“Hasta la vista, baby” - რით დასაქმდება თანამდებობის დატოვების შემდეგ ბორის ჯონსონი? - კვირის პალიტრა

“Hasta la vista, baby” - რით დასაქმდება თანამდებობის დატოვების შემდეგ ბორის ჯონსონი?

ბორის ჯონსონი სულ მალე დიდი ბრიტანეთის პრემიერის პოსტს დატოვებს. ის ამ თანამდებობას სამი წელი იკავებდა. 6 სექტემბერს ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერსა და ქვეყნის ახალ პრემიერს - ლიზ ტრასს საქმიანობას გადააბარებს. საინტერესოა, რა საქმით დაკავდება ბორის ჯონსონი თანამდებობას დატოვების შემდეგ?

თავად ჯონსონის ბიოგრაფი ენდრიუ გიმსონი დარწმუნებულია, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ პოლიტიკოსი ჩრდილში არ მოექცევა...

ჟურნალისტიკა და მწერლობა

როგორც ცნობილია, პოლიტიკაში მოსვლამდე ბორის ჯონსონი საკმაოდ კარგი და მაღალანაზღაურებადი ჟურნალისტი იყო, ის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგაც აგრძელებდა წერას. ჟურნალისტიკას მას შემდეგ დაანება თავი, რაც პრემიერი გახდა.

გამოცემა Daily Telegraph ჯონსონს ყოველკვირეული სვეტისთვის წლის განმავლობაში 275 ათას გირვანქა სტერლინგს უხდიდა. არ არის გამორიცხული, სხვადასხვა გამოცემამ ჯონსონს ისევ შესთავაზოს თანამშრომლობა.

შესაძლოა, ჯონსონმა მემუარების წერაც დაიწყოს - ეს კი ყოფილი პრემიერებისთვის ფულის გამომუშავების ერთ-ერთი გავრცელებული ხერხია. ექსპერტების აზრით, შესაძლოა, გამოცემებმა მემუარების საავტორო უფლების მოსაპოვებლად მას მილიონი გირვანქა სტერლინგიც შესთავაზონ.

როგორც ცნობილია, ჯონსონს უკვე აქვს დაწერილი 8 წიგნი , მათ შორისაა უინსტონ ჩერჩილის ბიოგრაფია და პოლიტიკური სატირა - „სამოცდათორმეტი ქალწული“.

როგორც ცნობილია, ის უკვე 7 წელია, უილიამ შექსპირის ბიოგრაფიაზე მუშაობს და შესაძლოა, ჯონსონმა თანამდებობის დატოვების შემდეგ ეს წიგნი დაასრულოს. „შექსპირი: გენიოსის საიდუმლო“ - ეს წიგნი ჯონსონს ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა დაესრულებინა, თუმცა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდა, შემდეგ პოლიტიკოსი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, სულ მალე კი პრემიერის სავარძელი დაიკავა და წიგნის დასრულება ვერ მოახერხა.

"შექსპირის წიგნი მმართველობაზეა და კიდევ იმაზე, როგორ უნდა აჯანყდე და მოკლა მეფე", - ამბობს ენდრიუ გიმსონი, - "და ახლა, როცა ჯონსონს საკუთარი პარტია განუდგა, ალბათ, მოიფიქრა წიგნის დასასრული“.

სხვა საქმესთან ერთად, შესაძლოა, ბრიტანეთის ექსპრემიერმა თანხა სიტყვით გამოსვლით გამოიმუშაოს. როგორც ცნობილია, ტერეზა მეიმ (გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერი - რედ.) ცხრაჯერ სიტყვით გამოსვლისას 715 ათასი გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავა.

წარსულში მსგავსი გამოცდილება ჯონსონსაც ჰქონდა. 2019 წელს, სანამ პრემიერი გახდებოდა, ორჯერ სიტყვით გამოსვლისას მან 160 ათასი გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავა.

„ეჭვგარეშეა, რომ ის ბევრს დაწერს და სიტყვითაც ბევრჯერ გამოვა“, - აცხადებს ლორდი ანდი-ლისტერი, რომელიც ბორის ჯონსონის მრჩეველი იყო როგორც მერის, ასევე - პრემიერის პოსტზე.

ანდი-ლიტერის თქმით, ჯონსონი მხოლოდ მისთვის მნიშვნელოვან საკითხებს გამოეხმაურება, როგორიცაა უკრაინაში მიმდინარე ომი და ის საკითხი, რომ უკრაინას დასავლეთი დაუღალავად უნდა უჭერდეს მხარს.

„როგორც ჩანს, ბორის ჯონსონს ადარდებს, რომ მას გაცილებით ნაკლები ფული აქვს, ვიდრე მის მეგობრებს, ამიტომ ყველაფერს გააკეთებს ამ სიტუაციის გამოსასწორებლად“, - ამბობს ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმ ბეილი.

წავა თუ არა პოლიტიკიდან ჯონსონი?

boris2-1662453437.jpg
პრემიერის რეზიდენციასთან უკვე შეამჩნიეს სატვირთო მანქანა

პრემიერის სავარძლის დატოვების მიუხედავად, ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში დეპუტატის სტატუსს ისევ ინარჩუნებს, თუმცა როგორც გამოცემები წერენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის რამე თანამდებობაზე დანიშნონ ანუ ქვეყნის პირველი პირი „უთანამდებო დეპუტატი“ ხდება. შესაძლოა, ჯონსონმა საერთოდ დატოვოს პოლიტიკა და დეპუტატობაზეც უარი განაცხადოს, როგორც ეს მისმა მეგობარმა დევიდ კემერონმა გააკეთა.

„არ ვფიქრობ, რომ ის პარლამენტიდან მალე წავა“, - აღნიშნავს ლორდი ანდი-ლისტერი, თუმცა ამბობს, რომ შესაძლოა, ქვეყნის ყოფილი პირველი პირი ვერ შეეგუოს რიგითი დეპუტატის როლს და პარლამენტი დატოვოს. ასევე, შესაძლებელია ისიც, რომ წარსულში მომხდარი სკანდალები, რაც ჯონსონის წვეულებებს ეხებოდა, მიზეზად გამოიყენოს და ჯონსონს დეპუტატის სტატუსი შეუჩერონ.

დაბრუნდება თუ არა?

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბოლო გამოსვლისას ბორის ჯონსონმა ყველასთვის ცნობილი ფრაზა წარმოთქვა: hasta la vista, baby, ამით კი ყველას მიანიშნა, რომ ის არსად არ მიდის და გააგრძელებს საქმიანობას. სიტყვის დასასრულს კი თქვა: „I'll be back“ – „მე დავბრუნდები“.

boris3-1662453437.jpg

მართლაც, შეძლებს თუ არა ჯონსონი პრემიერის თანამდებობაზე ან ოპოზიციის ლიდერად დაბრუნებას?

როგორც პროფესორი ტიმ ბეილი აღნიშნავს, ჯონსონის დაბრუნების გამორიცხვა შეუძლებელია, მაგრამ ამისთვის კონსერვატორები გამოუვალ მდგომარეობაში უნდა აღმოჩდნენ.

„კონსერვატიული პარტიის მომავალზე დავიწყებდი დარდს, მათ ისევ ბორის ჯონსონს რომ დაუძახონ“, - აღნიშნავს პროფესორი.

"რაც უნდა მოხდეს, ბორის ჯონსონის კულტი არსებობს. შესვენების შემდეგ კი პრემიერად მეორედ თანამდებობაზე ისევ ბრუნდებიან. რა საქმითაც უნდა დაკავდეს ის პრემიერობის შემდეგ, ვფიქრობ, ძალიან დაკავებული ადამიანი იქნება, რადგან ჯონსონი უსაქმურობას ვერ იტანს“, - აღნიშნავს გიმსონი. (წყარო)

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა. მმართველი „კონსერვატიული პარტიის“ კენჭისყრაში მან მისი მოწინააღმდეგე, ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი დაამარცხა. ამომრჩეველთა აქტივობამ 82.6% შეადგინა. ლიზ ტრასმა 81 326, ხოლო ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა კი - 60 399 ხმა მიიღო.

გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქვეყნის ახლად არჩეულ მთავრობის მეთაურს - ლიზ ტრასს გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

„ვულოცავ ლიზ ტრასს გამარჯვებას. მე ვიცი, რომ მას აქვს სწორი გეგმა ცხოვრების ღირებულების კრიზისთან გასამკლავებლად, ჩვენი პარტიის გაერთიანებისა და დიდებული სამუშაოს გასაგრძელებლად ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისა და უფრო მაღალ საფეხურზე აყვანის გზაზე. ახლა დროა, კონსერვატორები მას 100%-ით დაუდგნენ გვერდით“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.