"როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან - ძვირფასო ქართველებო, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით" - კვირის პალიტრა

"როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან - ძვირფასო ქართველებო, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით"

"როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან. მუშაობას ვაგრძელებთ. ძვირფასო ქართველებო, სამწუხაროდ, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით", - ასე მიმართავს ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს და ქართველ ხალხს უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია და უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს მიერ სასანქციო სიის გამოქვეყნებას ეხმაურება.

მისი განცხადებით, აღნიშნული სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარ სააგენტოს წარმოადგენს.

„ამ ვიდეოს ჩაწერა რამდენიმე დღით გადავიფიქრე, რადგან საქართველოს მთავრობის მხრიდან მოსალოდნელ ისტერიულ რეაქციას ველოდებოდი, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოსთან დაკავშირებულ ჩემს მიერ ადრე დაანონსებულ მოვლენებს ეხებოდა. ეს სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარ სააგენტოს წარმოადგენს.

ეს სააგენტო სანქციების პოლიტიკის საერთაშორისო ჯგუფში შედის. ჩემს საიტზე - war in Ukraine, ბიძინა ივანიშვილზე და მის უახლოეს გარემოცვაზე, კონკრეტულად კი იმ ბიზნესმენებზე, რომლებიც მის რეჟიმს აფინანსებენ, სანქციების დაწესების რეკომენდაცია განვათავსე. ამ პაკეტში ჯერჯერობით მისი პოლიტიკური გარემოცვის წევრები არ არიან. ეს შემთხვევითობა არ არის, რადგან ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ოლიგარქისა და მისი დამფინანსებელი წყაროების წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ, რაზეც ევროკომისიამაც რეკომენდაციის სახით უკვე ისაუბრა.

ამ ადამიანებს საქართველოში ყველა იცნობს. შეუძლიათ ინტერნეტში ამ ადამიანების სია ნახონ. ქართულმა მედიამ ეს სია უკვე გაავრცელა. ეს პირველი ეტაპია, რომლის ვერიფიკაციის შემდეგაც ეს დოკუმენტები სანქციების საერთაშორისო ჯგუფს გადაეგზავნება. ჯგუფის წევრები ამ დოკუმენტებს გადახედავენ და მონაწილე ქვეყნები გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ.

როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან. მუშაობას ვაგრძელებთ. ძვირფასო ქართველობო, სამწუხაროდ, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით”, - განაცხადა არახამიამ, რომლის განცხადების თარგმანსაც ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქციების ნუსხაში შეყვანილია: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტიტე მამაცაშვილი, ირაკლი რუხაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, დიმიტრი კორჟევი, დიმიტრი ტროიცკი, ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე.

InterPressNews