უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქის 20-ზე მეტი სოფელი დაიბრუნა... - კვირის პალიტრა

უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქის 20-ზე მეტი სოფელი დაიბრუნა...

რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ უკრაინის ოფიციალურმა წყაროებმა ოპერატიულ ინფორმაციაზე დაწესებული შეზღუდვები მცირედით შეამსუბუქეს და 8 სექტემბრის 15 სთ-სთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარმა ოპერატიულმა სამმართველომ(სადაც ყველა სამხედრო სახის ინფორმაცია გროვდება და ანალიზდება) მართლაც რომ სენსაციური გაცხადება გააკეთა-ამ კვირის დასაწყისიდან,ოთხი დღის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზის ხარკოვის მიმართულებაზე უკრაინის დამცველებმა წარმატებული იერიშები განახორციელეს,50 კმ-ის სიღრმეში შეიჭრნენ რუსი ოკუპანტების თავდაცვის ზღუდეების შიგნით და ხარკოვის ოლქის 20-ზე მეტი სოფელი გაათავისუფლეს რუსეთის ოკუპაციისგანო...

ასეთ მოკლე პერიოდში შეტევებით ასე წინ წაწევა მართლაც განმაცვიფრებელია (რასაც სხვათა შორის ვერ უარყოფს მოწინააღმდეგეც),მითუმეტეს იმ უკრაინის არმიისთვის,რომელიც ნახევარწლიანი ომის განმავლობაში სულ თავდაცვაზე იყო გადასული და ძირითად თავსატეხად ის ჰქონდა,როგორმე შეენელებინა ოკუპანტების წინსვლა,განსაკუთრებით ფრონტის დონბასის მონაკვეთზე.

საგულისხმოა,ისიც,რომ უკრაინის არმიის ბოლო დღეების შედარებით წარმატებული შეტევები ხორციელდება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრიდან სულ რაღაც 70-80 კმ-ში და მიუხედავად ამისა, რუსეთის საოკუპაციო ძალებს არ აღმოაჩნდათ იმის პოტენციალი ადრეულად შეეჩერებინათ შეტევაზე გადასული უკრაინის განმათავისუფლებლები.

უკრაინელებს უჩნდებათ შანსი ბალაკლეიასთან და იზიუმთან „ქვაბში“ მოაქციონ რუსი ოკუპანტები და პრორუსი სეპარატისტები, ტყვედ აყვანილი ათობით მოწინააღმდეგის ფოტო-ვიდეო კადრები ინტერნეტში თითქმის ყოველ საათს იდება...

2-r-1662647164.jpg
„რამშტაინის ფორმატის“ მორიგ შეხვედრაზე დაიგეგმა თუ რა დამატებით ახალ შეიარაღებას მიიღებს უკრაინის არმია უახლოესს თვეში...

რამდენად წარმატებით გაგრძელდება უკრაინის არმიის შეტევა ჩრდილო-აღმოსავლეთი მიმართულებით ,ჯერ ამის ზუსტი პროგნოზი ძალზე ძნელია,რადგან მოწინააღმდეგემ დაიწყო დამატებითი ძალების გადასროლა ფრონტის ამ უბანზე,მაგრამ ფაქტია,რომ უკრაინელმა სამხედროებმა მთელ მსოფლიოს აჩვენეს,რომ მათაც შესძლებიათ კონტრიერიშებზე გადასვლა,თანაც ფრონტის ორ მიმართულებაზე ერთდროულად(ხერსონისა და ხარკოვის რაიონებში) და ამასთანავე საკმაოდ დიდი ძალებით...

უკრაინის არმიის ბოლო დღეების წარმატებული შეტევები გერმანიის რამშტაინის სამხედრო ბაზაზეც აღნიშნეს,სადაც „რამშტაინის ფორმატის“ ფარგლებში მერვედ შეიკრიბნენ მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები(მისასალმებელია,რომ ამ შეხვედრაში საქართველოს თავდაცვის მინისტრიც იღებს მონაწილეობას),რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის გაგრძელების თემას განიხილავენ.

„ ვხედავთ,რომ ჩვენ საერთო ძალისხმევას აშკარა წარმატებები მოაქვს უკრაინის ბრძოლის ველზე“-აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და მანვე პირველად გააჟღერა ის ციფრები,რისი აქამდე გაგებისთვის რუსეთის სამხედრო დაზვერვა არაფერს დაიშურებდა...

პენტაგონის შეფის განცხადებით დღემდე მოკავშირეებმა უკრაინის არმიას გადასცეს „ჰაიმარსისა“ და „მლრს“-ის 26 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 155 მმ კალიბრის „მ777“ ტიპის 126 ბუქსირებადი ჰაუბიცა.

26 ცალი „ჰაიმარსი“ და „მლრს“-ი 1 600 კმ-ზე გადაჭიმული ფრონტის ხაზისთვის არაფერია,მაგრამ უკრაინელმა არტილერისტებმა ამ მიზერული საშუალებითაც მოახერხეს ომის მსვლელობის შემოტრიალება,რადგან ეფექტიანად დაიწყეს მათი მართვადი რაკეტებით რუსი ოკუპანტების მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების-შტაბების,ხიდებისა და საბრძოლო მასალის საწყობების წერტილოვანი აფეთქებები...