ დააკავებენ, ამ სპეცოპერაციაზე ჩვენებას ხომ მისცემს? ისიც ხომ არავინ იცის, ის თანხა მთლიანად მან წაიღო თუ სხვას გაუნაწილა? გოგაშვილი იმ სისტემაში იყო და ყველა დეტალი ეცოდინება, დიდი ალბათობით, ჩანაწერებიც იქნება. გამოვიდნენ, საზოგადოება ცოტა დაამშვიდონ, დაანახონ, რომ მისი დაკავების ინტერესი აქვთ, ან თქვან, რომელი ცირკულარით და სად ეძებენ? თუ შიდა ცირკულარით ეძებენ, დამნაშავეს ვერც ერთი სახელმწიფო ვერ დაიჭერს, გეტყვის, წითელ ცირკულარში არ არის და რატომ დავაკავოო. "ვმუშაობთ, ვამუშავებთ" რა პასუხია, ან როდემდე? თანამშრომლებს უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რომ იმუშაონ და დაადგინონ ყველაფერი.