ესტონეთი პარტიზანული ომისთვის წინასწარ ემზადება... - კვირის პალიტრა

ესტონეთი პარტიზანული ომისთვის წინასწარ ემზადება...

ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო უკვე სექტემბერში მთავრობას წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც თავდაცვის ძალებს საშუალებას მისცემს, დაიწყოს შეიარაღებული წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზება ოკუპირებულ ტერიტორიებზე...

დიახ, ქვეყანა, რომელიც უკრაინისგან განსხვავებით ომში არ იმყოფება, მაინც იწყებს ომისთვის მზადებას და პარტიზანული მოძრაობის გაშლას იმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც მას, ასევე, ჯერ არ აქვს.

მაგრამ ძველი ქართული ანდაზისა არ იყოს, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო და საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების შემხედვარე, ბალტიისპირეთის - ეს ჩვენზე პატარა პოსტსაბჭოთა ქვეყანა, წინასწარ იჭერს თადარიგს...

ჩვენი რთული ბედის შეხედვის გარეშეც, ესტონელებს საკუთარი მწარე ისტორია კარგად ახსოვთ, თუ როგორ დაიპყრო 1940 წელს სტალინის საბჭოეთმა ესტონეთი მეზობელ ლიეტუვა-ლატვიასთან ერთად და, ბუნებრივია, არავითარ შემთხვევაში აღარ სურთ აღმოჩნდნენ კრემლის მორიგი ბინადარის მარწუხებს ქვეშ.

მეფის რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ სუვერენიტეტგამოცხადებულმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ თუკი მხოლოდ სამიოდე წელი შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, ესტონეთმა ეს 22 წლის განმავლობაში შეძლო, მაგრამ ბოლოს მაინც მოსკოვის „ლუკმა“ გახდა.

1991 წლიდან ესტონეთმა აღიდგინა დამოუკიდებლობა, ხოლო 2004 წლიდან ნატოსა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ასე რომ, ესტონელებს ძალიან ბევრი ექნებათ დასაკარგი, თუკი მისმა დიდმა, აგრესიულმა და ვერაგმა მეზობელმა - რუსეთის ფედერაციამ, საქართველოსა და უკრაინის კვალობაზე, ესტონეთის ნაწილი ტერიტორიის ოკუპირებაც სცადა, რისთვისაც კრემლს საბაბი არ გამოელევა...

მით უმეტეს, რომ რუსეთს, ისევე როგორც საქართველოსთან და უკრაინასთან, ესტონეთთანაც აქვს 333,7 კმ სიგრძის სახმელეთო საზღვარი, რომელზეც რუსული სატანკო კოლონების შეჩერება ძალიან ძნელი იქნება...

მაგრამ ის ფაქტორი, რომ ესტონეთი ნატოს წევრია და მას, თითქოს, აიმედებს ალიანსის მე-5 პუნქტი კოლექტიური თავდაცვის შესახებ - ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე თავდასხმის ტოლფასია - წლების განმავლობაში ესტონელებს ბოლომდე მაინც ვერ ამშვიდებდა.

საქმე ის არის, რომ ნატოს წევრი ესტონეთის არმია ერთ-ერთ ყველაზე სუსტად გამოიყურებოდა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის, ხოლო ალიანსს თავისი სახმელეთო საბრძოლო შენაერთები ბალტიისპირეთში საერთოდ არ ჰყავდა განთავსებული - რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, სანამ ნატო პოლონეთიდან და მით უმეტეს - გერმანიიდან „აბრამსებს“ გადაისროდა ესტონელების დასახმარებლად, რუსული ტანკები ეტყობა, უკვე ბალტიის ზღვის სანაპიროზე გავიდოდნენ მთელი ესტონეთის ტერიტორიის გადავლით...

აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში, ბალტიისპირეთში ყოფნისას, ერთმა მათმა გენერალმა არაოფიციალურად მითხრა - თქვენ რა გიშავდათ, ბუნებამ კავკასიის ქედით დაგაჯილდოვათ და ეს ბუნებრივი თავდაცვის ზღუდე დამპყრობელი რუსეთისგან თავის დასაცავად ვერ გამოიყენეთ და როკის გვირაბიდან ცხინვალისკენ ტანკებით შემოჭრის საშუალება მიეცით, აბა, ჩვენ - ლატვიელებმა და ესტონელებმა რა ვქნათ, როდესაც საზღვარზე რუსების ტანკები დაიქოქებიან და შემოიჭრებიან გაშლილ მინდორზე, დღის ბოლოს, ალბათ, ბალტიის ზღვის ნაპირზე გარეცხავენ ტალახიან მუხლუხოებსო...

დღეისათვის ასეთი სასოწარკვეთილი განწყობა ნამდვილად აღარ არის, რადგან რასაც ვერ მიხვდა ბიუროკრატიული დასავლეთი და ნატო რუსეთის საქართველოზე თავდასხმისა და უკრაინის ყირიმის ანექსიის შემდეგ, კარგად შეიგნო პუტინის 24 თებერვლის ბლიცკრიგის მცდელობისას უკრაინის წინააღმდეგ.

ამიტომაც, ნატო ახლა არა მარტო უკრაინას ეხმარება შეიარაღებით, არამედ - თავისივე წევრი ბალტიის სამივე ქვეყანაში - ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში საბრძოლო შენაერთები განათავსა და იქ ჯავშანსატანკო ტექნიკა, არტილერია და საბრძოლო ავიაციაც გადაისროლა.

ასე რომ, იგივე ესტონეთი დღეს ისე დაუცველი აღარ მოსჩანს, როგორც წლების წინ, მაგრამ სხვების, საქართველოსა და უკრაინის მწარე მაგალითზე ნასწავლი ესტონელები თავს იზღვევენ და წინასწარ ემზადებიან პარტიზანული ომის გაშლისთვის, თუკი რუსეთმა მართლაც მოახდინა ესტონეთის ნაწილის ოკუპაცია.

3e-1662376352.jpg
ესტონეთის სამხედრო ავიაციის „ძალა“ - სამგზავრო „რობინსონები“

ესტონეთის თავდაცვის ძალები ორი კომპონენტისგან - თავდაცვის არმიისგან და თავდაცვის კავშირისგან შედგება.

თავდაცვის არმია ჯარების სამ სახეობას - სახმელეთოს, საჰაეროსა და საზღვაოს მოიცავს, თუმცა მათი რიცხოვნობა მიზერულია - თუკი სახმელეთო ჯარებში მხოლოდ ორი ქვეითი ბრიგადაა, ავიაციასა და ფლოტში 200-300 კაცი თუ მსახურობს.

ესტონეთის არმიის შეიარაღებაც არ გამოირჩება დიდი სიძლიერით - ასზე მეტი ჯავშანმანქანა ჰყავთ და - არც ერთი ტანკი...

1e-1662376297.jpg
„კაიტსელიტი“ - ესტონეთის მოხალისეთა გასამხედროებული ფორმირება, რომელიც მომავალი პარტიზანული მოძრაობის ძირითადი საყრდენი უნდა გახდეს...

სამაგიეროდ, ესტონეთის თავდაცვის ძალების მეორე შემადგენელი კომპონენტი - ესტონეთის თავდაცვის კავშირი, იგივე „კაიტსელიტი“ - მოხალისეთა გასამხედროებული ფორმირება, ერთსაუკუნოვან ისტორიას ითვლის და დღესაც წარმოადგენს იმ ძირითად ბაზას, რომელზეც შეიძლება აიგოს მაღალეფექტიანი პარტიზანული მოძრაობა.

ამ გასამხედროებულ ორგანიზაციას ესტონეთის 15-ვე ოლქში თავისი ტერიტორიული შტაბები გააჩნია, რომლებშიც 20 ათასზე მეტი ადამიანია გაერთიანებული. ისინი სისტემატურად გადიან მომზადებას, როგორც სამოქალაქო თავდაცვის კუთხით, ისე - საჭიროების შემთხვევაში „კოკტეილი მოლოტოვისთვის“ სახელით ცნობილი ცეცხლწამკიდი ბოთლების დასამზადებლად და მათი დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად...

ესტონელი პარტიზანები მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან კიდევ ათიოდე წელი ესხმოდნენ თავს საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლებას, ასე რომ, მათ შვილიშვილებს აქვთ როგორც იდეური, ისე ტექნიკური საფუძველი იმისთვის, რომ მათი სამშობლოს ტერიტორიაზე შეჭრილ ნებისმიერ ოკუპანტს პარტიზნული მოქმედებებით ცხოვრება გაუმწარონ...