როგორ მოგვარდება ვადაგადაცილებული სესხების პრობლემა - კვირის პალიტრა

როგორ მოგვარდება ვადაგადაცილებული სესხების პრობლემა

ჭლევანდელი ივლისის მონაცემებით, საქართველოში ვადაგადაცილებული სესხი 216 274 მსესხებელს აქვს, კრედიტის ჯამური რაოდენობა კი 408 399-ია. ვადაგადაცილებულად ითვლება სესხი, თუკი ვერ ხდება თვიური გადასახდელის 31-დან 1095 დღემდე პერიოდში გადახდა. ამასთან, "კრედიტინფო საქართველოს" მონაცემების თანახმად, აღნიშნული მსესხებლებიდან 134 081 პირი ბანკის მომხმარებელია, 173 256 - საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტის, 3120 კი ისეთი კომპანიების, რომელთა 98%-ს, "კრედიტინფოს" განმარტებით, სალიზინგო კომპანიები წარმოადგენენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ივლისის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 877 209 აქტიური მსესხებელია, აქტიური კონტრაქტების ჯამური საკრედიტო ვალდებულება კი 912 მილიარდ 405 მილიონ 694 ათას 870 ლარია. ცხადია, ამაში არ შედის ე.წ. შავი ბაზრის მონაცემები. საინტერესოა, რომ ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხები შემცირებულად ჩაითვალა. ამ ანგარიშში აღნიშნულია, რომ "უმოქმედო სესხების წილი ­ან პორტფელში 7,5%-დან 5,9%-მდე, ხოლო ვადაგადაცილებული პორტფელის წილი კი 9,3%-დან 8%-მდე შემცირდა. აღნიშნულზე გავლენა მოახდინა, როგორც უმოქმედო სესხების შემცირებამ, ისე ახალი სესხების გაცემამ". მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემები რა სურათს იძლევა, არის თუ არა ეს მაჩვენებლები პრობლემური და რა უნდა გააკეთოს იმან, ვინც სესხის გადახდას ვეღარ ახერხებს, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ფინანსისტ ზვიად ხორგუაშვილს ესაუბრა:

- პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მკვეთრი ზრდაა რაოდენობრივად, მაგრამ მნიშვნელოვანია დავითვალოთ, პროცენტულად ჯამში რამდენი სესხია გაცემული და ამ სესხების რამდენი პროცენტია ვადაგადაცილებული. ამ შემთხვევაში ასეთი მკვეთრი ზრდა აღარ გვაქვს - ანუ ბოლო პერიოდში ვადაგადაცილებები ერთსა და იმავე დიაპაზონში მერყეობს. მართალია, ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობა არა გვაქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, მაინც მაღალი რომ რჩება, მიუთითებს, რომ რამდენიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე.

პირველი - სესხები რაც უფრო ძვირდება, მით მეტია ვადაგადაცილება, რადგან მით უფრო მეტად ვეღარ იხდის მომხმარებელი. უკანასკნელ წლებში კი ვხედავთ, რომ მკვეთრად გაიზარდა პროცენტები. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ მაქსიმალურად ზღუდავენ დოლარსა და ევროში სესხის გაცემას. ძალიან ბევრი რეგულაცია დააწესეს დოლარსა და ევროში სესხის აღებაზე და მომხმარებლისთვის, ფაქტობრივად, ხელმიუწვდომელია. არადა, პროცენტი დოლარსა და ევროში სესხზე გაცილებით ნაკლებია და ეს რომ მომხმარებლისთვის ისევე იყოს ხელმისაწვდომი, როგორც ლარში, გაცილებით ნაკლები პროცენტის გადახდა მოუწევდათ და ვადაგადაცილებაც ნაკლები იქნებოდა. ე.წ. ლარიზაციას რასაც უწოდებენ, ამის არასწორი პოლიტიკა გახდა ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობის გაზრდის მთავარი მიზეზი.

მეორე - უკანასკნელ დროს რეფინანსირების განაკვეთი მკვეთრად გაიზარდა. მედალს ორი მხარე აქვს და ამის ერთი მხარე ის არის, რომ მომხმარებელს პროცენტი გაეზარდა, მეორე მხრივ, როცა ქვეყანაში პრობლემებია, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უფრო სწორი მიდგომაა, ვიდრე ის, რომ რეფინანსირების განაკვეთი არ აეწიათ. გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ ეს მაჩვენებლები არ ასახავს ბევრ ისეთ ვადაგადაცილებასა და გადაუხდელ სესხს, რომლებმაც შავ ბაზარზე გადაინაცვლა - ბოლო წლებში დაწესებულმა ბევრმა შეზღუდვამ განაპირობა, რომ მოთხოვნა შავ ბაზარზე კმაყოფილდება, რადგან მოთხოვნა არსად გამქრალა, ადამიანებს ფული სჭირდებათ და ამ შეზღუდვების გამო იძულებულნი გახდნენ, შავი ბაზრისთვის მიემართათ. ამის მონაცემები არა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, გაცილებით რთული სიტუაცია იქნება, რადგან იატაკქვეშეთში პროცენტებიც უფრო მაღალია და ვადაგადაცილებაზე თუ ამოღებაზე რა მექანიზმებიც არის, ყველამ ვიცით - ძალიან ცუდი, სასტიკი და არასწორი. საერთო ჯამში, მთავარი პრობლემაა ის, რომ ხელისუფლება, და ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი, ფინანსურ სექტორს ამ ძალიან ბევრი და მკაცრი რეგულაციის დაწესებით ებრძვის, ამას რაღაც მიზეზებით ამართლებენ, მაგრამ ვიღებთ ბევრ პრობლემას, რომლებიც ხალხზე ტყდება.

- ვადაგადაცილებული სესხები მხოლოდ მკაცრი რეგულაციების შედეგია თუ ეკონომიკური მდგომარეობაც თამაშობს როლს?

- ცხადია, მკაცრი რეგულაციები ერთი მხარეა და მეორე - ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა. შემოსავლების ზრდა არ არის ისეთი, რომ ინფლაციის ტემპი დაეფარა. რომ ჩავშალოთ ინფლაცია, ვნახავთ, რომ პირველ რიგში გაძვირდა პირველადი მოხმარების საქონელი. ამიტომ ბევრ ადამიანს უწევს არჩევანის გაკეთება - იყიდოს საკვები თუ სესხი გადაიხადოს. ამიტომაც ცხადია, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც მოქმედებს კრედიტების გადახდაზე, ყოველივე ერთად კი ქმნის იმ ვითარებას, რაც გვაქვს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მკაცრი რეგულაციების შერბილება უფრო მარტივიცაა და უფრო იოლად მოაგვარებს ამ პრობლემას; რაც მთავარია, ამ რეგულაციების დიდი ნაწილის მიზანი მაინც ვერ მიიღწევა. თუნდაც ლარიზაციას შევხედოთ, წნეხის გაზრდით რაიმე შეიცვალა?

- ვადაგადაცილებული სესხები ხომ ბანკებისთვისაც პრობლემაა და რატომ არ ითხოვენ რეგულაციების შერბილებას?

- ვადაგადაცილებული სესხი პრობლემაა მოსახლეობისთვისაც და ცხადია, ბანკებისთვისაც. ერთი მხრივ, თუ სესხს ვერ იხდი, ვადაგადაცილება კიდევ უფრო გიძვირებს სესხსაც; შავ სიაში ხვდები, სხვა სესხს აღარ გაძლევენ, ან თუ მოგცეს, ძალიან მაღალი პროცენტით, რადგან რისკიანი მსესხებელი ხარ. ეს პრობლემაა ბანკებისთვისაც. თუმცა არც დამღუპველია და რაც მთავარია, ისინიც იმას ითვლიან, ვადაგადაცილებული სესხები პროცენტულად რამდენია. ეს კი, როგორც გითხარით, არ არის საგანგაშო. ამიტომ დღეს რეალურად ეს უფრო მოსახლეობის პრობლემაა, ვიდრე ბანკების.

- ხელისუფლებამ ხომ ნახა, რომ ლარიზაციამ არათუ არ გაამართლა, მოსახლეობას შეუქმნა პრობლემები. რაში სჭირდებათ ასეთი პოლიტიკა?

- როგორც ჩანს, ეროვნულ ბანკში არ სურთ აღიარება, რომ რაიმე შეცდომას უშვებენ და ეს ნათლად ჩანს, როდესაც მათთან ამ თემაზეა საუბარი, მათ შორის პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენებზე, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არასდროს ხედავს თავის რაიმე შეცდომას. ხუთი წელიწადია, ერთი და იგივე მენეჯმენტია საქართველოს ცენტრალურ ბანკში და როგორც ამბობენ, ამ ხუთ წელიწადში შეცდომა არ დაუშვიათ. მათ სხვა პოლიტიკის არ სჯერათ. მეტიც, სხვა პოლიტიკას ხშირად აუგად და დამცინავად მოიხსენიებენ, მაგრამ ფაქტია, რომ მათი პოლიტიკა თითოეული მოქალაქისთვის სამწუხარო რეალობის მომტანია.

- როდესაც მოქალაქეები სესხს ვეღარ იხდიან, რა შეიძლება გააკეთონ, რომ მათაც უფრო ნაკლები პრობლემა შეხვდეთ და ბანკსაც?

- თავდაპირველად ყველამ კარგად უნდა წაიკითხოს, კონტრაქტში რა უწერია და შემდეგ, თუ ატყობს, რომ უჭირს გადახდა, აუცილებლად მიმართოს ბანკს, რომ ვადა გააზრდევინოს, რაც ყოველთვიურ გადახდებს შეუმცირებს. სამწუხაროდ, ვადის ზრდით საერთო ჯამში უფრო მეტი გამოდის გადასახდელი, მაგრამ გადაუხდელობას ნამდვილად სჯობს. გადაუხდელობას პირგასამტეხლოც ერიცხება, რაიმე ქონებით უზრუნველყოფილს უფრო ცუდი პირობები აქვს და ბანკს უჩნდება უფლება, ჩადებული ქონება გაყიდოს. ამიტომ ჯობს, ვადის გასაზრდელად მიმართონ ბანკს. შეიძლება სხვა ბანკში მისვლაც და შესაძლოა იქ უკეთესი პირობებით მოგვარდეს პრობლემა, რადგან საქართველოში ბანკებს შორის კონკურენციაა.

- რეგულაცია უფრო გაამკაცრეს, როდესაც ცოტა ხნის წინ სამომხმარებლო სესხის ვადა სამ წელიწადზე დასწიეს, რაც ცხადია, ყოველთვიურ გადასახდელს ზრდის. მეორე მხრივ, ვადაგადაცილებული მსესხებლები შავ სიაში ხვდებიან და რა შანსი რჩება მოქალაქეს, რომ სესხის გადაუხდელობა ვადის გაზრდით ან სხვა ბანკში გადატანით მოაგვაროს?

- რეგულაციები ძალიან ბევრ მოქალაქეს კი ურთულებს ცხოვრებას, მაგრამ ბაზარს ერთი კარგი თვისება აქვს, შეუძლია მავნებლურ რეგულაციებს სხვადასხვა ინსტრუმენტით აუაროს გვერდი.

ვიმეორებ, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია სესხის ვადის გაზრდით ან სხვა ბანკში გადატანით. რაც მთავარია, ამაზე თავად მსესხებელმა უნდა იზრუნოს, რადგან ბანკი კლიენტის გარეშე ვერაფერს გააკეთებს. ბანკი თვლის, რომ კლიენტი თუ არ მიმართავს, მას პრობლემები არა აქვს. ყველას რომ სთავაზობდე ამ სერვისს, ეს დამატებით ბევრი საქმეა და დიდი რესურსი დასჭირდება. ამასთან, ყველას ვერ დააკმაყოფილებენ ვადის გაგრძელებით, რადგან, როდესაც კონტრაქტის პირობა იცვლება, ეს ბანკისთვის გარკვეულწილად წამგებიანია, ბანკი ხომ გეგმავს თავის შემოსავალს. ჩვენ არა გვაქვს იმის საშუალება, რომ ყველას ხმა მივაწვდინოთ, მაგრამ ვინც გაიგებს, ძალიან რეალისტურია, რომ ბანკს მიმართოს და ეს პრობლემა მოაგვაროს.

რუსა მაჩაიძე