დეოლიგარქიზაცია „ქართულ ჯიგრულ პონტში“ - კვირის პალიტრა

დეოლიგარქიზაცია „ქართულ ჯიგრულ პონტში“

ხელისუფლება ცდილობს ივანიშვილი და სიტყვა "ოლიგარქი" ერთად არც კი თქვას. მეტიც, ოლიგარქებად ოპოზიციის ცალკეულ წევრებს თუ მათ მხარდამჭერებს აცხადებს. ოპოზიცია კი ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქად სწორედ ივანიშვილს მიიჩნევს.

რა არის ოლიგარქია და რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის დეოლიგარქიზაცია, რომ ევროკავშირის წევრობისთვის საშვიც კი გახდა? - ეს მოთხოვნა იმ 12 პუნქტს შორის არის, რომელიც საქართველომ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს, უკრაინამ და მოლდოვამ კი ოლიგარქიასთან ბრძოლა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგაც უნდა განაგრძონ.

ბევრმა იცის, რომ სიტყვა "ოლიგარქია" "მცირერიცხოვანთა ძალაუფლებას" ნიშნავს­ ("ოლიგოს" - მცირერიცხოვანი, "არქე" - ძალაუფლება). უარყოფითი მნიშვნელობა მას ჯერ კიდევ არისტოტელემ შესძინა, როდესაც გამიჯნა მმართველთა მცირე ჯგუფი, რომელსაც მიზნად აქვს საერთო კეთილდღეობა, და ჯგუფი, რომლის მიზანი პირადი გამორჩენაა, და ოლიგარქიად სწორედ ეს უკანასკნელი მიიჩნია. მისი განმარტებით, ოლიგარქია მცირერიცხოვანი ელიტის ძალაუფლება და მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური ბატონობაა. ის კორუმპირებულია და არ ადარდებს საერთო კეთილდღეობა, მას მხოლოდ საკუთარი, ვიწრო ინტერესები ამოძრავებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი საკმაოდ დიდი ხნისაა, განსაკუთრებული აქტუალურობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ შეიძინა, როდესაც ცალკეულმა პირებმა 1990-იან წლებში ხელში ჩაიგდეს და გადაინაწილეს დაშლილი სსრკ-ისა და სატელიტი ქვეყნების ქონება და რესურსები. პირველი თანამედროვე ოლიგარქებიც სწორედ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრემ - რუსეთმა გააჩინა. მათი ინტერესები, როგორც წესი, ერთნაირია - მეტი ფული და მეტი პოლიტიკური ძალაუფლება, რასაც სხვებისთვის წართმევის ხარჯზე იღებენ. ამისთვის ოლიგარქები უბრალოდ პოლიტიკაზე კი არ ახდენენ ზეგავლენას, არამედ კონკრეტულად გადაწყვეტილების მიღებასა და კანონებზე. ეს არის არსებითი განსხვავება რიგით მდიდარ ადამიანსა და ოლიგარქს შორის. საკუთარი ინტერესებისთვის ხელისუფლების გადაწყვეტილებაში ჩარევა და ზეგავლენა განმსაზღვრელი ნიშანია, შედეგად კი ქვეყანაში დემოკრატიას პერსპექტივა აღარ რჩება - სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტდება, იბლოკება რეფორმები, ეკონომიკური მოგება კი უსამართლოდ ნაწილდება.

ცხადია, დემოკრატიისთვის, განსაკუთრებით კი ლიბერალური დემოკრატიისთვის, ოლიგარქია კატეგორიულად მიუღებელია, რადგან თავად დემოკრატიის პრინციპს ეწინააღმდეგება. დემოკრატიისთვის მთავარი გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღებაა, სადაც უმრავლესობა უმცირესობის აზრს ითვალისწინებს და მართვა დამყარებულია ურთიერთკონტროლისა და ბალანსის სისტემაზე. ოლიგარქიზაცია ხელს უშლის ინსტიტუტების გაძლიერებას და შესაბამისად, ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ინსტიტუტების სათანადო მშენებლობა და ფუნქციონირება იქნებოდა დეოლიგარქიზაციის მთავარი პირობა.

ამის ნაცვლად საქართველოში მმართ­ველმა პარტიამ დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული კანონის გადმოქართულება გადაწყვიტა. არადა, ეს კანონი ჯერ უკრაინაშიც არ ამოქმედებულა და რაც მთავარია, ამოქმედდება თუ არა, არავინ იცის, რადგან ვენეციის კომისიას აქვს დასკვნისთვის გადაგზავნილი. თუმცა ხელისუფლების მოტივი გასაგებია, რადგან მის მიზანს, არაფრით არ დაუკავშირდეს დეოლიგარქიზაცია ბიძინა ივანიშვილს, კარგად ერგება. უკრაინული ვარიანტი უკრაინის სიტუაციას ეხება, სადაც ბევრი ოლიგარქია, რომლებიც მედიებს ფლობენ და გავლენას ახდენდნენ/ახდენენ ხელისუფლებაზე. ივანიშვილი კი ოფიციალურად მედიას არ ფლობს, არც ხელისუფლებას წარმოადგენს და ხელისუფლებაც იფიცება, რომ ივანიშვილთან კავშირი არა აქვს. მეორე მხრივ კი, კრიტიკული არხების მფლობელებსა და დამფინანსებლებს ოლიგარქების სტატუსს აკერებენ და სულ არ აინტერესებთ, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაში ვერ ერევა და იმის თქმა, მათი მიზანი ხელისუფლების შეცვლააო, მერე რომ ჩაერიონ, უბრალოდ, სასაცილოა, რადგან არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებენ და საქმე საქმეზე რომ მიდგება, ალბათ, არც ევროკავშირი ჩათვლის ამ ვალდებულებას შესრულებულად.

ოპოზიციას კი, თავის მხრივ, ოლიგარქად მხოლოდ ივანიშვილის გამოცხადება სურს და რეალურად გამოდის, პრობლემა არავის აინტერესებს. ცხადია, ეს თავისთავად იმას არ ნიშნავს, რომ ივანიშვილი ან ხელისუფლებაზე არ ახდენს გავლენას, ან ამ სტატუსს არ იმსახურებს, მაგრამ ის, ეს პრობლემა ინსტიტუციურად თუ როგორ მოგვარდეს, არც ოპოზიციას არა აქვს. საბოლოოდ კი ვიღებთ იმას, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას "ქართულ, ჯიგრულ პონტში" ვაგვარებთ, როგორც გახარიამ პრემიერობისას კორუფციის პრობლემის მნიშვნელობის დასაკნინებლად თქვა.

რუსა მაჩაიძე