"სიმართლე სი ძინპინის "ერთიანი ჩინეთის" პოლიტიკის შესახებ" - რას წერს The Spectator? - კვირის პალიტრა

"სიმართლე სი ძინპინის "ერთიანი ჩინეთის" პოლიტიკის შესახებ" - რას წერს The Spectator?

ბრიტანული ჟურნალის - The Spectator-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "სიმართლე სი ძინპინის "ერთიანი ჩინეთის" პოლიტიკის შესახებ: პეკინის დღევანდელი აზრების გასაგებად წარსულში, იმპერატორების ეპოქაში უნდა გადავიხედოთ“ (ავტორი - ნორმან ბეიკერი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი).

„როცა მისი უდიდებულესობის მინისტრმა პეკინის მთავრობის შენობის მაღალი და მძიმე კარი შეაღო, იგი საიმპერატორო ბრწყინვალების სანახაობის მოწმე გახდა: ფართო და მდიდრული ოთახის შორეულ კუთხეში ორი რბილი სავარძელი იდგა, მარმარილოს მაგიდით და მასზე ყვავილებიანი დიდი ვაზით. ერთ სავარძელში ჩინეთის ლიდერის თანაშემწე იჯდა, მის გვერდით კი, ოდნავ მოშორებით, ხის მაგარი სკამები იყო ჩამწკრივებული, რომლებზეც მიღების მომლოდინე ჩინოვნიკები ისხდნენ, დაახლოებით, 15 ადამიანი.

ბრიტანელმა მინისტრმა მეორე სავარძელი დაიკავა, ცოტა ხნის შემდეგ კი მიღების ცერემონია დაიწყო - ოფიციალური მისასალმებელი სიტყვა, რომელიც წინასწარ იყო შეთანხმებული და შემოწმებული მიმღებ მხარესთან. არაფერი სხვა, ზედმეტი რამ - ვთქვათ, ტაში, ღიმილი, ემოციები. ყველაფერი მკაცრი წესებით იყო, ბოლოს კი ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმოწერით დასრულდა. ეს ყველაფერი რომ ცინის დინასტიის დროს ხდებოდეს, რომელიც ჩინეთში 1912 წელს დაემხო, ყველაფერი გასაგები იქნებოდა, მაგრამ ეს ხდება 2013 წელს, როცა მე დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის რანგში, ჩინეთს ვეწვიე“, - წერს ავტორი და ხაზს უსვამს: „ჩინეთის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური კურსის უკეთ გასაგებად საკმარისი იქნება წარსულში, იმპერატორების ეპოქაში გადავიხედოთ. სი ძინპინის პოლიტიკაში „ერთიანი ჩინეთის“ შესახებ ახალი არაფერი არის“.

„1911 წლის რევოლუციამდე, 200 წლის განმავლობაში, ჩინეთი პრეტენზიებს აცხადებდა ტიბეტზე და მისი დამოუკიდებლობის გაუქმება სურდა. ბრიტანეთი ჩინეთის პრეტენზიებს არასოდეს ეთანხმებოდა - ჩვენ ვიყავით დასავლეთის ის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც, 1904 წელს ხელმოწერილი Lhasa კონვენციის საფუძველზე, თავისი წარმომადგენელი ჰყავდა ტიბეტში, 1911 წლამდე და მის შემდეგაც - იმ მომენტამდე, როცა ჩინეთმა ტიბეტი უკანონოდ, ძალის გამოყენებით მიიერთა (1959 წელს). დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი უშუალოდ მონაწილეობდა დალაი-ლამას ინტრონიზაციაში. 1959 წლამდე ტიბეტს ჰყავდა თავისი მთავრობა, ატარებდა დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ჰქონდა ვალუტა, თავისი საფოსტო მარკები... პეკინის რეჟიმის ვერანაირი მცდელობა ისტორიულ ფაქტებს ვერ წაშლის. დიდ ბრიტანეთს დამოუკიდებელი ტიბეტის არსებობა კარგად ახსოვს.

ჩინეთში იმპერატორების მმართველობის დროიდან გაბატონებულია აზრი, რომ ერთიანი ჩინეთის შემადგენლობაში ტიბეტი და ტაივანი უნდა შედიოდეს. ეს არის შაბლონი, რომლითაც სი ძინპინის რეჟიმი ხელმძღვანელობს. აშკარაა, რომ ჩინეთის მთავრობა მანამ ვერ დამშვიდდება, სანამ იმპერატორების დროინდელ „ერთიანი ჩინეთის“ იდეას არ განახორციელებს. უფრო მეტიც - დღევანდელი ჩინეთის მთავრობა, მე-19 საუკუნის აზროვნებიდან გამომდინარე, თვლის, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვა მთლიანად მას ეკუთვნის. პეკინი პრეტენზიას აცხადებს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მისი არ არის - იაპონიის კუნძულებზე და ინდოეთის მიწა-წყალზე.

ჩინეთისათვის ტაივანი იმპერიული მოზაიკის მსხვილი ნაჭერია, რომელიც მისი კონტროლის გარეშეა დარჩენილი. ტიბეტი ოკუპირებულია, ჰონგ კონგი და მაკაო უკვე უკან აქვს დაბრუნებული. სავარაუდოდ, შემდეგს ტაივანი წარმოადგენს. არ აქვს მნიშვნელობა მსოფლიოს პროტესტს. პეკინი თვლის, რომ ქვეყნის გაერთიანება წმინდათა წმინდა საქმეა და მას წინ ვერავინ დაუდგება. აი, რას ამბობს თვითონ სი ძინპინი: „ჩვენ არავის - არანაირ პოლიტიკურ ორგანიზაციას და არც ერთ სახელმწიფოს არასოდეს მივცემთ უფლებას, რომ ჩინეთის რომელიმე ნაწილი ქვეყნის მთლიანი ტერიტორიიდან გამოყოს“.

არსებობს ასეთი გადმოცემა: როცა 1968 წელს ჩინეთის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის - ჯოუ ენლაისთვის უკითხავთ საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციის გავლენის შესახებ, მას ასეთი პასუხი გაუცია - ჯერ ძალიან ადრეა ამაზე ლაპარაკიო. შესაძლოა, მას მოეჩვენა, რომ კითხვა იმ წელს მომხდარ საფრანგეთის სტუდენტურ გამოსვლებზე დაუსვეს, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ისტორიას თავისი საფუძველი აქვს - ჩინელები მართლაც გრძელვადიანი პერსპექტივით აზროვნებენ.

მაგრამ, სამწუხაროდ, იმპერატორული აზროვნება მხოლოდ საზღვრებს არ ეხება. ჩინეთი იმავენაირად უყურებს სხვა საკითხებსაც, "ბოგდიხანური" ნორმებით. ერთი მხრივ, ეს გამოიხატება სხვადასხვა ერის ენების შევიწროებაში (მაგალითად, კანტონური და ტიბეტური ენების), მეორე მხრივ, აკრძალვებსა და დასჯაში, გენოციდის მცდელობაში, მაგალითად, უიღურების მიმართ, რომლებიც „ტერორისტებად“ არიან შერაცხილნი პეკინის მიერ.

რატომ იქცევა ჩინეთის ხელისუფლება ასე? ჩემი ვარაუდით, ამის მიზეზი მთავრობის იმპერიული და ქედმაღლური პოლიტიკაა. პეკინს ეშინია, რომ რკინისებური რეჟიმის შესუსტება კომუნისტური მთავრობისათვის ფატალური იქნება.

სი ძინპინს ამგვარი რამეც კი აქვს ნათქვამი: „რატომ დაიშალა საბჭოთა კავშირი? რატომ გაცამტვერდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია? ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ის იყო, რომ მათი იდეალები და რწმენა ეჭვქვეშ დადგა, პარტიის ფუნდამენტი მოიშალა“.

"რისი გაკეთება შეუძლია დემოკრატიულ მსოფლიოს? ზოგიერთი ლიდერი ფიქრობს, რომ დადგება დრო და ჩინეთის მთავრობის მენტალიტეტი შეიცვლებაო. ისტორიას თუ გავითვალისწინებთ, ეს მალე არ მოხდება“, - ასე ამთავრებს სტატიას ყოფილი ბრიტანელი მინისტრი.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ