"უკრაინას ბევრი შესაძლებლობა აქვს, რომ რუსეთს ზიანი მიაყენოს" - რას წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა - კვირის პალიტრა

"უკრაინას ბევრი შესაძლებლობა აქვს, რომ რუსეთს ზიანი მიაყენოს" - რას წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა

ამერიკულ გაზეთ "უოლ სთრით ჯორნელში" (The Wall Street Journal) 4 სექტემბერს გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "უკრაინას ბევრი შესაძლებლობა აქვს, რომ რუსეთს ზიანი მიაყენოს: იქნება უფრო მცირე შეტაკებები, ვიდრე მასირებული შეტევა, რადგან კიევი თავის ჯარს უფრთხილდება" (ავტორები - დენიელ მაიკლსი და ჯეიმს მარსონი), რომელშიც განხილულია უკრაინის ჯარების კონტრშეტევის ასპექტები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის არმიის მიერ ამ დღეებში დაწყებულმა შეტევამ ხერსონის მიმართულებით გააჩინა იმედი, რომ კიევი დაიბრუნებს ომის დასაწყისში რუსეთის არმიის მიერ ხელში ჩაგდებულ ტერიტორიას - მთლიანად ან მის მნიშვნელოვან ნაწილს მაინც.

უკრაინელი ჩინოვნიკები და სამხედროები აღიარებენ იმას, რომ ქვეყნის სამხრეთში მიმდინარე კონტრშეტევა ნელი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა იქვე აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს სწორედ ის გეგმაა, რომლის მიხედვით შეტევა ვითარდება. მათი თქმით, კონტრშეტევა შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს.

უკრაინის ჯარმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გარკვეული ნაწილიც რომ ვერ გაათავისუფლოს, კიევს შეუძლია პროგრესს მაინც მიაღწიოს - იძულებული გახადოს რუსეთის არმიის სარდლობა, გაამჟღავნოს თავისი საბრძოლო ქვედანაყოფებისა და მომარაგების ბაზების დისლოკაციის ადგილი. ასევე, შეიძლება რუსეთის იძულება იმაში, რომ ფრონტის სხვადასხვა ადგილებიდან ძალები გადააადგილოს - ფრონტის ხაზი გააშიშვლოს, რითაც უკრაინის არმია ისარგებლებს. კიევს, ასევე, შეუძლია მეტი სადაზვერვო მონაცემები შეაგროვოს რუსეთის არმიის შესახებ - მისი საბრძოლო მომზადების დონე და მზადყოფნა ბრძოლისათვის.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მათ არ აქვთ არც იმდენი შეიარაღება და არც იმდენი ცოცხალი ძალა ჰყავთ, რომ მასშტაბური და სწრაფი კონტრშეტევა განავითარონ. ამის ნაცვლად, არმიის სარდლობა ცდილობს, რუსეთის არმიის მოწინავე ნაწილები დაასუსტოს და, იმავდროულად, შორსმსროლელი არტილერია და რაკეტები გამოიყენოს მტრის ზურგში სტრატეგიული ობიექტების გასანადგურებლად.

დასავლელი ოფიციალური პირების შეფასებით, ხერსონში და მის ახლომახლო დასახლებულ პუნქტებში, დაახლოებით, 20 ათასამდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება, მაგრამ უკრაინის არმიის სარდლობას იმედი აქვს, რომ ხერსონს ქუჩის სისხლისმღვრელი ბრძოლების გარეშე გაათავისუფლებს.

პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსი არესტოვიჩის თქმით, კიევის სტრატეგია პუტინის არმიის "სისტემატურ გალეწვაში" გამოიხატება: "ჩვენ ვმუშაობთ, რომ რუსეთის არმიის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სისტემა გამოვავლინოთ და შემდეგ არტილერიისა და "ჰაიმარსების" რაკეტებით გავანადგუროთ... რა თქმა უნდა, ეს უცბად არ მოხდება და მას დრო დასჭირდება".

ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი სტივენ ტვიტი, რომელიც ადრე აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, ასევე აცხადებს, რომ იგი უკრაინის არმიის მასირებულ კონტრშეტევას არ ელოდება, კიევი თავისი ჯარისკაცების სიცოცხლეს უფრთხილდება. "ჩვენ მოწმენი ვიქნებით იმისა, რომ რამდენიმე ადგილზე უკრაინის არმიის მცირე ქვედანაყოფები რუსეთის არმიას ყოველდღიურად ზიანს მიაყენებენ, რაც ბრძოლის წარმატებულ მეთოდს წარმოადგენს". გენერალი ხაზს უსვამს, რომ ასეთი ტიპის ბრძოლები გრძელვადიან პერსპექტივას გულისხმობს და ამიტომ დაუყონებლივ შედეგებს არ უნდა ველოდოთ. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ