როგორი იყო სოციალური მდგომარეობა, ფასები და ხელფასები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში - კვირის პალიტრა

როგორი იყო სოციალური მდგომარეობა, ფასები და ხელფასები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის შემოღებისთვის მზადება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე დაიწყო. 1918 წლის ივნისში ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროსთან შეიქმნა „ქართული ფულის ფონდი“, რომელსაც ეროვნულ ოქროს ფონდსაც უწოდებდნენ. ამ ფონდში მოსახლეობის მიერ შეტანილი თანხა და ძვირფასეულობა საქართველოს მომავალი ეროვნული ვალუტის სტაბილური კურსის ერთ-ერთი გარანტი უნდა გამხდარიყო.

იმდროინდელ ქართულ პრესაში სისტემატურად იბეჭდებოდა ინფორმაციები, ვინ რა წვლილი შეიტანა ამ მამულიშვილური ფონდის გაძლიერებაში და ქველმოქმედებისკენ მოწოდებანიც ხშირად ქვეყნდებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, ქართველი ეკონომისტების ნაწილი გადაჭრით მოითხოვდა ამიერკავკასიის ბონის ემისიის შეწყვეტასა და ქართული ფულის ერთეულის თუნდაც ბონის სახით შემოღებას.

რათა ქართული ფულის ერთეულს მტკიცე საფუძველი ჰქონოდა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ დაადგინა, რომ ამ მიზნით საქართველოს ხელისუფლებას ევროპაში კრედიტი უნდა აეღო. ვინაიდან საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება პროგერმანულ ორიენტაციაზე იდგა, გადაწყდა, რომ კრედიტის გამოყოფისა და სხვა ფინანსურ-ეკონომიკურ საკითხებზე გერმანიის მმართველ წრეებს მოთათბირებოდნენ. ამ შეთანხმებით, საქართველოს მთავრობა სესხად იღებდა 54 მილიონ გერმანულ მარკას. სესხის მოგებით - 50 მილიონით უნდა აეღორძინებინათ ქვეყნის საფინანსო სისტემა და დაეფუძნებინათ სახელმწიფო ბანკი, რომელსაც ფულის ნიშნების ემისიის ერთპიროვნული პრეროგატივა ექნებოდა. ბანკს სრულად უნდა მიეღო მოგება სესხიდან, როგორც მიმოქცევაში გამოშვებული ფულის ნიშნების საფუძველი. კრედიტი წელიწადში 6%-ის ფარგლებში უნდა დაეფარათ. ამ პროცენტის შესაბამისი თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო წელიწადში ორჯერ: 1 აპრილსა და 1 ოქტომბერს. პირველი კუპონი 1924 წლის 1 აპრილს უნდა გაენაღდებინათ. სესხის დასაფარად ტირაჟები ყოველი წლის ოქტომბერში, ბერლინში გაიმართებოდა. ამ ვალის დაფარვა 1946 წელს დასრულდებოდა.

ამრიგად, ქართული ფულის ერთეულის შემოღებისთვის მზადება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე დაიწყო. 1919 წლის 11 ივლისს მიმოქცევაში გამოვიდა საქართველოს ბონები, თუმცა სრულფასოვანი ვალუტის შემოღებისთვის მზადება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დასრულებამდე გრძელდებოდა.

როგორი იყო იმ პერიოდში სოციალური ვითარება? საშუალო საბაზრო ფასები და ხელფასები

1920 წლის იანვარში, პირველი მოთხოვნილების საგნები ქართულ მანეთებში ღირდა:პური 10, 58; მარილი 4,83; ხორცი 15,50; ყველი 41; ზეთი 60,57; კარტოფილი 6, 03; ლობიო 9,19; კომბოსტო 2,88; ბრინჯი 23,87; ხახვი 4; ნახშირი 60; ნავთი 3,23.

იმავე პერიოდში, სხვადასხვა პროფესიის მუშები დღიურად საშუალოდ ასეთ ხელფასს იღებდნენ:

დურგალი და მჭედელი - 136,08; ქვის მთლელი, მხურავი, ხარატი, მღებავი და გამთბობი - 120,96; მხერხავი - 104,96, ხურო და შემლესავი - 104,24; დღიური მუშა - 90,72.

შრომის სამინისტროს მიერ შეკრებილი ცნობების თანახმად, 1919 წლის ნოემბერში, სხვადასხვა დარგის მუშაკები საშუალო თვიურ ხელფასად იღებდნენ:

მთავარი მოანგარიშე (ბუხჰალტერი) - 4.370; მისი თანაშემწე - 2.481; პროვიზორი - 2.950; მისი თანაშემწე _ 2.525; მოლარე _ 2.637; საქმის მწარმოებელი - 2.521; კანტორის მოსამსახურე - 2.173; ნოქარი - 1.904; გადამწერი - 1.682; ბებია-ქალი - 1.265 მანეთს.

სახელმწიფო სექტორში დასაქმებული მოსამსახურენი იღებდნენ შემდეგ ხელფასს:

აღრიცხვა-კონტროლის პერსონალი და ხელოვნების მუშაკი - 6.000; ადმინისტრაციული პერსონალი - 5.070; განათლების მუშაკი - 4.710; საქმის მწარმოებელი - 4.200; სამნეო-გამანაწილებელი პერსონალი - 4.140; ტექნიკური პერსონალი - 4.050; სამკურნალო-სანიტარიული საქმის მუშაკი - 3.840; საზოგადოებრივი სიმშვიდის დაცვის მუშაკი - 3.080; ჰიგიენის მუშაკი - 2.850.

თბილისელი მუშა-მოსამსახურის ოჯახის (4 სული) საშუალო თვიური გასავალი შეადგენდა 6.423,8 მანეთს. ხარჯების დანიშნულება გამოიყურებოდა შემდეგნაირად:

საზრდო - 3.847,2; ბინა, გათბობა და წყალი - 397; ჰიგიენა - 285,2; კულტურული და საზოგადოებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება - 458; ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც ოჯახის საჭიროების გარეშე რჩება - 81; დანარჩენი ხარჯები - 158,7 მანეთი.

რუსეთის იმპერიის ოქროს 1 რუბლი 1919 წლის ივლისში ღირდა 39,24 ქართული მანეთი, დეკემბერში - 102,96, 1920 წლის დამდეგს - 136,98, ხოლო დეკემბერში - 1.300.1 სახელფასო ანაზღაურების სიმცირე განსაკუთრებით მოსახლეობის დაბალი ფენების მდგომარეობას ამძიმებდა.

1919 წლის 11-16 აპრილს თბილისში გამართული საქართველოს პროფესიული კავშირების I ყრილობის დადგენილების საფუძველზე, მაისში, შრომისა და მომარაგების სამინისტროსთან ჩამოყალიბდა სატარიფო პალატა, რომელსაც სათავეში ილია გოლდმანი ჩაუყენეს. ამ სტრუქტურას დაევალა, ხელფასებსა და ფასებს შორის არსებული შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად ეზრუნა. იმავე წელს პალატამ ორჯერ მიიღო დადგენილება სახელფასო ანაზღაურების გაზრდის თაობაზე, თუმცა ეს ღონისძიებანი ფასთა მატებისტემპს მაინც ვერ ეწეოდა. ამის მიუხედავად, პალატის საქმიანობამ მთავრობას მუშათა არაერთი გაფიცვა ააცილა.1914 წლიდან - 1919 წლის სექტემბრამდე მუშის ხელფასი მანეთებში 22-ჯერ, ხოლო პირველი მოთხოვნილების საქონლის ფასები 75-ჯერ გაიზარდა. მისი დასკვნით, 1919 წელს მუშა 31/2-ჯერ უფრო უარესად ცხოვრობდა, ვიდრე 1914 წელს. ცხოვრების მინიმუმი იმხანად 1702 მანეთს და 54 კაპიკს შეადგენდა, თუმცა საშუალო თვიურ ხელფასად 1600 მანეთს მხოლოდ კვალიფიციური მუშა-მელითონე იღებდა. დანარჩენ მუშებს ნაკლები ეძლეოდათ.

მთავრობა შეძლებისდაგვარად ცდილობდა, რომ სოციალური მდგომარეობა თანდათანობით გამოესწორებინა. ამ მხრივ იგი განსაკუთრებულ ყურადღებას სამეცნიერო-პედაგოგიური სფეროების წარმომადგენელთა მიმართ იჩენდა.ასე რომ, არსებული შრომის ანაზღაურების საშუალო დონე საკმარისი არ იყო არა მხოლოდ მუშა-მოსამსახურეებისათვის, არამედ თვით საზოგადოების უმაღლესი წრისათვისაც, რაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მოსახლეობა მაინც არ იმყოფებოდა ისეთ ვითარებაში, როგორიც იმხანად სუფევდა არა მხოლოდ რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე წარმოქმნილ, არამედ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც. ეს იმით აიხსნება, რომ ქართველ მშრომელთა უმრავლესობა, განსხვავებით ევროპელი კოლეგებისგან, მჭიდრო კავშირი ჰქონდა სოფელთან და იქიდან საკუთარი სურსათ-სანოვაგის ჩამოტანის შესაძლებლობა გააჩნდა, რაც ფასების სწრაფი მატების პირობებში მათ შედარებით იოლად აძლებინებდა. იმავდროულად, უცხოეთიდან ჩვენში შემოტანილი საქონელი თითქმის მთლიანად იყო აღნუსხული სპეციალური სამთავრობო უწყების მიერ და გარკვეული პროპორციების გათვალისწინებით, მოსახლეობაში შეღავათიან ფასებში ნაწილდებოდა. ეს კი მუშა-მოსამსახურეთა მცირე ხელფასებს გარკვეულწილად აკომპენსირებდა. მსგავს კომპენსაციაზე 1919 წლის ოქტომბრიდან - 1920 წლის ოქტომბრამდე მთავრობამ 460 მილიონზე მეტი დახარჯა. აღსანიშნავია, რომ პირველი მოთხოვნილების ისეთი ძირითადი საკვები პროდუქტი, როგორიცაა პური, ქართველ მუშა-მოსამსახურეს სულზე დღიურად ეძლეოდა 400 გრამის ოდენობით, რაც 1920 წლის დეკემბრიდან 600 გრამამდე გაიზარდა.

ვრცლად ფულის ისტორიაზე საქართველოში, წაიკითხავთ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ძალიან საინტერესო 15-ტომეულის მერვე ნაწილში, რომელიც 12 სექტემბრიდან გამოვა და გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება. მერვე ტომის სპეციალური ფასი გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში - 13 ლარი იქნება, გაზეთთან ერთად კი - 15 ლარი.

304829207-1284116545726939-1088282398056004321-n-1662550922.png

21 თებერვლიდან, ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობითა და 20-ზე მეტი ისტორიკოს-მკვლევრის ავტორობით, „პალიტრა L” საქართველოს ისტორიის 15 ტომეულს - „საქართველოს ისტორიის პალიტრა“ - გამოსცემს. სერიის წიგნები თვეში ერთხელ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად იყიდება.

15-ტომეული აერთიანებს ამბებს საქართველოს უძველესი დროიდან. ეს მართლაც საქართველოს პალიტრაა, მთელი თავისი მრავალფეროვანი თემებით: მონებით ვაჭრობა, კვების, ჩაცმის, მედიცინის, ვაჭრობის, ზღვაოსნობის თუ ეპიდემიების ისტორია და საზოგადოებისთვის საინტერესო არაერთი მიმართულება.

ტომეულის შეძენა ასევე შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში, პრესის გავრცელების წერტილებში და ონლაინ. წიგნის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან http://www.palitral.ge.

თეა ინასარიძე