„სსრკ-ის დაშლის პროცესი დაწყებული იყო, სცენარიც - დაწერილი“ - კვირის პალიტრა

„სსრკ-ის დაშლის პროცესი დაწყებული იყო, სცენარიც - დაწერილი“

მსოფლიო ეხმიანება 91 წლის ასაკში სკკპ-ის ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივნის, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო თავმჯდომარის, სსრკ-ის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალებას. პოლიტოლოგ რამაზ­ საყვარელიძესთან­ გორბაჩოვის ბიოგრაფიის სხვადასხვა პერიოდზე ვისაუბრეთ.

- ეს იყო ადამიანი, რომელიც საბჭოთა­ კავშირის ერთ-ერთ დამანგრევლად იქცა. რაც შეეხება მისი შთაგონების წყაროს, გორბაჩოვის მეუღლე რაისა გორბაჩოვას, ის ხშირად ასრულებდა ამ როლს, თუმცა მეეჭვება, საბჭოთა კავშირის დემონტაჟის იდეის ავტორი ყოფილიყო...

როდესაც უშიშრო­ების კომიტეტის ხელმძღვანელი ანდრო­პოვი იყო, მისი ყურადღება მიიქცია გორბა­ჩოვმა. ანდროპოვს­ თავის მოადგილედაც უნდოდა დაენიშნა. ანდროპოვი ცენტრალური კომიტეტის თავმჯდ­ომარე 15 თვე იყო, მაგრამ მანამდე ბევრი რამ გააკეთა, როგორც უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ. იმ პერიოდში გამოქვეყნდა­ უშიშროების კომიტეტში დამუშავებული ინფორმაცია, რომ 90-იანი წლებისთვის რუსეთს ძალიან მძიმე პერსპექტივა ელოდა. დემოგრაფიული უპირატესობის გამო მუსლიმური რესპუბლიკებიდან ძალიან ძლიერი ნაკადი იყო არმიაში და 90-იანი წლებისთვის მოსალოდნელი იყო მთელი გენერალიტეტის­ მუსლიმებით დაკომპლექტება. ეს ნიშნავდა, რომ სსრკ დაკარგავდა არმიას და ვინც არმიას დაკარგავდა, ის დაკარგავდა მმართველობასაც, ანუ რუსები დარჩებოდნენ უმცროსი ძმის როლში.­ ეს - ერთი ფაქტორი. მეორე­ ის იყო, რომ ეკონომიკა ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდა. ამ მხრივ აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანიც­ უჭერდა მარყუჟს საბჭოთა კავშირს. ყველა ამ ფაქტორმა ერთად მოამწიფა გადაწყვეტილება, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, დაშლილიყო სსრკ, რომ რუსეთს თავისთავადობა შეენარჩუნებინა და ეს განახორციელეს კიდეც... განმახორციელებელი იყვნენ გორბაჩოვი და ელცინი. ეს, ძირითადად, მოხდა უშიშროების კადრებით. გავიხსენოთ, რომ სწორედ ელცინმა ჯერ პრემიერად დანიშნა პუტინი - უშიშროების კომიტეტის მაშინდელი თავ­მჯდომარე, მერე კი პრეზიდენტობა გადააბარა. აი, აქედან იწყება რუსეთში კა-გე-ბეს­ დიქტატურა. თუ ადრე კომუნისტური პარტია იყო მმართველი, დღეს კა-გე-ბეა მმართველი, რადგან საბჭოთა კავშირი სწორედ კა-გე-ბემ დაშალა, ამ დაშლის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი კი იყო მიხეილ გორბაჩოვი.

gorbachovi3-1662301671.jpg

- თამაშის წესები ერთნაირი აქვთ მაშინდელ კომუნისტებსა და დღევანდელ კა-გე-ბეს?

- რა თქმა უნდა, დღევანდელ მმართველობას ჰუმანიზმი არ აწუხებს; უარესიც - დღევანდელი კა-გე-ბეა ის სტრუქტურა,­ რომელმაც ტერაქტები მოაწყო იმისთვის,­ რომ პუტინი მეორე ვადით გამხდარიყო პრეზიდენტი. რაც შეეხება თამაშის წესებს­, ამბობენ, რომ გორბაჩოვი კეთილი­ კაცი იყო, მაგრამ ეს შეფასება გადამეტებულია­. თვითონ კი გაიძახოდა, ჩემ გარეშე ჩაატა­რეს თბილისის (9 აპრილი), ბაქოსა და ვილნიუსის ოპერაციებიო, მაგრამ ბევრს­ ავიწყდება,­ რომ გორბაჩოვის პერიოდში აფეთქდა ატომური ელექტროსადგური უკრაინაში, მეორე დილას კი, ხალხს რომ არ გაეგო ეს ამბავი, აღლუმი გამართეს და უამრავი ადამიანი, მათ შორის - ბავშ­ვები, სიკვდილისთვის გაწირეს. ასე რომ, გორბაჩოვი თავისი წინამორბედისაგან ჰუმანიზმით არ გამოირჩეოდა. ისეთივე დაუნდობელი იყო და ადამიანის სიცოცხლე მისთვისაც არაფერს ნიშნავდა.

- თუმცა მაინც შეიძლება ითქვას, რომ თამაშის განსხვავებული წესები ჰქონდა...

- დაიწყო "პერესტროიკა" - დემოკრატიის აქცია, თითქოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ნიშნებიც გაჩნდა, მაგრამ ეს ნაბიჯები გორბაჩოვს საბჭოთა კავშირის დაშლისთვის სჭირდებოდა. საბჭოთა­ კავშირის სამართალმემკვიდრედ რუსეთი გამოცხადდა, რომელმაც ამ დაშლით ბევრი­ რამ მოიგო.­ მართალია, ვეღარ იტყოდა, 15 ქვეყანას ვმართავო, მაგრამ სიმდიდრის, უფლებების თვალსაზრისით ბევრი რამ მოიგო. დღეს კი ვხედავთ, რომ რუსეთის აგრესიულობა არათუ შემცირდა, პირიქით... რაც ადრე იყო საბჭოთა კავშირი, ის არის ახლა რუსეთი და მსოფლიომ ეს მხოლოდ ახლა დაინახა. რუსეთი საბჭოთა კავშირის არა მარტო სამართალმემკვიდრე, მისი ამორალობის მემკვიდრეც აღმოჩნდა და ამაში გადამწყვეტი როლი გორბაჩოვმა ითამაშა. რაისა გორბაჩოვამ ბევრი გააკეთა, რომ ქმრისთვის დასავლური ტიპის მმართველის სახე შეექმნა,­ ის შეუმჩნეველი არ იყო, ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის მეუღლეებისგან განსხვავებით, რომლებიც პირველი პირების ცოლებად ვერასდროს აღიქმებოდნენ.

gorbachovi2-1662301671.jpg

- ამბობენ, მას ქართველები არ უყვარდაო.­

- ვერ ვიტყვი, უყვარდა თუ არა... სტალინზეც არა გვაქვს გარანტია, რომ ქართველები უყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ქართველი იყო. მათთვის მთავარი რუსეთის გადარჩენა იყო, რადგან რუსეთი რომ არ გადაერჩინათ, მთელი უზარმაზარი საბჭოთა სისტემა შუა აზიის რესპუბლიკების ხელში გადავიდოდა და ეს ცალკე უბედურება იქნებოდა როგორც რუსებისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. მათ რუსეთის ან რუსების სიყვარულმა კი არ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი, არამედ ისტორიის ლოგიკურმა აუცილებლობამ. ისინი რუსებსაც ისევე ხოცავდნენ, როგორც ქართველებს.

- შევარდნაძე გორბაჩოვის პერიოდში დაწინაურდა და მოსკოვში წავიდა სამუშაოდ...

- შევარდნაძე იყო საქართველოს, ერთ-ერთი აგრარული რესპუბლიკის პირველი პირი. ითვლებოდა, რომ ის ერკვეოდა სოფლის მეურნეობაში. ამიტომაც წაიყვანეს. საერთაშორისო ასპარეზზე შევარდნაძის, როგორც საქართველოს პირველი პირის, ერთ-ერთი პირველი გასვლა იყო მექსიკაში წასვლა, რომ მექსიკას სსრკ-ისთვის ხორბალი შეღავათიან ფასად მიეცა. შევარდნაძემ ეს ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულა. იქ მას ახლდა იაკოვლევი, პერესტროიკის ერთ-ერთი ავტორი. სწორედ იაკოვლევმა ჩამოიტანა ამბავი, შევარდნაძე დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე შესანიშნავად მუშაობსო. ამის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, ხომ არ დაენიშნათ ის სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად. ამავე დროს, თვლიდნენ, რომ აგრარული რესპუბლიკის ხელმძღვანელი პოლიტბიუროს მიერ ადვილი სამართავი იქნებოდა, არ ექნებოდა არც თავისი სტილი და არც - სტრატეგია.

gorbachovi4-1662301671.jpg

- მაგრამ...

- მაგრამ ჩაიყვანეს და მიიღეს ის, რაც მიიღეს: შევარდნაძემ გამოიყვანა ჯარები­ ავღანეთიდან; შევარდნაძემ გაუშვა ებრაელები ისრაელში - საბჭოთა კავშირმა ნება დართო მათ, სსრკ-იდან წასუ­ლიყვნენ, ინიციატორი კი შევარდნაძე იყო. ამის გამო მას ისრაელში დიდ პატივს სცემდნენ. ჩინელებსაც ძალიან უყვარდათ შევარდნაძე, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩინეთთან ურთიერთობა დაამყარა და მეორე­ - სტალინის შემდეგ ჩინელებისთვის ყველა­ ქართველი განსაკუთრებული იყო. შემდეგ დაამყარა ურთიერთობა ირანთან. რუჰოლა ხომეინი არავის იღებდა, შევარდნაძემ კი მასთან ურთიერთობის დამყარება მოახერხა. ხომეინისგან რომ გამოვიდა, გარემოცვამ ჰკითხა ირანელ ლიდერს, როგორი შთაბეჭდილება დატოვაო და ხომეინმა თქვა, თეთრი მელააო. მერე გერმანიაში ბერლინის კედელი დაანგრია, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარები გამოიყვანა... მაგრამ საბჭოთა კავშირი არ იყო მზად ამ ნაბიჯებისთვის.

- რატომ?

- ეს არ იყო გორბაჩოვის დავალება,­ ამას შევარდნაძე თვითონ აკეთებდა. როგორც ერთხელ ნოდარ დუმბაძეს უთხრა (მეგობრები იყვნენ), რაღაცებს­ ვაკეთებ­ ისეთს, რაც მერე საქართველოს გამოადგებაო­. თვლიდა, რომ იმ ქვეყნების­თვის გაკეთებული სიკეთე საქართველოს გამოადგებოდა, თუმცა მოტყუვდა... სოხუმი რომ დაეცა, დეპეშაც კი არ გამოუგზა­ვნიათ მის მეგობარ უცხოელ ლიდერებს, რადგან რუსეთთან დაჯახება არც მაშინ არავის უნდოდა. ასე რომ, შეცდომები, რა თქმა უნდა, შევარდნაძესაც ჰქონდა, მაგრამ ბევრი რამაც გააკეთა. გორბაჩოვმა წაიყვანა შევარდნაძე, ოღონდ შემდეგ მისი მართვა ვეღარ შეძლო. მისი გადადგომაც კი სიურპრიზი­ იყო გორბაჩოვისთვის - შევარდნაძემ ყრილობაზე სიტყვა მოითხოვა და გამოაცხადა, გადავდექიო. ეს სცენაც მახსოვს. გორბაჩოვმა განაცხადა, მე ვიცე-პრემიერად ვაპირებდი მის დანიშვნას და ეს გადადგაო. ვიცეპრემიერობა შევარდნაძის დაღუპვა იქნებოდა. მას ხელიდან გამოაცლიდნენ იმ სფეროს, რომელშიც შედეგიანად მოქმედებდა და უფუნქციო ვიცე-პრემიერად აქცევდნენ, ეს კი გამოიწვევდა მისით უკმაყოფილო სამხედროებისა და პარტიული ელიტის გაერთიანებას, რომლებიც იოლად მოგუდავდნენ. ამიტომ დაასწრო შევარდნაძემ და წამოვიდა. მამალაძე, შევარდნაძის სპიჩვრაიტერი, ერთ-ერთ შეხვედრაზე სიცილით იხსენებდა, სახელმწიფოში რომ ჩამოდის­ პოლიტიკოსი, ან ჯარი უნდა ჰყავდეს, ან ფული ჰქონდეს, ან - პარტია, ამას კი თავისი ნანულის მეტი არავინ ჰყავდაო... მამალაძე იმასაც იხსენებდა, გამომგზავრებამდე ერთი წლით ადრე გვკითხა, საქართველოში რომ დავბრუნდეთ­, გული ხომ არ დაგწყდებათო? უკვე ხვდებოდა, რომ იქ გაჩერება არ შეიძლებოდა და ესე იგი არ იყო გორბაჩოვის დავალებით მოქმედი პირი.

- რა სისუსტე ჰქონდათ გორბაჩოვებს?

- საბჭოთა ცხოვრებას ახლდა არაფორმალური ხმები, ჭორები... რაისაზე ამბობდნენ, რომ ჩაცმა უყვარდა და უცხოეთში მოგზაურობის დროს, ძირითადად, შოპინგით იყო დაკავებული. გორბაჩოვები ღარიბები, ალბათ, არ იყვნენ, მაგრამ არ ჩანს, რომ მათ დიდი ქონება ჰქონდათ.

- საინტერესოა, მართლა ასე უყვარდათ ერთმანეთი, როგორი იმიჯიც ჰქონდათ?

- რა გითხრათ... გორბაჩოვს რომ ყვარებოდა, არ არის გასაკვირი, რადგან მას ძალიან ბევრი ნაკლი ჰქონდა, რომელთა კომპენსირებას, ალბათ, რაისა ახერხებდა.მაგალითად, ბევრს ლაპარაკობდა და ამის გამო `ბალალაიკაც" კი დაარქვეს, შიგადაშიგ დაუფიქრებელ რაღაცებსაც ამბობდა...

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პერესტროიკისა და დემოკრატიზაციის კონტურები თვითონ გორბაჩოვსაც ბუნდოვნად წარმოედგინა და რაისა, ალბათ, ამ კონტურების მოხაზვაში ეხმარებოდა... სანამ ის უმძიმესი მოვლენები (თბილისი,­ ბაქო, ვილნიუსი) მოხდებოდა, ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც აჩვენა, რომ მოსახლეობის 70%-ს საბჭოთა კავშირში დარჩენა სურდა. ეს გასაგებიცაა. იყო თითქმის უფასო ბენზინი, რკინა, ხე... რატომ უნდა ნდომებოდათ საბჭოთა კავშირის დაშლა? თავისუფლების იდეა ერთეულებს აქვთ ხოლმე, მაგრამ თბილისში, ვილნიუსში, ბაქოში სადამსჯელო ოპერაციების შემდეგ მომწიფდა საკითხი სსრკ-იდან გასვლის შესახებ. მერე კი უფრო `გენიალური" რამ მოხდა: გორბაჩოვმა მრავალპარტიული არჩევნები გამოაცხადა, ანუ წინა დღეს დისიდენტები დაარბიეს, მეორე დღეს კი მრავალპარტიული არჩევნები დანიშნეს! დისიდენტებმა თავიანთი პარტიები გააფორმეს და, რა თქმა უნდა, გაიმარჯვეს აქაც, ბალტიისპირეთშიც და აზერბაიჯანშიც. დაშლის პროცესი დაწყებული იყო, სცენარიც - დაწერილი...

გორბაჩოვებს დავუბრუნდეთ... ყველა­ ამბობდა, რომ ამ სისხლიან ნაბიჯებს გორბაჩოვი დგამდა, თუმცა ამის შემდეგ რბილი­ გამოსვლები, ისე, რომ ეს სისხლი მის სახელს არ მოსცხებოდა, რაისას დარიგების შედეგი იყო. მაგრამ ის პოლიტიკურ ელიტას არ უყვარდა. მეტიც, მის მიმართ გაღიზიანებაც კი იგრძნობოდა. ჩვენი პოლიტიკური ელიტა სხვანაირ ცოლებს იყო მიჩვეული. სამაგიეროდ, რაისა ძალიან კარგად გამოიყურებოდა რეიგანისა და მისი მეუღლის გვერდით.

მიხეილ გორბაჩოვი უდიდესი ფიგურა იყო. ჟანგიანი კომუნისტებით გადაჭედილი სინამდვილის დაშლა მართლაც დიდ გმირობას მოითხოვდა. თანაც ეს მოხდა ისე, რომ რამდენიმე რესპუბლიკაში სისხლისღვრის გარდა, დიდი სისხლისღვრა, რისიც ეშინოდა მთელ მსოფლიოს, არ მოჰყოლია და ეს უდავოდ მისი დამსახურებაა.

- ქართული ისტორიის ჭადრაკის დაფაზე რომელი ფიგურაა გორბაჩოვი?

- ძნელი სათქმელია... ჩვენ გვმართავდა ირანი და ამასობაში თვითონ ირანი იშლებოდა, გვმართავდა თურქეთი და თვითონ თურქეთი იშლებოდა... რაღაც მსგავი მოხდა გორბაჩოვთან დაკავშირებითაც - გვმარ­თავდა საბჭოთა კავშირი და საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი გორბაჩოვმა წამოიწყო. როგორ შეიძლება ის შეფასდეს? მეორე მხრივ, გორბაჩოვს რომ შევარდნაძე არ წაეყვანა, ალბათ, ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა მსოფლიოსთვისაც და საქართველოსთვისაც. ბევრ ქართველს მიაჩნია, რომ შევარდნაძემ უღალატა საქართველოს... ჩემთვის გაუგებარია ეს ბრალდებები და სიძულვილის გარდა ვერაფრით აიხსნება, იმიტომ, რომ შევარდნაძე იყო ადამიანი­, რომელმაც ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი გაიყვანა. ამის გამო რუსეთმა ორჯერ სცადა მისი აფეთქება. ის რომ ამბობდა, მზე ჩრდილოეთიდან ამოდისო, არ ნიშნავს, რომ რუსეთს არ ებრძოდა. ის თავისებურად ებრძოდა რუსეთს, ასეთი მმართველი საქართველოს ბევრი ჰყავდა. ერეკლეს­ ჩალმა ეხურა, მაგრამ ხმალამოღებული ებრძოდა სპარსებს... პატარა ქვეყნის ბედი რთულია, ობიექტური ისტორია კი ყველასა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს...