უკრაინის არმიის მოულოდნელი შეტევა ბალაკლეიას გასათავისუფლებლად... - კვირის პალიტრა

უკრაინის არმიის მოულოდნელი შეტევა ბალაკლეიას გასათავისუფლებლად...

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობით დაინტერესებულთა მთელი ყურადღება სამხრეთზე, ხერსონის რაიონზეა მიმართული, სადაც 29 აგვისტოდან უკრაინის არმიამ შეტევითი ოპერაციები დაიწყო მტრის მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან განსადევნად.

და ამის ფონზე, დიდ მოულოდნელობად იქცა, პირველ რიგში, თავად რუსი ოკუპანტებისთვის, რომ უკრაინის არმიას აღმოაჩნდა რესურსი და ხერსონის ოპერაციის პარალელურ რეჟიმში დაიწყო შეტევა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონის ქალაქ ბალაკლეიას გასათავისუფლებლად.

ქალაქი ბალაკლეია რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჯერ კიდევ 3 მარტს დაიპყრეს, უკრაინაზე თავდასხმიდან ერთ კვირაში და ეს შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან სწორედ ამ ქალაქზე გადის მოსკოვი-დონბასის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი, რის ხელში ჩაგდებამაც რუს ოკუპანტებს საშუალება მისცა, გაეუმჯობესებინათ ლუგანსკისა და დონეცკის ფრონტებზე თავიანთი შენაერთების ლოგისტიკური უზრუნველყოფა საბრძოლო მასალითა და საწვავით.

ისე კი, ბალაკლეია ამ ომის დაწყებამდეც არა ერთხელ დაზარალდა და, დიდი ალბათობით, სწორედ რუსული სპეცსამსახურების გამოისობით...

საქმე ის არის, რომ ბალაკლეიასთან ჯერ კიდევ 1918 წლიდან განთავსდა სამხედრო საწყობები, ხოლო 1992 წლიდან, დამოუკიდებელი უკრაინის განკარგულებაში გადავიდა ბალაკლეიას 65-ე არსენალი, რომელიც 368 ჰექტარზეა გადაჭიმული და გათვლილი იყო 150 ათასი ტონა საბრძოლო მასალის შესანახად, რაც მას ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს სამხედრო საწყობად აქცევდა.

2-b-1662541986.png
ასე გამოიყურება ფრონტის ხაზი ბალაკლეიასთან 7 სექტემბრის მდგომარეობით...

2017 წლის 23 მარტს ბალაკლეიას არსენალის ტერიტორიაზე მოულოდნელად ჯერ ხანძარი გაჩნდა, რასაც იქ, ღია ცის ქვეშ დასაწყობებული საბრძოლო საჭურვლის დეტონაცია მოჰყვა - განადგურებული იქნა 125 მმ-იანი სატანკო, 152 მმ-იანი ჰაუბიცის და 122-იანი „გრადის“ 10-ათასობით ჭურვი და რაკეტა ანუ საბრძოლო მასალის სწორედ ის ნომენკლატურა, რის მწვავე დეფიციტსაც დღეს რუსეთთან ომში უკრაინის არმია განიცდის.

ამიტომაც დიდ ეჭვს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ 2014 წლიდან ემზადებოდა დიდი ომისთვის უკრაინაში, ეს გარემოებაც ადასტურებს, მით უმეტეს, რომ გამოძიებამ დაადგინა უპილოტო საფრენი აპარატიდან ცეცხლგამჩენი მოწყობილობის ჩამოგდება ღია ცის ქვეშ დასაწყობებულ ჭურვებსა და რაკეტებზე...

ამ რუსული დივერსიის მასშტაბებზე ისიც მეტყველებს, რომ არსენალის ტერიტორიაზე დეტონირებული ჭურვებისა და რაკეტების ფრაგმენტებმა უშუალოდ ქალაქ ბალაკლეიაში 260 შენობა დააზიანეს.

თავად რუსებიც აღიარებენ, რომ 7 სექტემბრის შუადღისთვის უკრაინელებმა მოახერხეს ქალაქ ბალაკლეიას ოპერატიულ ალყაში მოქცევა და შემდგომში ეტყობა, ქალაქ იზიუმისკენ გააგრძელებენ შეტევებსო...

იზიუმისა და შემდგომ - ლიმანის დაბრუნება კი უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას იმიტომ ეჩქარება, რომ საფრთხე ააცილოს სლავიანსკსა და კრამატორსკს, რომლებისკენაც რუსი ოკუპანტები და პრორუსი დონბასელი სეპარატისტები ძალიან ნელა, მაგრამ მაინც მიიწევენ და მათი ალყაში მოქცევა სურთ.

კრამატორსკიც და სლავიანსკიც ადმინისტრაციული დაყოფით დონეცკის ოლქში შედიან და მათი დაპყრობა კრემლის უმთავრეს ინტერესში შედის, რომ განაცხადოს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ საზღვრებზე გავედითო...

თავად უკრაინის ოფიციალური წყაროები, ისევე, როგორც ხერსონის მიმართულებაზე შეტევისას, ბალაკლეიას შემთხვევაშიც, თითქმის სრულ საინფორმაციო დუმილს ამჯობინებენ, რაც შეიძლება გამართლებული იყოს საიდუმლოების დაცვით, მაგრამ ასეთმა დუმილმა საინფორმაციო ომში წაგება იცის, ხოლო საინფორმაციო ველზე დამარცხება მინდორში დამარცხებაზე არანაკლებ მტკივნეულია...