სხვისი შვილი - კვირის პალიტრა

სხვისი შვილი

ხშირად ფილმის საინტერესო სიუჟეტი­ ან წიგნში აღწერილი ემოციური ამბავი არარეალურად გვეჩვენება და ვერ წარმოგვიდგენია, მსგავსი რამ ჩვენს ცხოვრებაში მოხდეს, თუმცა გვავიწყდება, რომ წიგნებიც და ფილმებიც იმ ფაქტებისა და ემოციების საფუძველზე იქმნება, რომლებიც ჩვენ ირგვლივ ყოველდღე ხდება. ალბათ, გახსოვთ თენგიზ აბულაძის შესანიშნავი ფილმი `სხვისი შვილები". სწორედ ეს ფილმი გამახსენდა, როცა მისი თანამედროვე ვარიანტი მიამბეს. ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა ქუთაისში.

გიოს და ნატას სკოლიდან უყვარდათ ერთმანეთი. ნატა ძალიან ლამაზი გოგო იყო, კარგადაც სწავლობდა და სკოლა რომ დაამთავრა, უნივერსიტეტში გააგრძელა­ სწავლა, გიო კი სწავლასთან მწყრალად გახლდათ. ცეკვა უყვარდა, ექვსი წლიდან­ დადიოდა ქორეოგრაფიულ სტუდიაში. ერთხანს ფიქრობდა, დარბაზს დავიქირავებ და ცეკვის მსურველთათვის ჯგუფს ჩამოვაყალიბებო. თავიდან შეკრიბა კიდეც მოხალისეთა ჯგუფი, მაგრამ გული ვერ დაუდო - ხალხს ფული არა აქვს და ვერ იხდიან გადასახადს, მე კი ენთუზიასტი ვერ ვიქნებიო... მერე აიტეხა, ისრაელში წავალ, იქ რესტორნებში მოცეკვავეებს კარგად უხდიანო. ნატას ძალიანაც არ უნდოდა­ შეყვარებულთან განშორება, მაგრამ ბიჭი ისე იყო მონდომებული, წინააღმდეგობა არ გაუწია და გიოც სამ მოცეკვავესთან­ ერთად ერთწლიანი კონტრაქტით ისრაელში გაემგზავრა. ოჯახს ხანდახან უგზავნიდა ფულს და ებოდიშებოდა,­ ქორწილისთვის მინდა მოვაგროვო და იმიტომაც გიგზავნით ასე ცოტასო. ნატასაც გამოუგზავნა ფული და შემოუთვალა, შენ რომელიც მოგეწონება, ის ბეჭედი იყიდე, სანამ ჩამოვალ, ყველამ იცოდეს, რომ ჩემი დანიშნული ხარო, მაგრამ ნატას მოულოდნელად დიდი უბედურება დაატყდა თავს: მშობლები და უმცროსი და ავტოავარიაში დაეღუპნენ. ამ დროს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გიოს თანადგომა იყო, მაგრამ მან ჩამოსვლა ვერ მოახერხა - ახლა რომ ჩამოვიდე, კონტრაქტი შემიჩერდება და მერე უკან არავინ შემომიშვებსო... შეყვარებულს თანხა გამოუგზავნა და დააიმედა,­ ჩამოვალ და მერე სულ ერთად ვიქნებითო. ერთმა წელმა მალე გაირბინა­. მხოლოდ ნატას ეჩვენებოდა, რომ საათი ჩვეულებრივზე ნელა წიკწიკებდა... ერთხელაც მის მობილურზე ზარი გაისმა.­ გიო იყო. აუ, ნატ, არ მეჩხუბო, რა, ბიჭე­ბმა ძალიან მაგარ სამსახურს გამოვკარით ხელი, კიდევ ერთი წლით გვიფორმებენ კონტრაქტს, შენ ჯერ მაინც სწავლობ, ამასობაში შენც დაამთავრებ უნივერსიტეტს, მეც დავაგროვებ ფულს და ჩამოვალ, იცოდე, შენ გარეშე ყოფნა მეც მიჭირსო... შეცბა ნატა. დღეებს ითვლიდა და უხაროდა, გიოს ჩამოსვლის დღე რომ ახლოვდებოდა, ახლა კი ბიჭი ატყობინებდა, კიდევ ერთი წელი უნდა გავძლოთ ერთმანეთის გარეშეო. ნატა ყველაზე მეტად გიოს ენდობოდა, ამიტომაც არ შეწინააღმდეგებია, როგორც შენ გინდა, ისე მოიქეციო.

გავიდა კიდევ ერთი წელი. გიომ რეკვასაც უკლო. მშობლებმა და ნატამ მეგობრებისგან იცოდნენ, რომ თავდაუზოგავად­ შრომობდა... ერთ მშვენიერ დღეს კი თავისიანებს მოულოდნელად თავს დაადგა.­ თან ქერა ქალი და შვიდი თვის ბავშვი ახლდნენ. აღმოჩნდა, რომ გიოს ისრაელში რესტორანში მომუშავე ქართველი ებრაელი, მასზე­ ხუთი წლით უფროსი მეგი გაუცნია, ერთ წელიწადში კი ბავშვიც გაუჩნდათ.­ გიომ იცოდა, ამ სიახლით ბევრის აღშფოთებას გამოიწვევდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ გოგოს, რომე­ლიც პირველი კლასიდან უყვარდა, ძალიან ატკენდა გულს, თუმცა სხვა გზა არ იყო... მეგის ბიძა ჰყავდა რკინის მკვნეტელი, რომელმაც დისა და სიძის გარდაცვალების შემდეგ დისშვილის პატრონობა იკისრა. როგორც კი საქართველოდან ჩამოსული მოცეკვავე ბიჭისა და თავისი დისშვილის ურთიერთობის ამბავი გაიგო, ორივე დაიბარა და მკაცრად უთხრა: თქვენს ურთიერთობას­ დააკანონებთ, თუ არადა ჩემგან დახმარებას აღარ ელოდოთ, შენს თავს (გიოს მიმართა)­ დავარეპორტებინებ, შენ კი, მეგი, აქ ფეხს ვეღარ შემოდგამო... არც ერთს არ უნდოდა დაოჯახება, მაგრამ სხვა გზა არ იყო, მოაწერეს ხელი და პატარა სუფრაც გაშალეს... ბავშვის დაბადების შემდეგაც ბიძამ უბრძანა, პატარა მარიამი ბებია-ბაბუასთვის ეჩვენებინათ. გიოს ოჯახი ისრაელიდან ჩამოსულ სამეულს შემცბარი შეხვდა, მაგრამ ბავშვმა მალე გადაწონა ყველანაირი­ უსიამოვნება. ისეთი ლამაზი და საყვარელი გოგონა იყო, ყველა მისი სიყვარულით აივსო.

ნატა ისე იყო დარწმუნებული გიოს სიყვარულში, რომ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა საქმროს ღალატი. გიოს ფულით ნაყიდი ბეჭედი მეგობარ გოგონას გაატანა, მე აღარ მჭირდება, თავის ცოლს აჩუქოსო,­ თვითონ კი დედათა მონასტერში წავიდა. იქ ლოცვასა და შრომაში ცდილობდა დიდი ტკივილის განელებას.

სწორედ მაშინ, როცა კვლავ დაუბრუნდა ცხოვრებას და უნივერსიტეტში სწავლაც განაგრძო, მეხივით გავარდა ხმა, მეგიმ­ ქმარ-შვილი დატოვა და ისრაელში წავიდაო. გიო სახლში ჩაიკეტა, გარეთ არ გამოდიოდა, ჭორ-მართალი კი, ქარში დატრიალებული ფოთლებივით ირეოდა. რას აღარ ამბობდნენ: მეგიმ ვერ გაუძლო აქაურ ცხოვრებასო... ბიძამისმა უბრძანა, დაეტოვებინა ბავშვი, რადგან გიო არ მოსწონდა სიძედო... რძალს ბევრი პრეტენზია ჰქონდა­ ქმართან და დედამთილ-მამამთილთანო... ვერ აიტანა ხელმომჭირნეობა და უკანმოუხედავად გაიქცაო... ბევრი რამ ითქვა, სიმართლე კი მხოლოდ იმ ორმა იცოდა...

მართლაც, მეგი კარგ ცხოვრებას იყო მიჩვეული. ბიძამისი მკაცრი კი იყო, მაგრამ დაობლებულ გოგოს არაფერს აკლებდა. კაცს რესტორნების ქსელი ჰქონდა და ერთ-ერთში თავის დისშვილს ადმინისტრატორად დააწყებინა მუშაობა. ცეკვა მეგისაც უყვარდა და საღამოობით იმ დადგმებში მონაწილეობდა, რომლებსაც სტუმრებისთვის მართავდნენ. გიოც მაშინ გაიცნო და მათ შორის ემოციური სიმებიც უცებ გაიბა, მაგრამ როგორც კი ბიძამ მათი ურთიერთობის დაკანონება მოითხოვა, გული აუცრუვდა. გიო მისთვის პირველი სიყვარული არ იყო... იმასაც ხვდებოდა, რომ გიომ ბიძამისის შიშით შეირთო ცოლად, სიყვარულით კი სხვა უყვარდა. ფული რომ შემოელიათ და ოჯახში ფინანსური პრობლემები გაჩნდა, მეგიმ ქმარს გამოუცხადა, გიტოვებ ბავშვს და გაძლევ სრულ თავისუფლებას, რაც გინდა, ის გააკეთეო, ჩაალაგა თავისი ნივთები, ერთი წლის მარიამი დატოვა და წავიდა...

კარგა ხანს განხილვის თემა იყო გიოსა და გაქცეული რძლის ამბავი. მითქმა-მოთქმა ცოტათი რომ შენელდა, ერთ საღამოს ნატას მოულოდნელი სტუმარი ეწვია. გიოს ძალიან გაუჭირდა საუბარი, პატიება სთხოვა ნატას და უამბო, რაც შეემთხვა ისრაელში: დროებითი ურთიერთობა გვქონდაო, მაგრამ რომ დაორსულდა, ცოლად უნდა მომეყვანა, თორემ ბიძამისი არ მაცოცხლებდაო. გთხოვ, მაპატიე, ის ბეჭედი, შენ რომ იყიდე, მეგისთვის არ მიმიცია, ის შენ გეკუთვნის და ცოლადაც მხოლოდ შენ მინდიხარო... ნატას გულწრფელი და საბრალო ეჩვენა გიო, სიტყვაც არ ჩაურთავს, ჩუმად იჯდა და ცრემლები სდიოდა. სულ მალე ნატა გიოს ოჯახში მეორე ცოლის სტატუსით შევიდა და დედის როლიც უმალ მოირგო. გოგონას ისე შეაყვარა თავი, ახალატიტინებული­ მარიამი `დედა-დედას" ძახილით სულ უკან დასდევდა მზრუნველ და მოსიყვარულე ქალს. ყველა კმაყოფილი იყო: გიოც, მისი მშობლებიც, ბავშვიც და ნატაც.

გავიდა კიდევ ერთი წელი. გიოს ხასიათი შეეცვალა, თავის უხასიათობას კი უსამსახურობას აბრალებდა. ნატა ამშვიდებდა,­ არა უშავს, მე ხომ უკვე ვმუშაობ, იოლად გავუმკლავდებით სირთულეებსო. ნატა ორსულად იყო და იმედით შეჰყურებდა მომავალს.

ერთხელაც, დილით, როცა მარიამს ბაღისთვის ამზადებდა, მერე კი სამსახურში უნდა წასულიყო, საძინებლის ტუმბოზე წერილი დახვდა. გიო წერდა: `მაპატიე, არ შემიძლია ასე უფულოდ ყოფნა. გადავწყვიტე, ისევ წავიდე. ისრაელში ვცადე, მაგრამ არაფერი გამომდის, ამიტომ ამჯერად რუსეთში მივდივარ. იქ ნაცნობები მყავს და დამპირდნენ, რომ სამუშაოს მიშოვნიან. იქიდან ფულს გამოგიგზავნით, მოვაგროვებ კიდეც. მჯერა, მარიამს არაფერს მოაკლებ, თანაც მალე მეორე გვეყოლება და უნდა მოვემზადოთ ახალი წევრისთვის. რუსეთიდან არ გამიჭირდება ხშირად ჩამოსვლა. დამიჯერე, ყველაფერი კარგად იქნება. შენი გიო".

ნატა ცუდად გახდა. რამდენჯერაც დაუჯერა და ენდო გიოს, იმდენჯერ საშინელი იმედგაცრუება მიიღო პასუხად. გიოს მშობლებიც დაზაფრული იყვნენ, მაგრამ ნატას ამშვიდებდნენ, ჩამოვა, აბა, სად წავა? ხომ იცი, როგორ უყვარხართ შენ და მარიამიო... ისე განიცადა ნატამ ქმრის გაუფრთხილებელი ნაბიჯი, რომ მუცელი მოეშალა და ბავშვი დაკარგა, ხოლო ეჭვი, რომელიც გიოს წასვლის დღიდან ღრღნიდა, გამართლდა. კანტიკუნტად ესმოდათ მისი ამბავი, მუშაობა დაიწყო მოსკოვის ელიტურ რესტორანშიო... სულ სამჯერ გამოუგზავნა ოჯახს ფული, მერე კი გიოც გაქრა და მისი შეპირებული ფულიც.

ნატამ თავის სახლში გადაწყვიტა დაბრუნება, მაგრამ მარიამმა ისე იდარდა, კინაღამ ხელიდან გამოეცალათ ბავშვი... მერე იფიქრა, მარიამთან ერთად წავალ გიოს ოჯახიდანო, მაგრამ დედამთილ-მამათილს ის ძალიან უყვარდა, ლამის ფეხებში ჩაუვარდა გიოს დედა და სთხოვა, არ დაგვტოვო, თორემ ერთ დღესაც მკვდრებს გვნახავო... ნატაც დარჩა. მისთვის მარიამი სხვისი შვილი კი არა, საყვარელი მამაკაცის შვილია, რომელიც თავისად მიაჩნია. მარიამი ახლა შვიდი წლისაა. ნატას გულის სიღრმეში მაინც სჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მისი თავგზაარეული ქმარი შინ დაბრუნდება.