"არახამია პოლიტიკაში ხელმოცარული ადამიანია, სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს, ასეთ ადამიანზე მაკარგვინებთ დროს?!" - კვირის პალიტრა

"არახამია პოლიტიკაში ხელმოცარული ადამიანია, სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს, ასეთ ადამიანზე მაკარგვინებთ დროს?!"

დავით არახამია სანქციებს ჩვენ გვიწესებს?! - არახამია პოლიტიკაში ხელმოცარული ადამიანია, მას სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს, პასპორტი საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტმა ჩამოართვა, ასეთ ადამიანზე მაკარგვინებთ დროს?! - ასე უპასუხა ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.

ზარქუა მიიჩნევს, რომ “არახამიებისა და პოდოლიაკისნაირების განცხადებები სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ“.

„არახამია არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი გუნდის თავმჯდომარემ ანუ პრეზიდენტმა საერთაშორისო პასპორტი შეუჩერა და თქვა, რომ აშშ-სა და ევროპაში უსაქმურად დარბოდა. ეს ხომ ვნახეთ? წარმოიდგინეთ, არახამიას ფრაქციის თავმჯდომარე ჰქვია და პასპორტს იმიტომ ართმევენ, უსაქმური ხარო... ეს ადამიანი დასაქმდა საქართველოს პრობლემებით?! ქართულიც არ იცის!

ქვეყანა ომშია. მე მხარს ვუჭერ უკრაინელ ხალხს და უკრაინას. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს, მტერი უტევს და ამაზე იყვნენ კონცენტრირებული - რა დროს საქართველოს თემებია!“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქციების ნუსხაში შეყვანილია: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტიტე მამაცაშვილი, ირაკლი რუხაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, დიმიტრი კორჟევი, დიმიტრი ტროიცკი, ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე.

საკითხზე დავით არახამიამ განაცხადა, რომ აღნიშნული სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარ სააგენტოს წარმოადგენს.

„როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან. მუშაობას ვაგრძელებთ. ძვირფასო ქართველებო, სამწუხაროდ, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით“, - განაცხადა დავით არახამიამ.