ძაღლი ავი არ იბადება
აღმოსავლეთის ქვეყნებში მდიდარ ოჯახებს საკუთარი ლომები და ვეფხვები ჰყავთ. არც ერთი შინაური ცხოველი არ არის, მაგრამ ვისაც შეუძლია სწორად აღზრდა, გაწვრთნა, შემდგომ მართვა და, რაღა თქმა უნდა, იმდენი ფული აქვს, რომ გიგანტური მტაცებლები გამოკვებოს, ლომიც და ვეფხვიც კატასავით ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ კატაც და ძაღლიც შინაური ცხოველები არიან, როდესაც მათ ყოლას და მით უფრო, კორპუსის ბინაში ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ, უნდა გათვალოთ, გაქვთ საშუალება მათ მოსავლელად? შეგვიძლია მათი სწორად აღზრდა, წვრთნა და მართვა, რომ შემდეგ ცხოველი პრობლემად არ იქცეს, არ დავუმახინჯოთ ფსიქიკა, არ გავაავოთ და საშიში არ გავხადოთ სხვისთვისაც?
სამწუხაროდ, საქართველოში ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები, საგნების დონეზე აღიქმება. მათ ჩუქნიან შეყვარებულებს, რომლებიც სატრფოსთან დაშორების შემდეგ ხშირად საჩუქრებსაც იშორებენ. ძაღლებს ჩუქნიან პატარა ბავშვებს, რომელთაც არანაირი პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნიათ ასაკიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ამიტომაც მალე მობეზრებული საჩუქარი იმ მიზეზით, რომ სახლში ბეწვს ყრის, გასეირნება სჭირდება და საერთოდ, ოჯახის წევრივით ყურადღებას ითხოვს, ქუჩაში აღმოჩნდება ხოლმე. შესაბამისად, წყრომით ნათქვამი, ქუჩა ძაღლებით გაივსოო, მარტივად აიხსნება, ქვეყანაში მრავლად არიან უპასუხისმგებლო ადამიანები, რომლებიც ცხოველებს ნივთებივით ექცევიან და როცა მათი არსებობა მოსწყინდებათ, ქუჩაში აგდებენ და უმწეოებს უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის, რა დროსაც ავდებიან და აღარ ენდობიან ადამიანებს.
არის ავი ძაღლების მეორე კატეგორია, ჯიშიანები ან მეტისები, რომელთაც პატრონები ჰყავთ, უმეტესად, ე.წ. საბრძოლო ძაღლები. მაგალითად პიტბული, ბულტერიერი, როტვეილერი და სხვა. ძირითადად, პიტბულია ნეგატიური ყურადღების ობიექტი და პერიოდულად გაისმის მოთხოვნა მათი გამრავლების შეწყვეტაზე. ბოლო დროს ეს საკითხი კიდევ ერთხელ წამოიჭრა ამერიკაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, როდესაც გარდაცვლილი მამაკაცის პიტბულმა მისი დედა, 70 წლის ცნობილი ქართველი პიანისტი სასიკვდილოდ დაგლიჯა. რა აავებს ძაღლებს თუ ასეთი ავები იბადებიან? ამ და ძაღლის მოვლის სხვა, მნიშვნელოვან საკითხებზე პროფესიონალი მწვრთნელი გია ჯავრიშვილი გვესაუბრა:
- რა ჯიშისაც უნდა იყოს, როგორი საბრძოლო დანიშნულებაც უნდა ჰქონდეს, ავი ძაღლები არ იბადებიან, მათი სიავე აღზრდის ბრალია. სპეციალურად რაღაცისთვის გამოყვანილი ჯიში ნიშნავს, რომ ის უნდა გაიწვრთნას ამ მიმართულებით, რათა გენეტიკური თვისებები ამუშავდეს. პიტბული არ არის სუფთა ჯიში. მეტისია პიტის და ბულის. ის არ არის აღიარებული როგორც ჯიში. ძალიან მუშა ძაღლია. შესანიშნავად იტანს დატვირთვას, ძალიან კარგად ითვისებს, რასაც ასწავლი.
აღზრდის გარდა, კიდევ ერთი რამ განაპირობებს სიავეს - არასწორი გამრავლება. ხვადი და ძუ სწორად შერჩეული უნდა იყვნენ. იმ ქვეყნებში, სადაც ცხოველების ყოლა, მართვა და გამრავლება კულტურაა, ავ ძაღლებს არ ამრავლებენ. არც ხოცავენ, სტერილიზაცია-კასტრაციას უკეთებენ. იქ, სადაც ძაღლის მოვლის დაბალი კულტურაა, ასეთი სუფთა ან შერეული ჯიშები საჩხუბრად ჰყავთ - ანუ მათი ქცევის კორექცია არ ხდება და ისინი საშიში არიან სოციუმისთვის. ამერიკაში რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ იმ ძაღლს არასწორად მიუდგნენ. სანამ პატრონთან ცხოვრობდა, არავის ვნებდა, მაგრამ პატრონის სიკვდილის შემდეგ შეუცვალეს გარემო, არ იცოდნენ, როგორ მოჰქცეოდნენ და ტრაგედია დატრიალდა.
თუ საზოგადოება ძაღლთან მოქცევას არ ისწავლის, ნებისმიერი ჯიში შეიძლება გაავდეს. აკიტა, რომელზეც ყველა გიჟდება, რა ლამაზი და ფუმფულააო, შეიძლება არასწორი აღზრდის გამო ისე გაგიჟდეს, პატრონიც კი დაგლიჯოს.
არსებობს ადამიანების კატეგორია, ფსიქოლოგიურად დათრგუნვილი, არასრულფასოვნების კომპლექსებით შეწუხებული, რომლებიც სწორედ ავი ძაღლებით ცდილობენ დაანახონ საზოგადოებას ის, რაც თვითონ არა აქვთ. ასეთებს ძაღლი არ უნდა ჰყავდეს.
პატრონების უმრავლესობა ძაღლებს არ ასწავლის, არ წვრთნის. იტყვიან, ძაღლმა ისედაც იცის მისი საქმეო. ეს ისეთივე მცდარი და საშიში დამოკიდებულებაა, როგორიც ძაღლის სპეციალურად აგრესიულად გაწვრთნა.
- ჩვენი, კავკასიური ნაგაზებისა და მთის ძაღლების შესახებ გამიგია, რომ არ უნდა სწავლა, რადგან თურმე ისედაც ყველაფერი იცის.
- ნაგაზი ქალაქის, სახლის, ეზოს პირობებში აუცილებლად უნდა გაიწვრთნას, თორემ მთაში დედა ასწავლის, როგორ მოიქცეს ხროვაში, მგელთან, ადამიანთან, საქონელთან... თუმცა ამაშიც მეცხვარემ უნდა ითამაშოს დიდი როლი, ძაღლებს უნდა ესმოდეთ, რომ დიდ ხროვაში მეცხვარე მთავარია.
- ბევრმა არ იცის, რომ ძაღლები ჩვენ როგორც ცხოველებს აღგვიქვამენ და ან ბელადად გვაღიარებენ, ან გვჩაგრავენ.
- დიახ, ხროვაში აღგვიქვამენ როგორც ძაღლს და თუ გინდა ისინი მართო, ლიდერი უნდა იყო. დაუშვებელია ძაღლების გაადამიანურება - ანუ, როცა ეშინია და იმალება, ან აგრესიას გამოხატავს, არ შეიძლება მათი მოფერებით დამშვიდება. დაელაპარაკეთ როგორც ბელადი და არა როგორც საბავშვო აღმზრდელი აღსაზრდელს. არ შეიძლება ძაღლი გვმართავდეს, ჩვენ უნდა ვმართოთ.
- არსებობს აზრი, რომ პატარა ძაღლს არ სჭირდება გაწვრთნა.
- პატარა, ტანდაბალ ადამიანს არ სჭირდება განათლება და ცოდნა? მაშინ რა დააშავეს პატარა ძაღლებმა?
- დღეს ძალიან აქტუალურია ქუჩის ძაღლების ფობიის მქონე ადამიანების პრობლემა. როგორ მოიხსნან შიში?
- თუ შესაძლებლობა აქვთ, თვითონ აიყვანონ ძაღლი, ოღონდ ისეთი, რომელსაც გაუმკლავდებიან ფინანსურადაც და ფიზიკურადაც. შიში, ფობია უნდა გადალახონ იმით, რისიც ეშინიათ. ბევრია ისეთიც, ვისაც ჰყავს ძაღლი და მაინც ეშინია. ამ ფსიქოლოგიური პრობლემის დასაძლევად კინოლოგთან ერთად უნდა იმუშაონ. ვიღაც იტყვის, რატომ უნდა დაკარგოს დრო და ფული კინოლოგთანო. აბა, ქუჩის ან ნებისმიერ სხვა ძაღლს, თქვენი ძაღლის გარდა, ხომ ვერ გავწყვეტთ? როდესაც თქვენ შეიცვლით ქცევას მათ მიმართ, ისინიც შეიცვლებიან. განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობაა სოფლებში, რაიონებში, სადაც ბავშვობიდან უნერგავენ ძაღლის შიშს, გიკბენს, ქვა ესროლე, არ მიხვიდე... რატომ ქათმებზე არ ეუბნებიან იმავეს? ზოგიერთი მამალი ძაღლზე საშიშია, ისეთი გაავება იცის. რატომ უნდა ესროლო ქვა და სცემო ძაღლს? საკვები მიეცი, აგრძნობინე, რომ მისი მტერი არა ხარ და ყველაფერი დალაგდება. ეს ფობია მცდარი აზროვნების შედეგია. ძაღლი როდესაც გიყეფს, უნდა დავადგინოთ, რატომ გიყეფს. ეშინია მის ტერიტორიაზე შენი შეჭრის? დიახ, როცა ეშინია, ყეფს, რადგან, მისი აზრით, თავდასხმა ყველაზე კარგი თავდაცვაა და შეგიძლია მისი შიში გაანეიტრალო.
- რომელი ასაკიდან უნდა დაიწყოს ძაღლის გაწვრთნა?
- მე 4-5 თვიდან ვიწყებ. ცხოველს სჭირდება აღზრდა და წვრთნა. ეს ორი სხვადასხვა რამეა. აღზრდაა, რომ ასწავლო ჭამა, ტუალეტი და ასე შემდეგ... როდესაც წვრთნი, ასწავლი როგორ გახდეს დამჯერი. ძაღლი პატრონს ემსგავსება, პირიქითაც. ხანდახან ფიზიკურადაც კი ჰგვანან ერთმანეთს.
- რას ურჩევდით ძაღლის აყვანის მსურველებს?
- კარგად დაფიქრდნენ, რისთვის სჭირდებათ ძაღლი, რომელი ჯიში სურთ. ყველა ჯიში ყველა ადამიანს არ ერგება, ზარმაცს არ უნდა ჰყავდეს ქოლერიკი ძაღლი და აქტიურს - ზარმაცი. მზად უნდა იყვნენ ფინანსურად და ფსიქოლოგიურადაც. არასოდეს მიუყვანოთ პატარა ბავშვს ძაღლი. ბავშვს სჭირდება სათამაშო, ძაღლი კი სათამაშო არ არის.
- შეგიძლიათ დაასახელოთ ძაღლები, რომლებიც უკეთ ითვისებენ გაკვეთილებს?
- ძალიან ჭკვიანია ჰასკი, ბორდერ-კოლი, პუდელი, ბოქსიორი, გერმანული ნაგაზი. ჯიუტები არიან ინგლისური ბულდოგი, აკიტა, ბასეტი, ბიგლი, კავკასიური ნაგაზი. ჩვენი ნაგაზი ძალიან ამაყია, როგორ თუ შენ რაღაც მითხარიო. თავის დროზე შორს დავაყენეთ ეს ძაღლი და გახდა ისეთი, როგორიც არის.
ჩემთვის დაუვიწყარია ჩემი ძაღლები, რომლებიც მყავდნენ და აღარ არიან. მაგალითად, გერმანული ნაგაზი 13 წლისა წავიდა. შოტლანდიური ნაგაზი დიდი ხნის წინ მომიკვდა. მყავდნენ საოცარი მოწაფეები: ჰასკი, დობერმანი, კავკასიური ნაგაზი, მსიამოვნებდა რიზენშნაუცერთან ურთიერთობა. ზოგს ისეთი თვისებები აქვს, შეგრცხვება, რომ ცხოველი უწოდო.
40 წელია ამ საქმეში ვარ. თავს ვერ ვანებებ, არადა, მხატვარი ვარ. ბევრი რამის სწავლა შეიძლება მათგან, ცხოვრებას გასწავლიან. შვებულება არასდროს მქონია, რადგან ვერსად ვერ ვისვენებ ისე, როგორც ძაღლებთან.