"საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის თანახმად, დიდი სახელმწიფოების ომი ახლოვდება" - რას წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა - კვირის პალიტრა

"საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის თანახმად, დიდი სახელმწიფოების ომი ახლოვდება" - რას წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა

ამერიკული გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს სტატიას სათაურით - "საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის თანახმად, დიდი სახელმწიფოების ომი ახლოვდება" (ავტორი - მეთიუ კრიონიგი, აშშ-ის ბ.სკოუკროფტის სახ. ანალიტიკური ცენტრის დირექტორის მოადგილე).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამ კვირაში ათასობით სტუდენტი მთელ მსოფლიოში საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლას დაიწყებს. ალბათ, პროფესორებმა უკვე შეამჩნიეს, რომ საერთაშორისო-სამართლებრივი სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. შესაბამისად, ლექციის დროს ისინი სტუდენტებს უნდა ესაუბრონ დიდ სახელმწიფოებს შორის მოსალოდნელ სავარაუდო კონფლიქტზე.

მრავალი წლის განმავლობაში საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, ძირითადად, ოპტიმიზმს ნერგავდა, რომ დიდ სახელმწიფოებს შეუძლიათ უთანხმოება კონსტრუქციული თანამშრომლობით მოაგვარონ, შეიარაღებული კონფლიქტების გარეშე.

საერთაშორისო ურთიერთობების რეალისტური თეორიები, რომლებიც აქცენტს ძალაზე აკეთებენ, ათწლეულების განმავლობაში მიიჩნევდნენ ცივი ომის დროინდელ ბიპოლარულ მსოფლიოს და მის შემდგომ ერთპოლარულს, რომელშიც აშშ დომინირებს, შედარებით მარტივ, უკონფლიქტო სისტემებად. ბირთვული იარაღი, თავის მხრივ, კონფლიქტის ფასს სწევდა, რაც მსხვილ სახელმწიფოებს შორის ომს გამორიცხავდა.

თავის მხრივ, ლიბერალური თეორიტიკოსებიც ამტკიცებდნენ, რომ დემოკრატიული სისტემის გავრცელება და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაციები, ხელმოწერილი შეთანხმებები მსხვილი ომების თავიდან აცილებას უზრუნველყოფდა და დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკების შესაძლებლობას აძლევდა. უფრო მეტიც - ეკონომიკურმა გლობალიზაციამ შეიარაღებული კონფლიქტები ძალზე ძვირად ღირებული გახადა. მართლაც და, რატომ უნდა ვიჩხუბოთ, თუ საქმე კარგად მიდის და ყველა მდიდრდება? და ბოლოს, აღნიშნული თეორიის მიხედვით, საზოგადოების დემოკრატიზაციის პირობებში, ქვეყნები ერთმანეთთან სულ უფრო ნაკლებად იომებენ და უფრო მეტად ითანამშრომლებენ. ბოლო 70 წლის განმავლობაში კაცობრიობას დემოკრატიზაციის ბევრმა ტალღამ გადაურა და ქვეყნები ნაკლებად აგრესიულები გახადა. გარდა ამისა, თუ ადრე ჩვეულებრივი მოვლენა იყო მეკობრეობა, მონობა, წამება და მტაცებლური ომები, დღეს ასეთი ქმედებები ცივილიზებულ პრინციპებს, ადამიანის უფლებების დაცვას ეწინააღმდეგება.

სამწუხაროდ, დღეს დამაბალანსებელი ძალები თვალდათვალ ქრებიან. საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის მიხედვით, ახალ ცივ ომს, ერთი მხრივ - აშშ-ის, მეორე მხრივ კი - რუსეთსა და ჩინეთს შორის, მშვიდობიანი ხასიათი არ ექნება.

დავიწყოთ ძალისმიერი პოლიტიკით. ჩვენს თვალწინ ყალიბდება სულ უფრო მეტად მრავალპოლარული მსოფლიო. რა თქმა უნდა, აშშ ძველებურად ითვლება პლანეტის წამყვან სახელმწიფოდ, თითქმის ყველა ობიექტური მაჩვენებლით, მაგრამ ჩინეთი მას ფეხდაფეხ მისდევს და მტკიცედ აქვს დაკავებული მეორე ადგილი სამხედრო-ეკონომიკური ძლიერებით. ევროკავშირიც, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ და რეგულაციურ ზესახელმწიფოდ უნდა მივიჩნიოთ. ვხედავთ, ასევე, უფრო აგრესიულ რუსეთს, ბირთვული იარაღის უდიდესი მარაგით, ხოლო განვითარებადი სამყაროს მსხვილ ქვეყნებს, როგორებიცაა ინდოეთი, ინდონეზია, სამხრეთი აფრიკა და ბრაზილია, მიუმხრომლობის გზა აქვთ არჩეული.

რეალისტების მტკიცებით, მრავალპოლარული სისტემები არასტაბილურია და ასეთ დროს ომების დაწყება იოლად ხდება. პირველი მსოფლიო ომი ამის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს.

მრავალპოლარული სისტემები არასტაბილურია კიდევ იმიტომ, რომ ყოველი ქვეყანა იძულებულია, იფიქროს მრავალრიცხოვან პოტენციურ მოწინააღმდეგეზე. მართლაც და, ამჟამად აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო შეშფოთებულია იმით, რომ, სავარაუდოდ, შეიძლება ერთდროულ კონფლიქტებში აღმოჩნდეს ჩართული: რუსეთთან - ევროპაში და ჩინეთთან - ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში. უფრო მეტიც - პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პრობლემის გადასაწყვეტად სამხედრო ძალის, როგორც უკანასკნელი საშუალების გამოყენება, აქტუალურ ხასიათს ინარჩუნებს, მაგრამ სამ ფრონტზე ომი წარმოუდგენელია.

შეცდომების დაშვებით ომები ხშირად იწყება - მოწინააღმდეგის ღირსეულად შეფასების უუნარობის გამო. სახელმწიფოებს ეჭვი უჩნდებათ მოწინააღმდეგის ძალების მიმართ და თვლიან, რომ მას ბრძოლა არ შეუძლია, ამიტომაც მასთან ომს იწყებენ. მაგრამ ზოგჯერ მოწინააღმდეგე ბლეფობს და როცა ომი იწყება, თავდამსხმელი საპასუხო დარტყმას იღებს. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, შეცდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, არასწორად ვარაუდობდა, რომ ყველაფერი სწრაფად და მსუბუქად დასრულდებოდა. ზოგიერთი მეცნიერი-რეალისტი გარკვეულ პერიოდში დასავლეთს მომწიფებული კონფლიქტის შესახებაც აფრთხილებდა, რომელიც შეიძლებოდა ნატოს საზღვრებს გასცდენოდა და აშშ-რუსეთის უშუალო კონფრონტაციად გადაქცეულიყო.

გარდა ამისა, არსებობს იმის საფრთხე, რომ ჩინეთის მეთაურმა სი ძინპინმა შეიძლება შეცდომა დაუშვას ტაივანთან მიმართებით. ვაშინგტონი კუნძულთან "სტრატეგიული ორაზროვნების" პოლიტიკას ატარებს, რაც ტაივანის ირგვლივ შექმნილ არასტაბილურობას, "დაწყნარების" ნაცვლად, კიდევ უფრო აძლიერებს. ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ ტაივანს აუცილებლად დაიცავსო, მაგრამ მისი სიტყვები თეთრმა სახლმა უარყო. ბევრი ლიდერი დაბნეულია, ალბათ, თვით სი ძინპინის ჩათვლით. პეკინი თვლის, რომ ტაივანზე თავდასხმა მას გაუვა და აშშ მის შესაჩერებლად ჩარევას დააგვიანებს.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ვაშინგტონი და პეკინი შეიძლება ე.წ. ფუკიდიდეს ხაფანგში აღმოჩნდნენ (როცა ორივე მხარე, ნებით თუ უნებლიედ, ომისაკენ მიექანება).

პეკინისა და მოსკოვის ნაკლებად ეფექტიანი ავტოკრატული სისტემების პირობებში, ნაკლებად შესაძლებელია მათ მიერ გლობალური ლიდერობის უზურპაცია, მაგრამ ისტორიულად ისე ხდება ხოლმე, რომ დამპყრობლური ომები მოთამაშეთა ექსპანსიონისტური ამბიციების გადაკვეთის დროს იწყება. მაგალითად, გერმანიის მსგავსად - პირველ მსოფლიო ომში და იაპონიის მსგავსად - მეორე მსოფლიო ომში. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ რუსეთმა, თავისი დაცემის მიუხედავად, ომს უფრო მეტად გაუძლოს, ვიდრე უფრო განვითარებულმა და ძლიერმა ჩინეთმა.

ზოგიერთებმა შეიძლება თქვან, რომ ბირთვული შეკავება იმუშავებს, მაგრამ სამხედრო ტექნოლოგიები ხომ იცვლება და ვითარდებაო. მსოფლიო "მეოთხე სამრეწველო რევოლუციას" განიცდის, ახალი ტექნოლოგიები გლობალური ეკონომიკის ტრანსფორმაციას იწვევენ. საქმე ეხება ხელოვნურ ინტელექტს, კვანტურ გამოთვლებს და კომუნიკაციებს, რობოტექნიკას, ჰიპერბგერით რაკეტებს, ენერგიის მიმართულების შეცვლას და ა.შ.

თავდაცვის სფეროს ექსპერტები თვლიან, რომ ჩვენ სამხედრო დარგში ახალი რევოლუციის ზღურბლზე ვდგავართ. სრულიად შესაძლებელია, რომ დღევანდელი ახალი ტექნოლოგიები, ისევე, როგორც ახალი ტანკები და თვითმფრინავები მსოფლიო ომის წინ, სამხედროებს მოქმედების უპირატესობას მისცემს, რაც ომის ალბათობას ზრდის.

ჩინეთი, მაგალითად, რამდენიმე სფეროში ლიდერობს, ჰიპერბგერითი რაკეტების წარმოების ჩათვლით, აგრეთვე, ხელოვნური ინტელექტისა და კვანტურ გამოთვლებში. ამ უპირატესობას ან პირიქით, ცრუ წარმოდგენას საკუთარი თავის ძლიერებაზე, ჩინეთს შეიძლება ტაივანზე თავდასხმის სურვილი აღუძრას.

ცივი ომის პირობებში საერთაშორისო ინსტიტუტები კონკურენციის არენებად გადაიქცნენ. რუსეთი და ჩინეთი ამ ინსტიტუტებში აღწევენ და მათ განსაზღვრული მიზნებისაკენ მიმართავენ. განა ვინმე დაივიწყებს იმას, როგორ თავხედურად იქცეოდა რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე (თავმჯდომარის რანგში), როცა მისი ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ? ანალოგიურად იყენებს ჩინეთი თავის გავლენას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რათა ხელი შეუშალოს "კოვიდ-19"-ის წარმოშობის გამოძიებას. გაეროს წევრი დიქტატორული სახელმწიფოები ცდილობენ და ერთმანეთს ექიშპებიან გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოში ადგილის დასაკავებლად, რომ ხელი შეუშალონ მათ მიერ ჩადენილი უხეში დარღვევების გამჟღავნებას, მათი ავი საქმენი შეუმჩნეველი რომ დარჩეს. ასე რომ, ძალიან ხშირად საერთაშორისო ინსტიტუტები კონფლიქტებს, მათი მოგვარების ნაცვლად, სულ უფრო მეტად აღრმავებენ და ამძიმებენ.

ლიბერალი მეცნიერები, ასევე, ამტკიცებენ, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება დაძაბულობის შემარბილებელ როლს ასრულებსო. ამ შემთხვევაში პრობლემა ისაა, თუ როგორ უნდა გამოაცალკევო მიზეზი შედეგისაგან. ვაჭრობა კარგი ურთიერთობების მამოძრავებელი ძალაა თუ პირიქით? პასუხი რეალურ დროში შეგვიძლია ვიპოვოთ: დღეს თავისუფალი სამყარო ცდილობს, თავი დააღწიოს მტრებზე - მოსკოვსა და პეკინზე გადაჭარბებულ დამოკიდებულებას. რუსეთთან ვაჭრობის დონე მკვეთრად დაეცა. დასავლელი კომპანიები რუსეთიდან გაიქცნენ. ამერიკა და იაპონია ისეთ საკანონმდებლო აქტებს იღებენ, რომლებიც ჩინეთთან ვაჭრობას ზღუდავენ. უოლ-სთრითისათვის, უბრალოდ, მიზანშეუწონელია ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების ინვესტირება, რომლებიც ჩინეთის არმიისათვის მუშაობენ და ისეთ იარაღს ქმნიან, რომელიც ამერიკელების მოსაკლავად არის განკუთვნილი.

მაგრამ, თავის მხრივ, ჩინეთიც შორდება თავისუფალ სამყაროს. მაგალითად, სი ძინპინი უკრძალავს ჩინეთის ტექნოლოგიურ ფირმებს უოლ-სთრითზე დარეგისტრირდნენ - იმიტომ, რომ მას არ სურს კონფიდენციალური ინფორმაციის გაზიარება დასავლელ სახელმწიფოებთან. ეკონომიკური ურთიერთკავშირი ლიბერალურსა და არალიბერალურ მსოფლიოს შორის, რომელიც ადრე კონფლიქტების წინააღმდეგ ბალასტის როლს ასრულებდა, დღეს უკვე ინგრევა.

დემოკრატიული მსოფლიოს თეორია ამტკიცებს, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა სხვა არადემოკრატიულ ქვეყნებთან უნდა ითანამშრომლონ, ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ როგორც ჯო ბაიდენი აცხადებს, მთავარი რღვევის ხაზი საერთაშორისო სისტემაში - ესაა "ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის".

რა თქმა უნდა, აშშ ძველებურად ინარჩუნებს ურთიერთობას ზოგიერთ არადემოკრატიულ სახელმწიფოსთან, მაგალითად, საუდის არაბეთთან. მაგრამ მსოფლიო წესრიგი სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს აშშ-სა და მის არადემოკრატიულ მოკავშირეებზე, რომლებიც, ერთი მხრივ, ორიენტირებულნი არიან სტატუს-ქვოს შენარჩუნებით ნატოსთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან და ავსტრალიასთან და, მეორე მხრივ, რევიზიონისტულ ავტოკრატიებთან - ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან.

ალბათ, ბევრმა კონსტრუქტივისტმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული განხეთქილება დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის ქვეყნების ლიდერების ცხოვრების სტილშიც ჩანს. სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის გამოსვლები და საქმიანობა ხშირად ავტოკრატიული სისტემის ქება-დიდებას წარმოადგენს და - დემოკრატიული სისტემის ნაკლოვანების გამომჟღავნებას. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჩვენ ამ მხრივ მეოცე საუკუნეს დავუბრუნდით.

საბედნიეროდ, არის კარგი ამბებიც. საერთაშორისო პოლიტიკის ყველაზე საუკეთესო გაგება თეორიების შეთავსებაში შეიძლება ვიპოვოთ. კაცობრიობის დიდი ნაწილი უპირატესობას აძლევს ლიბერალურ საერთაშორისო წესრიგს, ის კი შესაძლებელია მხოლოდ აშშ-ისა და მისი დემოკრატიული მოკავშირეების რეალური სამხედრო ძალის წყალობით. უფრო მეტიც - თეორიების ორიათასწლოვანი ისტორია იმას მოწმობს, რომ დემოკრატია, როგორც წესი, იმარჯვებს მკაცრ ძალებთან ჭიდილში, ავტოკრატიულის როლი კი კატასტროფულად ეცემა.

სამწუხაროდ, სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაზე ხშირად მხოლოდ დიდ ქვეყნებს შორის მომხდარი ომების შემდეგ ფიქრობენ.

იმედი უნდა გვქონდეს, რომ დღევანდელი სტუდენტები სწავლის დასრულების შემდეგ არ გაიხსენებენ იმას, თუ სად იყვნენ და რას აკეთებდნენ მესამე მსოფლიო ომის დაწყების ჟამს... მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობების თეორია შეშფოთების არა ერთ მიზეზს ბადებს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ