"მოლდოველებსაც იგივე გელით, რაც ქართველებს დავმართეთ, თუკი..." - იმუქრება ლავროვი - კვირის პალიტრა

"მოლდოველებსაც იგივე გელით, რაც ქართველებს დავმართეთ, თუკი..." - იმუქრება ლავროვი

"მოლდოვაში უნდა ესმოდეთ, რომ თუ დნესტრისპირეთში რუსი სამშვიდობოების უსაფრთხოებას ვინმე დაემუქრება, ეს განხილული იქნება რუსეთზე თავდასხმად, როგორც სამხრეთ ოსეთში, სადაც ჩვენს სამშვიდობოებს სააკაშვილი დაესხა თავს!" - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ეს მუქარა რამდენიმე დღის წინ გაისმა, მაგრამ შეძლებს კი რუსეთი მოლდოვაში აგვისტოს ომის გამეორებას?

ეუთოს 1999 წლის სტამბულის ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც რუსეთმაც მოაწერა ხელი, მოსკოვს საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული სამხედრო ბაზები უნდა გაეყვანა. დიდი წვალების შედეგად, 2007 წლის შემოდგომაზე საქართველოში ეს მოხერხდა და რუსეთმა ბათუმიდან, ახალქალაქიდან და ვაზიანიდან თავისი სამხედრო ბაზები გაიყვანა (თუმცა ერთი წლის შემდეგ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში უკან "დაგვიბრუნა"), მაგრამ მოლდოვის დნესტრისპირეთში ისევ დარჩნენ რუსი სამხედროები ე.წ სამშვიდობო მისიით.

მას შემდეგ, რაც უკრაინა, მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატად მიიღეს, უფრო ნათლად გამოიკვეთა კიშინიოვის პროდასავლური კურსი, რაც მოსკოვისთვის ხელახლა გაღიზიანების საბაბად იქცა. ამას დაემატა ოფიციალური კიევის წინადადება, თუკი მოლდოველები მოინდომებენ დნესტრისპირეთიდან რუსი სამხედრო ოკუპანტების გაძევებას, უკრაინის არმია მზად არის, მათ ყოველგვარი დახმარება გაუწიოსო...

ნუთუ კრემლში შეეშინდათ სეპარატისტულ დნესტრისპირეთში მეორე ფრონტის გახსნის და რუსეთს მართლაც შესწევს უნარი, "აგვისტოს ომი" გაუმეოროს მოლდოველებს?

უკრაინასთან ნახევარ წელზე მეტ ხანს ფართომასშტაბიანი ომის მიუხედავად, უზარმაზარ რუსეთს, სამწუხაროდ, რჩება სამხედრო პოტენციალი, რომ საქართველოსა თუ მოლდოვისხელა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს მძიმე ზიანი მიაყენოს, თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, ამ ეტაპზე მოლდოვაში "აგვისტოს ომის" გამეორებას მაინც ვერ შეძლებს. არა იმიტომ, რომ კრემლის მთავარ ბინადარს მოლდოველები ქართველებზე მეტად უყვარს და დაინდობს, არამედ სხვა მთავარი მიზეზის გამო: რუსეთის ფედერაციას არ აქვს საერთო სახმელეთო ან საზღვაო საზღვარი მოლდოვის რესპუბლიკასთან, რაც აბსოლუტურად ცვლის სიტუაციას.

ცხინვალისა და აფხაზეთის ომების მცირე ანალიზიც კმარა მისახვედრად, რომ საქართველოს ამ ორ რეგიონში ადგილობრივი სეპარატისტული მოძრაობის აგორება, საბოლოოდ კი მათი შედარებით ადვილად ოკუპაცია კრემლს იმიტომ გამოუვიდა, რომ რუსეთ-საქართველოს საერთო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვარი აქვთ, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს კი - ამ საზღვარზე უშუალო გასასვლელი, იქნება ეს როკის გვირაბი თუ ფსოუს გადასასვლელი.

სახმელეთო კომუნიკაცია რუსეთს ყოველთვის უადვილებდა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალებისა და ცოცხალი ძალის გადმოსროლას, რისი შესაძლებლობაც მას დღევანდელი მოლდოვის შემთხვევაში არ აქვს. ის, რომ 1992 წლის ბრძოლების დროს მოლდოვის ახლად შექმნილი არმია დნესტრისპირელ პრორუს სეპარატისტებსა და მათ უკან მდგარ რუს სამხედროებთან ბრძოლებში დამარცხდა, გარკვეულწილად მეზობელი უკრაინის მაშინდელი ხელისუფლების სინდისზეცაა, რადგან მან რუს სამხედროებსა და სპეცსამსახურებს რუსეთიდან დნესტრისპირეთისკენ უკრაინაზე გამავალი სახმელეთო და საჰაერო დერეფნები არ ჩაუკეტა.

ახლა ეს აღარ განმეორდება. მაშ, როგორ შეიძლება აღასრულოს "მოლაპარაკე ცხენმა" - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა თავისი მუქარა, თუკი მოლდოვა უკრაინის არმიის აშკარა მხარდაჭერითა და ნატოს წევრი რუმინეთის ფარული სამხედრო დახმარებით მოინდომებს, ერთხელ და სამუდამოდ გააძევოს რუსი სამხედროები და სეპარატისტულ დნესტრისპირეთში კონსტიტუციური წყობა აღადგინოს?ამისთვის რუსეთს ოდესის რაიონის დაპყრობა და დნესტრისპირეთამდე სახმელეთო დერეფნის გაჭრა დასჭირდება, რაც დღეისთვის არარეალური ჩანს რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის, რომლებიც ხერსონთან თავდაცვით ბრძოლებს მართავენ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტს კი არათუ ოდესა-ოჩაკოვის სანაპიროზე საზღვაო დესანტის გადასხმა შეუძლია, არამედ თავის წყალზედა ხომალდებსაც ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ყურეებში აფარებს, ემანდ უკრაინელების გამოშვებული "ნეპტუნები" თუ "ჰარპუნები" არ მოხვდეთ და კრეისერ "მოსკვას" გზას არ გაუყენონო...

რა თქმა უნდა, რუსეთს რჩება სამხედრო საშუალებები, რომ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მებრძოლი მოლდოვა გაამწაროს და "კალიბრისა" თუ "ისკანდერის" რაკეტებით კიშინიოვი და სხვა მოლდოვური ქალაქები დაბომბოს, მაგრამ თუკი მეგობარი ქვეყნის დაცვაში რუმინეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებები ჩაერთვებიან, მაშინ რუსული რაკეტების ნაწილის მოგერიება მაინც იქნება შესაძლებელი.

მოკლედ, ტანკების კოლონებით კიშინიოვში ისე "შეჯლიგინება", როგორც ცხინვალში შეძლო, რუსეთს არ გამოუვა, ხოლო სეპარატისტულ დნესტრისპირეთში მდგარი რუსეთის ჯარების ოპერატიული დაჯგუფება ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტების "არმიასთან" ერთად არ არის ისეთ ძალა, რომლის დამარცხება შეუძლებელი იყოს, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ მოლდოვას ძალზე სუსტი შეიარაღებული ძალები ჰყავს, ამას მარტო ვერ მოახერხებს და დახმარების თხოვნა მეზობელი უკრაინისთვის მოუწევს, რომელიც ომშია ჩაბმული და ძალიან უნდა ზურგში - პრორუსულ დნესტრისპირეთში მიყუჩებული პოტენციური საფრთხე მოიცილოს, რადგან იძულებულია საზღვრის ამ მონაკვეთზე უქმად ედგეს ორი ბრიგადა მაინც, მაშინ, როცა უკრაინის არმიას მუდმივად სჭირდება დასვენებული ძალები 1 600 კმ-ზე მეტ მანძილზე გადაჭიმული ფრონტის ხაზის ამა თუ იმ ცხელ უბანზე სასწრაფოდ დასახმარებლად.

P. შ. სტატიის დაწერის დროს კვლავ გრძელდებოდა 29 აგვისტოს დაწყებული უკრაინის საარმიო შენაერთების შეტევა ხერსონისა და ენერგოდარის მიმართულებით, ამიტომ არ ვიცოდით, რა წარმატებას მიაღწიეს უკრაინელმა სამხედროებმა ან როგორი წარუმატებლობა განიცადეს ამ პირველი, შედარებით ფართომასშტაბიანი კონტრშეტევითი ოპერაციების შედეგად.

თუკი უკრაინის არმიამ წლის ბოლომდე მოახერხა რუსი ოკუპანტების დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე განდევნა და მარჯვენა სანაპირო მთლიანად გაათავისუფლა, ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას სეპარატისტულ დნესტრისპირეთსა და იქ დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცესებზე.

ახლა, როდესაც ოკუპირებული ხერსონის ოლქიდან დნესტრისპირეთის ტირასპოლამდე პირდაპირი ხაზით რუს ოკუპანტებს მხოლოდ ორასიოდე კმ დარჩათ გასავლელი, კრემლში ისევ აქვთ სახმელეთო დერეფნის გაჭრის იმედი, მაგრამ თუკი უკრაინელები ხერსონს გაათავისუფლებენ, ლავროვისნაირების მუქარა "აგვისტოს ომის" განმეორების თაობაზე მით უფრო არარეალური გახდება.