"ანომალიაა, როცა დღეს რუსეთს ემხრობი და მის გამარჯვებაზე ოცნებობ" - კვირის პალიტრა

"ანომალიაა, როცა დღეს რუსეთს ემხრობი და მის გამარჯვებაზე ოცნებობ"

“ყველას, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ უკრაინა ერთ კვირაში დამარცხდებოდა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა!”

“ალბათ გახსოვთ ცნობილი ლეგენდა პანდორას ყუთზე, საიდანაც დედამიწაზე ათასგვარი სენი და უბედურება გავრცელდა. როცა შეშინებულმა პანდორამ ყუთი დახურა, იქ მხოლოდ იმედი დარჩა. ამიტომ ადამიანმა იმედი არასდროს არ უნდა დაკარგოს, როგორც ამბობენ, იმედი ბოლოს კვდება”, - გვითხრა აკადემიკოსმა რისმაგ გორდეზიანმა, რომელიც დღეს ჟურნალ “გზის” სტუმარია. მას საქართველოს წინაშე არსებულ სერიოზულ პრობლემებზე ვესაუბრეთ.

- ბატონო რისმაგ, დაახლოებით რომელ ეპოქას გაგონებთ დღევანდელი საქართველო?

- ყველაზე მეტად, ჩვენი დამოუკიდებლობის საწყის ეტაპს მაგონებს, რომელიც მე-20 საუკუნის 20-იან წლებს დაემთხვა, უბრალოდ, მჯერა, რომ ყველაფერი ისე არ დასრულდება, როგორც ასი წლის წინ დასრულდა.

- ამის იმედს რა გაძლევთ?

- ის, რომ დღევანდელი მსოფლიო სულ სხვაა: საერთაშორისო კანონების დაცვას დიდი ყურადღება ექცევა, ასევე - ცალკეული ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასაც. რატომღაც მგონია, რომ დღეს უფრო მზად ვართ, უცხოელი მეგობრების დახმარებით ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ.

- ქვეყანაში მომრავლდნენ რუსული ვექტორის მომხრეები, რომლებსაც სჯერათ, რომ უკრაინასთან ომში რუსეთი გაიმარჯვებს. მათი თქმით, საქართველომ ახლა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და პროცესებში არ უნდა ჩაერიოს. თქვენც ასე ფიქრობთ?

- ჩემს აზრს პირდაპირ მოგახსენებთ: ვინც ახლა რუსეთს ემხრობა და უნდა, რომ ამ ომში რუსეთმა გაიმარჯვოს, რაღაც ანომალია სჭირს! უკრაინის გამარჯვებით, ცხადია, ჩვენც გავიმარჯვებთ, მაგრამ ეს სულაც არ გვიშლის ხელს, რომ სიფრთხილე გამოვიჩინოთ. რუსული დანაყოფები თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში არიან და ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის სიფრთხილე აუცილებელია. ადვილი მისახვედრია, რომ საქართველო ვერ გაუძლებს იმ ვითარებას, რომელიც ახლა უკრაინაშია. სიფრთხილე სულაც არ გვიშლის ხელს, რომ უკრაინის გამარჯვება გვინდოდეს და ამის გვჯეროდეს.

- ბატონო რისმაგ, მაინც რას უნდა მივაწეროთ რუსეთის მომხრეების უჩვეულო სიმრავლე საქართველოში?

- მიხარია, რომ ასეთ ხალხს მე არ ვიცნობ, მათთან არ მისაუბრია და არ ვიცი, რა არის მათი მოტივაცია, მაგრამ მგონია, რომ მათ ადრეც ჰქონდათ სიმპათიები რუსეთის მიმართ. სხვაგვარად აუხსნელია, რატომ მომრავლდნენ. აუხსნელია ისიც, ამ სიტუაციაში, ადამიანი რუსეთისკენ რატომ უნდა იყურებოდეს. მე მგონი, ეს ნორმალური მდგომარეობა არ არის - მეტს ვერაფერს ვიტყვი. ადამიანების გარკვეულ ჯგუფს რაღაც ანომალია ყოველთვის ჰქონდა, ჩავთვალოთ, რომ ესეც ანომალიაა. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ დღეს ყველა პირობაა შექმნილი რუსეთის დასამარცხებლად. ეს ქვეყანა მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ იბრძვის, ამიტომ ძალიან მეეჭვება, რომ ამ ბრძოლაში რუსეთმა გაიმარჯვოს. თუ რუსეთი დაინგრევა, ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ჩვენც მის ნანგრევებში მოვყვეთ.

- რუსოფილები რატომღაც არ ამბობენ, რომ ეს საშინელი ომი რუსეთმა წამოიწყო, სამაგიეროდ ამტკიცებენ, რომ ზელენსკიმ გაწირა თავისი ხალხი... თქვენი აზრით, სად არის აქ ლოგიკა?

- იქნებ აგვიხსნან, რას ნიშნავს “ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელები გაწირა”?!. აბა, თავი დაეხარა და ეთქვა: მოდით და ჩვენს სამშობლოში რაც გინდათ, ის აკეთეთო?! ამ ხალხს, ეტყობა, ავიწყდება, რა თქვა პუტინმა ომის დაწყებამდე: ის ამბობდა, რომ უკრაინა როგორც ცალკე სახელმწიფო და ცალკე ნაცია არ არსებობს, რომ ის რუსეთის დანამატია, ამიტომ, ვინც საწინააღმდეგოდ ფიქრობს, რუსეთისთვის მიუღებელია... პუტინი ცდილობს, რომ უკრაინელი ერი მოსპოს, ამიტომ ეს არის ძირშივე მცდარი კონცეფცია, რომელიც უეჭველი კრახისთვისაა განწირული. ზელენსკის გაბედულების წყალობით, უკრაინაში დღეს ძალიან მაღალ დონეზეა უკრაინული სული, ის თავისი ერის სადარაჯოზე დადგა და მთელი ქვეყანა ერთი იდეის ირგვლივ შემოიკრიბა. სწორედ ამიტომ, ყველას, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ უკრაინა ერთ კვირაში დამარცხდებოდა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა! დღეს ბევრს მსჯელობენ, უკრაინის დამარცხების შემთხვევაში, ჩვენც განწირულები ვიყავით თუ არა? ამის თქმა ძნელია, მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც ირაციონალურად აზროვნებს. შეიძლება არც არაფერი მომხდარიყო, მაგრამ შეიძლება აქ საშინელება დატრიალებულიყო. ამას ახლა ვერავინ იტყვის, მაგრამ კარგი დღე რომ არ დაგვადგებოდა, ცხადია.

- კიდევ ერთი თემა, რომელიც არაერთ ადამიანს აწუხებს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაა. ხომ შეიძლება ექსპრეზიდენტს სასჯელი გადაუვადონ, უცხოეთში გაუშვან და ნორმალურად უმკურნალონ?

- მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა საქართველოში ასეთი გზით შემოვიდა, თუმცა, ეს უკვე წარსულია. ახლა კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ უბედურება მოხდეს და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. რომ გაათავისუფლონ და სადაც მოინდომებს, იქ გაუშვან, ეს საქართველოში დიდ გაუგებრობას გამოიწვევს. რატომ?.. არიან ადამიანები, რომლებიც ექსპრეზიდენტის მიმართ ძალზე მტრულად არიან განწყობილი. ალბათ ყველაზე გონივრული იქნება, სერიოზული საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნას, რომელიც მის მდგომარეობას საფუძვლიანად შეისწავლის. თუ დიაგნოზი კეთილსაიმედო იქნება და მისი მკურნალობა აქაც მოხერხდება, ესე იგი, ეს პროცესი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ადამიანის ჯანმრთელობა სახუმარო საქმე არ არის! სხვათა შორის, მე სააკაშვილსაც ვიცნობ, მის ოჯახსაც და ძალიან გული შემტკივა იმის გამო, რაც მას დაემართა.

- ბატონო რისმაგ, როგორია თქვენი აზრი “ქართულ ოცნებაზე”, რომლის რეიტინგი ბოლო წლებში აშკარად დაეცა? ნუთუ ეს ხელისუფლება შეძლებს, ქვეყანას გაუძღვეს და წინსვლის გზაზე დააყენოს?

- ეს ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, მაგრამ მთავარი, რაც მოახერხა, ეს - მშვიდობის შენარჩუნებაა. კიდევ ერთი მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს აქვს, ევროკავშირში ინტეგრაციაა. თუ “ოცნება” ამას მიაღწევს, მაშინ ხელისუფლების შენარჩუნებასაც შეძლებს და ქვეყნის მართვასაც. ნებისმიერ შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ვინც ამბობს, რომ ეს სტატუსი არაფერია, ძალიან ცდება, ამას მხოლოდ საქმეში ჩაუხედავი ხალხი ამტკიცებს.

- ამ სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი წინა პირობა ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის აღმოფხვრა და სააკაშვილის სათანადოდ მკურნალობაა.

- შეგახსენებთ: სააკაშვილი უკრაინაში ცხოვრობდა, მაგრამ აქ პოლარიზაცია მაინც იყო. პოლარიზაცია მხოლოდ ერთ პიროვნებაზე არ არის დამოკიდებული, ყველაფერი დამოკიდებულია ამა თუ იმ პარტიის მიზნებზე და პოლიტიკურ სიტუაციაზე. დღეს ყველა ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგი სურს, მაგრამ რა არის მათ წარმოდგენაში კარგი, ამას ვერ გეტყვით. არ მინდა დავიჯერო, რომ რომელიმე პოლიტიკოსს ამ ქვეყნისთვის ცუდი სურს, მაგრამ ხომ შეიძლება, ცუდი განზრახვა არ მქონდეს და ჩემი მოქმედებით მაინც ცუდი გავაკეთო? ასე რომ, ე.წ. დეპოლარიზაცია მარტო სააკაშვილზე არ არის დამოკიდებული. თანაც, ის ამბობს, რომ ქართული პოლიტიკიდან გასვლას აპირებს. ამ განცხადების შემდეგ პოლარიზაცია უნდა მოიხსნას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ასე არ არის. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ერთ პიროვნებაზე არ არის დამოკიდებული.

- რას იტყვით კელი დეგნანისადმი მიწერილ წერილებზე? რატომ სწერს “ქართული ოცნებიდან” წამოსული ოთხეული ასეთ წერილებს და რამდენად სახიფათო თამაშია ეს?

- სიმართლე გითხრათ, არ მესმის, მათი მიზანი რა არის. არ ვიცი, ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის ან ელჩის დისკრედიტაციაა, დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების ან გაუმჯობესების სურვილი თუ სხვა რამ. სანამ მათი მიზანი არ მეცოდინება, ძალიან გამიჭირდება ვთქვა, რას ნიშნავს მათი წერილები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს კარგი არ არის. პოლემიკა შეიძლება გქონდეს ერთ პიროვნებასთან, მაგრამ არ შეიძლება გქონდეს მთელ ქვეყანასთან, მით უმეტეს - აშშ-თან. ჩვენ რომ რაღაც გაგვიჭირდეს, ვისი იმედი უნდა გვქონდეს, ხომ უნდა ვიცოდეთ? და ვისი იმედიც უნდა გვქონდეს, იმასთან უაზრო პოლემიკაში შესვლას რა აზრი აქვს? ყველა დიდ ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს მსოფლიოში. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ვინმეს ინტერესებში ჩვენზე ზრუნვა უნდა შედიოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩვენ, გარდა დასავლეთის და ამერიკის შეერთებული შტატებისა, აქტიური მხარდამჭერი არ გვყავს. კიდევ ვიმეორებ: ამ “ოთხეულის” მოღვაწეობის მიზანი რა არის, მე არ ვიცი, ვის უჭერენ მხარს ან ვის წინააღმდეგ ილაშქრებენ - მართალი გითხრათ, ეს ჩემთვის გაუგებარია. როცა ასეთ ლაპარაკს სახელმწიფო დაიწყებს, ეს ელჩის გაწვევას ნიშნავს, მაგრამ ამ ჯგუფს არა აქვს უფლება, გამოვიდეს და რომელიმე ელჩს შეურაცხყოფა მიაყენოს, ან იქამდე მიიყვანოს, რომ ქვეყნის დატოვება მოუნდეს. ეს გაუმართლებელი იქნება! და საერთოდ, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა და როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალს. თუ ისევ იმ აზრზე დავრჩებით, რომ რაც კარგები ვართ, მარტო ჩვენა ვართ და ყველა თვალებში უნდა შემოგვციცინებდეს, არც არაფერი გამოგვივა და ვერც ვერაფერს მივაღწევთ.

- საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ახლა ვადამდელი არჩევნებია. თქვენც ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია დამშვიდდება.

- არა მგონია. თუ ამგვარ პრეცედენტს ერთხელ დავუშვებთ, მერე ვადამდელი არჩევნები სისტემატურ მოვლენად გადაიქცევა. არსებობს კანონი, რომელიც ადგენს, რომ არჩევნები ამა და ამ დროს უნდა ჩატარდეს, საკმარისია, კანონს ერთხელ გადავუხვიოთ, რომ მერე ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს.

- თუმცა მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხალხს დაპირებები ვერ შეუსრულა და ის სხვა, უფრო პროგრესულმა და საიმედო ძალამ უნდა ჩაანაცვლოს...

- როგორც წესი, ყველა ქვეყნის ხელისუფლება რაღაცას ჰპირდება თავის ხალხს, მაგრამ ზედმიწევნით ამ დაპირებებს ვერავინ ასრულებს. ვერ დამისახელებთ ქვეყანას, სადაც მთავრობის დაპირებები 100 პროცენტით შესრულდა, მე ასეთი ქვეყანა არ ვიცი. შეიძლება რომელიმე პატარა სახელმწიფოში მომხდარა მსგავსი რამ, მაგრამ ვერც ერთ წამყვან ქვეყანაში ამას ვერ დაინახავთ. ამიტომ არის ყველგან უკმაყოფილება, ხალხის და ოპოზიციის გამოსვლები. მე არ ვიცი ევროპული ქვეყანა, სადაც ხალხი ბოლომდე კმაყოფილია... მსოფლიო ისეა არეული, რომ შეუძლებელია, ხელისუფლებამ ყველა დაპირება ზედმიწევნით შეასრულოს.

- ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, ისლანდია - ამ პატარა ქვეყნებმა თუ შეძლეს ნორმალური, გამართული სახელმწიფოების აშენება, ჩვენ რატომ ვერ შევძელით?

- იმიტომ, რომ ძალიან ცოტა დრო გვქონდა ნორმალური განვითარებისთვის. სულ გაჭირვებასა და ერთმანეთთან დაპირისპირებაში ვართ. ამიტომ ვერ ჩამოგვიყალიბდა კულტურა, რომლის წყალობითაც ქვეყნები ახერხებენ, ბედნიერად იცხოვრონ. ავიღოთ თუნდაც ფინეთი, რომელიც საქართველოსავით პატარა ქვეყანაა: ფინეთმა ძალიან დიდი ომი გადაიტანა საბჭოთა კავშირთან და დიდი ვაჟკაცობა გამოავლინა. ფინელებმა ბოლომდე დაიცვეს თავიანთი დამოუკიდებლობა და ახლაც გონივრული გადაწყვეტილება მიიღეს. მართალია, ძალიან უჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ეს ნეიტრალური ქვეყანა იყო, მაგრამ ახლა ნატოში შედიან. რატომ?.. დაინახეს, რომ იქვე, გვერდით, ირაციონალური მეზობელი ჰყავთ, რომელსაც როდის რა წამოუვლის, არავინ იცის, ამიტომაც გადაწყვიტეს, თავი დაიცვან. ფინელების გადაწყვეტილება ნატომაც სიხარულით მიიღო. სწორედ ასეთი, გონივრული პოლიტიკით აღწევენ პატარა ქვეყნები წარმატებასა და ძლიერებას.

- ბატონო რისმაგ, ჩვენს ხალხში უიმედობა და ნიჰილიზმი დიდი დოზითაა, ადამიანებს უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი აღარა აქვთ. რას ეტყვით მათ?

- მე მგონია, რომ იმედს თუ დავკარგავთ, ცხოვრებას აზრი დაეკარგება. იმედი დიდი ძალაა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ და მეც არ ვკარგავ. ახლა მთავარია, კაცობრიობა გადარჩეს, ატომური უბედურების საფრთხეს გადაურჩეს. ამ შემთხვევაში, ჩვენც გადავრჩებით და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ თუ ნიჰილიზმი და უიმედობა მოგვერევა, მაშინ ყველაფერი აზრს დაკარგავს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"