"ღმერთს ვეხვეწებოდი, ამერიკის მიწაზე მშვიდობიანად დაგვედგა ფეხი" - საქართველო-მექსიკა-ამერიკა - ჯოჯოხეთის მარშრუტი სამოთხეში მოსახვედრად?
“მე და ჩემმა მეუღლემ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე შევიცვალეთ სამსახური. ზოგი დაიხურა, ზოგმა ხელფასი დაგვაკლო... ორი შვილი გვყავს და სულ ვამბობდით, რომ მათ ერთად გავზრდიდით, ნებისმიერ სიტუაციაში ერთად ვიქნებოდით... მეუღლეს ხელობა ეხერხება და რამდენჯერმე ჰქონდა ისრაელში წასვლის შანსი, არ წავიდა, იქნებ ერთად წასვლა შევძლოთო... ამერიკაში წასვლა ჩვენი ცხოვრების შეცვლის ბოლო შანსი იყო. მისი კლასელი წავიდა, იწვალა, იტანჯა, ციხეები გამოიარა, მაგრამ ბოლოს მოეწყო და ამოისუნთქა. ეს ჩვენთვის ბოლო წვეთი გახდა, ე.წ. წამყვანი ვიპოვეთ და გეგმების დაწყობას შევუდექით...” - ამბობს “გზასთან” საუბარში 42 წლის ლელა ჩართოლანი, რომელიც ოჯახთან, მეუღლესა და მცირეწლოვან შვილებთან ერთად მექსიკის გავლით ამერიკაში ჩავიდა.
- იმ დღიდან, როგორც კი წასვლა გადავწყვიტეთ, სოციალურ ქსელებში ყველანაირ ინფორმაციას ვკითხულობდით. ისე ვნერვიულობდი, ღამეები არ მეძინა; ხან ხელს ჩავიქნევდით, იქნებ არც ღირს წასვლაო, მაგრამ შემდეგ, დღეები, კვირები ისე გადიოდა, ვერაფერს ვცვლიდით და ვხვდებოდით, რომ უნდა გვებრძოლა... ყველა განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდიდა. გვეუბნებოდნენ, რომ ყოველი ნაბიჯი სარისკო იყო. დაგვაკვალიანებდნენ, ადგილამდე მიგვიყვანდნენ, მაგრამ შემდეგ, იმის გამო, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე ვითარება სწრაფად იცვლება, ვერავინ ვერაფრის გარანტიას ვერ მოგვცემდა.
გვიხსნიდნენ, რომ აშშ-ის საზღვრამდე გზა რთულია, ძვირი და ზოგჯერ სიცოცხლისთვის სახიფათო, მით უფრო, თუ მცირეწლოვანი ბავშვებით მიდიხარ და ეს მართალიც აღმოჩნდა. ჯერ ამ უმძიმესი გზის დასაწყისში ვართ და უკან რომ ვიხედები, დეტალურად რომ მცოდნოდა, რისი გავლა მოგვიწევდა, არავითარ შემთხვევაში არ გავივლიდით ამ ჯოჯოხეთს... მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია, რამდენად სარისკოა აქ მოხვედრა და თითქოს ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავით, მონაყოლსა და მოსალოდნელზე ათჯერ მძიმე დღეები გავიარეთ... გვითხრეს, რომ სულ ორი გზა არსებობდა - მექსიკაში ჩასვლით, რომლის ვიზა ძალიან მარტივად კეთდება და პოლონეთის სამუშაო, D კატეგორიის ვიზა.
ჩვენ მექსიკის გზაზე შევაჩერეთ არჩევანი, რადგან ყველაფერი ძალიან ოპერატიულად გვარდებოდა. დიდი დავიდარაბით ვიშოვეთ 15 ათასი დოლარი... მერე ვიზისთვის ელექტრონული განაცხადი შევავსეთ, შემდეგ კი თურქეთში, მექსიკის გენერალურ საკონსულოში უნდა ჩავსულიყავით გასაუბრებისთვის და მერე იქიდან ჩავფრენილიყავით მექსიკაში. თურქეთში, მექსიკის საელჩოშიOსაკმაოდ ცინიკურად გვეპყრობოდნენ - საქორწინო მოგზაურობაში მიმავლებს არ ჰგავხართო. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა... არ დაასრულებინეს: თუ ასეა, იქ რატომ მიდიხართ, თურქეთში რატომ არ რჩებით, ბევრად უკეთესი სამედიცინო სისტემაა, მთელი საქართველო აქ გადმოდისო... მერე მაინც გაგვიშვეს. ჩვენს გადამყვანს შემზადებული ვყავდით - მთელი ამბავი ახლა იწყებაო და ასეც აღმოჩნდა: მოგზაურობა საზღვრამდე, ორი მცირეწლოვანი ბავშვით, რომლებიც ამდენდღიანი წანწალისგან ძალაგამოცლილები იყვნენ. ბოშებს ვგავდით, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ისინი მგზავრობას შეჩვეულები არიან. ჩემი შვილები ყველა სკამზე იძინებდნენ, კედელს მიეყუდებოდნენ და მაშინვე ეძინებოდათ, ჩანთებზე დასხდებოდნენ და თვლემდნენ. სახლში მინდა, მეძინება, საჭმელი მინდა, ჩემს ლოგინში მინდა - ეს ის ფრაზები იყო, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში გამუდმებით გვესმოდა. იმედია, გაამართლებს რისთვისაც მივდივართ, - მეუბნებოდა ჩემი სასოწარკვეთილი ქმარი. აუცილებლად გაამართლებს, - ვპასუხობდი რობოტივით და იატაკზე გაშლილ “ადეალებზე” ჩაძინებული შვილების დანახვისას ცრემლებს ვყლაპავდი. მექსიკის საკურორტო ქალაქ კანკუნამდე ჩავედით, იქიდან კი შიდა ფრენით სასაზღვრო ქალაქ ტიხუანაში გავემგზავრეთ. ეს მარშრუტი ჩვენი “გადამყვანის” მიერ იყო შედგენილი.
- გარკვეული თანხის სანაცვლოდ, არა?
- დიახ, 10-15 ათას დოლარს ითხოვენ, ზოგიც - 20-ს... მაგრამ იმის გარანტიას, რომ ამერიკაში მშვიდად ჩახვალ, არავინ გაძლევს. ის გაკვალიანებს და საზღვრამდე, კედლამდე მიჰყავხარ. თუ გაგვიმართლებდა და მესაზღვრეები არ დაგვხვდებოდნენ, მშვიდად გადავიდოდით. თუმცა მანამდე, სასტუმრო, ტრანსპორტირება, პოლიციის გაჩერების შემთხვევაში პრობლემები და სხვა დეტალები აგვარიდა. ხშირად გვიმეორებდა: ბავშვები შეამზადეთო, ოღონდ ვერ ვხვდები, ეს როგორ უნდა გამეკეთებინა. 5 და 7 წლის გოგო-ბიჭისთვის როგორ ამეხსნა, რომ უცხო ქვეყანაში ვიღაც პოლიციელები თუ გაგვაჩერებდნენ, არ ეტირათ ან ისტერიკაში არ ჩავარდნილიყვნენ. ეს ყველაზე რთული პროცესი იყო, რადგან იმხელა სტრესი მიიღეს, მერეც კარგა ხანს ვერ ლაპარაკობდნენ და ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდათ. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა აშშ-ის სამხრეთ საზღვარს არალეგალურად კვეთს, ისე, რომ სტანდარტულ პროცედურებს კი არ გადის (ანუ მექსიკის მხარეს გაივლი შემოწმებას და შემდეგ, აშშ-ის მხარეს ბარდები ამერიკელ მესაზღვრეს), არამედ თავს არიდებს მექსიკის მხარეს სასაზღვრო კონტროლის გავლას, არალეგალურად კვეთენ აშშ-ის საზღვარს და ამერიკელ მესაზღვრეს ელოდებიან. ჩვენც ეს გზა ავირჩიეთ.
იქამდე ბევრისგან მოვისმინე, რომ 15 წუთში ამერიკის საზღვარზე იყო და ჩაბარდნენ. ალბათ მეც ამის იმედი მქონდა. ასეთი ადამიანების მშურდა. ჩვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა - მექსიკელი მესაზღვრეები, რომელთაც თურმე ყელში აქვთ ამოსული ამერიკაში გადასვლის მცდელობები, ყველა ბუჩქს, რომელსაც გადამყვანის “ინსტრუქციის” თანახმად უნდა ამოვფარებოდით, საგულდაგულოდ ამოწმებდნენ. ამიტომ, ცივ მდინარეში მოგვიწია შეტოპვამ, ერთი შვილი მეუღლემ შეისვა მხარზე, მეორე მე... ზოგან წყალი მუხლებამდე იყო, ზოგან მკერდამდე მწვდებოდა და ასე მეგონა, ფეხქვეშ მიწა მეცლებოდა.
იქ კედელთან, კიდევ რამდენიმე ადამიანი იყო, 15 ან 20. ისეთებიც იყვნენ, ვინც გააბრუნეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, დეპორტი გაუკეთეს, მაგრამ მაინც მიდიოდნენ. ზოგიერთს მექსიკის იზოლატორიც გავლილი ჰქონდა. ერთხელ გავიჭირვებ და მერე შევეშვები-მეთქი, - ვამბობდი, მაგრამ მესამედ, მეოთხედ მაინც მივდიოდითო. უამრავი რუსი იყო, უკრაინელები, ბელარუსები, ჩეჩნები, დაღესტნელები. მათ სიკვდილი ერჩივნათ უკან დაბრუნებას, რადგან ჩვენ თუ ფინანსური პრობლემები გვექმნებოდა, ისინი რეჟიმს იყვნენ გამოქცეული და თუ დეპორტს გაუკეთებდნენ, კადიროვის ან პუტინის ციხეში უშვებდნენ, იქიდან კი ცოცხალი ან გამოვიდოდნენ, ან ვერა...
საპოლიციო კონტროლი გამკაცრებული იყო, ამიტომ მდინარეშიც ვერ ვიარეთ უსაფრთხოდ. რამდენჯერმე კედლისკენ გაქცევამ და მისთვის თავის შეფარებამ მოგვიწია... ვიღაცები უკან გაბრუნდნენ, რადგან იმ დღეს გარისკვა არ უღირდათ. წადით, ხვალ უარესი იქნება, გარისკეთ! - გვითხრა ჩვენმა გადამყვანმა ტელეფონით. მახსოვს როგორ მიჭერდა სახეზე თავის აკანკალებულ ხელებს ჩემი პატარა გოგონა და ღმერთს ვეხვეწებოდი, ოღონდ ამერიკის მიწაზე მშვიდობიანად დაგვედგა ფეხი და არასდროს არაფერს ვთხოვდი. ალბათ ორი საათი ვიარეთ, რადგან პერიოდულად ვჩერდებოდით, ზოგჯერ გავრბოდით, ხან ბავშვს ვამშვიდებდი, ხან ძალას ვიკრებდი, გზა რომ გამეგრძელებინა... მეუღლეს ბავშვის გარდა, ჩანთაც ჰქონდა ზურგზე მოკიდებული და უკან მომყვებოდა. ხანდახან უკან მოხედვა არ მინდოდა. მეშინოდა, ვაითუ ვერ დავინახო და ემოციებს ავყვე-მეთქი... როგორც კი კედელი დამთავრდა, ხალხი დავინახე და მივხვდი, ამერიკის მიწაზე ვიყავი, მაშინ გავბედე უკან მოხედვა. ჩემი ქმარი, თითქოს ათი წლით დაბერებული მომყვებოდა უკან. მაშინვე მოვიდნენ ამერიკელი მესაზღვრეები და ჩავბარდით: მანქანა გაჩერდა და იქიდან ფორმიანი ადამიანები გადმოვიდნენ, - უნდა გამოგვყვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უამრავი პრობლემა შეგექმნებათ, თან ყველა ნაბიჯზეო... არც გვიფიქრია მათგან დამალვა. საიმიგრაციო სამსახურმა დაგვაცალკევა. მე და ბავშვები ქალების ოთახში შეგვიყვანეს. ეს იყო მოქალაქეებისთვის განკუთვნილი წინასწარი დაკავების ოთახი, სადაც ასობით ადამიანი გახლდათ. რადგან ორი ბავშვი მყავდა, ყველანაირი პირობა შეგვიქმნეს. ისიც კი გვკითხეს, ბავშვები ალერგიული ხომ არ არიან, მედიკამენტი ან რაიმე გამორჩეული კვება ხომ არ გჭირდებათო... ეს ყველაფერი თარჯიმნის საშუალებით ხდებოდა. რამდენიმე კითხვა დამისვეს, ბავშვებს ცალკე ფსიქოლოგი დაელაპარაკა. შემდეგ, საკვები და წყალი მოგვიტანეს, ბურგერები, ტკბილეული. ბავშვების მიმართ განსაკუთრებით ყურადღებიანი იყვნენ. ხილიც კი მოუტანეს და ყველაფერი კონტეინერში იყო ჩალაგებული. იზოლატორში ზოგმა თქვა, რომ 18 წლამდე ბავშვებს არ აშორებენ მშობლებს, ზოგი შეეწინააღმდეგა, იყო შემთხვევები, 10-12 წლის ბავშვები მშობლის გარეშე რომ წაიყვანესო.... მეუღლეზე არაფერი ვიცოდი და ვნერვიულობდი, მაგრამ დამამშვიდეს, - ყველაფერი კარგად იქნებაო. ყველა ნივთი, მათ შორის საბუთები, მობილური ტელეფონი ჩამომართვეს. იქ სხვა ლტოლვილებმა გვითხრეს, რომ ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში საიმიგრაციო ციხეში გადაგვიყვანდნენ. იზოლატორში უმძიმესი სიტუაცია იყო, ბავშვების ტირილი, ქალების ჩხუბი. მეშინოდა, პატარებს რამე ვირუსი არ დამართოდათ. იქაურობას კი ალაგებდნენ, პერსონალს წყალი და საკვები შემოჰქონდა, მაგრამ ლტოლვილები თუ ჩაბარების მსურველები რამდენიმე წუთში იქაურობას სანაგვედ აქცევდნენ ხოლმე. ინდონეზიელები, კუბელები, მექსიკელები ძალიან უხეშები იყვნენ. ბელარუსი ქალები საჭმელს ბალიშის ქვეშ მალავდნენ, უფუჭდებოდათ და საშინელი სუნი დგებოდა.
- რამდენი დღე დარჩით იქ?
- 4 უმძიმესი დღე-ღამე. საშინელი გარემოცვა იყო და ერთ სივრცეში ძალიან ბევრი ადამიანი ვიყავით, თორემ სხვა მხრივ პრობლემა არ იყო, გვქონდა ნიჟარაც, აბაზანაც, საპირფარეშოც, რომელსაც აწესრიგებდნენ ხოლმე, მაგრამ ქალები ხელ-პირის დასაბან ნიჟარაში ფეხებს იბანდნენ... ბავშვებს იქვე ასაქმებინებდნენ, საშინელ რაღაცებს აკეთებდნენ. უამრავი ეროვნების ადამიანი იყო...
- ალბათ სხვა ქართველებიც იყვნენ...
- კი, ცხადია. ზოგი ჰყვებოდა, - ქართველები ნიუ-იორკში ქუჩა-ქუჩა დადიან მშივრები, სიგარეტის ნამწვებს ეძებენ, სანაგვესთან სძინავთ და იქიდანვე იკვებებიანო... სხვები ეჩხუბებოდნენ: - ტყუილია, ვინც მუშაობს, ფულიც იმას აქვს და ბინაც. უბრალოდ, ზოგმა ნარკოტიკების ცდუნებას ვერ გაუძლო, ადვილად ხელმისაწვდომია, შესაბამისად, ყველაფერი დაკარგა და გაბომჟდაო...
როგორც კი იქიდან გამოგვიშვეს, თავშესაფარი მოგვცეს, სადაც მანქანით მიგვიყვანეს. საჭირო ნივთები და საკვებიც დაგვხვდა. ამდენდღიანი წვალების შემდეგ, იქაურობა სამოთხედ მოგვეჩვენა. დავიწყეთ საბუთების მომზადება, ანუ წერილობითი ფორმით, სასამართლოსა და თავშესაფრის ოფისისთვის უნდა მიგვეწოდებინა ჩვენი საქმე, არგუმენტები, მტკიცებულებები, რომ ნამდვილად გვჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის დატოვება. სოციალური პრობლემები საკმარისი არაა, სხვა მიზეზიც უნდა გქონდეს, თან ძალიან “მჭრელი”. ყველაფერში ჩვენი ახლობელი, მეუღლის ნათესავი, ე.წ. სპონსორი გვეხმარებოდა, რომელიც იქ დაგვხვდა.
- “სპონსორი” ვინ არის?
- ეს ის ადამიანია, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ ეს მოქალაქე თუ ოჯახი ქუჩაში, მშიერი არ დარჩება. ამ დროს მისი ფინანსები, ასევე მის მიერ განვლილი გზაც დეტალურად მოწმდება... ანუ მესაზღვრე და ყველა შესაბამისი სამსახური უნდა დარწმუნდეს, რომ ადამიანი უპატრონოდ არ იქნება, რადგან ის ყოველთვის პოტენციურ კრიმინალად აღიქმება და გარდა ამისა, არაჰუმანურია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უკან დააბრუნებენ... საბუთების მომზადება ქმრის გარეშე, მასთან შეუთანხმებლად არ გვინდოდა. ამიტომ, როგორც კი დავლაგდით, დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ გვეპოვა ჩემი მეუღლე. გავარკვიე, რომ არსებობს რაღაც საიტი, სადაც მონაცემები შეჰყავთ და იწერება, კონკრეტული ადამიანი რომელ ციხეშია... ამასობაში მან თავად დარეკა ჩვენი ამერიკელი ახლობლის ნომერზე, არიზონიდან ჯორჯიის შტატის ციხეში გადამიყვანეს, მაგრამ ნორმალური პირობებიაო. “ბონდი” არ მოუთხოვია. ეს არის თანხა, რომელსაც ითხოვენ გაშვების სანაცვლოდ... ახლა ველოდებით, წესით, მალე უნდა გამოუშვან, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ცხოვრების შანსი ჩნდება. ახლა თუ ვინმე მკითხავს, რას ვურჩევ ემიგრაციაში წასვლის მსურველებს, მოკლედ ვიტყვი - მე იმ გზას ხელმეორედ ვერ გავივლი, სიკვდილი მირჩევნია, მაგრამ მეორე მხრივ, შვილების უკეთესი მომავლისთვის ბეწვის ხიდზე გავლასაც არ უშინდება ადამიანი.
წინასწარი დაკავების ოთახი
წინასწარი დაკავების ოთახში ე.წ. დეთენშენში ხვდება ყველა, ვინც საზღვარს არალეგალურად კვეთს. მესაზღვრე არალეგალებს ართმევს ყველა პირად ნივთს: ტელეფონს, ფულს, სამკაულს, ტანსაცმელს. გათავისუფლების შემდეგ, ტანსაცმლის გარდა, ყველაფერს უბრუნებენ. შედეგად, პირი, რომელიც წინასწარი დაკავების ოთახიდან ან საიმიგრაციო ციხიდან გამოდის, მხოლოდ იმ ტანსაცმლის ამარა რჩება, რომელიც დაკავებისას ეცვა.
“არიან ემიგრანტები, რომლებიც გააზრებულად წამოვიდნენ და არიან ისეთები, რომლებიც გამოიქცნენ. ამ უკანასკნელებს საზღვრისპირა ქალაქიდან ნიუ-იორკამდე ჩასასვლელი ბილეთის ფულიც არ აქვთ. არალეგალი მიგრანტების 99% ნიუ-იორკში მოდის - ეს არის დემოკრატიული შტატი: ამერიკის გული, სადაც ემიგრანტისთვის ყველაზე მარტივია ადაპტირება, მარტივია მნიშვნელოვანი დოკუმენტის აღება, როგორიც არის მაგალითად, შტატის აიდი ბარათი, მართვის მოწმობა, უფასო დაზღვევა.
ასევე აქ არის დიდი ბირთვი ქართველი ემიგრანტებისა. ამიტომ, თავის გატანა, ნაცნობის პოვნა, ქართველ საზოგადოებაში ინტეგრირება ძალიან მარტივია. ნიუ-იორკამდე ფრენა საემიგრაციო ციხეებიდან, რომელიც არის ჯორჯიაში, არიზონაში ან ტეხასში, ჯდება 300-500 დოლარი”, - ჰყვება “ბათუმელებთან” ბელა მაღლაფერიძე.
მისივე თქმით, ამ ბილეთებს ადრე წითელი ჯვარი ყიდულობდა, მაგრამ ახლა აღარ ყიდულობს. გარდა ამისა, საზღვარზე მრავლად არიან თაღლითური ჯგუფები, რომლებიც ყალბ ბილეთებს ყიდიან და ამერიკაში ახალჩასული მიგრანტების ხარჯზე ხელს ითბობენ.
“ხშირად მოდიან ილუზიებით, უცხო ადამიანების იმედად და მერე რჩებიან მარტო, სულ სხვა რეალობის პირისპირ. ახლა იგეგმება საქველმოქმედო კონცერტი ახალჩამოსული უმუშევარი ემიგრანტებისთვის, რომლებიც სამხრეთ საზღვრიდან (მექსიკიდან) შემოვიდნენ და ვერ იპოვეს სამსახური”, - ამბობს ბელა მაღლაფერიძე და დასძენს: “ეს ადამიანები არიან ძალიან მძიმე, ფარული ემოციური სტრესის ქვეშ...
დეპრესია უფრო მხვდება არა ახალჩამოსულებთან, არამედ ცოტა უფრო მერე; ერთი და ორი თვე რომ გადის და ვერ პოულობენ საკუთარ თავს... დაურეკავთ, - ფეხზე მაქვს გამობმული ელექტრონული სამაჯური, როგორ მოვიხსნა, საქართველოში მივდივარო... ამერიკა კი არის ოცნებების ქვეყანა, მაგრამ მათი ოცნებები არ ემთხვევა იმ რეალობას, რაც აქ ხვდებათ. ამიტომ იღებენ უკან დაბრუნების გადაწყვეტილებას”.
ლალი პაპასკირი