"სასახლის გადატრიალება" რომ მოხდეს და მეფე დაემხოს, ამისათვის სასახლეში შესვლის უფლება უნდა გქონდეს. არც ერთი ამ ადამიანებიდან იქ არ დადის" - რას წერს Financial Times? - კვირის პალიტრა

"სასახლის გადატრიალება" რომ მოხდეს და მეფე დაემხოს, ამისათვის სასახლეში შესვლის უფლება უნდა გქონდეს. არც ერთი ამ ადამიანებიდან იქ არ დადის" - რას წერს Financial Times?

ბრიტანულმა გაზეთმა „ფაინენშელ თაიმსმა“ (Financial Times) 7 სექტემბერს გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით - „რუსი ოლიგარქების დარდი: მაგნატები უკმაყოფილონი არიან სანქციებით - ისინი დასავლეთში გარიყულები აღმოჩნდნენ, ხოლო რუსეთში გავლენები დაკარგეს“ (ავტორები - მაქს სედონი ლონდონიდან და პოლინა ივანოვა კიევიდან).

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

„როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, მილიარდერმა ოლიგარქმა მიხეილ ფრიდმანმა კრისტინა კვიენს - იმ დროს კიევში მყოფ ყველაზე მაღალჩინოსან ამერიკელ დიპლომატს - დაურეკა და წინადადება შესთავაზა.

მიხეილ ფრიდმანმა, რომელიც უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლვოვშია გაზრდილი, მაგრამ რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეობა აქვს და თავისი ქონების დიდი ნაწილი (შეფასებულია 13 მილიარდ დოლარად) რუსეთში საქმიანობით აქვს დაგროვილი, ამერიკელ დიპლომატს უთხრა, რომ მას შეუძლია, თავისი ქონების ნაწილი უკრაინას შესწიროს, ომისაგან დანგრეულის აღსადგენად. სამაგიეროდ, ასეთი ნაბიჯით იგი თავიდან აიცილებდა იმ სანქციებს, რომლებიც დასავლეთმა რუს ოლიგარქებს დაუწესა - იმ იმედით, რომ ისინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კავშირებს გაწყვეტდნენ.

ამ საქმის კურსში მყოფი სამი ადამიანის თქმით, მას შემდეგ, რაც კრისტინა კვიენმა მიხეილ ფრიდმანს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათი საუბარი დაიძაბა. ფრიდმანმა კვიენს იმის ახსნა დაუწყო, რომ მას ვლადიმერ პუტინზე არავითარი გავლენა არ ჰქონდა. „მიხეილი თავდაპირველად უკრაინის მიმართ თავის სიყვარულზე ამბობდა, მაგრამ შემდეგ იგი გაბრაზდა: „თქვენ მთელი ჩემი ფული გინდათ წამართვათ?“.

კრისტინა კვიენმა მიხეილ ფრიდმანთან საუბარი შეწყვიტა და ტელეფონი გამორთო. შემდეგ ფრიდმანმა „ესემესი“ გაუგზავნა ბოდიშის მოხდით, მაგრამ პასუხი არ მიუღია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კომენტარს არ გაუკეთებს „დიპლომატების დისკუსიებს“ კერძო პირებთან. თავის მხრივ, მიხეილ ფრიდმანი უარყოფს, რომ კრისტინა კვიენს ესაუბრა და რომ მას, სანქციების თავიდან აცილების მიზნით, უკრაინისათვის დახმარება შესთავაზა.

უკრაინაში პუტინის არმიის შეჭრის შემდეგ ათობით რუსი მაგნატის დასავლეთის ბანკებში არსებული ანგარიშები გაიყინა, ზოგიერთები კი იძულებულნი გახდნენ, უარი ეთქვათ თავიანთ წილზე დასავლურ კომპანიებში. მათ, ასევე, დაკარგეს ხმელთაშუაზღვისპირა კურორტებზე შეძენილი ფეშენებელური ვილებიც.

მაგრამ ომის დაწყებიდან უკვე ექვსი თვე გავიდა და არავითარი ნიშანი არაა იმისა, რომ დასავლეთის სანქცირებულ ოლიგარქებს ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მოქმედება დაეწყოთ და რუსეთის პრეზიდენტისათვის „სასახლის გადატრიალება“ მოემზადებინათ, [როგორც ეს დასავლეთს სურდა, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ].

ანტიპუტინური „გადატრიალების“ მაგივრად რუსი ოლიგარქები სულ უფრო მეტად ბოროტდებიან დასავლეთის ქვეყნების მთავრობებზე. ისინი ყველანაირად ცდილობენ, მცირე რამ მაინც გადაარჩინონ იმ დიდი ქონებიდან, რომელიც მათ ცოტა ხნის წინ ჰქონდათ.

დასავლეთში მყოფი ბევრი რუსი ოლიგარქი, რომლებსაც ადრე იქ დროის გატარება მოსწონდა, ახლა რუსეთში დაბრუნებას შეურიგდა. ისინი კი, ვინც მოსკოვში არიან, მშვიდად და უსიტყვოდ შეეგუენ მათი სტატუსებისა და გავლენების დაქვეითებას და ხმას არ იღებენ.

რუსულ და დასავლურ მასმედიაში რუსი ოლიგარქების მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუების მიხედვით, გამოიკვეთა მაგნატების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ვლადიმერ პუტინის ომის წინააღმდეგ გამოდის და აღშფოთებულია იმით, რომ ომმა მათ დიდი ზიანი მიაყენა. მაგრამ ოლიგარქები, იმავდროულად, გაბოროტებულნი არიან დასავლეთზეც, რომელმაც, მათი აზრით, ისინი „განტევების ვაცად“ გადააქცია - არ შეუძლიათ იმის გაკეთება, რასაც დასავლეთი ითხოვს, მათ მოვლენებზე კონტროლი დაკარგეს.

„სასახლის გადატრიალება“ რომ მოხდეს და მეფე დაემხოს, ამისათვის სასახლეში შესვლის უფლება უნდა გქონდეს. არც ერთი ამ ადამიანებიდან იქ არ დადის“, - ამბობს ერთ-ერთი რუსი ბიზნესმენი, რომელიც სანქცირებული მაგნატების სიაშია შეყვანილი, - „საინტერესოა, როგორ უნდა მოახდინოს გავლენა დიდ ბრიტანეთში მყოფმა მიხეილ ფრიდმანმა რუსეთის პრეზიდენტზე? და იგი თუნდაც მოსკოვში, თავის სახლში ყოფილიყო, მას ვლადიმერ პუტინთან მაინც არანაირი კონტაქტი არ ექნებოდა. როგორ მოახდენდა იგი გავლენას რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე?“.

რუსი ოლიგარქები ცდილობენ სანქციების მოშორებას და ქონების დაბრუნებას - 21-მა ბიზნესმენმა ევროკავშირის სასამართლოს მიმართა ლუქსემბურგში. მართალია, კერძო საუბრებში ისინი ამბობენ, რომ აქტივების დაბრუნების იმედი არ აქვთ, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც საქმეს ბოლომდე მიჰყვებიან - მაგალითად, მიხეილ ფრიდმანი და მისი საქმიანი პარტნიორი პეტრე ავენი.

სანქციადადებული რუსი ოლიგარქები, რომლებიც ამჟამად რუსეთის საზღვრებს მიღმა იმყოფებიან, რეგულარულად იღებენ ზარებს კრემლიდან სამშობლოში (რუსეთში) დაბრუნების მოწოდებით. იმ ბიზნესმენების თქმით, რომლებმაც ასეთი ზარები მიიღეს, ზოგიერთი მართლაც ფიქრობს დაბრუნებას. „ისინი ასე მსჯელობენ: რა მინდა ახლა აქ, დასავლეთში, სადაც ვერაფერს ვაკეთებ? დავბრუნდები მოსკოვში, სადაც სიამოვნებით გავატარებ დროს რესტორნებში და თავს მშვენივრად ვიგრძნობ“, - ამბობს ერთ-ერთი მათგანი. მისი აზრით, დასავლეთის სანქციები რუს ოლიგარქებს იძულებულს ხდის, კრემლს დაუახლოვდნენ იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათ პირიქით, დისტანცირება სურთ.

დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში ბევრი სკეპტიკურად არის განწყობილი ოლიგარქების მიმართ დაწესებული სანქციებით. „რუსეთში ორი ტიპის ოლიგარქები არსებობენ", - ამბობს მაიკლ მაკფოლი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, - "არიან 1990-იანი წლების ოლიგარქები, რომლებსაც სანქციებს ვუწესებთ და ვამაყობთ იმით, რომ მათ იახტებს და ვილებს ვართმევთ. მაგრამ მოდი, საკითხში სინათლე შევიტანოთ: მათ ვლადიმერ პუტინზე არავითარი გავლენა არ აქვთ. რაც შეეხება მეორე ტიპს - „ახალი კოჰორტის“ წარმომადგენლებს, ისინი ნამდვილად ახლოს არიან პრეზიდენტთან, მაგრამ არც იმათ აქვთ ბერკეტი პრეზიდენტზე გავლენის მოსახდენად, ომის შეწყვეტის მიზნით“.

იმდენად, რამდენადაც ოლიგარქების შესაძლებლობები სანქციებით არის შეზღუდული, ისინი გრძნობენ, რომ ხაფანგში აღმოჩნდნენ - ან ბედს უნდა შეეგუონ და ჩუმად იყვნენ, ხოლო თუ ომის წინააღმდეგ გამოვლენ, რეპრესიებს ვერსად გაექცევიან - დასავლეთისკენ გზა დახურული აქვთ. „მათ მოწამვლის ეშინიათ... მაგრამ ყველაზე მეტად მაინც დაკარგულ ქონებაზე და რეპუტაციაზე დარდობენ. ისინი ძალიან დიდ ძალისხმევას ახმარდნენ თავიანთი სახელის კულტივირებას, მაგრამ ახლა არ იციან, რა გააკეთონ შექმნილ სიტუაციაში. ფაქტობრივად, ისინი დეზორიენტირებულები არიან“, - ამბობს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი რუსი ბიზნესმენი.

ერთ-ერთი მაგნატი ამბობს, რომ მას შეეძლო რაღაც გაეკეთებინა უკრაინისათვის, მაგრამ თვითონ დასავლეთმა სანქციებით მას არანაირი აქტივი აღარ დაუტოვა, ამიტომაც მან სარჩელი წარადგინა ევროპის სასამართლოში, ევროკავშირის წინააღმდეგ. იგივე გააკეთა რომან აბრამოვიჩმა, ალიშერ უსმანოვმა, აგრეთვე, იმ ბიზნესმენებმა, რომლებთაც ოდესღაც გარკვეული კავშირები ჰქონდათ ვლადიმერ პუტინთან - გენადი ტიმჩენკომ, იგორ შუვალოვმა... მათი მტკიცებით, სანქციები უსაფუძვლოა და მცდარი.

ობიექტურად თუ ვიტყვით, სანქციების დაწესება მართლაც ნაჩქარევად მოხდა, ბევრი ბრალდება მასმედიიდან არის ამოკრეფილი ან სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული საეჭვო პოსტებიდან... თუმცა ახლა ევროკავშირის შესაბამისი ორგანოები სანქციების საქმეებს ახალ მტკიცებულებებს ამატებენ.

მაგრამ რადგანაც სასამართლო პროცესები შეიძლება წლობით გაგრძელდეს, ზოგიერთი ოლიგარქი გამოსყიდვის მექანიზმს დათანხმდა - მაგნატებს შეუძლიათ უარი თქვან თავიანთი სიმდიდრის ნაწილზე უკრაინისადმი დახმარების მიზნით, სამაგიეროდ, მათ მიმართ დაწესებული სანქციები გაუქმდება. მიხეილ ფრიდმანის გარდა, ასე გაკეთებას ზოგიერთი სხვა რუსი ოლიგარქიც აპირებს. მოსალოდნელი რეპრესიების მიუხედავად, ისინი ამ შესაძლებლობის გამოყენებას ფიქრობენ. უკრაინაში კი, როგორც ჩანს, მათ მიმართ კიეველი პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილი. მიხეილ ფრიდმანი უკრაინაში დიდი აქტივების მფლობელია, მათ შორის მობილური კავშირის ოპერატორის - „კიევსტარის“ ჩათვლით, მას ეკუთვნის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი Sense Bank და ბოთლებში ჩამოსასხმელი სასმელი წყლის საწარმოები. იგი უკრაინაში რეგულარულად დადიოდა 2014 წლის შემდეგაც, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა - თავის მშობლიურ ლვოვში ჯაზის ფესტივალებს აწყობდა და ბაბი იარში (კიევთან ახლოს) 1941 წელს გერმანელი ფაშისტების მიერ ებრაელების დახოცვის ხსოვნის მემორიალს აფინანსებდა.

მაგრამ ეს ფინანსური „შენატანები“ არასაკმარისი აღმოჩნდა, რომ მიხეილ ფრიდმანის მიმართ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ოფისი პოზიტიურად განწყობილიყო. „უკრაინა სანქციებს ვინმესთან ვაჭრობის ინსტრუმენტად არ იყენებს. ეს პრინციპული საკითხია“, - ამბობს როსტისლავ შურმა, ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, - „სანქციების მთავარი მიზანია ომის შეწყვეტა და არა - ვინმესთან რაღაც პირობის დადება მათ გასაუქმებლად“. როგორც უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებული ერთი მაღალჩინოსანი ამბობს, ვლადიმერ ზელენსკის უთქვამს, რომ იგი მიხეილ ფრიდმანისათვის სანქციების მოხსნას მხოლოდ მაშინ დათანხმდება, თუ ოლიგარქი ვლადიმერ პუტინს დაგმობს, ომის წინააღმდეგ უფრო მტკიცედ გამოვა და თავის რუსულ პასპორტს საჯაროდ დახევს [და უკრაინის მოქალაქეობაზე დათანხმდება]. მიხეილ ფრიდმანი უარყოფს უკრაინის მთავრობასთან დაახლოების მცდელობას და აცხადებს, რომ მას არასოდეს უთხოვია უკრაინის მოქალაქეობის მიღება.

რუსი ოლიგარქების უკრაინაში არსებული აქტივების კონფისკაცია მაისში მიღებული კანონის ძალით მიმდინარეობს. როგორც ქვეყნის პროკურატურამ ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა, იმ დროისათვის უკვე კონფისკებული იყო 1,1 მილიარდი დოლარის ქონება.

კიევში ნაკლებად თანაუგრძნობენ „ტანჯულ“ ოლიგარქებს: „თქვენ 24, 25, 26, 27 და 28 თებერვალს უნდა გაგერკვიათ, სად უნდა დამდგარიყავით“, - ამბობს მათ გასაგონად ალექსი დანილოვი, უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც მხედველობაში აქვს ომის პირველი დღეები, - „აი, სწორედ მაშინ უნდა გადაგეწყვიტათ - სინათლის მხარეს იქნებოდით თუ სიბნელის მხარეს“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ