როგორ ისვენებენ თბილისში დარჩენილები - კვირის პალიტრა

როგორ ისვენებენ თბილისში დარჩენილები

"რაღაც ისე არ წაგვივიდა მე და ჩემს მეუღლეს ფინანსურად, თან ბინის რემონტი დასრულებული არა გვაქვს, ორ შვილს ვზრდით... კოვიდპაუზით გამოწვეულ პრობლემებს თანდათან ვაგვარებთ და მოკლედ, ოჯახმა წელს თავს დასვენების უფლება არ მივეცით. ორი თანამშრომელი შვებულებაში გავიდა და მათ საქმესაც მე ვაკეთებ, რომ თვის ბოლოს ნორმალური ანაზღაურება მქონდეს", - ამბობს თბილისის ერთ-ერთ სკვერში შვილებთან ერთად გამოსული 38 წლის სოფო. ყოველ საღამოს სხვადასხვა მიზეზით მასავით ქალაქს შემორჩენილები, ზოგიც სხვა ქალაქიდან ან ქვეყნიდან ჩამოსულები სკვერებსა და პარკებს მიაწყდებიან, ეს განსაკუთრებით საღამოს საათებში იგრძნობა. ყველა პარკში, ბაღსა და სკვერში ჟრიამული ისმის, საქანელებსა და თუ სასრიალოებთან ბავშვების რიგია. დაახლოებით ერთი თვის წინ იმ რაიონშიც გახსნეს სკვერი, სადაც ვცხოვრობ, სადაც მე და ჩემი პატარა სტუმარი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თბილისის მშრალი ჰაერი უხდება, ყოველ საღამოს ჩავდივართ. საკმაოდ დიდი სივრცეა, არის შადრევანი, ამფითეატრი, საბავშვო ზონა, ველობილიკი, სავარჯიშო და ძაღლების სასეირნო სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები, ლედ-განათების სისტემა.­ სკვერი მზესუმზირის, ბამბის ნაყინისა და პოპკორნის გარეშე ხომ წარმოუდგენელია­, ამიტომაც ყველა სკამთან, საბავშვო სივრც­ესთან, სადაც რბილი რულონური ბალახია დაგებული, სავარჯიშოებთან, რომლის გარშემოც ბავშვების მეთვალყურე მშობლები იკრიბებიან, აუცილებლად შეხვდებით ნაყინის შესაფუთი ქაღალდების გროვას, მიმოფანტულ ერთჯერად ხელსახოცებს,­ მზესუმზირის ნარჩენებს, პლასტმასის ბოთლებს... შევსწრებივარ უსიამოვნო საუბრებსაც - ერთი მშობელი მეორეს უთითებს, რომ მისმა პატარამ ბოთლი დააგდო და არ უნდა დატოვონ, თუმცა ის პასუხობს, დასუფთავების სამსახური რას მიკეთებსო. ღამით დამსვენებლებისგან დაცლილი იქაურობა ბრძოლის ველს ჰგავს.

გიორგი და ბავშვების "არმია"

ყოველ საღამოს სავარჯიშო სივრცეში­ შენიშნავთ ერთი ახალგაზრდის გარშემო შემოკრებილ ბავშვებს, რომელიც პატარებს ვარჯიშის დანიშნულებას უხსნის, მათთან ერთად ვარჯიშობს და თანადგომის მნიშვნელობას ასწავლის. 21 წლის გიორგი სპორტსმენია, თან სწავლობს და თან მუშა­ობს, ბავშვები ძალიან უყვარს და ცდილობს ასწავლოს, რომ ბულინგი მიუღებელია:

- სპორტულ დარბაზშიც დავდივარ, მაგრამ რადგან აქაც არის სავარჯიშო ინფრასტრუქტურა, მე და ჩემი მეგობრები­ ხშირად ვიკრიბებოდით. გარშემო ყოველთვის ტრიალებენ ბავშვები.­ შევამჩნიე, ზოგი გამეორებას ცდილობდა, მაგრამ სწორად ვერ აკეთებდა და ვუთხარი, ერთად გავაკეთოთ-მეთქი. ხომ იცით, ბავშვის ბუნება, მეორემ რომ ნახა, მასაც მოუნდა და ასე შემოვიკრიბე პატარა­ "არმია". ჯერ სპონტა­ნურად ვიკრიბებოდით, მერე შევამჩნიე,­ რომ მელოდებოდნენ.­ შინ წასვლამდე მეკითხებოდნენ, ხვალ როდის მოხვალო. შედარებით უფროსები ჩემს მოსვლამდე ძელზე ასული მხვდებიან და ანგარიშს მაბარებენ, რამდენი აზიდვა გააკეთეს, შექება უნდათ. შემდეგ ყველანი ვიკრიბებით და რაღაცებს ვსწავლობთ. ვუხსნი, რომ შეიძლება ვიღაცამ ვერ გააკეთოს, მაგრამ ამის გამო არ უნდა დავცინოთ, სუსტის დაჩაგვრა, აგრესიულობა სისუსტის გამოვლენაა,­ რომ ჩვენგან განსხვავებულის სიძულვილი არ უნდა გვქონდეს, რადგან ყველა ერთნაირი ვერ ვიქნებით.­ ადამიანი, მეგობარი, კლასელი თუ გენდობა, იმედი არ უნდა გაუცრუო. ჯერ ელემენტარულ რაღაცებს ვუხსნი, მაგალითად, იმას, რომ წყალი უნდა სვან, მავნე საკვებსა და ღამით ჭამას მოერიდონ. ვცდილობ ერთმანეთის წახალისება ვასწავლო - პატარებს­ და ძლიერებს ტაშით ვამხნევებთ­. მათგანაც ბევრ რამეს­ ვსწავლობ, მაგალითად, ნდობას, თუ როგორ უნდა გჯეროდეს­ ადამიანის. ვგრძნობ, რომ ჩემი სჯერათ. თავიდან ვხალისობდი, მაგრამ ახლა პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ყოველდღე გვემატებიან მოხალისეები. ბავშვებს მეგობრები მოჰყავთ. ტრენერობაზე­ არ მიფიქრია, მაგრამ პატარებთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა.

"თბილისში დასვენება სულაც არ ყოფილა ცუდი"

ნანუკა კაციტაძე, 28 წლის: - სოფელი­ კი მაქვს, მაგრამ წელს ვერ წავე­დით. აქაც მშვენივრად ვართ. ჩემმა პატარებმა ახალი მეგობრები გაიჩინეს, მათ ოჯახებთან ვმეგობრობთ. ხანდახან ერთმანეთს ვსტუმრობთ. თბილისში დასვენება სულაც არ ყოფილა ცუდი. აქამდე როგორც კი შვებულებას ავიღებდით, მაშინვე სოფელში გავრბოდით. წელს უკრაინელი ნათესავები ჩამოგვივიდნენ და ერთ სახლში ამდენი ადამიანი წარმოუდგენელია. ამიტომ დავრჩით აქ. სექტემბრის ბოლოსთვის წავალთ სადმე ერთი კვირით. დიდ სკვერში ბავშვებს ერთად ყოფნა უხარიათ, თორემ რამდენიმე ეზოში პატარ-პატარა სკვერებიც გვაქვს, მაგრამ იქ ახლა ვერავის ნახავთ. შეიძლება ხანდახან ჩვილები ჩაიყვანონ მშობლებმა.

"ქართველი ბავშვები მხიარულები არიან, ერთმანეთის ენა არ ვიცით, მაგრამ მაინც ვთამაშობთ"

tbilisi2-1662296016.jpg

როსტიკი, 12 წლის, ქალაქი დნიპრო:­ - ახლა ჩემი ქვეყანა ომობს. მე და ჩემი და დიანა დედასთან ერთად თბილისელ ნათესავთან ვართ. მან თავისი პატარა ბინა დაგვითმო, თავად გვერდით სახლში­ ცხო­ვრობს.­ საქართველოში პირველად ვარ. აქამდე სულ ისინი ჩამოდიოდნენ ჩვენთან. ბავშვებთან თამაში მიყვარს. ქართველი ბავშვები მხიარულები არიან, ერთმანეთის ენა არ ვიცით, მაგრამ მაინც ვთამაშობთ. უფრო მგელობანას და დაჭერობანას. მინდა სკოლის დაწყებისთვის ისევ ჩემს ქალაქში დავბრუნდე. ჩემი სკოლა მენატრება.

"აქ სულ სხვანაირად იგრძნობა ქართველების მხარდაჭერა"

იულია ფილიპჩუკი: - თავიდან ყველას რუსები ვეგონეთ. აგრესია არ მიგრძნია­, მაგრამ თავს გვარიდებდნენ. არადა,­ ყველას სათითაოდ ვერ აუხსნი, ვინ ხარ. ამიტომ ბავშვებს მაისურზე, თმაზე ან ჩანთაზე­ უკრაინული დროშის ფერების ლენტებს ვუკეთებთ. მეუღლე უკრაინაში დარჩა. ვეუბნები, ხომ ვიცით, მანდ რამდენი­ ქართველი იბრძვის, მაგრამ აქ სულ სხვანაირად იგრძნობა მათი მხარდაჭერა-მეთქი. ჩვენ რუსულისგან განსხვავებით, ჰ-ს ვიყენებთ საუბრისას და ზოგი ამით გვცნობს. მეორე თვეა აქ ვართ, უდიდესი სითბო და ყურადღება ვიგრძენით, რამდენიმე გამონაკლისის გარდა - გამიკვირდა, მაგრამ ვიღაცებმა გვითხრეს, რომ თურმე დასავლეთი და ამერიკა კი არა, რუსეთია ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარი, რომ პროვოკაციას არ უნდა ავყოლოდით. განსხვავებული აზრის ადამიანები ყველგან არიან. ჩემი ქვეყნიდან კარგი სიახლეები ისმის და იმედია, წლის ბოლომდე დასრულდება ყველაფერი...

საუბრები პოლიტიკაზე

სკვერს წრიული ფორმა აქვს და მის გარშემო ხანდაზმული წყვილები, ქალები ან კაცები სხედან. მათი სასაუბრო თემა საქართველოსა და მის გარშემო მიმდინარე საკითხებია, სიძვირე, დაბალი პენსიები და ხელფასები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოუწესრიგებელი გრაფიკი, ახალგაზრდების მეტისმეტად თამამი ჩაცმულობა, უწყვეტი ემიგრაციის ფონზე­ უცხოელების შემოდინება... დროდადრო უფრო გლობალურ­ თემებსაც გადასწვდებიან: უკრაინაში ომს, ბირთვულ ომს, ჩინეთ-ამერიკის დაპირისპირებას. აქ გაიგებთ, რა სურს პუტინს კოლექტიური დასავლეთისგან და პირიქით, ასევე, რას მიიღებს მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფო და მისი მეთაური ბაიდენი პოლიტიკურად, ეკონომიკურად... ბოლო ხანს ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა აწ გარდაცვლილი საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის, 91 წლის მიხეილ გორბაჩოვის პიროვნების, მისი პოლიტიკური პერსონის "პერესტროიკაში" წვლილის შესახებ.

- ოთხი წელი ვიმსახურე რუსულ ჯარში. სულ იარაღს აკეთებდნენ და მერე ცდიდნენ. ჩვენს ბაზაში თვალს ვერ ვაწვდე­ნდით იმხელა მანძილზე იყო გადაშლილი იარაღის საწყობი, მეტი კი არაფერი უკეთ­ებიათ, მაგრამ როგორც ჩანს, თანამედროვე ტექნიკა უგებს. "ჰაიმარსებს" კარგი შედეგები აქვთ, თორემ პატარა უკრაინა რას გახდებოდა, მისი ზომის ბაზა ექნებათ სადმე, - ამბობს ხანში შესული მამაკაცი, რომელმაც სკვერს ველოსიპედით რამდენიმე წრე დაარტყა და შემდეგ შეუერთდა მეგობრებს.

- დარწმუნებული ვარ, მასაც ეხმარებიან ვიღაცები ჩუმ-ჩუმად. შენ გგონია, რუსეთს არა ჰყავს მომხრეები?.. მომხრეები თუ არა, ორივე მხარის დასუსტების გულშემატკივრები მაინც იქნებიან, დიდი პოლიტიკა ასეთია, - შეეპასუხა ჭილოფისქუდიანი მოხუცი, რომელიც ცოტა ხნის წინ გაცხარებული არჩევდა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს. მისი თქმით, ამდენი უმაღლესდამთავრებულის ქვეყანას არაფერი ეტყობა, რადგან სტუდენტების უმეტესობა ან ქვეყნიდან გარბის, ან 200-300 ლარად მარკეტებში მუშაობენ...

- სულ მაინტერესებს, როგორი იქნებოდა საქართველო საბჭოთა კავშირის გარეშე, ან გორბაჩოვს "პერესტროიკა" რომ არ გამოეცხადებინა. რეფორმებს გადაჰყვა ის კავშირი... კი ვაგინებთ იმ რეჟიმს, მართლაც საშინელებები ხდებოდა, ადამიანები ქრებოდნენ, ყველაფრის გამო აციმბირებდნენ­ ან ასახლებდნენ, მაგრამ კარგი რამეებიც იყო - ხალხი ქვეყნიდან არ გარბოდა, ყველა მუშაობდა, მოთამაშეს ვინ ნახავდა?.. ბანქოს თამაშობდა ჩემი მეზობელი კაცი ფულზე და მილიცია დღედაღამ დასდევდა, ახალ თაობას ითრევს და ღუპავსო, ახლა კი ლამის სახლში შემოგვიტანონ სათამაშო აპარატები. ონლაინკაზინოებმა დაღუპა თაობა. რამდენმა მოიკლა თავი, რამდენს ოჯახი, ცხოვრება, ფსიქიკა დაენგრა. ასეთი რამეები მაშინ არ ხდებოდა. არც ერთი მთავრობა ამას არ კრძალავს, ბიზნესს ვერ შევეხებითო. უკრაინის ომი და დასავლეთი კი არა, შიდა პრობლემები გვაქვს თავზე საყრელად და ამას მიხედონ ჯობია. დაწერეთ ეს გაზეთში, - მეუბნება მოხუცი, რომელსაც ეტლით პატარა შვილიშვილი ჰყავს გამოყვანილი სასეირნოდ.

მეგობრები კვერს უკრავენ და ბევრ რამეში მედიასაც ადანაშაულებენ პრიორიტეტების არასწორად დალაგებისთვის.

- რეიტინგია ზოგისთვის მთავარი... მიშა რას ჭამს და წონაში რამდენს იკლებს კი არა, ამ თემის ასე გამაიმუნებაა მნიშვნელოვანი. კი, იმ კაცმა ბევრი რამ გაუკეთა ქვეყანას, დაუშავა კიდეც, მაგრამ თუ დაუშავა, წესიერად გააკეთონ ესეც. ქვეყანა, სადაც სასამართლოს ოცდაათი წელია პატივს­ არ სცემენ, ვერ აშენდება. ადრე საბჭოთა სამართალი იყო, ახლა ამდენი წელია დამოუკიდებლები ვართ და სასამართლოს არ ეშველა. რუსეთი სულ ასე იყო და ახლაც ასეთია... ჩვენზე ვიდარდოთ, უმუშევრობაზე, ახალგაზრდები რომ გარბიან ქვეყნიდან, ნარკომანიაზე... წინსვლა შიდა პრობლემების მოგვარებით იწყება, - ამბობს ნოდარ ჩაჩუა და შვილიშვილებთან ერთად ნაყინზე მეპატიჟება.