"ჩემმა დედამთილმა ბავშვის აკვანს არტახის დიდი ჯოხი გამოაძრო და ჩემი და იმით სცემა. ჩემი ქმარიც უყურებდა - შენც მიჰყევი შენს დას, წადიო და მეც მცემეს" - რას ჰყვება ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალი - კვირის პალიტრა

"ჩემმა დედამთილმა ბავშვის აკვანს არტახის დიდი ჯოხი გამოაძრო და ჩემი და იმით სცემა. ჩემი ქმარიც უყურებდა - შენც მიჰყევი შენს დას, წადიო და მეც მცემეს" - რას ჰყვება ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალი

16 წლის გათხოვდა და ახლა, ორ შვილს მარტო ზრდის. ახალგაზრდა ქალი სასამართლოს გზით მეუღლეს ოფიციალურად გაშორდა. ამბობს, რომ წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო, ქმარი სცემდა, ბოლოს იძულებული გახდა, პოლიციისთვის მიემართა. მისი მეუღლე ოჯახური ძალადობისთვის დააკავეს კიდეც, რძალზე ძალადობისთვის, ასევე, ბრალი ჰქონდა წარდგენილი მის დედამთილსაც, რომელიც პატიმრობას გადაურჩა, მაგრამ პირობითი მსჯავრი დაედო.

მაგდა:

- აჭარაში დავიბადე და გავიზარდე, ძალიან წარმატებული მოსწავლე ვიყავი. დატვირთული დღის რეჟიმი მქონდა, სულ წრეებზე დავდიოდი, სპორტის სხვადასხვა სახეობაშიც, ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. ბევრი გეგმა მქონდა ცხოვრებაში, მაგრამ უცებ ყველაფერი შეიცვალა. მე-11 კლასელი ვიყავი, ჩემმა მეუღლემ რომ მომიტაცა, ნორმალურად არც კი ვიცნობდი მას. მეგობარ გოგონას ვენდე, მისი ნათესავი იყო და მომიტაცეს. მეგობრებიც ახლდა ჩემს ქმარს იმ დღეს, რომლებსაც, აღმოჩნდა, რომ პირობითი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. თუ პოლიციაში განვაცხადებდი მომხდარს და სახლში წამოვიდოდი, მათ დაიჭერდნენ. ჩემი დედამთილი მარწმუნებდა, ეს არ გამეკეთებინა, მეც გამოუცდელი ვიყავი და დავრჩი ასე, ფაქტობრივად, უცხო ადამიანთან. სახლში დარეკვაც ვერ შევძელი, ტელეფონიც წამართვეს.

ჩემი მშობლები ძალიან გაბრაზებულები იყვნენ, მეორე დღეს მოვიდნენ ჩემთან. დედა მთხოვდა, სახლში გავყოლოდი, მაგრამ რადგან მარწმუნებდნენ, რომ ჩემ გამო ამდენი ადამიანი ციხეში წავიდოდა, სახლში წასვლაზე უარი ვთქვი და იქ დამტოვეს. ორი თვის მერე შემირიგდნენ მშობლები. მასწავლებლებმა შემიწყვეს ხელი და დაუსწრებლად სკოლა დავამთავრე, მარტო გამოცდებზე მივედი და ისე ჩავაბარე გამოცდები. ახლა კანონით იკრძალება არასრულწლოვანთან ქორწინება, ეს კანონი მაშინ რომ ყოფილიყო, თავისთავად, ყველა ციხეში მოხვდებოდა და დაისჯებოდნენ. კარგია, ეს კანონი რომ მოქმედებს.

გათხოვებიდან მალევე ფეხმძიმედ დავრჩი. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, სანამ გაჭირვება არ მოვიდა ჩვენს ცხოვრებაში.

- ფინანსური პრობლემები შეგექმნათ?

- დიახ, აჭარის მაღალმთიან სოფელში ვცხოვრობდით. ჩემი ქმარი მთელი ზამთარი არ მუშაობდა, ზაფხულში თუ გადავიდოდა თურქეთში ჩაის საკრეფად, მამამისთან ერთად. ამ მოგროვილი ფულით გავარემონტეთ სახლი, ქორწილი არ გვქონია. სახლში 12 ადამიანი ვცხოვრობდით, ძროხა, ქათმები, ყველაფერი ჰყავდათ, დედამთილი მეუბნებოდა, ოჯახი შექმენი და ყველაფერს შენ უნდა მიხედოო. სახლში ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი იყო. იქ მული და მაზლებიც ცხოვრობდნენ.

ჩემი დედამთილი ორჯერ გათხოვდა, პირველი ქორწინებიდან სამი გოგო ჰყავს, მეორე ქორწინებიდან - სამი ბიჭი. ჩემი პატარა მაზლი 7 წლის იყო, იქ რომ მივედი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და მასზე მე ვზრუნავდი. წერა-კითხვა ვასწავლე. სახლში სველი წერტილი არ გვქონდა და დასაბანი წყლის გასათბობად ცეცხლის დანთებაც მე მიწევდა. დედამთილი ამბობდა, რძალი ხარ და შენ გევალება ყველაფერიო, თავის ამბებს ჰყვებოდა - რომ გავთხოვდი, სახლში ყველაფერს მე ვაკეთებდი, ხელსაც ვაბანინებდი ოჯახის წევრებს, პირსახოცით ვუმშრალებდი და ისინი რომ მაგიდასთან დასხდებოდნენ, მხოლოდ მას მერე ვჭამდი საჭმელსო, მეც იმავეს გაკეთებას მთხოვდნენ და ვაკეთებდი.

სახლში ფინანსებს დედამთილი განაგებდა. ძალიან ბევრნი ვიყავით, ერთხელ ვუთხარი, მე და ჩემი ქმარი ვიმუშავებთ, თუ შეგიძლიათ, თქვენც დაგვეხმარეთ, რომ ცალკე გავიდეთ-მეთქი. ამ სიტყვების გამო ამითვალწუნეს, მაშინათვე სახლიდან გამომაგდო დედამთილმა, დაიბარა ჩემი მშობლები, ბიძები, ბიცოლები და უთხრა წაიყვანეთო, იმათმაც მე დამადანაშაულეს, მერე თქვეს, ბავშვია, ვაპატიოთო, და დამტოვეს.

ამის შემდეგ სულ იყო კონფლიქტები, მაგრამ ხმას არ ვიღებდი, ვითმენდი, რადგან ჩემი მშობლებისგან ზურგი არ მქონდა. მთელი დღე ვტრიალებდი, ვშრომობდი და დაღლილს, საღამოს დაჯდომა რომ მინდოდა, ესეც არ მოსწონდათ. ჩემს ქმარს მამამისი ეუბნებოდა, ამ გოგოს მწარე ენა აქვს, გაშორდი და გპირდები, ახალ ცოლს მოგიყვანო. ამას ისიც დაემატა, რომ ჩემი ქმარი სხვას წერდა მესიჯებს, ბუნებრივია, ამაზე ვღიზიანდებოდი...

პირველი სერიოზული კონფლიქტი წყლის ონკანის გამოცვლის გამო მომიხდა. 4 კაცი იყო სახლში და 3 წელი ონკანი არ იკეტებოდა. საშინელი ხმა ჰქონდა და ბავშვებს აღვიძებდა. ერთ დღეს ვთქვი, იქნებ რომელიმემ გააკეთოთ-მეთქი. შენი საქმე არ არის, ენა ჩაიგდეო, გაბრაზდა ჩემი ქმარი, სულ დედას მაგინებდა, ამდენი ვერ მოვითმინე და ვუთხარი, ჩემს დედას ნუ აგინებ, შენი გყავს-მეთქი. ამ სიტყვების გამო ჩაიდანი მირტყა თავში, სულ დალურჯებული ვიყავი. მაშინ დავურეკე ჩემებს, წამიყვანეთ თორემ თავს მოვიკლავ-მეთქი. მოვიდნენ, მაგრამ მითხრეს, ოჯახი გაქვს და მოითმინეო, მაინც დამტოვეს, ჩემს ენას დააბრალეს ყველაფერი. მერე საღამოს დათვრა და ბოდიშები მიხადა ქმარმა, მეც გული მომილბა.

მორიგი კონფლიქტი თურქეთიდან დაბრუნებულს მომიხდა.

- რაზე იჩხუბეთ?

- თურქეთში ჩაის საკრეფად მეც წავედი, 9 თვის იყო პატარა, დედამთილს რომ დავუტოვე, იქიდან დაბრუნებულმა საქონლისთვის საჭმელი ვიყიდე, ოჯახისთვის პროდუქტები და სხვა ნივთები, რაც გვჭირდებოდა და რასაც ჩემი თანხა გაწვდა. 500 ლარი მქონდა დარჩენილი და ჩემი ნაშრომით ჩემს შვილებს 20-ლარიანი ფეხსაცმელები ვუყიდე. დედამთილმა და მამამთილმა იცოდნენ, რის საყიდლადაც მივდიოდი, ქმარი სახლში არ იყო და რომ გაიგო, თანხა იმ 500 ლარს მოვაკელი, ამის გამო სასტიკად გამისწორდა. ჩემ გარეშე როგორ გაბედე ფულის აღებაო და ტაბურეტის სკამით მცემა. სულ დასახიჩრებული ვიყავი, ვკოჭლობდი, მეტის მოთმენა აღარ შემეძლო და პირდაპირ 112-ში დავრეკე, სასწრაფო და პოლიცია გამოვიძახე, მერე დაიწყო ბოდიშის მოხდა ჩემმა ქმარმა, - გპირდები, მეტჯერ არასოდეს გეჩხუბები, ოღონდ ახლა გადამარჩინე დაჭერასო... სამი თვე ის იარა არ მომრჩენია... პოლიციამ მაშინ დაიბარა ჩემი მშობლებიც და მირჩევდნენ, იქ არ დავბრუნებულიყავი, ისევ იგივე განმეორდებაო, მაგრამ მაინც იქ დამტოვეს.

საქმე აღიძრა ჩემი ქმრის წინააღმდეგ, ექსპერტიზა ჩამიტარდა და მას ერთი წელი პირობითი მიესაჯა, ჩემი ცემის გამო. პოლიციის გამოძახება მარტო ოჯახმა კი არა, უკვე სამეზობლომაც არ მაპატია, ყველამ ამითვალისწუნა. მაშინ მე ჩემს ქმარს კი არ ვწირავდი, ჩემი თავის გადარჩენას ვცდილობდი.

- რომ გაასამართლეს, ალბათ, უფრო აგრესული გახდა, არა?

- იცოდა, რომ დაიჭერდნენ, მაგრამ კვლავ იგივე გაიმეორა. გაზაფხული მოვიდა და თურქეთში სამუშაოდ წასვლის დრო იყო, ქმარს პირობითი ჰქონდა, ვერ გადიოდა ქვეყნიდან, ამიტომ მე მომიწია წასვლამ. ჩემს შვილებს სჭირდებოდათ ჭამა და ამიტომ სხვა გზა არ მქონდა. ბავშვებისთვის ცალკე მომქონდა ტკბილეულობა და სასმელები და დედამთილი ამას მალავდა, თავის ქმარს და შვილს აჭმევდა.

თურქეთში ძალიან ბევრს ვშრომობდი, დღეში 200-250 ლირა გამომდიოდა, მძიმე სამუშაოზე ვმუშაობდი, მოვაგროვე თანხა და სახლში დავბრუნდი, აქედან 100 ლარი ჩემმა მაზლმა მომპარა, ბანკის ვალები ჰქონდათ და იმის პროცენტი გადაიხადეს, მერე ჩემმა ქმარმაც მომპარა ფული, ითამაშა და წააგო. ამის გამოც ვიკამათეთ. ცოტა თანხა მქონდა გასესხებული, იმას გამოვართვი და ვიფიქრე, ჩემს დას გავატან და გადავინახავ-მეთქი და ჩემი და დავიბარე. ჩემზე გაბრაზებულმა დედამთილმა მას გამარჯობაც არ უთხრა, ვუყვებოდი ჩემს პრობლემებზე, რადგან არავინ მყავდა სხვა, ვისაც გულს გადავუშლიდი, გული გასკდომაზე მქონდა. ამ დროს, თურმე, ჩემი დედამთილი მისმენდა ჩუმად და შემოვარდა, - შენმა ენამ დაღუპა ყველაფერიო და ჩემი ლანძღვა დაიწყო. ჩემმა დამ უთხრა, სულ მაგდას ლანძღვა მესმის, ნუ ილანძრებით, ამ საყვედურებს არ მივიღებო. თავის შვილს სულ ეუბნებოდა, ცოლი რომ მოარჯულო, უნდა სცემოო. თვითონ კი ოჯახი ამის გამო დაანგრია. - თქვენ ხომ დაგენგრათ ცემის გამო ოჯახი და საკუთარ შვილს ამას რატომ ასწავლითო, - უთხრა ჩემმა დამ.

ამან დედამთილი საერთოდ გააცოფა - სახლიდან გადი, შენს დისშვილებს ვერასოდეს ნახავო... - აქედან არ წავალ გაგდებულიო, - უპასუხა ჩემმა დამ და ამ დროს, ჩემმა დედამთილმა ბავშვის აკვანს არტახის დიდი ჯოხი გამოაძრო და ჩემი და იმით სცემა. ამას ჩემი ქმარიც უყურებდა, იმის მაგივრად, რომ დედამისი დაემშვიდებინა, მითხრა - ახლა შენც მიჰყევი შენს დას და წადიო, მეც დამიწყეს ცემა. ქმარმა ჯავრი ჩემზე იყარა, არადა, დედამთილსა და ჩემს დას შორის ვიდექი და ვაშველებდი, ამ დროს მეც მომხვდა ის ჯოხი, მერე ქმარმაც მცემა და ქუჩაში გამოგვაგდეს. გოგო შენ გგავს და წაიყვანეო, ბიჭი ჩემი გვარის გამგრძელებელია, მე გავზრდიო და სახლში შეიყვანა.

ბიჭიც გამოვიყვანე, ამ დროს, დედამთილმა თავში კარი მოარტყა და იმის ნაცვლად, რომ ბავშვისთვის მიეხედათ, ჩემი საფულე და ტელეფონი დაიტაცეს მაგიდიდან. ფულის მეტი არაფერი აინტერესებთ.

გამოვიძახე პოლიცია. კარგად იცოდა დედამთილმა, რომ მის შვილს პირობითი ჰქონდა და დაიჭერდნენ, ამიტომ თვითონ გაიქცა ჩემი ქმრის მანქანით პოლიციაში და განცხადება დაწერა, თითქოს ჩემი და მიუვარდა და პროვოკაცია მოაწყო. ამბობდა, მსხვერპლი მე ვარო. ადრე რომ მქონდა, ისეთი დაზიანებები ახლა აღარ მქონდა, მაგრამ ძალადობის კვალი კარგად ნახა პოლიციამ, თან შიშველი ბავშვები მეჭირა ხელში და ქუჩაში ვიდექი. სასამართლომ ერთთვიანი შემაკავებელი ორდერი გამოსცა, ამ ინციდენტის მერე, ორივე შვილთან ერთად მშობლების სახლში დავბრუნდი, მაგრამ ჩემი ქმარი მერეც არ ისვენებდა. მირეკავდა, ბინა ვიქირავოთ და ცალკე გადავიდეთო. მისი დები ამბობდნენ, ოღონდ ციხეში არ წავიდეს, გადავა ახლა ნაქირავებში, მერე იქ დატოვებს ბავშვებიანად და თვითონ წავა თურქეთშიო. მე უარი ვთქვი შერიგებაზე, ეს წლები ჯოჯოხეთში ვიყავი და არ ვაპირებ ასე გაგრძელებას.

მე და ჩემი და დაზარალებულად გვცნეს, ვუთხარი გამომძიებელს, რომ ორდერის გამოცემის მიუხედავად, ქმარი მაინც მირეკავდა და ამიტომ, დაიჭირეს. ახლა ციხეშია. ამ დრომდე ჩემი ნივთები ვერ წამოვიღე იმ სახლიდან, დედამთილი არ მაძლევს.

- ბავშვებს აკვანში ზრდიდით?

- შვილები ძველებური წესით მყავს გაზრდილი, ეს იყო დედამთილის მოთხოვნა. შვილი რომ შემეძინა, ბავშვის საწოლიდან დაწყებული, ყველაფერი მომიტანა დედაჩემმა, მაგრამ ვერ გამოვიყენე, ამის უფლება არ მომცეს. ღამით ბავშვის აკვანს დედამთილი იდგამდა საწოლთან, რომ გაიღვიძებდა მომიყვანდა და ძუძუს ვაჭმევდი, მეორე რომ გაჩნდა, უფროსი შვილი ღამით ამის მერე მომცა, მას ჩემთან ვიწვენდი მერე, პატარას კი ისევ აკვანში ეძინა, ბებიასთან. ბავშვები ძალიან დიდი სტრესის ქვეშ იყვნენ. სულ შეშინებულები... ნაცემი რომ ვტიროდი, ჩემი უფროსი გოგონა მოვიდოდა და მამშვიდებდა, არ იტიროო, ცრემლებს ის მიწმენდდა. ერთი კვირა ტირილით იღვიძებდნენ ბავშვები, მერე ექიმთან მივიყვანე და დასამშვიდებელი გამოუწერა.

ახლა დამშვიდებულები არიან. ვფიქრობ, გამიჭირდება შვილების მარტო გაზრდა, მაგრამ ძალ-ღონეს არ დავიშურებ მათი კარგად ყოფნისთვის. ასეთ სტრესში ბავშვების გაზრდა ცუდია, მათაც დაენგრევათ ფსიქიკა. მშობლებს თავიდან რომ წამოვეყვანე, კარგი იქნებოდა, ამდენის გადატანა არ მომიწევდა.

ვინც ძალადობის მსხვერპლია, მათ ვურჩევ, დროზე დაშორდნენ, მოძალადის გამოსწორება არ იქნება. ახალგაზრდებს ვურჩევ, კარგად დაფიქრდნენ, სანამ გათხოვდებიან. საბედნიეროდ, ახლა უკვე კანონი კრძალავს 18 წლამდე დაქორწინებას და ამისთვის დაისჯება მამაკაცი, ეს მისასალმებელია. ყოველთვის მშვიდად დაშორება ჯობია, როცა კონფლიქტებია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდა. საკუთარი თავის სიყვარული დავკარგე ეს წლები. თუ მშობლები ბედნიერები არ არიან, იქ ბავშვებიც ვერ იქნებიან ბედნიერები და სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ ოჯახს შვილების გამო ინარჩუნებ. ჩემი მშობლები გვერდში მიდგანან, ვმუშაობ და ვზრდი ჩემს შვილებს.

(სპეციალურად საიტისთვის)