ომის მეორასე დღისთვის რუსეთმა ათასი ტანკი დაკარგა... - კვირის პალიტრა

ომის მეორასე დღისთვის რუსეთმა ათასი ტანკი დაკარგა...

ომის მეორასე დღისთვის რუსეთმა ათასი ტანკი დაკარგა...

ამ კვირის ბოლოსკენ 200 დღე-ღამე შესრულდება, რაც რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს და, შესაბამისად, საბრძოლო დანაკარგები, როგორც სამხედრო ტექნიკის, ისე - პირადი შემადგენლობის სახით, ორივე დაპირისპირებულ მხარეს ეზრდება.

ამ დღეებში რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგებმა, ტანკების სახით, სიმბოლურ რიცხვს - 1 000-ს გადააჭარბა, რაც ძალზე სერიოზული დანაკარგია, თვით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალებისთვისაც კი...

მართალია, უკრაინის ოფიციალური წყაროები 2 077 ერთეულ განადგურებულ რუსულ ტანკზე იტყობინებიან, მაგრამ რეალობასთან მიახლოებული სურათი რომ წარმოვიდგინოთ, მაშინ ეს რიცხვი ორჯერ უნდა შევამციროთ და მივიღებთ სწორედ ათასზე მეტ ტანკს, რომელიც დღეისთვის რუსეთის არმიამ უკრაინის ფრონტის სხვადსხვა უბანზე დაკარგა, აფეთქებულის, დაზიანებულის, მიტოვებულისა და ალაფად აღებულის სახით.

სხვათა შორის, დღეს უკრაინელები იმასაც ზეიმობენ, რომ 24 თებერვლიდან მოყოლებული მათ მიერ განადგურებული რუსი ოკუპანტებისა და სეპარატისტების საერთო რაოდენობამ, ასევე, სიმბოლური რიცხვი - 50 ათასი შეადგინა, თუმცა აქაც, ეტყობა, რეალური რიცხვი ორჯერ ნაკლებია და რუსი ოკუპანტების დანაკარგი, მოკლულების სახით, 25 ათასამდე იქნება, ხოლო დაჭრილების, ტყვედ აყვანილებისა და დეზერტირების ჩათვლით, ეტყობა, 80 ათასს გადააჭარბებს.

რუსეთის არმიის მიერ ათასზე მეტი ტანკის დაკარგვას ადასტურებს ცნობილი ინტერნეტრესურსი „ორიქსი“, რომელიც აგროვებს და აანალიზებს ბრძოლოს ველზე განადგურებული, დაზიანებული, მიტოვებული და ალაფად აღებული სამხედრო ტექნიკის ფოტოვიდეოკადრებს.

2-t-1662460314.jpg
აფეთქებული სამხედრო ტექნიკისთვის გადაღებული ფოტოვიდეოკადრები შემდეგ ინტერნეტით ვრცელდება და შესაძლებელი ხდება მეტ-ნაკლები სიზუსტით იმის გამოთვლა,თუ მოწინააღმდეგე მხარეებიდან ვის რა საბრძოლო დანაკლისი აქვს...

„ორიქსის“ 6 სექტემბრის მონაცემების თანახმად, რუსეთის არმიის დანაკარგმა შეადგინა 1 012 ტანკი, ხოლო რუსი ოკუპანტების საერთო დაანკარგი სამხედრო ტექნიკაში შეადგენს - 5 478 ერთეულს.

„ორიქსის“ინფორმაციის თანახმადვე, უკრაინის არმიის დანაკარგები დღეისთვის გაუტოლდა 1 556 სამხედრო ტექნიკას, საიდანაც 252 - ტანკია.

რაც შეეხება უკრაინელების დანაკარგს ცოცხალ ძალაში, ეს რიცხვი, ალბათ, 15 ათასს უახლოვდება.

ომის დროს მოწინააღმდეგის საბრძოლო დანაკარგების გამოთვლა ძალზე რთულია, ხოლო საკუთარ დანაკარგებს ყველა მებრძოლი მხარე საიდუმლოდ ინახავს.

მიუხედავად ამისა, დღეს ბევრად უფრო ზუსტად შეიძლება ასეთი დანაკარგების დაანგარიშება, ვიდრე - გასული საუკუნის ომებში, რაც კამერიანი მობილური ტელეფონებისა და ინტერნეტის „დამსახურებაა“ - სამხედრო მოსამსახურეები ან უბრალო მოქალაქეები მობილური ტელეფონების კამერებზე აფიქსირებენ ომის სხვადასხვა მოვლენას, მათ შორის აფეთქებულ სამხედრო ტექნიკას და ამ კადრებს ინტერნეტში უშვებენ, „ორიქსისნაირი“ დამოუკიდებელი ინტერნეტრესურსები კი აგროვებენ ამგვარ ინფორმაციას, ახარისხებენ, აანალიზებენ და ობიექტურ შედეგსაც დებენ, თუმცა ყველას აფრთხილებენ, რომ ეს ამომწურავი მონაცემები არ არის, რადგან ბრძოლებში განადგურებული ბევრი სამხედრო ტექნიკისთვის ჯერ კიდევ არ გადაუღიათ ფოტო ანდა გადაღებული ფოტო არ არის ინტერნეტში ატვირთული.

ბოლო დღეებში, რაც უკრაინის არმიამ იერიშები დაიწყო ქვეყნის სამხრეთ ნაწილში - ხერსონის რაიონში, უკრაინაში ძალზე გამკაცრდა სამხედრო ცენზურა - კატეგორიულად აიკრძალა სამხედრო კოლონებისა და პოზიციების ფოტოვიდეო გადაღება, სამხედროებსა და პოლიციელებს უფლება მიეცათ ასეთ ქმედებაში შემჩნეული მოქალაქეები შეაჩერონ და გადაღებული კადრების წაშლა მოსთხოვონ, ხოლო ძლიერი ეჭვის შემთხვევაში, დააკავონ და უშიშროების სამსახურსაც კი გადასცენ...

დღე არ გავა, რომ უკრაინელმა სამართალდამცავებმა მტრის საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლის კორექტირების ბრალდებით რამდენიმე მოქალაქე არ დააკავონ, მაგრამ არიან თუ არა ისინი მართლაც რუსების ჯაშუშები, ეს მხოლოდ ობიექტურმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რისი დეფიციტი ომის პერიოდში ყოველთვის არის.

მოქალაქეების სისტემატური დაკავება ჯაშუშობის ბრალდებით შეიძლება, ასეთ ომში მყოფი ქვეყნის სპეცსამსახურების ერთგვარი ფსიქოზის, როდესაც ყველა ქუჩაში გამვლელი მტრის მზვერავად ეჩვენებად, ნიშანიც იყოს, მაგრამ ისიც სამწუხარო რეალობაა, რომ უკრაინაში ათწლეულობით ყალიბდებოდა რუსეთის „მეხუთე კოლონა“, რომლის „მძინარე წევრები“ მოსკოვიდან ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე „გამოაღვიძეს“...