შინნაზარდ ხოხბის ლაპებს ველურ ბუნებაშიც გაუფრთხილდებიან - კვირის პალიტრა

შინნაზარდ ხოხბის ლაპებს ველურ ბუნებაშიც გაუფრთხილდებიან

ლეჩხუმელი ბიძაშვილები ველურ კოლხურ ხოხობს რამდენიმე კვირის განმავლობაში, სეზონზე ზრდიან და შემდეგ ბუნებაში უშვებენ. მორისი ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს ოჯახით. გვითხრა, სამშობლოში აუცილებლად დავბრუნდები, სიკეთის გაკეთებას კი ამ ეტაპზე გერმანიიდან ვახერხებო. ბიძაშვილებმა კოლხური ხოხობი შარშან გაუშვეს ბუნებაში პირველად და დღეს ის ხოხობი უკვე გამრავლებულია. წლეულს ბუნებაში ველური ხოხბის მეორე "პარტია" გაფრინდა, რომელმაც არა მარტო ლეჩხუმის მთა-ველი უნდა დაამშვენოს. ამის შესახებ ლაილაშში ზვიად თვარაძეს ვესაუბრეთ:

- ბატონო ზვიად, მადლობას იმსახურებთ ამ საქმისთვის. აქამდე ხალხი ხოხობზე მხოლოდ ნადირობდა, ახლა კი მისი გამრავლება და ბუნებაში გაშვება მოგიფიქრებიათ.

- მხოლოდ მე არ მომიფიქრებია. ჩემი ბიძაშვილი მორისიც ინიციატორია. მან კარგად იცის, რომ ევროპაში ბევრი აკეთებს მსგავს სასარგებლო საქმეს, ველური ბუნების ბინადრებს ამრავლებს და მერე ბუნებაში უშვებს. ჩვენც გადავწყვიტეთ იმავეს გაკეთება - სიკეთეს წინ რა უდგას. ბუნებას მხოლოდ მომხმარებლის თვალით არ უნდა უცქერდე, შენც უნდა აკეთო რაიმე მისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ გამოფიტულ გარემოში თავადაც ვერ იქნები კარგად.

არის ხალხი, რომლიც ველური კოლხური ხოხბის გამრავლებას მისდევს. ჩვენც სწორედ ისინი მოვძებნეთ, ლაპები (ასე ჰქვია ხოხბის ბარტყს) წამოვიყვანეთ და გავზარდეთ. იმდენად ლამაზები არიან, მართლაც სასიამოვნოა მათი გაზრდა.

- და საფრთხილოც. ალბათ, სპეციფიკური საკვები სჭირდებათ, რომ არ დაიხოცონ.

- სხვათა შორის, ხოხობი გამძლე ფრინველია და არც კვება სჭირდება განსაკუთრებული. მცენარეულობით იკვებება, ამიტომ ბალახის მიწოდება სჭირდებათ. მასთან ერთად მწერებსაც ჭამს. ვისაც შინ კენკრა, მაყვალი, ჟოლო აქვს, ფრინველისთვის ესეც მშვენიერია. ის ძალიან კარგად იკვებება მარცვლეულით, რომლის ყიდვა ბაზარშიც შეიძლება. მთავარია, წყალი ყოველთვის სუფთა და ცივი ჰქონდეთ და თან, ასე ვთქვათ, ზრდისას "ექსპერიმენტები" არ ჩავატაროთ: ხშირად არ შევუცვალოთ გარემო, არ შევუმციროთ საკვები და სხვ. სხვათა შორის, გარემოს შეცვლა მათზე ძალიან მოქმედებს. როდესაც ხოხბის ლაპები შინ მოგვყავდა, გადაადგილება ვერ აიტანეს და რამდენიმე დაგვეხოცა.

- ველური ხოხბის გამრავლების გადაწყვეტილებას როგორ შეხვდა თქვენი ოჯახი? ცხადია, მთელი დღე შინ ვერ დაჯდებოდით მათ მოსავლელად.

- ძალიან გაუხარდათ მათი დანახვა. ვისაც ბუნება უყვარს, ხოხობი როგორ შეიძლება არ უყვარდეს! და როცა გიყვარს, უვლი კიდეც. მამალი ხოხობი ულამაზესია. იშვიათია ასეთი სილამაზით შემკული ფრინველი.

- ნამდვილად. სიმღერებიც არის ხოხბის სილამაზისადმი მიძღვნილი. გული არ დაგწყდათ, როდესაც ლაპები გაუშვით?

- როდესაც რაიმეს ზრდი და აღარ გყავს, თითქოს სიცარიელეს გრძნობ. ნამდვილად გვქონდა ეს გრძნობა ოჯახში. სამაგიეროდ, არაფერი შეედრება იმ სურათს, როდესაც ხოხბის მწყრისტოლა ლაპები მე და ჩემმა ბიძაშვილმა ბუნებაში გავუშვით. შეუდარებელი გრძნობაა - მიფრინავს ბუნების შვილი ბუნებაში და გიხარია, რომ ამაში შენი დამსახურებაც არის.

- სად ბუნების წიაღში გაზრდილი ველური ფრინველი და სად შინ, ვოლიერში, არ გაუჭირდათ გაფრენა?

- მერე რა, რომ ვოლიერში გაიზარდნენ, ბუნების შვილს ბუნება ყოველთვის ეძახის და მასაც ესმის მისი ხმა. ლაპები კალათიდან ამოვიყვანეთ თუ არა, მაშინვე გაფრინდნენ, ზოგი ხის ტოტზეც შეფრინდა. სხვათა შორის, დედალი ხოხობი ბუნებაშიც ვერ დაფრინავს კარგად და მტრის მოახლოებისას გაქცევით შველის თავს, აი, მამალი ხოხობი კი მშვენივრად დაფრინავს.

- როგორ გაიტანენ თავს ისინი ველურ ბუნებაში, როდესაც მისი კანონები შესისხლხორცებული არა აქვთ?

- მერწმუნეთ, გაიტანეს და იცოცხლეს. ჩვენ შარშანაც და წლეულსაც მწყრისტოლა ბარტყები გავუშვით, ანუ როდესაც იმის ძალა შეიძინეს, რომ ეფრინათ და საკვებიც მოეპოვებინათ. ზრდა ბუნებაში დაასრულეს და შესაბამისად ისეთივე პირობებში მოუწევდათ ყოფნა, როგორც ბუნებაში გამოჩეკილ ნაშიერს. ასე რომ, გამოვითვალეთ, რა ეტაპზე უნდა გაგვეშვა. ამიტომაც იყო, რომ შარშან ისეთ დიდ თოვლსა და ზამთარს გაუძლეს, რომლის მსგავსიც ჩვენში წლებია არ ყოფილა. მთელ წელიწადს გვიანი გაზაფხულის ჩათვლით, ლეჩხუმშიც და სხვა მთიანეთშიც თოვლი იდო. როცა დადნა და ხალხი გარეთ გავიდა, ჩვენებურები ჩვენს ხოხბებს გარშემო სოფლების მიმდებარედ "შეხვდნენ". წინასწარ გვქონდა ეს კონტროლი დაწესებული - ხალხს ვთხოვეთ, თუ სადმე ხოხობს გადაეყაროთ, შეგვატყობინეთ-მეთქი. რომ არა ჩვენი გაზრდილი ლაპები, მანამდე ჩვენში ხოხობი უიშვიათესად იყო. ერთ-ერთი მათგანი ჩემს ეზოშიც მოფრინდა ლაპების ხმაზე. ხოხობი ასეთი ფრინველია - თანამოძმის ხმა რომ ესმის, მისკენ მიიწევს. სამ დღეს უარა ხოხბის ლაპებით სავსე ვოლიერს გარშემო და შიგნით რომ ვეღარ შეაღწია, გაფრინდა. ერთიც ჩვენი მეზობლის ძაღლმა "მოინადირა". კიდევ კარგი, კბილი კარგად ვერ გაჰკრა. ძაღლის პატრონმა შინ წაიყვანა, ამჟამადაც მკურნალობს და მალამოებს ადებს. მითხრა, როგორც კი ძალა მიეცემა, იმწუთას გავუშვებ ბუნებაშიო.

- რას ამბობს ხალხი, თქვენ რომ ხოხობს შინ ზრდით და ბუნებაში უშვებთ? მაგალითს დიდი ძალა აქვს.

- ზოგს მოსწონს, ზოგს კი ახლაც არ სჯერა, რომ ხოხობი მართლაც ბუნებაში გასაშვებად მოვაშენეთ. რას ვიზამთ, ურწმუნობას ვერავის დავუშლით, მთავარია, ახალგაზრდა თაობა დაინახავს და იქნებ მაგალითიც აიღოს.

- მინდა წარმატება გისურვოთ ამ კეთილ საქმეში.

- დიდი მადლობა. ამ საქმიანობის გაგრძელებას კვლავ ვაპირებთ მე და ჩემი ბიძაშვილი. ხოხობი მომავალშიც უნდა გავზარდოთ და ბუნებაში გავუშვათ. დარწმუნებული ვარ სხვებიც აგვყვებიან. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს გაზრდილ ხოხბებს ნამდვილად არ დახოცავენ.