"ჩინეთი დილემის წინაშე: დაუახლოვდეს თუ დაშორდეს რუსეთს სამხედრო სფეროში?" - რას წერს ჩინური გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ჩინეთი დილემის წინაშე: დაუახლოვდეს თუ დაშორდეს რუსეთს სამხედრო სფეროში?" - რას წერს ჩინური გამოცემა?

ჩინეთის (ჰონკონგის) ინგლისურენოვან ყოველდღიურ გაზეთ South China Morning Post-ში დაბეჭდილია სტატია სათაურით - „ჩინეთი დილემის წინაშე: დაუახლოვდეს თუ დაშორდეს რუსეთს სამხედრო სფეროში?“ (ავტორი - ჯეკ ლაუ). მასალაში განხილულია რუსეთ-ჩინეთის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივა უკრაინის ომის ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთის ზღვისპირეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს, კოდური სახელწოდებით - „ვოსტოკ-2022“, რომელშიც ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ქვედანაყოფებიც მონაწილეობენ. პეკინის გადაწყვეტილებამ მიმომხილველებს კითხვები გაუჩინა - როგორ შეძლებს ჩინეთი მოსკოვთან სამხედრო კავშირების შენარჩუნებას ისე, რომ კრემლს ძალიან მჭიდროდ არ დაუახლოვდეს და ამერიკის შეერთებული შტატებისაგან მკვეთრი უარყოფითი რეაქცია არ გამოიწვიოს?

ჩინეთის არმიას მცირე სამხედრო გამოცდილება აქვს. უკანასკნელად ჩინელმა სამხედროებმა 1979 წელს, ვიეტნამთან ომის დროს იბრძოლეს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ჩინელებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ რუსი სამხედროებისგან, რომლებმაც გამოცდილება საქართველოსთან ომში, უკრაინაში და სირიაში მიიღეს. აკვირდებიან რა სამხედრო წვრთნების მიმდინარეობას, მიმომხილველები ორი სამხედრო გიგანტის ერთმანეთთან შეუქცევადად დაახლოებისა და ურთიერთდახმარების ნიშნებს ეძებენ, პარალელურად კი, რუსულ-ჩინური სამხედრო ძალების ბოლო წლების კავშირებს ყურადღებით აანალიზებენ. მაგრამ ეს კავშირები თანდათანობით ცვლილებას განიცდიან: ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია დღეს იმდენად არის წინ წასული, ტექნიკური თვალსაზრისით, რომ ბევრი უპირატესობა აქვს რუსეთის არმიასთან შედარებით, მთელ რიგ სფეროებში.

გეოპოლიტიკურმა მომენტმა, რომელიც უკრაინის კონფლიქტს უკავშირდება, პეკინი იძულებული გახადა, რუსეთთან ცოტა ფრთხილი სამხედრო ურთიერთობა ჰქონდეს. როგორც ვლადივოსტოკის უნივერსიტეტის დოცენტი არტემ ლუკინი ამბობს, პეკინს არ სურს, მსოფლიოში ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, რომ თითქოს ჩინეთი რუსეთს სამხედრო სფეროში უახლოვდება.

მართალია, ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე, პეკინის ოლიმპიადის დროს, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს „უსაზღვრო მეგობრობაზე“ და „სტრატეგიულ თანამშრომლობაზე“, რომელზეც გავლენას „ცვალებადი საერთაშორისო სიტუაცია ვერ მოახდენსო“, მაგრამ... რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ პეკინის პოლიტიკა გარკვეულწილად სხვაგვარი გახდა. კი, ჩინეთი დასავლეთისაგან დაწესებული ანტირუსული სანქციების წინააღმდეგ გამოდის და ხშირად იმეორებს კრემლის ანტიდასავლურ განცხადებებსაც, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩინეთმა რუსეთს იარაღის მიწოდებაზე უარი უთხრა. თავის მხრივ, ამერიკელებმაც დაადასტურეს, რომ ჩინეთი მოსკოვს მართლაც არ ეხმარება მატერიალურად და არ თანამშრომლობს სანქციების გადალახვის საქმეში.

„ჩინეთი, უბრალოდ, რუსეთთან სამხედრო ურთიერთობების იმ დონეს ინარჩუნებს, რომელიც უკრაინის ომამდე არსებობდა. მე ვფიქრობ, რომ ჩინეთს სურს ასე თქვას: „ჩვენ სამხედრო ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მას არ ვაღრმავებთ“, - ამბობს არტემ ლუკინი. პეკინი შეფასებებს მრავალი მონაცემის საფუძველზე აკეთებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გასაიდუმლოებულია, ამიტომ მათზე რიგით მოქალაქეებს ხელი არ მიუწვდებათ. ჩინეთის უარი რუსეთისადმი იარაღით დახმარებაზე შეიძლება იმით აიხსნას, რომ პეკინი ამერიკულ ეკონომიკაზე და ტექნოლოგიებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. და რადგანაც ჩინეთის კომპარტიის ყრილობა ოქტომბერში უნდა გაიმართოს, მას არ სურს ვაშინგტონის გაღიზიანება გამოიწვიოს რუსეთთან სამხედრო ალიანსის შექმნით - ისეთი ალიანსისა, როგორც ამერიკას დიდ ბრიტანეთთან ან იაპონიასთან აქვს.

სარა კირხბერგერი, რომელიც კილის უნივერსიტეტის (გერმანია) აზია-წყნარი ოკეანის სტრატეგიისა და უსაფრთხოების ცენტრს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ალიანსი, რომელიც ამერიკას, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის არსებობს, ეფუძნება სრულ ნდობას, განმტკიცებულს მრავალი ათეული წლის განმავლობაში, მრავალ ერთობლივ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობით, როცა თაობიდან თაობამდე ერთად, მხარდამხარ იბრძოდნენ“

რა თქმა უნდა, ავტოკრატიულ სახელმწიფოებსაც შეუძლიათ ერთმანეთთან ეფექტიანად ითანამშრომლონ, მაგრამ მათი თანამშრომლობა ხანმოკლეა და როცა საერთო ინტერესები ქრება, თანამშრომლობაც წყდება. ასეთი ალიანსები იშლებიან, როცა ერთი მხარე მიდის დასკვნამდე, რომ მისთვის უკეთესი და უმჯობესია, თავისი პარტნიორის წინააღმდეგ გამოვიდეს.

კრემლის მიერ უკრაინასთან ომში დაშვებულმა სტრატეგიულმა შეცდომებმა, აგრეთვე, რუსეთის სარდლობისა და სამხედრო ტექნიკის წარუმატებლობებმა ჩინეთს შესაძლებლობა მისცეს, გაეკეთებინა დასკვნა, რომ რუსეთი პეკინისთვის პრობლემურ და საეჭვო პარტნიორს წარმოადგენს. „ამიტომაც ჩინეთი შეეცდება, მინიმუმამდე დაიყვანოს ამ შეცდომების შედეგები და არ გააფართოებს, არ გააძლიერებს თავის დამოკიდებულებას რუსეთზე“, - ამბობს სარა კირხბერგერი.

ჩინეთი დღეს სულ უფრო ნაკლებ რუსულ იარაღს ყიდულობს და უპირატესობას საკუთარ ქარხნებში წარმოებულ სამხედრო საჭურველს ანიჭებს. მშვიდობის პრობლემების კვლევის სტოკჰოლმის ინსტიტუტის მონაცემებით, იარაღის იმპორტს ჩინეთი 2002-2021 წლებში რუსეთიდან ახდენდა, მაგრამ ათი წლის განმავლობაში იმპორტის მოცულობა თანდათან იკვეცებოდა და 2021 წლისათვის თითქმის 50%-ით შემცირდა.

ჩინეთი დღეს თვითონვე ქმნის უფრო თანამედროვე ავიაციას, აგებს თავის პირველ ავიამზიდს „ფუძიანს“, საიდანაც თვითმფრინავების გაშვება ელექტრონული კატაპულტით განხორციელდება. რასაკვირველია, რუსეთი აგრძელებს ჩინეთისათვის ზოგიერთი სახის იარაღის - მაგალითად, С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მიწოდებას. როგორც შანხაელი სამხედრო მიმომხილველი ნი ლესიუნი ამბობს, ორი ქვეყანა თანასწორი არის სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ როცა ჩინეთი რუსულ იარაღზე იყო დამოკიდებული, ეს ფაქტორი მოსკოვს „ფსიქოლოგიურ უპირატესობას“ აძლევდა.

მიმომხილველის თქმით, ჩინეთს მძლავრი ეკონომიკური შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი ეკონომიკა მთლიანად სამხედრო ტექნიკის გამოშვებით უნდა იყოს დაკავებული. თუმცა, რა თქმა უნდა, „სამხედრო სფეროსთვის გამოყოფილი ფული უქმად არ უნდა დაიხარჯოს, ის კვლევებსა და პროექტების განხორციელებას უნდა მოხმარდეს“.

არტემ ლუკინის თქმით, მას არ გაუკვირდება, თუ რუსეთი უახლოეს პერსპექტივაში ჩინური წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს (დრონებს) და საბრძოლო ხომალდებს შეიძენს, რადგან ჩინეთი, რუსეთთან შედარებით, უფრო მოწინავე ტექნოლოგიებს იყენებს. „თუ პეკინი მიიღებს რუსეთისთვის სამხედრო ტექნიკის მიყიდვის გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, ჩინელებს ეყოფათ იმის ჭკუა, რომ აშშ-ის ნეგატიური რეაქცია გაითვალისწინონ“, - ამბობს ვლადივოსტოკის უნივერსიტეტის დოცენტი.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ