როგორ მოვუაროთ ხუთ პოპულარულ ოთახის მცენარეს - კვირის პალიტრა

როგორ მოვუაროთ ხუთ პოპულარულ ოთახის მცენარეს

თბილისში ჰაერის დაბინძურების საკითხი პრობლემაა, რომელსაც აღრმავებს ცენტრალურ უბნებში გაჩაღებული სამშენებლო სამუშაოები, მანქანების გამონაბოლქვი, მუდმივი საცობები. პრობლემაა ისიც, რომ გადატვირთული რეჟიმის გამო ადამიანები ქალაქგარეთ, ბუნებაში, სუფთა ჰაერზე ხშირად გასვლას ვერ ახერხებენ. ასეთ დროს საცხოვრებელ სახლში მცენარეების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სასურველია, ჩვენს საცხოვრებელ სივრცეში ჯანსაღი გარემო მოვიწყოთ, ამის საუკეთესო საშუალება კი ოთახის მცენარეებია. მათ ჩვენი საცხოვრებელი სივრცის გაჯანსაღება, ჩვენი გახალისება და ინტერიერის გალამაზებაც შეუძლიათ. რომელია ოთახის პოპულარული მცენარეები და როგორ უნდა მოვუაროთ მათ, ამაზე ბაღის დიზაინერი, ჟურნალისტი თამარ ხონელიძე გვესაუბრება.

- რომელია ყველაზე პოპულარული ოთახის მცენარე - არ არის მარტივი კითხვა, რადგანაც საქართველოში უკვე უამრავ ადამიანს აქვს მცენარეთა საკმაოდ კარგი კოლექცია და, ალბათ, ამ ჩამონათვალში უფრო სუბიექტური ვიქნები.

მოდი, ასე დავაჯგუფებ - მცენარეები, რომელთა მოვლის წესებზე ყველაზე ხშირად მეკითხებიან.

კარგად მოვლილ მცენარეებს შეუძლიათ სრულად შეცვალონ ჩვენი საცხოვრისის ატმოსფერო და სიმყუდროვე, ხალისი შემატონ ყოფიერებას. იმისთვის, რომ მცენარეებს კარგად მოვუაროთ, აუცილებელია ვიცოდეთ მათი სახელი და შემდგომ წარმოშობის ადგილი, ის ბუნებრივი პირობები, სადაც ესა თუ ის მცენარე იზრდება. მცენარე არასოდეს მოერგება თქვენს მოთხოვნებს - თქვენ უნდა შეუქმნათ მას მისი შესაძლებლობების სრულყოფილად გამოვლენისთვის შესაფერისი პირობები.

- რა ჯგუფებად იყოფა ოთახის მცენარეები?

- ოთახის მცენარეები, პირობითად, ფოთოლდეკორატიულ და ყვავილდეკორატიულ ჯგუფებად იყოფა.

ფოთოლდეკორატიულ მცენარეებს შორის ჩვენში ყველაზე ხშირად აკეთებენ არჩევანს კრასულაზე, ბენჟამინის ფიკუსზე, დრაცენაზე, ალოესა და მონსტერაზე.

ოთახის მოყვავილე მცენარეებს შორის ყველაზე გავრცელებულად და პოპულარულად მიმაჩნია პელარგონია, უზამბარული ია, ორქიდეა, აზალია და სპატიფილუმი.

- ვისაუბროთ ამჯერად ფოთოლდეკორატიულ მცენარეებზე...

krasula-1662456575.jpg

- Crassula - კრასულა, მსუქანა, ფულის ხე - ბევრი დასახელება აქვს ჩვენში ფართოდ გავრცელებულ ამ სამხრეთამერიკელ ლამაზმანს. ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსავლელი ოთახის მცენარეა. მთავარი პრინციპი - თუ გსურთ, რომ თავს კარგად გრძნობდეს, მისი არსებობა დაივიწყეთ! კრასულას სჭირდება კარგად განათებული ადგილი. ზაფხულში გაიტანეთ აივანზე, გამოაზამთრეთ გრილ, ნათელ ოთახში. მორწყვებს შორის ნიადაგი კარგად უნდა გამოუშრეს, რადგან ზედმეტი წყალი მცენარეს ალპობს.

ამრავლებენ მარტ-აპრილში, მარტივად - პატარა ტოტის ან სულაც ფოთლის ნიადაგში მოთავსებით. კრასულა ძალიან იშვიათად ყვავილობს თეთრი ვარსკვლავისებური ყვავილებით.

Ficus benjamina - ბენჟამინის ფიკუსი ბუნებრივად გავრცელებულია ინდოეთში, ჰიმალაიზე, შრი-ლანკასა და დასავლეთ აფრიკაში. ეს გახლავთ ოთახის პატარა ხე, რომელიც კარგი მოვლით შესაძლოა სიმაღლეში 2 მეტრამდეც გაიზარდოს. ამ მცენარის კულტურული ჯიშების შექმნაზე სელექციონერებმა საკმაოდ ბევრი იშრომეს. არსებობს სხვადასხვა ზომის ფოთლებით, სხვადასხვა შეფერილობისა და ვარჯის მქონე ხეები.

benjaminis-fikusi-3-1662456459.jpg

ბენჟამინის ფიკუსი საჭიროებს განათებულ ადგილს (არა პირდაპირი მზის სხივებით) და ზომიერ რწყვას. ძალიან ადვილი მოსავლელია, მარტივად მრავლდება კალმით და ექვემდებარება კრეჭას, ასე რომ, მისგან ლამაზი სკულპტურული ფიგურების შექმნაც შეიძლება.

Dracaena Vand - დრაცენა, იგივე დრაკონის ხის ნაირსახეობა - კანარის კუნძულების მკვიდრია, აგრეთვე აზიისა და აფრიკის ტროპიკებისა და სუბტროპიკების. სამშობლოში 18 მეტრამდე იზრდება, თუმცა ოთახის პირობებში 1,5 მეტრს არ აჭარბებს. ასევე უყვარს ნათელი, მზიანი ადგილი, ზომიერი მორწყვა - განსაკუთრებით ზამთარში, როცა ტემპერატურა ოთახში 16 გრადუსამდე უნდა შემცირდეს და იშვიათად უნდა მოირწყას.

dracena-3-1662456460.jpg

მრავლდება კენწეროს კალმების პირდაპირ სუბსტრატში მოთავსებით. როგორც სუბტროპიკების მკვიდრი, კარგად რეაგირებს ფოთლების ხშირ დანამვაზე.

Aloe - ალოე სამხრეთაფრიკელი, მადაგასკარელი ყმაწვილი გახლავთ და ეს გვარი სამასამდე სახეობას ითვლის. მათი უმეტესობა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხნის ისტორიით გამოირჩევა ოთახის კულტურათა შორის. ყვავის იშვიათად - ერთ მეტრამდე საყვავილე ღეროზე წითელი, მარჯნისფერი, ყვითელი და იშვიათად თეთრი ყვავილებით.

მცენარე ძალიან უპრეტენზიოა, ადვილად მრავლდება და რაც მთავარია, მისი ფოთლების ანტიბაქტერიული თვისებების გამო "ოჯახის ექიმსაც" უწოდებენ, სავარაუდოდ, ამან განაპირობა კიდეც ამ მცენარის ფართოდ გავრცელება. თუ ჭრილობაზე ხისებრი ალოეს გაფცქვნილ ფოთოლს დაიდებთ, ბევრად ადვილად შეხორცდება და ინფექციის რისკიც ნაკლები იქნება. ალოეს თქვენს ოთახებში ყველაზე განათებული ადგილი სჭირდება. ზაფხულში უხვად რწყავენ - მორწყვას შორის მიწის გამოშრობით. ზამთარში თუ ოთახში დაბალია ტემპერატურა - ძალიან იშვიათად ირწყვება. მრავლდება მერქნით, წვეროსა და ფესვის მიმდებარე კალმების პირდაპირ სუბსტრატში დაკალმებით.

Monstera - მონსტერა ოთახის კულტურაში მოზარდი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ლიანა გახლავთ. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკული ტყეების მკვიდრია. ოთახში შესაძლოა 5 მეტრამდეც კი მიაღწიოს, ხოლო სახეობების მიხედვით თითოეული ფოთლის დიამეტრმა 0,5 მ-ს გადააჭარბოს. ეს გახლავთ ოთახის იმ იშვიათ მცენარეთა წარმომადგენელი, რომელიც საკმაოდ დაჩრდილულ ადგილზეც კარგად გრძნობს თავს და სხვა მცენარეთათვის არასასურველ კუთხესაც დაგიმშვენებთ. მონსტერას უყვარს მაღალი ტემპერატურა და დატენიანებული ჰაერი. მისი ზრდის ტემპიც სწორედ ამ ფაქტორებზეა დამოკიდებული.

monstera-3-1662456460.jpg

ზამთრისთვის მისი გარემოს ოპტიმალური ტემპერატურა 16-18C-ია. მიწა არ უნდა გამოუშრეს, თუმცა ზედმეტ წყალსაც ვერ იტანს. არ დაგავიწყდეთ, რომ მონსტერა ლიანაა და მას დამატებითი საყრდენი სჭირდება.

ოთახის მოყვავილე მცენარეებზე სხვა დროს ვისაუბროთ. აქვე დავძენ, რომ განათება, მორწყვა, ჰაერის ტენიანობა და კვება ის ოთხი ძირითადი ფაქტორია, რომლებიც განაპირობებს მცენარის სიჯანსაღეს. ყველა მცენარისათვის ეს ფაქტორები ინდივიდუალურია.