"მას ხშირად "რკინის ლედის" - მარგარეტ ტეტჩერს ადარებენ, თავის დროზე კომუნიზმისა და სოციალიზმის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო" - კვირის პალიტრა

"მას ხშირად "რკინის ლედის" - მარგარეტ ტეტჩერს ადარებენ, თავის დროზე კომუნიზმისა და სოციალიზმის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო"

ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა. მმართველი "კონსერვატიული პარტიის" კენჭისყრაში მან მისი მოწინააღმდეგე, ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი დაამარცხა. ამომრჩეველთა აქტივობამ 82.6% შეადგინა. ლიზ ტრასმა 81 326, ხოლო ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა კი - 60 399 ხმა მიიღო. ლიზ ტრასის თქმით, მისთვის პატივია "კონსერვატიული პარტიის" ლიდერად არჩევა. მან მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მხარდამჭერებს. მან, ასევე, ახსენა ბორის ჯონსონიც. "ჩემი მეგობარი ბორის ჯონსონი. ბორის, თქვენ დაასრულეთ ბრექსითი. თქვენ შეუწყვეთ ვაქცინის შექმნას ხელი, თქვენ წახვედით ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. თქვენ პატივს გცემენ კიევიდან კარლაილამდე. მეგობრებო და კოლეგებო, გმადლობთ ნდობისთვის, რომ გავუძღვები "კონსერვატიულ პარტიას", უდიდეს პოლიტიკურ პარტიას დედამიწაზე",- განაცხადა ლიზ ტრასმა.

კულუარული ინფორმაციით, რუსები ხუმრობენ, რომ თუკი ბორის ჯონსონი უკრაინის დასახმარებლად იარაღს არ იშურებდა, ლიზ ტრასი რუსეთთან საომრად არ დაიშურებს მას. როგორია სინამდვილეში ბრიტანეთის ახალი პრემიერის პოლიტიკური ხელწერა, შეცვლის თუ არა წინამორბედი ბორის ჯონსონის მიერ წარმოებულ საგარეო პოლიტიკას და როგორი იქნება მისი პოზიცია ჩვენს რეგიონში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, ამის შესახებ ანალიტიკოსები ზურაბ ბატიაშვილი და თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრებიან.

ზურაბ ბატიაშვილი:

06092022-1703-1662469647.43_REC.png

- ლიზ ტრასი გამორჩეულად გაბედული და მიზანსწრაფული პოლიტიკოსია. მას ხშირად "რკინის ლედის" - მარგარეტ ტეტჩერს ადარებენ. ახლა მას შანსი აქვს, თავისი ლიდერობა გამოამჟღავნოს და მთელ მსოფლიოს აჩვენოს, თუ რას წარმოადგენს რეალურად ბრიტანული მხარდაჭერა. ეს ძალიან კარგი შანსია დასავლური სამყაროსთვის, ასევე - უკრაინისთვის და ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება. ჩემი აზრით, ტრასს შანსი მიეცემა, უფრო მეტი მხარდაჭერა გამოხატოს უკრაინის მიმართ, რადგან რუსეთ-უკრაინის ომი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და უკრაინული მხარე კონტრშეტევაზე გადადის. კონტრშეტევა არ უნდა გავიგოთ პირდაპირ შეტევაზე გადასვლად. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ მოწინააღმდეგის რესურსების და კომუნიკაციების გამოფიტვას, რათა უფრო ადვილი გახდეს კუთვნილი ტერიტორიის დაბრუნება. აი, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ხდება დიდი ბრიტანეთის ლიდერი ქალბატონი ტრასი. დიდ ბრიტანეთსაც, როგორც რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მოწინააღდეგეს, ექნება ძალიან კარგი შანსი, რომ ამ ქალბატონის შესაძლებლობები გამოიყენოს.

- როგორია მისი შესაძლებლობები და პოლიტიკური ხელწერა?

- ის არის კონსერვატორი, მემარჯვენე ორიენტაციის პოლიტიკოსი, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ის, რაც საქართველოში დამახინჯებულად არის წარმოჩენილი. ის დასავლური, კლასიკური კონსერვატორული ორგანიზაციის წარმომადგენელია, თავის დროზე კომუნიზმისა და სოციალიზმის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო, ახლა კი რაშიზმს უპირისპირდება. ადამიანებმა, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია უკრაინის და დასავლური ცივილიზაციის გადარჩენა, უნდა იცოდნენ, რომ დღეიდან დიდი ბრიტანეთის სათავეში არის ლიდერი, რომელსაც შეუძლია, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ქმედებებზე.

- თქვენი შეხედულებით, როგორი განვრცობა ექნება ბორის ჯონსონის მიერ პოლონეთისა და აღმოსავლეთის მიმართ არსებულ პოლიტიკას და, ასევე საინტერესოა, რა იცით, კონკრეტულად საქართველოს მიმართ ქალბატონი ტრასის დამოკიდებულებაზე?

- კონკრეტულად ლიზ ტრასის პოზიციისა და შეხედულების შესახებ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ბრიტანეთის სათავეში, ამ ქვეყნის საქართველოსადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. მთავარია ის ვიცოდეთ, ჩვენ რა გვინდა, მაგალითად, რატომ არ შეიძლება ჩვენი გაერთიანება იმ სამთა კავშირში, რომელიც უკრაინამ, პოლონეთმა და ბრიტანეთმა შექმნეს.

ყველამ ვიცით, რომ ომის შემდეგ სამყარო ისეთი აღარ იქნება, როგორიც 24 თებერვლამდე იყო. უსაფრთხოების არქიტექტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება ზუსტად ისეთი მცირე ალიანსები, როგორიც ეს სამთა კავშირია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩვენც ვეძებოთ მოკავშირეები, აქეთ არავინ შეგვეხვეწება.

თორნიკე შარაშენიძე:

sharashenidze.png

- ჩემი შეხედულებით ლიზ ტრასი მეინსტრიმული პოლიტიკოსია, მას ბორის ჯონსონივით გამოხტომები არ ექნება, თუმცა მისი პრემიერობა ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით რუსეთის მიმართ, არსებითად არ შეცვლის.

- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

- ბრიტანეთის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ ამ დრომდეც იმდენად მკვეთრად გამოხატული, ანტირუსული იყო, რომ ვეღარ წარმომიდგენია, ამაზე მეტად ანტირუსული როგორ უნდა გახდეს. მით უფრო, რომ ბრიტანეთს, ამერიკის მსგავსად, უზარმაზარი რესურსები არ აქვს. კი, ლიზ ტრასმა თქვა, რომ მაქსიმალურად დაუდგება უკრაინას გვერდით და ეს ასეც იქნება, ოღონდ გასათვალისწინებელია, რომ ბრიტანეთი უკვე ისედაც მაქსიმალურად გამოხატავს და გამოხატავდა კიევის მხარდაჭერას. რაც შეეხება ჩვენს რეგიონში ცვლილების შესაძლებლობას, ეს მხოლოდ ამერიკას შეუძლია. ბრიტანეთი 60-იანი წლებიდან მოყოლებული, ამერიკის მოკავშირე იყო და ყოველთვის ვაშინგტონის პოლიტიკურ ხაზს მისდევდა. იმ დროიდან მოყოლებული, დღემდე, ბრიტანეთის წარმოებულ პოლიტიკაში ვერაფერს ნახავთ განსხვავებულს ამერიკული პოლიტიკისგან. ზუსტად იმას აკეთებს, რასაც ამერიკა. შესაბამისად, ახლაც უნდა ვიცოდეთ, რომ ბრიტანელები ზუსტად იმას გააკეთებენ, რასაც ამერიკელები აკეთებენ.

ხათუნა ბახტურიძე