ვინ ტყუის საქართველოზე გადაფრენილ ირანულ თვითმფრინავთან დაკავშირებით? - კვირის პალიტრა

ვინ ტყუის საქართველოზე გადაფრენილ ირანულ თვითმფრინავთან დაკავშირებით?

საინფორმაციო „პინგ-პონგი“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კვლავ გრძელდება 4 სექტემბერს საქართველოს საჰაერო სივრცის გადამკვეთ ირანულ სატრანსპორტო თვითმფრინავთან დაკავშირებით,ისინი ერთმანეთს ტყუილში ადანაშაულებენ,მაგრამ სადღაც ხომ არის სიმართლე და ვინ იტყუება შეგნებულად საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად?

ყველაფერი 8 სექტემბერს დაიწყო,როდესაც ერთ-ერთ რუსულ საიტზე დაიდო ცნობილი ინტერნეტრესურსიდან Flightradar24 -დან(რომელიც ტრანსპორდერებით აღჭურვილი საფრენი აპარატების ფრენების ტრაექტორიებს რეალური დროის მასშტაბში აშუქებს) ამოღებული ფოტო,რომელზეც 4 სექტემბერს ირანული ავიაკომპანიის სატრანსპორტო თვითმფრინავის ირანიდან სომხეთისა და საქართველოს საჰაერო სივრცეების გავლით მოსკოვში ჩაფრენის მარშრუტი იყო გამოსახული.

ამ ფოტოს ინტერნეტში დადებიდან რამდენიმე საათში პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგი მოაწყო,რომელზეც განაცხადა- „საზოგადოებას მინდა საგანგაშო ინფორმაცია მივაწოდო საქართველოს მხრიდან, სავარაუდოდ, რუსეთის ხელშეწყობის ფაქტის შესახებ, კერძოდ უკრაინის ომში რუსეთისთვის სამხედრო ხელშეწყობის შესახებ.

კერძოდ, ისრაელის ერთ-ერთი მედია საშუალების ინფორმაციით, 2022 წლის 4 სექტემბერს, ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით, იმიტომ რომ ის არ გაუშვა აზერბაიჯანმა კასპიის ზღვით, წავიდა მოსკოვში.

ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ ირანი დრონებს და სამხედრო ტექნიკას აწვდის რუსეთს, უკრაინაში გამოყენებისთვის. ამ აეროდრომს სამხედრო და სამოქალაქო სტატუსი აქვს. გაუგებარია საქართველომ რატომ დაუთმო თავისი საჰაერო სივრცე ასეთ საფრთხის შემცველ თვითმფრინავს მაშინ, როდესაც ეს არ გააკეთა აზერბაიჯანმა. არსებობს დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ საქმე გვაქვს სამხედრო ტექნიკის საქართველოს საჰაერო სივრცით გადატანასთან.

1-i-1662737535.png
ირანული სატრანსპორტო თვითმფრინავის საქართველოზე გამავალი ფრენის მარშრუტი,რამაც ოპოზიციის კონკრეტული ნაწილი ააღელვა...

კატეგორიულად მოვითხოვთ, ყველა შესაბამისი უწყებიდან გაკეთდეს განმარტება თუ რატომ შემოვიდა საქართველოს საჰაერო სივრცეში ეს თვითმფრინავი? რა ტვირთით იყო დატვირთული და საერთოდ, რა კავშირი აქვს საქართველოს ამ გადაზიდვებთან“.

ელენენ ხოშტარიამ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს,რომ -„"ირან ეარი“, რომელსაც ეს თვითმფრინავი ეკუთვნის, არის ამერიკის მიერ სანქცირებული ავიაკომპანია“...

ხოშტარიას კატეგორიულ მოთხოვნას,რომ „ყველა შესაბამისი უწყებიდან გაკეთდეს განმარტება...“ იმავე დღეს,რამდენიმე საათში ძალზე ოპერატიულად გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ოფიციალური განცხადებით,ალბათ იმიტომ,რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რეგულირებას „საქაერონავიგაცია“ ახორციელებს,რომელიც სწორედ ამ სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ მედია საშუალებებში გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოს საჰაერო ცის „უკანონო გამოყენების" შესახებ, რომელიც დაუზუსტებელ და ცრუ ცნობებს ეყრდნობოდა.

4 სექტემბერს ირანულმა ავიაკომპანიამ "ირან ეარ კარგომ" ნამდვილად შეასრულა რეისი ერევანი - მოსკოვის მიმართულებით და საქართველოს საჰაერო სივრცეში აღნიშნულმა ხომალდმა სულ 10 წუთი დაჰყო, მაგრამ ეს "ირან ეარ კარგო" არ არის სანქცირებული და რეგულარულად ასრულებს რეისებს როგორც თბილისის, ასევე ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით.

ტენდენციური, დაუზუსტებელი და გამიზნულად ცრუ ცნობების გავრცელებით გამორჩეულ საინფორმაციო საშუალებებს დეზინფორმაციის გავრცელებისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების რეპუტაციის შელახვის ნაცვლად, შეეძლოთ ამ ცნობების გადამოწმება და თავადაც ნახავდნენ, რომ ირანული ავიაკომპანია ხშირად ასრულებს რეგულარულ ფრენებს ევროპის მიმართულებით.

გავრცელებული ცნობების სიყალბეზე ისიც მეტყველებს, რომ საქართველო და სომხეთი არიან ევროკონტროლის - ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები. როგორც ამ კონკრეტულ რეისზე, ისევე როგორც სხვა რეისებზე საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ნებართვა ევროკონტროლმა გასცა. შედეგად, აღნიშნული რეისი შესრულდა საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით“,-აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ოფიციალურ განცხადებაში.

თითქოს ამომწურავი პასუხია,რომლის სიზუსტის გადამოწმება დიდი სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს,თუმცა მეორე დღეს 9 სექტემბერს ინფორმაციულ „პინგ-პონგში“ უკვე პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ჩაერთო,რომელმაც ეკონომიკის სამინისტროს მატყუარა უწოდა და განაცხადა,რომ-„ეკონომიკის სამინისტროს განცხადება არის ტყუილი და მცდარი ინფორმაცია, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, კომპანია, რომელსაც გადააქვს სამხედრო ტვირთი ირანიდან, რა თქმა უნდა, დასანქცირებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ...ეს კომპანია (რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით ისარგებლა საქართველოს ცით) არის დასანქცირებული აშშ-ის მიერ“…

როდესაც პარლამენტში მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ასეთ სერიოზულ განცხადებას აკეთებს და საერთაშორისო დონეზე უყენებს ბრალდებას საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას,მაშინ მას ეტყობა საკმაო მამხილებელი და დამამტკიცებელი დოკუმენტები უნდა ეჭიროს ხელში...

მაგრამ,სამწუხროდ არც ელენე ხოშტარია და არც ხატია დეკანოიძე არ აქვეყნებენ იმ დოკუმენტებს,რომლებიც მათ ორ უმთავრეს ბრალდებას გაამყარებდა;პირველი,რომ ეს ირანული ავიაკომპანია მართლაც სანქცირებულია და აკრძალული აქვს ფრენები(ოღონდ გასარკვევია თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნების საჰაერო სივრცეებში) და მეორე-ვინ და როგორ უნდა დაამტკიცოს ,რომ ქართულ ცაში ათ წუთში ათი კმ-ის სიმაღლეზე გადაფრენილ ირანულ თვითმფრინავში მართლაც სამხედრო დანიშნულების ტვირთი იდო,რომელიც უკრაინაში მებრძოლი რუსი ოკუპანტებისთვის იყო განკუთვნილი?

ქალბატონი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით არ დავიზარე და გავარკვიე თუ კონკრეტულად რომელმა ირანულმა თვითმფრინავმა დამატებით ააფორიაქა ისედაც პლინტუსამდე დასული ქართული პოლიტიკური „ცხოვრება“...

3-i-1662737576.png
როგორც წესი, ირანის კუთვნილი სამოქალაქო თვითმფრინავები კასპიის ზღვის თავზე გადაფრენით აღწევენ რუსეთამდე...

გაირკვა,რომ 4 სექტემბერს ირანიდან მოსკოვში სომხეთისა და საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ჩაფრენილი სატვირთო თვითმფრინავი Boeing 747-21AC -ე საბორტე ნომრით EP-ICD -ი ეკუთვნის ირანის ისლამური რესპუბლიკის ავიაკომპანია Iran Air Cargo -ს,რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ამ ქვეყნის საფლაგმანო ავიაკომპანიის Iran Air -ის შვილობილს.

სხვათაშორის Iran Air Cargo -ს ერთ-ერთი ოფიციალური ოფისი ირანის გარეთ... ლონდონის ცენტრშია,ხოლო სატვირთო გადაზიდვები ამ ირანული სატრანსპორტო თვითმფრინავით...არც მეტი და არც ნაკლები,თვით ჰიტროუს აეროპორტიდან ხორციელდება და როგორ გგონიათ ირანიდან ბრიტანეთამდე ჩასაფრენად ნატოს წევრი რამდენი ევროპული ქვეყნის ცის გადალახვა მოუწევს ირანულ „ბოინგს“?

თავად საფლაგმანო ავიკომპანია Iran Air -ი კი ფრენებს მსოფლიოს 30 ქვეყნის 54 ქალაქში ახორციელებს და რაღაც არავის გაუგია,რომ თურმე ის სანქციადადებულია...

უფრო მეტიც, Iran Air -ი 2018 წლიდან რეისებს ასრულებს თეირანი-თბილისისა და ისპაჰანი-თბილისის მარშრუტზე,ხოლო მალე ქალ-პილოტებსაც უნდა ანდოს ეს ფრენები...

გასაგები ხდება,რომ არავითარი სანქციები ირანის Iran Air -ის ავიაკომპანიაზე არ არის დაწესებული და მგონი ჩანს თუ ვინ იტყუება ამ მიმართულებით...

მეორე საკითხი-საიდან იციან ამ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა,რომ ირანულმა „ბოინგმა “ქართულ ცაში მაინცდამაინც იარაღით დატვირთულმა გადაიფრინა?

საერთაშორისო ფრენების განხორციელებისას წინასწარ იგზავნება განაცხადი იმ ქვეყნების საჰაერო ნავიგაციის სამსახურებში,რომელთა საჰაერო სივრცეებიც ტრანზიტის სახით ამ თვითმფრინავებმა უნდა გადაკვეთონ.

თუკი თვითმფრინავს გადააქვს სამხედრო დანიშნულების ტვირთი,მისი ეკიპაჟი ვალდებულია განაცხადში ეს მიუთითოს.

თუკი განაცხადში არაფერი წერია სამხედრო ტვირთვის შესახებ,ამის შემოწმების მხოლოდ ერთადერთი საშუალება არსებობს-ტრანზიტული თვითმფრინავის ეკიპაჟისადმი იგზავნება ბრძანება კონკრეტული ქვეყნის აეროპორტში დასაშვებად და ტვირთის შესამოწმებლად,ხოლო თუკი ეს ბრძანება არ იქნება შესრულებული,შეიძლება მიღებული იქნეს ზომები მის იძულებით დასმაზე...

მე მგონი დიდი ახსნა არ სჭირდება იმას,რომ სხვა ქვეყნის სამოქალაქო ავიაკომპანიის თვითმფრინავის იძულებით დასმას რა დიპლომატიური გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში?

და კიდევ ერთი-დიახ,რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ მნიშვნელოვნად დაჩქარდა რუსეთ-ირანის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა და რუსეთი მგონი მართლაც ყიდულობს ირანულ დრონებს უკრაინელების წინააღმდეგ გამოსაყენებლად.

ამასთან ბოლო თვეებში 40-ზე მეტი სატვირთო თვითმფრინავი ჩაფრინდა ირანიდან მოსკოვში,რის შესახებაც კონფედეციალური ინფორმაცია სავარაუდოდ ისრაელის დაზვერვამ სპეციალურად გააჟონინა მასმედიაში,მაგრამ თვალი ადევნეთ იმავე Flightradar24 -ის საიტს,რომელზეც კარგად ჩანს,რომ ამ სტატიის დაწერის მომენტშიც კი ის ირანული სატვირთო „ბოინგი“ ისევ რუსეთში მიფრინავს...ოღონდ კასპიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე,შემდეგ ყაზახეთის საჰაერო სივრცეში შესვლით(უკრაინელი მეზენიტეების შიშით რუსეთს თავისი საჰაერო სივრცის ევროპული ნაწილის უზარმაზარი ზონა ჩაკეტილი აქვთ და იძულებულნი არიან ყაზახეთის გავლით იფირნონ) და რუსეთზე გასვლით...

თუკი ამ სატრანსპორტო თვითმფრინავებით ირანი რუსეთს მართლაც დრონებს უგზავნის,რაში აწყობს თეირანს დამატებით თავის ატკივება და ქართულ ცაში თუგინდ ათი წუთით გამოჩენა(მითუმეტეს კარგად მოეხსენებათ,რომ ამ დროს საქართველოში ნატოს საერთაშორისო სამხედრო სწავლებები ტარდება და ამერიკული ავიაციაც დაფრინავს ქართულ ცაში),როდესაც კასპიის ზღვის თავზე უპრობლემოდ შეუძლია გადაფრენა?!

დიახაც,ოპოზიცია იმიტომ უნდა არსებობდეს,რომ ხელისუფლების ქმედებები მუდმივად ამოწმოს და საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაც შეყაროს,მაგრამ როდესაც ბრალდებები მტკიცებულებების გარეშეა, ასევე მოიკოჭლებს იურიდიული და ტექნიკური თვალსაზრისითაც, მაშინ რიგით მოქალაქეს ხომ გაუჩნდება კანონიერი კითხვა-რატომ, რისთვის იტყუებით?