როგორ მოხვდა მერაბ ბერძენიშვილის „მუზა“ მიჩიგანში - კვირის პალიტრა

როგორ მოხვდა მერაბ ბერძენიშვილის „მუზა“ მიჩიგანში

"ერთი საინტერესო ისტორიით მოვედი... 2019 წლის ზაფხულში აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ერთ პატარა ქალაქში ვიყავი გაცვლითი პროგრამით. სეირნობისას ჩემი და ჩემი მეგობრის ყურადღება ერთმა­ მონუმენტმა მიიპყრო, რომელსაც ქართულ­ი დეტალები შევამჩნიეთ. ახლოს მისულებმა ზედ Mtskheta,Georgia ამოვიკითხეთ. იმ წელს ამ ამბავზე მხოლოდ ერთი პოსტი დავწერე. ცოტა ხნის წინ მემორიმ შემახსენა ეს ამბავი და გადავწყვიტე, მეტი ინფორმაცია მომეძებნა. ინტერნეტში ბევრი ინფორმაცია­ იძებნება მცხეთაში მიჩი­განის დელეგაციის სტუმრობაზე 1989-1990 წლებში.­ სამწუხაროდ,­ ეს ინფორმაცია მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი და, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში არც იციან, რამხელა ისტორია გვაკავშირებს ერთ პატარა ქალაქთან - ტრავერსი სიტისთან. ამ ქალაქში ყოფნისას თუკი ვახსენებდი, რომ ქართველი ვიყავი, მეუბნებოდნენ, რომ იცოდნენ საქართველო, რადგან ჩვენ მათ ეს მონუმენტი ვაჩუქეთ. მინდა, ქართულ ენაზეც­ იძებნებოდეს ეს ინფორმაცია და იქნებ დამეხმაროთ. როგორც ვიცი, საქართველოშიც არსებობს ამ ისტორიის მეორე ნაწილი,­ ჭიქის მონუმენტი, რომელიც ამ ქალაქის მცხოვრებლებმა გვაჩუქეს და ვერც მასზე ვერ ვპოულობ ინფორმაციას. თუ ვინმეს შეგხვედრიათ საქართველოში მსგავსი შინაარსის მონუმენტი, გთხოვთ, დამეხმაროთ ამ ისტორიის ქართულ ენაზე დაწერაში... მიჩიგანელების საჩუქრის ფოტო არც მათ საიტებზე იძებნება და გაუხარდებათ, ამ ინფორმაციას თუ მივაწვდით..." - წერდა სოციალურ ქსელში მეგი კუპატაძე.

- სტუდენტური პროგრამით Work & Travel­ სამი ქართველი სტუდენტი ტრავერსი­ სიტიში აღმოვჩნდით და 2019 წელს ზაფ­ხულის სამი თვე იქ გავატარეთ. როცა გვეკითხებოდნენ, რომელი ქვეყნიდან ვიყავით და ვახსენებდით საქართველოს, ბევრი სიხარულით გვიდასტურებდა, რომ იცოდა ჩვენი ქვეყნის შესახებ, რადგან მათ ქალაქში ჩვენი ნაჩუქარი მონუმენტი დგას. მონუმენტი ცნობილი ქართველი მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის შექმნილია და ძალიან ჰგავს ფილარმონიის წინ აღმართულ "მუზას". გული დამწყდა, რომ "გუგლში" მის ნამუშევრებს შორის ტრავერსი სიტის მონუმენტი ვერ ვიპოვე. რაც შეეხება მინის ჭიქას, ზუსტად ვერ გავარკვიე, რა ნივთზეა­ ლაპარაკი და ჯერ არავინ გამოჩენილა, ვინც მეტყოდა.­ ვფიქრობ, მერაბ ბერძენიშვილს ეცოდინებოდა ამის შესახებ... მიჩიგანი ბუნებით საქართველოს ჰგავს, თანაც ის ღვინის შტატია, როგორც საქართველოა ღვინის ქვეყანა... არ მინდოდა ეს ისტორია მხოლოდ ჩვენს მეხსიერებას შემორჩენოდა. მცხეთის მერიიდან გამომეხმაურნენ და მითხრეს, რომ აპირებენ დამეგობრებული ქალაქების ურთიერთობების აღდგენას. ძალიან სასიამოვნო იქნება, თუ ქართველი მოსწავლეები ისევ შეძლებენ ტრავერსი სიტიში ჩასვლას.

გოგიტა მაჭარაშვილი, მცხეთის მერიის ყოფილი თანამშრომელი: - 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედის შემდეგ ამერიკიდან საქართველოს მიმართ დიდი ყურადღება გაჩნდა. საქართველოში არსებობდა ალექსანდრე რონდელის სახელობის სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების­ კვლევის ფონდი, სადაც ამერიკიდან გამოგზავნეს თხოვნა, ტრავერსი სიტი საქართველოს რომელიმე ქალაქს დამეგობრებოდა. ალექსანდრე რონდელთან ჩემი მეზობელი ვასილ ბარნოვი მუშაობდა, რომელმაც ეს ამბავი მამცნო და მკითხა, ხომ არ დავინტერესდებოდი. მაშინ მცხეთის მთავარ არქიტექტორად ვმუშაობდი. რასაკვირველია, დავინტერესდი და ამ საკითხზე მუშაობაც დავიწყეთ. მცხეთიდან მე გახლდით ქალაქების დამეგობრების ორგანიზატორი, ამერიკიდან - ჯოზეფ მუხა. 1989 წლის სექტემბერში ჩამოვიდა პირველი დელეგაცია ჰუმანიტარ­ული ტვირთით. 12 ადამიანი იყო, რომლებიც ოჯახებში გავანაწილეთ. საქართველოში გაჭირვება იყო, მაგრამ სვეტიცხოველი და ღირსშესანიშნაობები ხომ გვქონდა სტუმრებთან თავის მოსაწონებლად?! მცხეთა რომ დავათვალიერებინეთ, აღფრთოვანდნენ...

- როგორ გაჩნდა მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტის მიჩიგანის შტატში დადგმის იდეა?

- კულტურული პროგრამის ნაწილი იყო დელეგაციის ვიზიტი მერაბ ბერძენიშვილის სახელოსნოში. სწორედ იქ ვთქვი, იდეა დამებადა, მერაბიც თანახმაა (არადა, მერაბთან შეთანხმებული არ ვიყავი) და თუ ამერიკული მხარეც თანახმა იქნება, მერაბ ბერძენიშვილის სკულპტურა ამერიკაში დაიდგას-მეთქი... ჩემს სიტყვებს ტაში მოჰყვა, მერაბ ბერძენიშვილმაც ხუმრობით თქვა, კი ბატონო, აი, ეს წაიღეთო და ხელი ერთ-ერთ ქანდაკებას დაადო, მაგრამ ამის შესახებ საუბარი იქვე დამთავრდა და ვერავინ წარმოიდგენდა, თუ როდისმე ეს თემა გააქტიურდებოდა.

1990 წელს საპასუხო ვიზიტით ამერიკაში წავედით. სამწუხაროდ, ბატონი მერაბი ავადმყოფობის გამო ვერ წამოვიდა. დელეგაციის წევრები იქაც ოჯახებში გაგვანაწილეს, არაჩვეულებრივად მიგვიღეს. ზაფხული იყო და მართლაც სამოთხეს ჰგავდა იქაურობა, ულამაზესი იყო მიჩიგანის ტბა...

ერთ-ერთი შეხვედრისას ამერიკელმა­ ორგანიზატორმა ჯომ გამიხმო და მითხრა, შენ რომ ქანდაკების შესახებ თქვი, მხოლოდ სადღეგრძელო იყო თუ რეალური­ ამბავიო... ვუთხარი, მხოლოდ სადღეგრძელო იყო, მაგრამ თუ მოვინდომებთ, ფრთ­ები შევასხათ-მეთქი... ხვალ დილით წამოდი, სამი ადგილი გვაქვს შერჩეული და რომელიც მოგეწონება, ძეგლი იქ დავდგათო...­ ისე ავფორიაქდი, მთელი ღამე არ მეძინა. მეორე დილას მთელი ქართული დელეგაცია წავედით. რამდენიმე ადგილი გვაჩვენეს და ის ადგილი შევარჩიეთ, სადაც ახლა მონუმენტი დგას.

როგორც კი თბილისში ჩამოვედით, მერაბ ბერძენიშვილთან მივედი, რადგან თავიდან მასაც მხოლოდ სადღეგრძელო ეგონა ჩემი ნათქვამი... დიდი ხელოვანი სიხარულით შეხვდა ჩვენს სურვილს - კი ბატონო, ეს მოდელი წაიღეთ და გეტყვით, რაც დაგჭირდებათო... მოდელი დაახლოებით 50 სანტიმეტრი იყო და ის ხუთ მეტრამდე უნდა გადიდებულიყო... ქანდაკება ჯერ თიხაში უნდა გადიდდეს, შემდეგ თაბაშირში ჩამოისხას, თაბაშირისგან ყალიბი გაკეთდეს და ყალიბში ბრინჯაო ჩაისხას... საქართველოში იყო კომბინატი, სადაც ამ სამუშაოებს ასრულებდნენ, მაგრამ ფინანსები უნდა გვეშოვა, სამუშაოებსაც დრო სჭირდებოდა, მონუმენტი კი ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს - 4 ივლისს უნდა გახსნილიყო. ქანდაკება ამერიკაში, ნებისმიერ პორტში უნდა ჩაგვეტანა - ჩვენი ვალდებულება მხოლოდ ეს იყო. მათ უნდა მოემზადებინათ კვარცხლბეკი, რომლის ესკიზიც მე და ზურა ქებულაძემ გავაკეთეთ, მუშა ნახაზები კი ამერიკელმა არქიტექტორმა ჯონ დიქსტერჰაუზმა დაამუშავა. სხვათა შორის, კვარცხლბეკის უკანა მხარეს ჩვენი გვარებია ამოტვიფრული.

სულ მეგონა, რომ ეს ყველაფერი ჩაიშლებოდა, რადგან რასაც მე ვყვები, უფრო ზღაპარს ჰგავს. წარმოიდგინეთ, 90-იან წლებში ძეგლი პეტერბურგის გავლით წავიღეთ! ჩვენთან ერთად იყო პატრიარქის ძმისშვილი­ გოგი შიოლაშვილი. გოგი მცხეთელია და ამ საქმეში სულ ჩვენ გვერდით იყო. ბათუმიდან გემი ამერიკაში არ მიდიოდა­, მხოლოდ პეტერბურგიდან შეიძლებოდა ქანდაკების წაღება, მაგრამ უფულოდ ამას არავინ გააკეთებდა. გოგიმ თქვა, ამ ფულს მე ვიშოვიო. დოლარი უნდა გადაგვერიცხა, რისთვისაც მე და გოგი ბათუმში წავედით. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო სანაოსნოს უფროსის მოადგილე ბიჭიკო ვარშანიძე, რომელმაც იკისრა 18.000 დოლარის პეტერბურგში გადარიცხვა. გადიდებული ძეგლი სპეციალურ კიდობანში მოვათავსეთ, დავაწერეთ "მცხეთა-მიჩიგანი", დავდეთ ტრაილერზე და გავგზავნეთ ლენინგრადში. მე და ზურა ქებულაძე ლენინგრადში გავფრინდით და იქ ველოდებოდით. ორ კვირაში, როგორც იქნა, ძეგლი ჩამოვიდა. პორტში მივიტანეთ და აქ დაიწყო ჩვენი წამება... მონუმენტი პეტერბურგის გავლით რომ წავიღეთ, ყველას ეჭვი გაუჩნდა, ნარკოტიკი ან რაღაც უბედურება ხომ არ მიგვქონდა. გვეუბნებოდნენ, სიმართლე­ თქვით და გაგიშვ­ებთო. ერთი კვირა არკვევდნენ სიმართლეს, მაგრამ პატრიარქის ლოცვა-კურთხევამ და ბიჭიკო ვარშანიძის ავტორიტეტმა გვიშველა: ძეგლი ჩავიდა ამერიკის ქალაქ ბალტიმორის პორტში, იქიდან ტრავერსი სიტიში წაიღეს, 4 ივლისს კი დიდი ოვაციებით გაიხსნა. ქალაქების დაძმობილების ხელშეკრულებაც გაფორმდა.

გვინდოდა, 30 წლის შემდეგ ქალაქების მეგობრობა აღგვედგინა, ახალგაზრდებისთვის გადაგვებარებინა. ელჩს, ირაკლი მალანიას დავუკავშირდით, რომელმაც გაგვაცნო რაიან შერმანი, კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი. გაიმართა ონლაინსაუბარი, ამერიკელები საქართველოშიც დავპატიჟეთ, მაგრამ პანდემიის გამო ჯერჯერობით მათი ჩამოსვლა ვერ მოხერხდა. იმედია, ჩვენი მეგობრობა მალე აღდგება.