„ვოცნებობ, რაჭა არ დაიცალოს“ - კვირის პალიტრა

„ვოცნებობ, რაჭა არ დაიცალოს“

თენგიზ გოგორელიანს, რაჭაზე­ უსაზღვროდ შეყვარებულ კაცს, რაჭის მემატიანე შეიძლება ვუწოდოთ. პროფესიით ისტორიკოსი წერს რაჭაზე, ინახავს საარქივო კადრებს და ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი დოკუმენტური ამბავი დაუტოვოს მომავალ თაობას.

- რაჭველი კაცი ვარ, ამბროლაურში­ ვცხოვრობ. პროფესიით ისტორიკოსი გახლავართ. ერთხანს სკოლაში ვასწავლიდი, ახლა მცირე ბიზნესი მაქვს და იმით ვირჩენ თავს. არ მომწონს მხოლოდ ტურიზმზე აგებული რაჭა. რაიონში სამუშაო ადგილები არაა, ახალგაზრდობა კუთხეს ტოვებს... მიმაჩნია, რომ ტურიზმი კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის, წარმოებაა საჭირო... სამი შვილის მამა ვარ - ორი გოგონა და ერთი ბიჭი მყავს. ერთი გოგონა ახლა ვილნიუსში, აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს შტაბშია წარგზავნილი ეკონომიკის სამინისტროდან.

- სიმართლე გითხრათ, თქვენი გაცნობა თქვენი ონლაინ უბის წიგნაკის (ასე მე დავარქვი) ჩანაწერების წაკითხვის შემდეგ მომინდა. საინტერესოდ ჰყვებით ამბებს, თქვენი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს.... გარდა ამისა, ძალიან ბევრი დოკუმენტური კადრი გაქვთ, რომლებიც თქვენი კუთხის წარსულს ასახავს. როგორ მოიპოვეთ ისინი?

- რაიონში ცხოვრობდა ებრაელი ფოტოგრაფი შალვა, შალიკო შიმშილაშვილი, რომელიც ფოტო-ვიდეომასალებს იღებდა. 1992 წელს ისრაელში წასვლა რომ გადაწყვიტა, მივედი და ვთხოვე, ეს მასალები მოეყიდა. შეძენილი 8-მილიმეტრიანი ფირები ჩავიტანე თბილისში და ვიდეოკასეტებზე გადავიტანე. მათზე ასახულია ჩვენი კუთხის ძველი ცხოვრება. მაშინ მეგონა, ადგილობრივი ტელევიზია გაკეთდებოდა... მერე ეს მასალები გავაციფრულე, ამის შემდეგ კი თვითონაც დავიწყე ამ არქივის გამდიდრება. 1995 წელს ჩვენი რაიონის ყველა სკოლა მოვიარე ვიდეოკამერით... ის ბავშვები გაიზარდნენ, აღარც ახსოვდათ ამ ფირების ამბავი და მოულოდნელად რომ გამოვაჩინე, რა თქმა უნდა, ყველას გაუხარდა. ადრე ჩვენს რაიონში ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. შალვას ჰყავდა ძმა, მეირი. ისიც ფოტოგრაფი იყო. საერთოდ, ებრაელების უმრავლესობა ფოტოგრაფიას მისდევდა. დადიოდნენ სოფელ-სოფელ... სიმონაც კარგი ფოტოგრაფი იყო, ყაზარიაც, მორდეხაც... ყველა იღებდა და დიდ ისტორიას ქმნიდა.

- ბევრი ებრაელი ცხოვრობდა რაჭაში?

- კი, ამბროლაურშიც, მაგრამ ონში - უფრო მეტი. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მათ რაჭა დატოვეს, მაგრამ­ ონში დღესაც დგას სინაგოგა, რომელიც 1895 წელს აიგო. ის ვარშავის სინაგოგის ასლია.

შალიკომ ბევრი საინტერესო ფირი გაიყოლა. დროგამოშვებით ვუკავშირდებით ხოლმე ერთმანეთს. ვუთხარი, ის ფირები მომყიდე-მეთქი. ჩამოდი ისრაელში და მაგაზე აქ ვილაპარაკოთო. ძალიან ენატრება საქართველო. რამდენჯერმე ჩამოვიდა კიდეც. აქ სახლი არ გაუყიდია, მისმა ძმამ კი მიატოვა, უფრო სწორად - სამ მეზობელს დაუტოვა, თქვენ გაინაწილეთო. კარგი ხალხი იყო...

- თქვენი ჰობია ცხენოსნობაც...

- მხედარი არა ვარ, მაგრამ 1990 წელს პირველად ჩავატარე რაიონის შეჯიბრი. ონიდან მოვიწვიე მხედრები. ამის შემდეგ გამუდმებით ვატარებ შეჯიბრებებს.

dogi2-1662296515.jpg

- დოღში ბევრი მონაწილეობს?

- წელს 24 ცხენი მონაწილეობდა, მაგრამ იყო პერიოდი, როცა 40 ცხენიც ებმებოდა ამ სანახაობით შეჯიბრებაში. რაჭაში ცხენოსნობას აქტიურად მისდევდნენ, თუმცა რასაც სოფლის ცხენებს ეძახიან, დოღისთვის ისინი არ ვარგა, ამიტომ უკვე დაიწყეს სუფთა ჯიშის ცხენების შემოყვანა. სუფთა ჯიშის ინგლისური კვიცი ჩამოიყვანეს, თუმცა ჯერ გაუხედნავია. არაბული ცხენიც, შერეული ინგლისურისა და არაბულის ნაჯვარიც... წელს პირველად გამოვედით ბახმაროს ტურნირზე და ორი მეოთხე ადგილი დავიკავეთ, ერთი ონელის ცხენი კი ჩემპიონი გახდა. სულ ახლახან ნიკორწმინდაშიც იყო ტურნირი. ვცდილობ, ვიპოვო სპონსორები, რომ ეს საქმე განვითარდეს.

- თქვენ გყავთ ცხენი?

- არა, მე წესიერად ცხენზე ჯდომაც არ ვიცი, მაგრამ ცხენოსნობის განვითარება მაინც მინდა. რაღაც ხომ უნდა გავაკეთო? ძველი ამბავია: ერთი კაცი ჩავიდა ეგვიპტეში და დაინახა პირამიდები. იკითხა, ვინ გააკეთაო? უთხრეს, რომ ეს იყო ფარაონი, რომელსაც ბევრი მომხრე ჰყავდა. ეს კაცი დაფიქრდა. მარტოკაცი იყო, მომხრე ცოტა ჰყავდა, პირამიდას ვერ ააშენებდა, ამიტომ იფიქრა, მიწას ამოვთხრი და იქ გავაკეთებ პირამიდასო - მიწის ქვემოთ პირამიდის გაკეთება უფრო ეადვილა... თხარა, თხარა და... წყალი ამოიყვანა უდაბნოში. ასე მომივიდა მეც - რადგან პირამიდას ვერ ავაშენებდი, მიწის ქვემოთ დავიწყე მისი გაკეთება და ამასობაში აღმოვაჩინე შალიკოს ფირები, დოღების მოწყობის შესაძლებლობა...

- ტურისტებს ხშირად ხვდებით?

- მაინცდამაინც არა, მაგრამ რადგან ჩემი შვილი ლიტვაშია, თუკი ჩვენს რეგიონში ლიტველს შევხვდები, სახლში მომყავს. კარგი მარანი მაქვს, კარგი ვენახი. ყოჩაღი ვაჟი მყავს და სახლიდან კილომეტრში ააშენა პატარა სახლი, ვაზიც გავაშენეთ, სულ ალექსანდროული. ხუმრობით ვამბობ ხოლმე, თეთრი ღვინო გლეხების დასალევია-მეთქი და, ძირითადად, შავი ღვინო გვაქვს. თუ მესტუმრებით, ხვანჭკარით გაგიმასპინძლდებით. სანათესაოში ჩეხი რძალი გვყავს და მისი პატივისცემით ჩეხ ტურისტებსაც გავუმასპინძლდი. შინ რომ მივიწვიე, ფული რამდენი უნდა გადავიხადოთო, მკითხეს. რას ბრძანებთ-მეთქი! მოვიყვანე და ჯერ მარანში, მერე კი მისაღებ ოთახში გავშალეთ სუფრა. რომ წავიდნენ, თურმე ევროები დაუტოვებიათ ფანჯრის რაფაზე.

უკვე კარში გადიოდნენ, როცა მეუღლემ ნახა და გამომძახა. ჩავუდე ჯიბეში. არც ვიცი, რამდენი იყო... გაუკვირდათ ძალიან... რომ გაიგეს, ამბროლაურის მთავარი ქუჩა ბრატისლავის ქუჩაა, ესეც გაიკვირვეს. ავუხსენი, რომ უწინ ამბროლაური და ბრატისლავა დამეგობრებული ქალაქები იყვნენ, რომ მიდი-მოდიოდნენ ერთმანეთში, მერე ამ მისვლა-მოსვლის ამსახველი კადრებიც ვაჩვენე, ჩემი ებრაელი შალიკოს გადაღებული 1980 წელს. მართალია,­ ახლა ჩეხეთი და სლოვაკეთი­ გაყოფილია, მაგრამ ამ კადრებმა და ამ ურთიერთობებმა ჩემი სტუმრები სასიამოვნოდ გააოცა და გაახარა. ისიც გაიგეს, რომ სლოვაკებსაც აქვთ თავიანთი რაჭა, უფრო სწორად - რაჩა. ამ ამბავს რომ ფილმი მიეძღვნა, ესეც ვუამბე. სხვათა შორის, ამბროლაურის აეროპორტში კომუნისტების დროს ჩეხების ნაჩუქარი თვითმფრინავი დაფრინავდა - ქუთაისი-ამბროლაური.

- მოკლედ, საბაბს ყოველთვის პოულობთ, რომ რაჭის სტუმრებს პატივი სცეთ...

- ჩემი ოცნებაა რაჭის აღორძინება. არა მგონია, უკეთესი საცხოვრებელი ადგილი იყოს სადმე. მანდარინის გარდა ყველაფერი მოდის. უწინ აქ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი იყო, სადაც სხვადასხვა რაიონიდან ჩამოდიოდნენ გოგონები, ბიჭები. აქაურები "მმაჩის ბიუროს" ვეძახდით. ბევრი რძალი შეგვმატა ამ სასწავლებელმა და ჩვენგანაც მიჰყავდათ სარძლოები. კარგი ოჯახები შეიქმნა. ახლა ბევრი დაუქორწინებელია. ვოცნებობ, რაჭა არ დაიცალოს და ბევრი ოჯახი შეიქმნას.

თენგიზ გოგორელიანის ონლაინწიგნაკიდან:

"80-იან წლებში, უცოლობის დროს, ერთი ფერიასავით გოგონა გავიცანი და თბილისში, იმდროინდელ ლენინის მოედანზე დავუნიშნე შეხვედრა. შეხვედრამდე არ მომეწონა ჩემი ფეხსაცმელები და იქვე უნივერმაღში ახლები ვიყიდე. ძველი იქვე ურნაში ჩავყარე (პაემანზე იღლიაში ძველი ფეხსაცმელებით ხომ არ დავხვდებოდი). ცოტა მიჭერდა, მაგრამ გამოცდილება მკარნახობდა, მალე გაიწევდა.შევხვდით, ვიჟღურტულეთ, ფერიამ იქვე რუსთაველის თეატრში წასვლა შემომთავაზა. მახსოვს, "თეთრი ბაირაღები" გადიოდა. დავჯექით. ფეხსაცმელი ისე მიჭერს, სულს მაძრობს, მაგრამ ვითმენ. გარკვეული დროის მერე უკვე მოთმენაც აღარ შემიძლია, მიზეზთა გამო ფეხის ამოღებასაც ვერ ვახერხებ. ჩემთვის ვიფიქრე, გავალ თეატრიდან, ის ფეხსაცმელები იქნებ ვიპოვო ურნაში, ან წავიდე, ნათესავს ჩემი ზომა ფეხი აქვს და მისგან ვინათხოვრო-მეთქი, მაგრამ ჩემს გაჭირვებას მას ხომ ვერ მოვუყვებოდი და ვუთხარი, სიგარეტის მოსაწევად გავალ გარეთ-მეთქი.გამოვედი. ურნა ცარიელი დამხვდა. დავიჭირე ტაქსი, გავიქეცი ნათესავთან. გზაში ინსპექციამ გაგვაჩერა. მოკლედ, ფეხსაცმელები რომ გამოვიცვალე და თეატრთან მივედი, სპექტაკლი დამთავრებული იყო და ის "ფერიაც" გაფრენილი დამხვდა.ოი, როგორ შემძულდა ის ფეხსაცმელები! მართალია, მერე მალე კი მოლბნენ, მაგრამ მათ წყენას რა დამავიწყებდა! ტალახში ძალით ვსვრიდი, არ ვწმენდდი და მალეც მოვიშორე, დაუხევლები გადავყარე რიონში. ღირსი იყვნენ! ის "ფერია" იმ დღის მერე აღარ მინახავს. ვერიდებოდი მასთან შეხვედრას. რა მეთქვა?"