ავტომატიანი ოკუპანტი სახლში შემოგივარდა? - კვირის პალიტრა

ავტომატიანი ოკუპანტი სახლში შემოგივარდა?

როგორ დაიცვას თავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილმა მოქალაქემ?

რუბრიკაში "სამოქალაქო­ თავდაცვა" სიამოვნებით ვუპასუხებთ მკითხველის კითხვებს, რომელთა გამოგზავნა "კვირის პალიტრის" საიტზე www.kvirispalitra.ge გამოქვეყნებული სტატიების კომენტარებში შეიძლება.

მწარე სიმბოლიკაა, რომ სტატიის წერის დროს ეს თემა ძალზე აქტუალურია უკრაინის მილიონობით მოქალაქისთვის, ისევე, როგორც სამკვდრო-სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლდათ საქართველოს ასიათასობით მცხოვრებისთვის აფხაზეთისა და ცხინვალის ომების დროს.

რა საფრთხე ემუქრებათ მტრის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ მოქალაქეებს და რა უნდა გააკეთონ ან არ გააკეთონ, რომ საკუთარი და ახლობლების სიცოცხლე გადაარჩინონ?

საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვის და ახლა უკვე უკრაინის უახლეს ისტორიაში ხშირად მომხდარა, რომ სახელმწიფო თავისი ინსტიტუტებით - სპეცსამსახურებით, პოლიციითა თუ არმიით, ვეღარ იცავს საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს, ამიტომ იძულებულია, ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე დათმოს დე ფაქტო ხელისუფლება და ის ადგილობრივ სეპარატისტებსა და მათ ფარულად თუ აშკარად მხარდამჭერ სხვა ქვეყნის სამხედროებს „გადააბაროს. ასეთ რთულ მომენტში იმ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში მოჰყვება, არსებობს რეალური საფრთხე მათი სოფლის ან ქალაქის მოწინააღმდეგის მიერ დაპყრობისა, ამ ვითარებაში კი შედარებით კარგი გამოსავალი დაუყოვნებლივი ევაკუაციაა. ამით ისინი, ჯერ ერთი, არ გახდებიან შემთხვევითი ან მიზანმიმართულად ნასროლი ჭურვებისა და რაკეტების ნამსხვრევების მსხვერპლი და მეორეც - საბრძოლო მოქმედებების ზონის დატოვებით საკუთარი ქვეყნის დამცველ ჯარისკაცებს გაათავისუფლებენ შიშისგან, რომ მათ მოწინააღმდეგის შესაკავებლად გახსნილი ცეცხლით შემთხვევით თანამოქალაქეები არ დააზიანონ.

შემთხვევითი არ არის, რომ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთის თავდასხმის პირველივე დღიდან ეხვეწება საბრძოლო მოქმედების ზონებში მოყოლილ მოსახლეობას, გაერიდონ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს, ბოლოს კი იძულებული გახდა, დონბასის იმ ნაწილში, რომელსაც ისევ კიევი აკონტროლებს, იძულებითი ევაკუაცია გამოეცხადებინა.

საქართველოს ომების ისტორიიდან ორი საპირისპირო ფაქტი გვახსენდება. პირველი: 1993 წლის 1 სექტემბერს შევარდნაძის ხელისუფლებამ აფხაზეთის სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყება გამოაცხადა (მაშინ, როდესაც დანარჩენი საქართველოს სკოლებში სწავლის პროცესი სექტემბრის შუა რიცხვებიდან იწყებოდა), რისთვისაც ომიდან დროებით გამოხიზნულ ოჯახებს ბავშვები ისევ ომის შუაგულში დააბრუნებინა.

ეს უგნური პოლიტიკური გათვლა იყო. ხელისუფლებას სურდა, ყველასთვის დაენახვებინა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 27 ივლისის ხელშეკრულებას როგორ ზუსტად იცავდა ქართული მხარე: ნახეთ, ტანკები და ჰაუბიცები ფრონტის ხაზიდან ფოთში გავიტანეთ, სკოლის მოსწავლეები კი სკოლებში დავაბრუნეთო.

მოსალოდნელმა კატასტროფამაც არ დააყოვნა - 16 სექტემბერს რუსი სამხედროებისა და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულების მხარდაჭერით აფხაზმა სეპარატისტებმა ვერაგულად დაარღვიეს მათივე ხელმოწერილი ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, კოდორთან გზა გადაკეტეს და ალყაში მოქცეულ სოხუმს შეუტიეს, ხელისუფლების მიერ მოტყუებულ სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს კი ცეცხლწაკიდებული აფხაზეთიდან სწრაფი ევაკუცია გემებით და კოდორის ხეობის გავლით - ფეხით მოუხდათ. კოდორის ხეობის აღმართებზე მათ გვერდით მეც თავჩაქინდრული მძიმედ მივაბიჯებდი და სიბრაზისგან კბილებს ვაღრჭიალებდი, რადგან ჩემ გვერდით მომავალი ყველა პატარის დახმარება არ შემეძლო.

და მეორე ფაქტი, რომელიც უკვე აგვისტოს ომის დროს მოხდა: დიდი ლიახვის ხეობიდან ჩუმად გამოიყვანეს ქართული შეიარაღებული დანაყოფები, აწ უკვე მიწასთან გასწორებული ქემერტის, სვერის, ძარწემის, ორივე აჩაბეთის, კეხვის, ქურთის, ხეითისა და თამარაშენის მოსახლეობა კი არავინ გააფრთხილა, რომ დროული ევაკუაცია დაეწყოთ.

დროულ ევაკუაციას იმიტომ ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ორმხრივი ცეცხლის შუაგულში არ აღმოჩნდნენ, რაც უთუოდ გამოიწვევს დიდ მსხვერპლს, მათ შორის - "მეგობრული" ცეცხლისგანაც.

ასეთი სასწრაფო ევაკუაციისას დრო აღარ რჩება მთელი ცხოვრების მანძილზე მუხლჩაუხრელი შრომით შეძენილი უძრავი ქონების გამოსატირებლად - სასწრაფოდ შეაგროვეთ პირველადი აუცილებლობის ნივთები: ტანსაცმელი (მათ შორის - თბილიც, რადგან არ იცით, ზაფხულში ევაკუირებულს როდის მოგიწევთ მშობლიურ კერაზე დაბრუნება), არამალფუჭებადი საკვები, წყალი, მედიკამენტები (აუცილებლად სპირტი ან არაყი მაინც, დეზინფექციისთვის), მობილური ტელეფონები დამტენებით, ფული, ძვირფასეულობა, რა თქმა უნდა, საბუთები და რაც შეიძლება მალე დატოვეთ უკვე ძალიან სახიფათო თქვენი მშობლიური სოფელი თუ ქალაქი ავტომობილით, რომლისთვის საწვავიც წინდახედულ მეოჯახეს ომის დაწყებისთანავე უნდა მოემარაგებინა.

მაგრამ თუ ვერ მოასწარით ევაკუაცია და ავტომატიანმა მტერმა სახლში შემოგისწროთ? ამ დროსაც შეიძლება სხვადასხვაგვარი ვითარება შეიქმნას.

დღეს უკრაინის ფრონტის სხვადასხვა უბანზე ხშირად მოსახლეობა არსად მიდის არა იმიტომ, რომ ვერ მოასწრო, არამედ... არ უნდა და ისინი რუს ოკუპანტებს ტაშით ხვდებიან. ამის მიზეზი ის არის, რომ უკრაინაში არსებობს რეგიონები, სადაც ძალიან ძლიერია პრორუსული განწყობა (განსაკუთრებით - დონბასში) და მიუხედავად იმისა, რომ რუსმა "განმათავისუფლებლებმა"“ უკრაინული ხუტორებისა და ქალაქების ნახევარწლიანი დაუნდობელი დაბომბვით თავიანთი ფაშისტური სახე მთელ მსოფლიოს დაანახვეს, უკრაინის ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში ოკუპანტებს რუსული სამფეროვანი დროშებით ხვდებიან.

მაგრამ გაუგებარი და ამაზრზენი იყო, როდესაც სამეგრელოსა და შიდა ქართლის სოფლებში აგვისტოს ომის დროს შეჭრილ რუს ოკუპანტებს ღვინოსა და არაყს სთავაზობდნენ და სუფრასთან იწვევდნენ. შეიძლება ამ დროს ზოგს ერთგვარი ეშმაკური ჩანაფიქრი ჰქონდა, რომ ასეთი „გამასპინძლებით“ ოკუპანტის გული დროებით მოეგო და თავისი ოჯახი მათგან ძარცვა-გლეჯას, დამცირებას და სიკვდილსაც კი გადაერჩინა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც შეგნებულად ეხმარებოდნენ ოკუპანტებსა და სეპარატისტებს და მათ ქართული არმიის გადამალულ საბრძოლო ტექნიკასა და სოფლებში თავშეფარებულ დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების ადგილსამყოფელს უჩვენებდნენ.

სამშობლოს მოღალატე ადამიანების ასეთ კატეგორიას, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მტრის სამსახურში დგებიან, მეორე მსოფლიო ომში ფიზიკურად ანადგურებდნენ „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრები საფრანგეთში, "მაკიზარები" - იტალიაში, საბჭოთა პარტიზანები - უკრაინასა თუ ბელორუსში და დღეს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმავეს აკეთებენ უკრაინის დამცველები.

თუკი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქე, საბედნიეროდ, არ გახდა კოლაბორაციონისტი, მაგრამ ბუნებრივია, სურს გადარჩეს და ოჯახის წევრებიც დაიცვას, მან უნდა გაითვალისწინოს ის, რისი გაკეთებით ან, პირიქით, გაუკეთებლობით არც სამშობლოს მოღალატედ იქცეს და სიცოცხლეც შეინარჩუნოს.

საბრძოლო მოქმედებების დროს ძლიერი დარტყმების სამიზნე გზის პირას აგებული შენობები ხდება, საიდანაც მოწინააღმდეგე უტევს. სამხედრო თვალსაზრისით გამართლებულია გზის ორივე მხარეს, შენობების ფანჯრებზე მუდმივი დაკვირვება და ცეცხლის გახსნის მცირე საფრთხის შემთხვევაშიც კი კონკრეტული ფანჯრების მიმართულებით გამანადგურებელი ცეცხლის გახსნა. თუ გზისპირას მცხოვრები ასეთ ცეცხლს გადაურჩა, ოკუპანტი ჯარისკაცების დაუპატიჟებელ "სტუმრობას"“ ვერ გადაურჩება, თუნდაც იმ მიზეზით, რომ შენობების შემოწმება აუცილებელია იქ შესაძლო ჩასაფრების აღმოსაჩენად. სწორედ ასეთ დროს სჩადიან ოკუპანტები მოქალაქეთა მიმართ ყველაზე სასტიკ ომის დანაშაულებს - ძარცვას, გაუპატიურებას, წამებასა თუ დახვრეტას.

ერთ ისტორიას გავიხსენებთ: სოხუმი დაცემული იყო და ჩვენ მაჭარკას ხიდს ვაკონტროლებდით, როდესაც ღამით მთებიდან სროლა აგვიტეხეს. დილით სამი ავტომატიანი სამხედრო მთის კალთაზე იმ სახლისკენ გავემართეთ, რომლიდანაც, სავარაუდოდ, გვესროდნენ. სომეხი ეროვნების სახლის პატრონს მხოლოდ თქვენობით მივმართავდით, მისი სახლის აივნის ქვეშ კი მართლაც აღმოვაჩინეთ "კალაშნიკოვის"“ 7,62 მმ კალიბრის გასროლილი ვაზნის მასრები, ზოგი - დაჟანგული, ზოგიც - ახალი. ოჯახიმკაცრად გავაფრთხილეთ, რომ სროლის განმეორების შემთხვევაში სხვანაირად მოვიქცეოდით. ცხადია, მიპატიჟებაზეც უარი ვუთხარით, არადა მასპინძელმა კარგად დაინახა, მთელი კვირის მშივრებს როგორ მოგვადგა ნერწყვი მაგიდაზე პურის, კარაქისა და თაფლის დანახვაზე.

მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩენილ ქართულ ოჯახებს აფხაზი და ოსი სეპარატისტები ძალიან ხშირად სულ სხვანაირად ექცეოდნენ, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულების არაადამიანურ მოქმედებას კი საზღვარი არ ჰქონდა.

სახლში დაუკითხავად შემოსული ავტომატიანი ოკუპანტი, უპირველესად იწყებს ჩხრეკას იარაღისა და საბრძოლო მასალების აღმოსაჩენად, ამიტომაც თუკი ასე მდგომარეობაში აღმოჩნდით, სასწრაფოდ გადამალეთ ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება სამხედრო თემასთან იყოს დაკავშირებული - სათევზაოდ, სანადიროდ ან ბაღში სამუშაოდ გამოსაყენებელი კამუფლირებული სამხედრო ფორმა, პატრიოტული წიგნები, ფოტოები, პლაკატები, დროშები. ციფრული ფოტოვიდეო კამერებიდან, მობილური ტელეფონებიდან და კომპიუტერების მეხსიერებიდან წაშალეთ ყველა ის ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც თქვენს ან ქვეყნის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ ოკუპანტების სპეცსამსახურებმა. ისიც გახსოვდეთ, რომ წაშლილი ინფორმაციის აღდგენის სპეციალისტები ოკუპანტებსაც ჰყავთ, ამიტომ იქნებ სულაც ელექტრონული ხელსაწყოების განადგურება ჯობდეს.

ავტომატიან ოკუპანტთან დამეგობრებას არ გირჩევთ. მისთვის თქვენ მაინც მტერი ხართ, მაგრამ არც უხეშად მოექცეთ. ეცადეთ, საუბარში დისტანცია დაიცვათ. მოერიდეთ პატრიოტულ შეძახილებს. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ წინ ავტომატიანი პოტენციური მკვლელია, რომელსაც თქვენი დახვრეტისთვის არავინ დასჯის. შესაძლოა, ოკუპანტმა გაიძულოთ ძვირფასეულობისა და ფულის მიცემა, ამიტომ ჯობს, წინასწარ მოამზადოთ ნაკლებად ღირებული სამკაული და მცირე თანხა პატარა კუპიურებით, ამან შესაძლოა სიცოცხლე შეგინარჩუნოთ. არც ის გაგიკვირდეთ, რომ მაროდიორმა ოკუპანტმა თქვენი სახლიდან პიანინოს ან უნიტაზის წაღება მოინდომოს. ბევრი მათგანი მიყრუებული სოფლებიდან არის და ელემენტარული რაღაცები არ უნახავს. რაღა შორს წავიდეთ - აფხაზეთის ომის დასაწყისში სოხუმში, სამთავრობო შენობაში, უნიტაზის ადგილზე მხოლოდ კანალიზაციის მილის შავი ხვრელი დაგვხვდა. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ „დამამშვიდეს, ეს არძინბას კაბინეტის საპირფარეშოა, აქ ცისფერი ჩეხური უნიტაზი იდგა და ვინ გააჩერებდაო...

ოკუპაციის ზონაში დარჩენილმა მოქალაქემ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ მტრის ჯარისკაცი შეიძლება უგონოდ მთვრალი, ნარკოტიკებით გაბრუებული ან სულაც თანამებრძოლების დაღუპვით გამწარებული იყოს და არაადეკვატურად იქცეოდეს, ამიტომაც მასთან კამათი, მით უფრო - ხმამაღლა ლაპარაკი არ შეიძლება. ოკუპანტს თითი გადატენილი ავტომატის სასხლეტზე უდევს და არ არის გამორიცხული, დაძაბულობისას ინსტინქტურად სროლაც დაიწყოს. დააკვირდით, მის „კალაშნიკოვს“ ჩაკეტილი აქვს თუ არა დამცველი იარაღის მარჯვენა მხარეს.

თუ შესაძლებლობა მოგეცათ, იარაღიანი ოკუპანტის უკანონო ქმედებების ფოტო ან ვიდეო გადაიღეთ, რაც ომის დანაშაულში მისი ბრალდებების მტკიცებულებად შეიძლება გამოდგეს, ოღონდ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს უდიდეს საფრთხესთან არის დაკავშირებული და დანაშაულის კვალის მოსპობისთვის ოკუპანტები მოწმეთა მასობრივ მკვლელობასაც არ მოერიდებიან.

ერთ საგაზეთო სტატიაში რთულია ყველა იმ საფრთხის ჩამოთვლა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ მშვიდობიან მოქალაქეებს შეიძლება დაემუქროთ, ამიტომაც როგორც უნდა ჭირდეს მშობლიური სახლის მიტოვება, საუკეთესო გამოსავალი დროული ევაკუაციაა, თანაც იმედი, რომ შენი ქვეყნის დამცველები მტერს გააძევებენ და სახლში ან ნასახლარზე მაინც დაგაბრუნებენ, ბოლოს კვდება...