"ამ მოვლენიდან სამ წელიწადში მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო. მაშინ სამეფო ოჯახმა უარი თქვა კანადაში გახიზვნაზე" - დედოფალ ელისაბედ II-ის ცხოვრების საინტერესო დეტალები - კვირის პალიტრა

"ამ მოვლენიდან სამ წელიწადში მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო. მაშინ სამეფო ოჯახმა უარი თქვა კანადაში გახიზვნაზე" - დედოფალ ელისაბედ II-ის ცხოვრების საინტერესო დეტალები

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II, რომელიც ქვეყნის სათავეში 70 წელი იმყოფებოდა, 96 წლის ასაკში 8 სექტემბერს გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა. დედოფლის გარდაცვალების შემდეგ ტახტის მემკვიდრე მისი უფროსი შვილი - პრინცი ჩარლზი გახდა და ის უკვე დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ედ იწოდება. როგორც ქვეყნის ახალმა მეფემ განაცხადა, მისთვის და მთელი სამეფო ოჯახისთვის დიდი მწუხარებაა დედოფლის დაკარგვა.

გასულ სამშაბათს, როცა ექიმებმა დედოფლის ჯანმრთელობა გამოიკვლიეს, საშიშროება გამოთქვეს და სწორედ ამის შემდეგ შოტლანდიაში, ბალმორალის რეზიდენციაში დედოფლის შვილები და შვილიშვილები შეიკრიბნენ. სასახლეში მივიდა პრინცი უილიამი ოჯახთან ერთად, მოგვიანებით კი მათ პრინცი ჰარიც შეუერთდა.

„დედოფალმა დღეს ბალმორალის სასახლეში სიმშვიდეში განისვენა, მეფე და დედოფალი-კონსორტი რჩებიან ბალმორალის სასახლეში, ხვალ კი ლონდონში დაბრუნდებიან“, - ეწერა გუშინდელ ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ სამეფოს ჩარლზ III უხელმძღვანელებს, დედოფალი კი მისი მეუღლე - კამილა გახდება.

ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა, რომელიც სულ რამდენიმე დღეა, რაც თანამდებობაზე დაინიშნა, დედოფლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა:

„დედოფალი სწორედ ის ქვაკუთხედი იყო, რომელზეც აშენდა თანამედროვე დიდი ბრიტანეთი“, - როგორც პრემიერმა განაცხადა, დედოფალი ყველა ბრიტანელისთვის სამაგალითო ადამიანი იყო და მისი გარდაცვალება ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის დიდი დანაკარგია.

აღსანიშნავია, რომ 70 წლის განმავლობაში, ვიდრე ქვეყნის სათავეში ელისაბედ II იყო, დიდმა ბრიტანეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღდგენა და განვითარება სწრაფად მოახერხა. მისი მეფობის დროს 15 პრემიერ-მინისტრი შეიცვალა, მათ შორის იყო უინსტონ ჩერჩილი.

იმ ეპოქამ, რომელშიც ელისაბედ II-მ იცხოვრა და იმეფა, უკვე სახელწოდებაც მიიღო, მას "ელისაბედის ახალ ერას" უწოდებენ და ეს პერიოდი 1952 წლიდან იწყება.

კარიერის დასაწყისი

ელისაბედ ალექსანდრა მერი უინძორი 1926 წლის 21 აპრილს ლონდონში დაიბადა. იმ პერიოდში ძალიან ცოტა თუ იფიქრებდა, რომ ის მონარქი გახდებოდა, თუმცა 1936 წელს ელისაბედის ბიძამ ედუარდ VIII-მ უეცრად უარი განაცხადა მემკვიდრეობაზე და ცოლად წარსულში ორჯერ გათხოვილი ამერიკელი - უოლის სიმპსონი მოიყვანა. ედუარდ VIII-ის შემდეგ ქვეყნის მეფე ჯორჯ VI გახდა, 10 წლის ლილიბეტი კი ტახტის მემკვიდრედ იქცა.

elisabed3-1662711135.jpg
დედოფლად კურთხევის ცერემონია

ამ მოვლენიდან სამ წელში მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო. ელისაბედი დასთან - პრინცესა მარგარეტთან ერთად უინძორების სასახლეში იმყოფებოდა, მაშინ სამეფო ოჯახმა უარი თქვა კანადაში გახიზვნაზე.

მეორე მსოფლიო ომის დროს 18 წლის ელისაბედი ბრიტანეთის არმიის დასახმარებლად უამრავ საქმეს აკეთებდა. ომის პერიოდში ის საბერძნეთის პრინცს - ფილიპს უგზავნიდა წერილებს, სულ მალე, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო, 1947 წლის 20 ნოემბერს კი ისინი დაქორწინდნენ. მათი ქორწინება 74 წელს გაგრძელდა. პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში, 2021 წელს გარდაიცვალა.

ელისაბედ II-მ მთელი თავისი ცხოვრება სამეფოსა და ქვეყნის სამსახურს მიუძღვნა, სწორედ ამიტომ იყო იგი 70 წლის განმავლობაში ქვეყნის დედოფალი. აღსანიშნავია, რომ დროთა განმავლობაში, როცა მსოფლიოში საზოგადოება შეიცვალა, მონარქიის ინსტიტუტის როლი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა დედოფალმა ელისაბედმა მოახერხა და მონარქია შეინარჩუნა.

elisabed4-1662711135.jpg
პრინც ფილიპისა და დედოფლის ქორწილი

აღსანიშნავია, რომ ელისაბედი ბავშვობიდან გამორჩეული იყო. მან დასთან, მარგარეტ როუზთან ერთად, განათლება შინ, სამეფო კარზე მიიღო. მას მამასთან და ბიძასთან - მეფე ჯორჯ V-სთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

როგორც ცნობილია, 6 წლის ელისაბედმა მწვრთნელს, რომელიც ჯირითს ასწავლიდა, განუცხადა, რომ სოფელში, რეზიდენციაში, ბევრ ძაღლთან და ცხენთან ერთად უნდოდა ცხოვრება.

როგორც თავად უინსტონ ჩერჩილმა მომავალ დედოფალზე განაცხადა, "ელისაბედი პატარა ასაკიდანვე განსაკუთრებულ ავტორიტეტსა და ღირსებას ასხივებდა".

ელისაბედი სკოლაში არ დადიოდა, თუმცა მან საფუძვლიანად შეისწავლა უცხო ენები, დიდი ბრიტანეთის ისტორია და სამართალი.

სკანდალი

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი უამრავ კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩენილა, თუმცა მთელი მსოფლიო აალაპარაკა 1997 წელს პარიზში მომხდარმა ავტოკატასტროფამ, სადაც პრინცესა დაიანა გარდაიცვალა.

elisabed2-1662711135.jpg
პრინცესა დაიანას დაკრძალვა

პრინცესა დაიანას გარდაცვალებამ სამეფო ოჯახის მიმართ საზოგადოების უდიდესი აგრესია გამოიწვია. ადამიანთა დიდი ნაწილი დედოფლის მიმართ კრიტიკულად განეწყო. ბევრს არ ესმოდა, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალი იმ თაობას მიეკუთვნებოდა, რომელსაც არ სჩვევია მწუხარებისა თუ სიხარულის ემოციურად, საჯაროდ გამოხატვა.

საბოლოოდ, მან ბრიტანელებს პირდაპირ ეთერში მიმართა და განაცხადა, რომ პრინცესა დაიანას გარდაცვალება სამეფო ოჯახისთვის დიდი დანაკლისი იყო.

როგორც ცნობილია, დედოფალი საკუთარ მოვალეობად თვლიდა შვილიშვილების აღზრდას და პრინცესა დაიანას ვაჟები - პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის წესების მიხედვით აღზარდა.

„21 წლის რომ ვიყავი, პირობა დავდე, მთელ ჩემს ცხოვრებას ჩვენი ქვეყნის სამსახურს მივუძღვნიდი და უფალს ვთხოვე, დამხმარებოდა ამ ფიცის აღსრულებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფიცი ჯერ კიდევ ახალგაზრდამ დავდე, არ მინანია და არც ერთი სიტყვა არ მიმაქვს უკან“, - განაცხადა დედოფალმა.

დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო, დიდ ბრიტანეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა და ის მის დაკრძალვამდე გაგრძელდება, რომელიც სავარაუდოდ, მონარქის გარდაცვალებიდან 10-11 დღის შემდეგ გაიმართება. თარიღს ბუკინგემის სასახლე უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. (წყარო)