რა პრობლემებს ქმნის სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი - კვირის პალიტრა

რა პრობლემებს ქმნის სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი

მომავალი სახალხო დამცველის ასარჩევად პარლამენტი შეიმუშავებს დროებით ნორმას, რომელიც პარლამენტის რეგლამენტის გარდამავალ დებულებებს დაემატება. მმართველ გუნდში მომზადებული პროექტის თანახმად, ომბუდსმენის არჩევის დროებითი წესი მხოლოდ იმ კანდიდატებზე გავრცელდება, რომელთა შორის ერთ-ერთს პარლამენტი სახალხო დამცველის პოსტზე 2022 წლის დეკემბერში აირჩევს. ამ წესის მიხედვით კი პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებას გამოსცემს და სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატურები კანონმდებლებს სწორედ იმ წესით წარედგინება, რასაც, თავის მხრივ, თავმჯდომარე საკუთარი ბრძანებით დაადგენს. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, წარდგენამდე კანდიდატურებს სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები შეაფასებენ. პარლამენტის რეგლამენტის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული იქნება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, რაც დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას, კეთილსინდისიერებას, შეუბღალავ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნასა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონას გულისხმობს.პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი ძირითადი ნორმა კი ომბუდსმენის არჩევის შემდეგ წესს ითვალისწინებს: სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურებს პარლამენტს ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ 7-კაციანი ჯგუფი წარუდგენს.

პარლამენტი სახალხო დამცველს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით (90 ხმა) ირჩევს. ოპოზიციისთვის ხელისუფლების ეს ახალი ინიციატივა მიუღებელია, მიაჩნიათ, რომ ეს ხელისუფლების ინტერესებზეა მორგებული, რათა დანიშნონ მათთვის სასურველი კანდიდატი, რომელიც ხელისუფლების მორჩილი და კონტროლირებადი იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერების საკითხი შესულია ევროკავშირის 12 პუნქტშიც, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. რამდენად თანხვდება ამ მოთხოვნას ხელისუფლების ინიციატივა, რა პრობლემას ქმნის ახალი წესი, მოქმედი კანონმდებლობა სახალხო დამცველის მუშაობისთვის რა ბერკეტებს და ხელისშემშლელ ფაქტორებს მოიცავს და რას სჭირდება რეფორმირება, ამ საკითხებზე ყოფილ სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია DRI-ს ხელმძღვანელს უჩა ნანუაშვილს ვესაუბრეთ.

- ომბუდსმენის არჩევის წესი რომ დასახვეწია, უდავოა, რადგან მასში არ არის კარგად განსაზღვრული, ვინ შეიძლება იყოს არჩეული სახალხო დამცველად, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ან ვინ შეიძლება დაასახელოს კანდიდატი. კანონში უნდა იყოს გაწერილი მკაფიო კრიტერიუმები, თუ როგორ უნდა შეირჩეს ისეთი კანდიდატი, რომელიც დაცული იქნება­ პოლიტიკური გავლენებისგან. ეს ინსტიტუტი­ ისედაც მოწყვლადია და მით უმეტეს, მაშინ,­ როცა წლებია, რაც სხვადასხვა უწყების პოლარიზაციის საფრთხეზე ვსაუბრობთ. ამიტომ ეს ინსტიტუტი ამ საფრთხეების საწინააღმდეგო ძალზე ქმედითი მექანიზმებით უნდა იყოს აღჭურვილი.

სახალხო დამცველის არჩევამდე უკვე ძალიან მცირე დროა დარჩენილი და არჩევის­ ახალი წესის შემოთავაზება, როდესაც ამ წესზე არ არსებობს თანხმობა, უფრო მეტ კითხვას აჩენს. კერძოდ, ხომ არ იქნება ეს კიდევ ერთი ილუზორული კონკურსი, როგორიც იყო თუნდაც ცესკოს თავმჯდომარის არჩევა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელების, გენპროკურორის არჩევა... ასეთი არაერთი შემთხვევა გვახსოვს. კომისიაც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი პირებით კომპლექტდებოდა და ხელისუფლებას მისთვის სასურველი კანდიდატის გაყვანა არ უჭირდა.­ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მსგავსი პროცედურებით ჩატარდა ახალი წარმომადგენლის შერჩევა ევროსაბჭოს მართლმსაჯულების რამდენიმე კომისიაში. გავიხსენოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური, რომელსაც უფლებამოსილების ვადა არ ჰქონდა გასული, როგორ ჩაანაცვლეს კლანთან დაახლოებული პირით - ანუ იყო არაერთი ისეთი ფაქტი, როცა ხელისუფლება ბოროტად იყენებს ძალაუფლებას და ილუზორული კონკურსებით ცდილობს ფონის შექმნას.

- თუ ხელისუფლებას ეყოლება ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც მხოლოდ მათთვის მოსაწონს ილაპარაკებს, ეს დამაჯერებელი იქნება თუნდაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის და უფრო მეტ პრობლემას არ შექმნის?

- ხელისუფლება ცდილობს ყველგან საკუთარი კაცი ჰყავდეს, არ დარჩეს სფერო, რომელსაც ვერ გააკონტროლებს.­ ამ შემთხვევაშიც მათი მიზანია სახალხო დამცველმა­ არ შეუქმნას რაიმე პრობლემა. აღარ უნდათ­ ზედმეტი თავსატეხი და ცდილობენ უფრო კონტროლირებადი პირი გაიყვანონ. თუ იქნება რამე პრობლემური საკითხი, უნდა ვივარაუდოთ, რომ წინასწარ იქნება ხელისუფლებასთან შეთანხმებული. ამას იქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ მსგავსი კომისიები შექმნა, ვინც უნდა აირჩიოს, სწორედ საზოგადოების ჩართულობის ილუზიის შექმნას ემსახურებოდა. ამიტომ ახლა მთავარი კით­ხვაა, თუ მართლა საჭირო იყო ცვლილება არჩევის წესში, რატომ აქამდე არ შეიტანეს? ყველამ ხომ ვიცოდით, როდის გასდი­ოდა სახალხო დამცველს ვადა? როცა საზო­გადოება არ ენდობა ხელისუფლებასა და მის კომისიებს, მაშინ ყოველთვის შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ კომისია ფორმალურია და ხელისუფლებისთვის მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებს. სწორედ ამიტომ ცდილობს ხელისუფლება კანდიდატის ვითომ შერჩევაში მონაწილეობაზე პასუხისმგებლობა არ აიღოს,­ თითქოს დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევას აპირებენ. ხელისუფლებას სწორედ სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის ხარისხი აშინებს და დაინტერესებულია, რომ ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობა შემცირდეს. გავიხსენოთ სახელმწიფო ინსპექტორის ამბავიც, როდესაც მართლაც ცოტა ძლიერი გახდა, მაშინვე გააუქმეს და შექმნეს ორი უწყება, რომლის გაკეთებული საქმე არ გვინახავს.

- არსებობს მოსაზრება, რომ სახალხო დამცველი არ არის ეფექტური ინსტიტუტი, რადგან ხელისუფლებას ვერასოდეს ვერაფერს აკეთებინებს. რამდენად არის შესაძლებელი, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი არ არსებობდეს, ან თუნდაც სამართლიანი სასამართლო რომ გვქონდეს, შესაძლებელია ამ ინსტიტუტის სასამართლოთი ჩანაცვლება?

- სახალხო დამცველის ინსტიტუტის დანიშნულებაა დაიცვას სხვადასხვა უწყების საქმიანობის შედეგად დარღვეული ადამიანის უფლებები, მათ შორის სასამართლოშიც. ის არის ერთგვარი დამატებითი რგოლი, რომელსაც საკმაოდ მძლავრი ბერკეტი აქვს - გასცემს რეკომენდაციებს, თუმცა მეორე პრობლემა ის არის, რეკომენდაციები როგორ და თუ სრულდება. იმის გამო, რომ სახალხო დამცველს არა აქვს აღსრულების მექანიზმები და ბერკეტები, ბევრი ამაში ომბუდსმენის ინსტიტუტის სისუსტეს ხედავს. სინამდვილეში სახალხო დამცველს აქვს სულ სხვა დანიშნულება - მან, ფაქტობრივად, ორთქლი უნდა გამოუშვას და თუ რეაგირება არ მოჰყვა იმ პრობლემას, რომელსაც სახალხო დამცველი მიუთითებს, მაშინ ისინი გროვდება და მასშტაბური კატაკლიზმები გარდაუვალია.

- შესაძლებელია, სანამ დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოვყალიბდებით და ხელისუფლებები ისწავლიან ინსტიტუტების პატივისცემას, სახალხო დამცველს მეტი ბერკეტი ჰქონდეს, თუნდაც მისი რეკომენდაციები ხელისუფლებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი იყოს?

- მსგავსი მექანიზმი დღესაც არსებობს - თუკი არ შესრულდა სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნა, კონკრეტულ თანამდებობის პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა. თუმცა, სამწუხაროდ, სახალხო დამცველი ამ ბერკეტს ძალიან იშვიათად იყენებდა და იყენებს. რა თქმა უნდა, კიდევ შეიძლება მუშაობა, რათა უფრო მეტი ბერკეტი არსებობდეს.

რუსა მაჩაიძე