საქართველოს  მრავალსაუკუნოვანი  მტერ–მეგობარი  კვლავ  აგრესორს უჭერს მხარს? - კვირის პალიტრა

საქართველოს  მრავალსაუკუნოვანი  მტერ–მეგობარი  კვლავ  აგრესორს უჭერს მხარს?

საქართველოსა და ირანს (1935 წლამდე სპარსეთად იწოდებოდა) მრავალსაუკუნოვანი მტერ–მეგობრობა აკავშირებს. იმედია, მტრობა წარსულს ჩაბარდა და ამჟამად, მხოლოდ პარტნიორობისა და მეგობრობის გზით ვივლით.

რა რეალობა გვაქვს დღეს? საქართველო სამ დიდ სახელმწიფოს: თურქეთს, ირანსა და რუსეთს შორის იმ გეოპოლიტიკურ სივრცეშია, სადაც ისტორიულად სამივე მეზობელს პირველობის ამბიცია ჰქონდათ და აქვთ. ამავე დროს, ისინი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან: აშშ, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნები, რომელთაც ჩვენს მიზნებთან თანხვედრილი გეოსტრატეგიული მიზნები გააჩნიათ. ზემოაღნიშნული დიდი პოტენციური საფრთხის მატარებელია, რაც პერიოდულად, საქართველოს ტერიტორიაზე ამ ორი ძალის ღია და ფარულ დაპირისპირებაში გამოიხატება.

მიუხედავად ტერიტორიული სიახლოვისა, საქართველოში ნაკლებად აქვთ რეალური ინფორმაცია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ და ირანშიც ცოტა თუ იციან საქართველოს შესახებ. საქართველოსა და ირანს შორის ამ ეტაპზე არსებული ოფიციალური ურთიერთობები სავაჭრო-ეკონომიკურსა და კულტურულ-ჰუმანიტარულს არ სცილდება და ეს ქვეყნები ერთმანეთს პირდაპირ საფრთხეს არ უქმნიან. კარგი იქნება გავიხსენოთ ირანის უახლესი ისტორია და ამ ქვეყნის სპეცსამსახურების როლი საშინაო და საგარეო პოლიტიკაში.

საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ სტალინის დროიდან “თვალებით ჭამდა” ირანს და ცდილობდა, სამხრეთ კავკასიის საგარეო-პოლიტიკურ ჭადრაკის დაფაზე თურქეთის საპირწონედ გამოეყენებინა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, შაჰინშაჰმა რეზა ფეჰლევიმ (1878–1944) უარყო ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის თხოვნა ირანში ჯარების განლაგების შესახებ. თუმცა 1941 წლის აგვისტოს ბოლოს საბჭოთა და ბრიტანეთის ჯარები ირანში შეიჭრნენ, დაიკავეს ქვეყნის ტერიტორია და შაჰი გადააყენეს.

shah2-1662704868.jpg
შაჰინშაჰი რეზა ფეჰლევი

ირანის ახალ მმართველად და შაჰად მისი ვაჟი, მოჰამედ რეზა ფეჰლევი (1919–1980) გამოცხადდა, რომელმაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას საბჭოთა კავშირთან და ბრიტანეთთან და ომი გამოუცხადა გერმანიას.

ისტორიულად, ირანში ყოველთვის აქტიურად მოქმედებდნენ საბჭოთა სპეცსამსახურები და მათი აგენტურა. საბჭოთა დაზვერვის სამსახურში ძირითადად, აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების ემიგრანტები და საბჭოთა მოქალაქეები (მაგ. ატაკიშიევი, ალახვერდოვი, აღაიანცი, ვართანიანი და სხვები) იყვნენ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო თანამშრომლობდნენ საბჭოთა კავშირთან. ბევრი მათგანი საბჭოთა არალეგალურ დაზვერვაში ათწლეულების მანძილზე დარჩა.

ამ ფაქტორმაც (უსაფრთხოების თვალსაზრისით) განაპირობა ის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, ინგლისის პრემიერ-მინისტრ ჩერჩილის, აშშ-ის პრეზიდენტ რუზველტისა და საბჭოთა ბელადის – სტალინის პირველი ერთობლივი შეხვედრა სწორედ ირანის დედაქალაქ თეირანში შედგა. ეს შეხვედრა ბევრი საინტერესო მოვლენითაა გამორჩეული. ერთ–ერთი ასეთი დასამახსოვრებელი ისტორიული ფაქტი იოსებ სტალინის მოულოდნელი ვიზიტი იყო ირანის ოცდაოთხი წლის შაჰთან. მანამდე მოჰამედ რეზა ფეჰლევი თავად ეახლა ჩერჩილსა და რუზველტს, და რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როდესაც საბჭოთა დელეგაცია, სტალინის მეთაურობით, შაჰს სასახლეში თავად ეწვია (სტალინის ამ ვიზიტთან დაკავშირებით ბევრი მითი და ლეგენდაა გავრცელებული, თუმცა დოკუმენტურად დადასტურებული წყაროების არ არსებობის გამო, დღეს ამაზე არ შევჩერდები).

თუმცა სტალინის „დიპლომატიურმა ეშმაკობამ“ ირანის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია მაინც ვერ შეცვალა: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ მკვეთრად პროდასავლური კურსი აირჩია. იმ პერიოდში ირანში მრავლად იყვნენ ამერიკელი, ინგლისელი და ფრანგი სამხედრო მრჩევლები და ამ ქვეყნების სპეცსამსახურების ოფიციალური წარმომადგენლები. საბჭოთა კავშირი განზე დარჩა და ამ დანაკარგის ანაზღაურება ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის გააქტიურებით სცადა, რამაც შედეგი მალევე გამოიღო.

1951 წლის აპრილში შაჰმა ირანის პრემიერ მინისტრად მოჰამედ მოსადეგი (1882–1967) დანიშნა, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის, უპირველესად კი ნავთობმომპოვებელი მრეწველობის, ნაციონალიზაცია და ამ სფეროდან უცხოელი კომპანიების გაძევება გადაწყვიტა. ამის შემდეგ მოსადეგს „მადა გაეხსნა“ და 1952 წლის ივლისის დასაწყისში შაჰს უფლებამოსილების გაზრდა და ირანის არმიის მის დაქვემდებარებაში გადასვლა მოსთხოვა. ამის საპასუხოდ შაჰმა 16 ივლისს მოსადეგი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამას კი საბჭოთა დაზვერვისგან მხარდაჭერილი, ირანის კომუნისტური „სახალხო პარტია „თუდეს“ მიერ კარგად ორგანიზებული საყოველთაო გაფიცვა და აჯანყება მოჰყვა. 22 ივლისს შაჰი იძულებული გახდა მოსადეგი ხელახლა დაენიშნა პრემიერ მინისტრად. 1953 წლის თებერვალში პრემიერ–მინისტრმა მოსადეგმა შაჰს პირდაპირ შეუტია და ირანის დატოვება მოსთხოვა. მაშინ კი მიხვდნენ ბრიტანეთსა და აშშ–ში, რომ ირანს კარგავდნენ და ეს ქვეყანა სულ მალე საბჭოთა კავშირის პირდაპირი გავლენის ქვეშ მოექცეოდა.

1953 წლის აგვისტოში ცსს-მ და მი-6 დაგეგმეს და განახორციელეს ამერიკულ-ინგლისური საიდუმლო ოპერაცია “აიაქსი”, რის შედეგადაც ირანის მემარცხენე ძალების პროსაბჭოთა მთავრობა პრემიერ-მინისტრ მოჰამედ მოსადეგის მეთაურობით დაემხო და ქვეყანაში რეზა ფეჰლევი დაბრუნდა.საინტერესოა, რომ ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა ქერმით რუზველტი, აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის შვილიშვილი.

შაჰის ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი და განხორციელებული ღია და ფარული ოპერაციების (რომლებშიც საბჭოთა დაზვერვა აქტიურად მონაწილეობდა) წარმატება იმითაც იყო განპირობებული, რომ ირანს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურები, ფაქტობრივად, არ ჰყავდა და მხოლოდ პოლიციის იმედად იყო. ირანის სპეცსამსახურების ფორმირების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ აშშ-ს ცსს, დიდი ბრიტანეთის მი-6 და ისრაელის “მოსადი”.

ირანის სპეცსამსახურების ფორმირების პროცესი XX-ე საუკუნის 50 წლების მეორე ნახევარში დასრულდა, როდესაც 1957 წლის მარტში „ქვეყნის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის ორგანიზაცია“ („Sazman-e Ettelaat-e va Amniyat-e Keshwar“, შემოკლებით SAVAK) – სავაკი შეიქმნა.

shah3-1662704868.jpg
შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი

თავიდანვე ეს სპეცსამსახური ირანის შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის რეჟიმის საიდუმლო პოლიციად და შიდაპოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად იქცა.

ამავე დროს, სავაკის მთავარი ფუნქცია ირანის განვითარებულ, ცივილურ და ისლამური ფუნდამენტალიზმისგან თავისუფალ ქვეყნად გარდაქმნისთვის ხელშეწყობა იყო. თურქეთის მაგალითი, სადაც სამხედრო ძალები და სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ დასავლური განვითარების გზაზე მდგომ ქვეყანას, ირანის შაჰისთვის ძალზე მიმზიდველი იყო. 1970-იანი წლების დასაწყისში, სავაკში 5000-მდე ოფიციალური თანამშრომელი და ოცჯერ მეტი აგენტი და ინფორმატორი ირიცხებოდა. ირანში ისინი აქტიურ კონტრდაზვერვით მოქმედებებს ატარებდნენ, როგორც საბჭოთა დაზვერვის და შაჰის ოპოზიციის მიმართ, ასევე, უყურადღებოდ არ ტოვებდნენ აშშ-ის დაზვერვასაც. ქვეყნის გარეთ სავაკის მთავარი სამიზნე ეგვიპტის, სირიის და საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურები და დიპლომატიური ორგანიზაციები იყვნენ.

უნდა ითქვას, რომ სავაკი შაჰის მტრების წინააღმდეგ მოქმედებებში კანონის დაცვას დიდად არ დაგიდევდათ და 1957-1979 წლებში ტერორში ჰყავდა ირანის მთელი მოსახლეობა. მიუხედავად ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სავაკმა მაინც ვერ შეძლო შაჰის რეჟიმის გადარჩენა.

(პირველი ნაწილის დასასრული)