ქართველი არტილერისტების მიბაძვით უკრაინელები „ჰაიმარსებით“ ოკუპირებულ სევასტოპოლსაც მისწვდებიან... - კვირის პალიტრა

ქართველი არტილერისტების მიბაძვით უკრაინელები „ჰაიმარსებით“ ოკუპირებულ სევასტოპოლსაც მისწვდებიან...

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის საწყის ეტაპზე უკრაინელთა რესურსები კიევის დასაცავად იყო მობილიზებული და მაშინ ამ ტაქტიკამ გაამართლა - ოკუპანტებმა ვერ შეძლეს უკრაინის დედაქალაქის დაპყრობა და ხელისუფლების ჩანაცვლება პრორუსი კოლაბორაციონისტი პოლიტიკოსებით, მაგრამ, ამავე დროს, სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა უკრაინის სამხრეთ ნაწილი, სადაც მანამდე ანექსირებული ყირიმიდან დაწყებული შეტევა რუსმა ოკუპანტებმა შედარებით წარმატებით განაგრძეს, დაიპყრეს მელიტოპოლი, ბერდიანსკი, მარიუპოლი, გადავიდნენ დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე და ხერსონზეც კონტროლი დაამყარეს.

თუკი უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ქვეყნის სამხრეთ ნაწილში წარმატებული კონტრიერიშების სერიის ჩატარება სურს, მაშინ უნდა იფიქროს წერტილოვან საჰაერო დარტყმებზე როგორც ყირიმის ხიდზე (საიდანაც არ წყდება რუსული სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების შეტანა უკრაინის ოკუპირებულ სამხრეთ ნაწილში), ისე - სევასტოპოლის სამხედრო პორტზე, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ის ხომალდები და წყალქვეშა ნავები ბაზირებენ, რომლებიდანაც "კალიბრის" ტიპის ფრთოსან რაკეტებს სისტემატურად უშვებენ უკრაინის ქალაქებისკენ.

ასეთი გათვლები უკრაინის გენშტაბში აუცილებლად იქნება, მაგრამ მათი განხორციელების საშუალება ნაკლებად აქვთ, რადგან "ჰაიმარსის" მართვადი რაკეტები, რომლებიც ამერიკელებმა აქამდე გადასცეს, მხოლოდ 84 კმ-მდე "მუშაობს", არადა უმოკლესი მანძილი, საიდანაც სევასტოპოლის მიმართულებით "ჰაიმარსის" რაკეტების გაშვება შეიძლება, ოჩაკოვის რაიონიდან არანაკლებ 260 კმ-ს შეადგენს, "ჰაიმარსის" 300 კმ-მდე მფრენ ბალისტიკურ რაკეტებს კი პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ცოცხალი თავით არ უგზავნის უკრაინის დამცველებს, იმის შიშით, რომ გამწარებულმა უკრაინელებმა მათი საშუალებით კბილი არ მოუსინჯონ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ქალაქების: სმოლენსკის, ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდისა თუ ვორონეჟის სიახლოვეს დისლოცირებულ რუსეთის არმიის სამხედრო ობიექტებს, მათ შორის - იმ სამხედრო აეროდრომებსაც, საიდან აფრენილი რუსული ბომბდამშენებიც სარაკეტო დარტყმებს აყენებენ უკრაინის დასახლებულ პუნქტებს. ისე კი, უკრაინის უკიდურესი ჩრდილოეთი საზღვრიდან მოსკოვის კრემლამდეც პირდაპირი ხაზით 452 კმ-ზე მეტი არ არის.

ანალოგიური პრობლემა, როდესაც მოწინააღმდეგის მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს ვერ სწვდები, არადა ძალიან გინდა დარტყმა სწორედ იმ წერტილში მიაყენო, რასაც სამხედროზე მეტად შეიძლება პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდეს, ქართულ არმიასაც გამოუცდია აფხაზეთის ომში.

ბევრს ეხსომება, რომ მაშინ მოწინააღმდეგე მდინარე გუმისთის მარჯვენა სანაპიროდან, ეშერის მიდამოებიდან, ყოველდღიურად ბომბავდა ხუთიოდე კმ-ით დაშორებულ სოხუმის საცხოვრებელ უბნებს, რაც ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს იწვევდა და გამწარებული სოხუმელები, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, შევარდნაძის ხელისუფლებისგან დაჟინებით მოითხოვდა, ქართულ არმიას საპასუხო დარტყმა მიეყენებინა გუდაუთისთვის, სადაც ადგილობრივი სეპარატისტებისა და ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულთა მთავარი შტაბები და რუსული სამხედრო აეროდრომი ბომბორა იყო, იქიდან აფრენილი რუსული მოიერიშე თვითმფრინავების პილოტები კი 250 და 500 კგ კალიბრის საავიაციო ბომბებს სოხუმის საცხოვრებელ სახლებს აყრიდნენ.

ქართული არმიის არტილერიას არ შეეძლო ჭურვები თუ რაკეტები მდინარე გუმისთის მარცხენა სანაპიროდან, სადაც ფრონტის ხაზი გადიოდა, მიეწვდინა გუდაუთამდე, სადამდეც პირდაპირი ხაზით მანძილი არანაკლებ 30-32 კმ იყო, რადგან ქართველი არტილერისტების განკარგულებაში არსებული ყველაზე შორს მსროლელი საშუალების - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, "გრადების", რაკეტის ფრენის მაქსიმალური მანძილი მხოლოდ 21 კმ-მდე იყო.

გვჭირდებოდა ან უფრო შორს მსროლელი საარტილერიო საშუალების მოძებნა, ან მოწინააღმდეგის მთავარი ქალაქის, გუდაუთის სამხედრო ობიექტებთან "გრადის" უფრო ახლოს "მიჩოჩება", ან კიდევ - საჰაერო დაბომბვისთვის შვეულმფრენისა და თვითმფრინავის გამოყენება.

1993 წლის გაზაფხულზე სამივე მეთოდი მოისინჯა და მათგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა შედარებით წარმატებული.

პირველი ცდა უკავშირდებოდა მაქსიმალურ 35 კმ-ზე მოქმედი "ურაგანის" ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის დანადგარის გამოყენებას, მაგრამ ამისთვის "ურაგანის" ლულები მაინც უნდა გვეშოვა.

მაშინ მე ორი ომის გაშუქების გამოცდილებისა და სამხედრო წრეებში ნაცნობ-მეგობრების ყოლის გამო ერთგვარ შუამავლად ვიქეცი - საჭირო არტილერისტები სახელმწიფო მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის, სამხედრო მრჩევლის აპარატს დავუკავშირე და შემდგომი პროცესი უკვე ჩემ გარეშე განვითარდა, თუმცა მასზე "კვირის პალიტრას" მოუთხრო ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა და არაერთბრძოლაგადატანილმა არტილერისტმა, გენერალ-მაიორმა ემზარ ჭოჭუამ, რომელიც 1993 წლის გაზაფხულზე მე-2 საარმიო კორპუსის სარაკეტო ჯარებისა და საარტილერიო სამსახურის უფროსი იყო, პოლკოვნიკის ჩინით: "იმის გამო, რომ "გრადი" გუდაუთას ვერ სწვდებოდა, "ურაგანის" ლულების შოვნა გადავწყვიტეთ, რასაც წარმატებით გაართვა თავი გივი ჯმუხაძემ - საარტილერიო ტექნიკის საუკეთესო სპეციალისტმა და დიდმა პატრიოტმა. ეს "ურაგანი" ვაზიანის რუსულ სამხედრო ნაწილში იდგა და წლების განმავლობაში თბილისის საარტილერიო სასწავლებლის კურსანტებისთვის სასწავლო ეგზემპლარი იყო, თუმცა - სრულ საბრძოლო მდგომარეობაში. ერთ მშვენიერ ღამეს ეს "ურაგანი" 16-დან ორ 220 მმ-იან ლულას "შეელია", ისე, რომ არც რუს სამხედროებს აუტეხიათ განგაში... ურაგანის ორივე ლულა "დ-1" ტიპის ჰაუბიცის (რომელიც მანამდე თბილისის საარტილერიო სასწავლებლის შესასვლელთან, პოსდამენტზე იდგა) ლულაზე დავადუღეთ და "ურაგანის" რაკეტების იმპროვიზებული გასაშვები დანადგარიც მზად იყო, ოღონდ ახლა თავად რაკეტები გვქონდა საშოვნელი... ამ მიზნით მეზობელ აზერბაიჯანში "მხედრიონის" წარმომადგენელები ჩავიდნენ და აგდამის სამხედრო ნაწილის მეთაურისგან "ურაგანის" ოთხი რაკეტა იყიდეს, ოღონდ ადგილობრივი საველე მეთაური მარტო ფულს არ დაყაბულდა და ფარშავანგებიც მოითხოვა თავისი ბაღის დასამშვენებლად. სხვა რა გზა გვრჩებოდა - ფარშავანგებიც ვუფეშქაშეთ... ჩამოვიტანეთ ეს რაკეტები სოხუმში, გავმართეთ "ურაგანის" ნახევრად კუსტარული დანადგარი, დავუმიზნეთ, როგორც და სადაც საჭირო იყო, დავაჭირეთ თითი ღილაკს, მაგრამ... არც პირველმა და არც მეორე რაკეტამ სტარტი არ აიღო, მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო იმპულსი გავიდა... რაკეტების ტექნიკური შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ მათი რაკეტული ძრავებიდან მყარი საწვავის კოჭები იყო ამოღებული..."

სოხუმის სისტემატური დაბომბვის გამო სეპარატისტებისთვის სათანადო პასუხის გაცემის მეორე ცდაც ქართველ არტილერისტებს უკავშირდება და ისევ გენერალ-მაიორი ემზარ ჭოჭუა იგონებს:

"ურაგანის" ვარიანტი რომ არ გამოგვივიდა, ისევ "გრადის" გამოყენების მცდელობას დავუბრუნდით და "გრადის" დანადგარი - "ურალის" სამხიდიანი მანქანა, სათევზაო სეინერზე განვათავსეთ, რომელიც სოხუმის პორტიდან ღამით გავიდა და რამდენიმესაათიანი ცურვის შემდეგ გუდაუთის ტრავერსს მიადგა... ის გუდაუთის სანაპიროდან ოციოდე კმ-ით იქნებოდა დაშორებული და უფრო მიახლოებას ვაპირებდით ბომბორას რუსულ სამხედრო აეროდრომთან, როდესაც ჩვენი საზღვაო ძალების სარდლობამ განგაში ატეხა, სეინერი მტერმა რადარზე აღმოაჩინა და სწრაფმავალი კატარღების გაგზავნას აპირებენ მის გადასაჭერად, ამიტომაც სწრაფად გაისროლეთ და საჩქაროდ უკან დაბრუნდითო... მართალია, "გრადის" 40-რაკეტიანი პაკეტის დაცლას მხოლოდ 20 წამი თუ სჭირდება, მაგრამ ეს - მიწიდან სროლისას, ზღვაში კი, როდესაც დასამიზნებლად თარაზოს ვერ იყენებ და მხოლოდ პანორამით მუშაობ, იძულებული ხარ, ყოველ ახალი ტალღის ჩავლას დაელოდო, რომ მხოლოდ ერთი რაკეტის სტარტი მოასწრო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი რაკეტებს ზალპად გავუშვებდით, სამიზნეს შეიძლებოდა კილომეტრებითაც კი ასცდენოდა... სიჩქარის გამო სამიზნედ გუდაუთამდე მდებარე სატვირთო ავტომობილების საამქრო ავირჩიეთ, რომელიც ნაპირთან შედარებით ახლოს იყო და იქ მოწინააღმდეგე დაზიანებულ სამხედრო ტექნიკასაც არემონტებდა... გრადის 20 რაკეტის გასაშვებად თითქმის ოცი წუთი დასჭირდათ ჩემს არტილერისტებს,ზღვის ტალღების ჩავლის ლოდინის გამო. სეინერის ეკიპაჟიც ნერვიულობდა, უკან წამოსვლას ჩქარობდა, მოწინააღმდეგის სწრაფი "გრიფების" ტყვეობაში აღმოჩენაც არავის სურდა, ამიტომ მხოლოდ ოცი რაკეტის გაშვებით დავკმაყოფილდით, სეინერი სოხუმისკენ სწრაფად გამოემართა და პორტში მშვიდობიანად დაბრუნდა... გუდაუთის მიმდებარედ მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკის სარემონტო საამქროს დაბომბვას განსაკუთრებული სამხედრო შედეგი არ გამოუღია, მაგრამ პოლიტიკურად გავამართლეთ - თქვენ რომ სოხუმს გვიბომბავთ, ხომ ხედავთ, გუდაუთის დაბომბვა ჩვენც შეგვიძლიაო..."

პროფესიონალი ქართველი გენერალ-არტილერისტის ეს მოგონება შეიძლება მხოლოდ ისტორიის მოყვარულთათვის ყოფილიყო საინტერესო, მაგრამ რაც დღეს რუსეთ-უკრაინის ომში ხდება, კვლავ აქტუალურს ხდის ქართველი არტილერისტების 29 წლის წინანდელ სამხედრო ჩანაფიქრს.

თუკი უკრაინელი არტილერისტები ქართველი კოლეგების ამ გამოცდილებას გაიზიარებენ, მცურავ საშუალებაზე განათავსებენ "ჰაიმარსის" დანადგარს და ოკუპირებულ სევასტოპოლთან 80-70 კმ-ის მანძილზე ფარულად მიცურდებიან, წარმატებული შედეგიც არ დააყოვნებს და რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომლის ხომალდებიდან გაშვებული "კალიბრების" კისერზეა უკრაინის ასობით უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე, უშუალოდ სევასტოპოლის ბუხტაში თავმოყრილ ხომალდებზე ღირსეულ პასუხს მიიღებს, მაგრამ ყველაფერი ასე გამართულად მხოლოდ ფურცელზე შეიძლება დაიწეროს, რეალურად კი ძალიან ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი არსებობს, ზღვის ძლიერი ღელვით დაწყებული, რუსული დაზვერვის მიერ პორტიდან "ჰაიმარსიანი" გემის გასვლის აღმოჩენით დამთავრებული, უკანა გზაზე რაკეტაგაშვებული "ჰაიმარსიანი" გემის გადარჩენის შანსი კი თითქმის აღარ იქნება, როცა სევასტოპოლის სამხედრო პორტის დაბომბვით გამძვინვარებული რუსეთის გენერალიტეტი თვითმფრინავებით, შვეულმფრენებით, დრონებით, წყალზედა ხომალდებითა თუ წყალქვეშა ნავებით მის ინტენსიურ ძებნას შეუდგება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ აკვატორიაში, თუმცა ისეთი გამოსავლის მოძებნაც შეიძლება, რომ არც გემისა და არც მის გემბანზე მდგარი "ჰაიმარსის" ეკიპაჟები თითქმის გარდაუვალი ჩაძირვის საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდნენ. ამისთვის საჭიროა სათევზაო სეინერის ან სავაჭრო გემის გამოყენება, რომელზეც "ჰაიმარსის" შეჯავშნული სამხიდიანი და 16-ტონიანი მანქანის ნაცვლად მხოლოდ ექვსლულიანი სარაკეტო პაკეტი განთავსდება, რომელსაც ერთწუთიანი სარაკეტო ზალპის შემდეგ ზღვაში მოისვრიან, გემბანზე კი ყველა ის კვალი წაიშლება, რომელიც შეიძლებოდა რაკეტული ძრავების სტარტს დაეტოვებინა... რუსული ხომალდების მიერ აბორდაჟზე აყვანის შემთხვევაშიც კი ვერ დაუმტკიცებენ, რომ "ჰაიმარსების" სტარტი სწორედ მისი გემბანიდან განხორციელდა, რადგან დაკავებამდე ეს გემი საკმარისად დაშორდება რაკეტების სტარტის კოორდინატებს.

"გრადის" დანადგარისთვის, რომელიც უმართავ რაკეტებს უშვებს და 100-160 მ-ით ისედაც აცილებს მიზანს, ზღვის მცირეოდენ ღელვასაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსხვავებით "ჰაიმარსისგან", რომელსაც ზღვის ტალღები ვერაფერს უშავებს, რადგან ის მართვად რაკეტებს უშვებს, რომლებიც ინერციული სისტემის გარდა, ჯი-პი-ესითაც იმართება და მიზანს სამიოდე მეტრის სიზუსტით ხვდება.

საუკეთესო ვარიანტი იქნება "ჰაიმარსის" პაკეტიანი უპილოტო მცურავი საშუალების შავ ზღვაში სასტარტო პოზიციაზე გასვლა, რაკეტების ზალპის განხორციელება სევასტოპოლის ბუხტისკენ და შემდგომ ამ "ტექნიკური სასწაულის" თვითლიკვიდაცია კვალის წაშლის მიზნით.

ისე, სხვათა შორის, მსგავსი ჩანასახის "პრეზენტაცია" პირადად ჩემთვის, სამხედრო ჟურნალისტისთვის, აფხაზეთის ომის დროს სოხუმში, ყოფილი საბჭოთა დახურული სამეცნიერო ინსტიტუტის სანაპიროზე ჩაატარა ქართველმა სამხედრო-ინჟინერმა: დისტანციურად მართვად კომპაქტურ მცურავ საშუალებაზე დამონტაჟებული იყო 57 მმ კალიბრის უმართავი საავიაციო რაკეტის გამშვები ერთი მილი. მისი შემქმნელის აზრით, ის ნაპირიდან ან კატარღიდან მიმართავდა ამ დრონს (თუმცა მაშინ ვინ იცოდა ეს სიტყვა) მტრის "გრიფისკენ" და შედარებით ახლო მანძილიდან გაშვებული რაკეტით მის კორპუსს დააზიანებდა.

ზღვის მცირეოდენი ღელვის შემთხვევაში სტარტაღებული რაკეტა ან მაღლა ჰაერში აიჭრებოდა, ან ტალღებში "ჩაყვინთავდა", ასე რომ, ამ ნოუ-ჰაუს მაშინ სიცოცხლე არ ეწერა, მაგრამ დღეს დისტანციურად ან სულაც ხელოვნური ინტელექტით მართვადი დრონი-კატარღები რეალობაა და მომავალ საზღვაო ბრძოლებში გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ მათ მიენიჭება.

P.S. ისე, გუდაუთის დაბომბვის მესამე, ყველაზე წარმატებული ცდაც იყო, როდესაც ეულად მფრენმა ქართულმა მოიერიშე თვითმფრინავმა საჰაერო შეტევა განახორციელა და დაზაფრა ბომბორას რუსი პილოტები, რომლებიც სისტემატურად გვიბომბავდნენ სოხუმს. ისინი არ მოელოდნენ, რომ ქართველი მფრინავი ასე გარისკავდა და რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით დაცულ ობიექტს დღისით-მზისით დაბომბავდა. იმ გმირი ქართველი სამხედრო მფრინავის ვინაობა მაშინვე გავიგე, მაგრამ თითქმის 30 წლის შემდეგაც არ ვამხელ მისი ახლობლების თხოვნით, რისთვისაც მათ მნიშვნელოვანი არგუმენტები აქვთ.იმ ქართველ სამხედრო პილოტს მტრის ბანაკის წარმატებით დაბომბვა და კოპიტნარის აეროდრომზე მშვიდობიანად დაბრუნებაც იმიტომ გამოუვიდა, რომ არავის დაუჯერა და გუდაუთისკენ არა ზღვით, არამედ ხეობებით, დაბალ სიმაღლეზე იფრინა.