„რკინის აივანზე ვზივარ და თბილისის ჰაერს ვსუნთქავ“ - რატომ არ აქვს აგარაკი თამარ სხირტლაძეს - კვირის პალიტრა

„რკინის აივანზე ვზივარ და თბილისის ჰაერს ვსუნთქავ“ - რატომ არ აქვს აგარაკი თამარ სხირტლაძეს

ქალბატონ თამარ სხირტლაძეს ზაფხულში დასვენების თემაზე სასაუბროდ შევეხმიანე. მითხრა, რომ წელს დასასვენებლად არსად წასულა, პანდემიის ახალი შესაძლო ტალღის გამო სიფრთხილეს იჩენს, შინ ზის, შვილიშვილები აკითხავენ და თავს ბედნიერად გრძნობს.

- თქვენი შვილი როცა სკოლის ასაკის იყო, ოჯახი სად ისვენებდით?

- ჩემს ქმარს ჩვენი შვილი - თაზო ყოველ ზაფხულს ბაკურიანში მიჰყავდა, ბავშვი იქ ისვენებდა. მე თეატრიდან მივდიოდი საქართველოს სხვადასხვა რაიონში საკონცერტო პროგრამით. ე.წ. ბრიგადები გვქონდა ჩამოყალიბებული, დასის რამდენიმე წევრი ვერთიანდებოდით და ვამზადებდით სიმღერებს, სკეჩებს, სპექტაკლს... და დავდიოდით ყველა კუთხეში. "ბრიგადაში" ვიყავი ქალბატონებთან - ვერიკოსა და სესილიასთან ერთად. ბედნიერება იყო მათთან ყოფნა იმიტომ, რომ მაყურებელსაც ძალიან უხაროდა და უფრო მეტი პატივისცემა გვქონდა ხალხის მხრიდან. მათთან ცალკე შეხვედრებსაც ვმართავდით.

- ზღვაზე დადიოდით?

- ჩემს ბავშვობაში არა, რადგან დედაჩემს ხუთ შვილთან ერთად გაუჭირდებოდა ზღვაზე წასვლა. მერე, უკვე მოზრდილ ასაკში, მარიკა კვალიაშვილი, მე და ლია მიქაძე ათი დღით სისტემატურად მივდიოდით ზღვაზე, უმეტესად ბათუმში. ჩვენთვის ეს იყო უმშვენიერესი დღეები, ძალიან ბედნიერები ვიყავით. ზოგჯერ ჩვენთან ერთად იყო კიდევ 1-2 მეგობარი, რომლებიც ამქვეყნად აღარ არიან. გოგონებს ვაშინებდი ხოლმე, შევდიოდი ცოტა ღრმად და ზურგზე ვწვებოდი. ამ დროს თავს ისე გრძნობ, თითქოს სახლში ტახტზე წევხარ. ზურგზე მწოლიარეს რომ მხედავდნენ, ამბობდნენ, - ხომ შეიძლება გადაბრუნდე და უცებ დაიხრჩოო. ამისი ეშინოდათ... მეგობრები კარგ დროს ვატარებდით, ერთად ყოფნა გვსიამოვნებდა.

- მთა უფრო გიყვართ თუ ზღვა?

- ზღვა მიყვარდა, მაგრამ ახლა ჩემთვის აღარ შეიძლება, ვეღარ დავდივარ ზღვაზე.

- პიონერთა ბანაკში დაგისვენიათ?

- არასოდეს. არ მიშვებდნენ... დედა ბავშვებიანად მიდიოდა კახეთში, სადაც ჰყავდა მშობლები და და-ძმები. რა თქმა უნდა, მეც მივყავდი. როგორც კი სკოლიდან დაგვითხოვდნენ, კახეთში, კერძოდ - ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში მივდიოდით. სახლი ეკუთვნოდა დედაჩემის ძმას, იქ ცხოვრობდა მისი ოჯახი. ბიძაჩემი ირმა ნიორაძის ბაბუა იყო. დედაჩემი და ირმას დედის - ჟონას მამა და-ძმა იყვნენ. ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ და დიდი სიყვარული გვაკავშირებს. ვფიქრობ, თუკი ჯანმრთელობა მომდევს, ეს არის იმ სოფელში გატარებული წლებისა და ბუნებრივი საკვების წყალობით. ბებია ყველს სანამ ბოლომდე ამოიყვანდა, მოატეხავდა ნაწილს, მაგრად გაწურავდა და ხელში ჩაგვიდებდა, - აი, ეს შეჭამეთო. ყველი შრატში იდო და მერე, იმ ცხელ შრატსაც გვასმევდა. - დალიეთ, რა გემრიელიაო, - გვეტყოდა ხოლმე. ჩვენც მოგვწონდა და ვსვამდით.

- აფენში ბოლოს როდის იყავით?

- დიდი ხანია, აღარ ვყოფილვარ.

- მსახიობებს სახელმწიფო თავის დროზე ნაკვეთებს აძლევდა, თქვენ სად გაქვთ აგარაკი?

- ჩემი ქმარი კოტე თოლორაია სულ ამას მეუბნებოდა: სახლის აშენების თავი გვაქვს? რით და როგორ უნდა ავაშენოთო? და ასე, ყოველთვის უკან იხევდა. მიწის ნაკვეთი და აგარაკი ყველას აქვს - ჩემი თაობის მსახიობებს, ჩემზე უმცროსებს და გაცილებით ახალგაზრდებს. ერთი მე ვარ, აი, ახლაც, რკინის აივანზე რომ ვზივარ და თბილისის ჰაერს ვსუნთქავ. ერთი მტკაველი მიწა არა მაქვს არსად...

- მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებს სად აქვთ აგარაკები?

- ძირითადად წეროვანში. იქ ჰქონდათ თემურ ჩხეიძეს და ბევრ სხვას.

- მეგობრებთან აგარაკებზე სტუმრად ვისთან ყოფილხართ?

- წავკისში აქვთ ჩემს მეგობრებს სახლები და ყოველთვის მეპატიჟებიან, მაგრამ იცით, რა არის?.. მე თვითონ ვარ ძალიან მორიდებული და არ მინდა, ვინმე შევაწუხო. რა ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ არის რაღაც წვრილმანები ჩემი მხრიდან, რომლებსაც ვაქცევ ყურადღებას, თორემ, დამპატიჟებელი როგორ არ მყავს?! ახლაც, ჩემს ერთ-ერთ შვილიშვილს უნდოდა, წყნეთში წავეყვანე და მისაყვედურა კიდეც, მაგრამ 4 შვილი ჰყავს და არ მინდა, მეც დავემატო.

- ქალბატონო თამარ, სიცხეს ადვილად ეგუებით?

- ჩემი ასაკი სიცხეს ვერ შეეგუება. საერთოდ, ასაკოვან ხალხზე სიცხე ცუდად მოქმედებს. ერთადერთი შვება არის ის, რომ პირველ სართულზე ვცხოვრობ, ვკეტავ ფანჯრებს და ჩემთან ისეთი სიგრილეა, შენი ჭირიმე, რამე მომახურეო, მეტყვით, აქ თუ მოხვალთ. ეს კომფორტი მაქვს. ახლა აივანზე ვარ და გესაუბრებით. თან ვუყურებ, რომ უკვე მოიღრუბლა, ღამდება, ჩემი მეზობლები შინ ბრუნდებიან და ეზოში აყენებენ გახურებულ მანქანებს. აი, ასე ვარ...

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი "გზა"