"USAID-ში ჩაბუდებული არიან ადამიანები, რომლებიც აქცენტს აკეთებენ "ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ მოგონილ თემებზე - ისინი არასწორ, ეკა გიგაურის დასკვნებს ეყრდნობიან" - კვირის პალიტრა

"USAID-ში ჩაბუდებული არიან ადამიანები, რომლებიც აქცენტს აკეთებენ "ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ მოგონილ თემებზე - ისინი არასწორ, ეკა გიგაურის დასკვნებს ეყრდნობიან"

მივმართავ ქალბატონ კელი დეგნანს - როცა USAID ეკა გიგაურის დასკვნებით გამოდის, გაგვიჭირდება საქართველოს მოსახლეობა იმაში დავარწმუნოთ, რომ აშშ, როგორც ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციები სიმართლეს და სამართლიანობას ემსახურებიან, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან გააკეთა.

ზარქუას თქმით, USAID შეცდომაშია შეყვანილი.

„მინდა მივამართო აშშ-ს ელჩს საქართველოში ქალბატონ დეგნანს: - USAID არის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს მთელ რიგ რეფორმებში წლების განმავლობაში გვერდით უდგას. იქ ჩაბუდებული არიან ადამიანები, რომლებიც აქცენტირებული არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ მოგონილი და შემდეგ ფურცელზე გადატანილი თემების ტირაჟირებით. საქართველო 2012 წლამდე კორუფციის ინდექსით 70-ე ადგილზე იყო. 2012 წლის შემდეგ 31-ე ადგილზე ვართ. უფრო მეტიც, 200 სახელმწიფოს შორის ბიუჯეტის გამჭვირვალობით საქართველო პირველ ადგილზეა. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები.

როგორ შეიძლება ასეთი ქვეყანა კორუფციის მორევში იყოს, როგორც ეს ახლა ითქვა?! ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ისინი არასწორ დასკვნებს - ქალბატონ ეკა გიგაურის დასკვნებს ეყრდნობიან. ეს ის გიგაურია, რომელიც ვანო მერაბიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი კაპიტანი იყო“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში - „კლეპტოკრატიის აღმოფხვრის შესაძლებლობის ფანჯრების წართმევა“ - საქართველოში 2003 წლის “ვარდების რევოლუციის“ შემდგომი რეფორმები ქვეყნის კლეპტოკრატიისგან გათავისუფლების კარგ მაგალითად არის დასახელებული. 2012 წლის შემდგომ პერიოდზე ნათქვამია, რომ “უმდიდრესმა ოლიგარქმა სახელმწიფო დაატყვევა“.