"რუსეთისთვის ყველაფერი წყალში გადაყრილია... რეალურად ჩვენ ვხედავთ რუსული არმიის გაქცევას" - კვირის პალიტრა

"რუსეთისთვის ყველაფერი წყალში გადაყრილია... რეალურად ჩვენ ვხედავთ რუსული არმიის გაქცევას"

ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინის შეიარაღებული ძალები რუს დამპყრობლებს უტევენ და ოკუპანტებისგან უკრაინის ტერიტორიას ათავისუფლებენ. ხარკოვის ოლქში რუსების მიერ ოკუპირებული 30-ზე მეტი დასახლება უკვე გათავისუფლებულია. უკრაინის სახმელეთო ჯარების სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ გაანადგურა რუსების სხვადასხვა დონის სამეთაურო პუნქტები, საბრძოლო მასალისა და საწვავ-საპოხი მასალების 20-ზე მეტი საწყობი.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქი იზიუმი და ხარკოვის ოლქის სხვა დასახლებები უკვე დატოვეს. რუსეთის არმიის სამხედროებისგან გათავისუფლებულია ქალაქი კუპიანსკი, რომელიც ხარკოვის ოლქში მდებარეობს და მსხვილი სარკინიგზო კვანძია. უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ომის დასრულების თარიღის პროგნოზირებისგან მართალია თავს იკავებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ რამდენიმე, თუნდაც მცირე გამარჯვების შემდეგ, რუსები გაქცევას დაიწყებენ. „დარწმუნებული ვარ, კიდევ რამდენიმე წარმატება ფრონტზე, თუნდაც უმნიშვნელო და რუსული ჯარები გაიქცევიან, დამიჯერეთ, რადგან დღეს ჩვენ ვანგრევთ მათ მიწოდების ქსელებს, საწყობებს და ა.შ.“,- აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, უკრაინელებმა უკვე ნახეს, თუ როგორ გაიქცნენ ოკუპანტები კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან, როდესაც დამცველებმა მათი იქიდან გამოძევება დაიწყეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, საიდანაც ჩანს, რომ უკრაინული ჯარის მოახლოების ფონზე გარბიან რუსები და კილომეტრებიანი რიგებია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე. ხარკოვის ოლქში, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბალაკლეიაშიც უკრაინის დროშა აღმართეს. ყველა დაბრუნებულ ტერიტორიაზე დროშის აღმართვით ზეიმობენ უკრაინელები გამარჯვებას. გამალებული ბრძოლები მიმდინარეობს, უკრაინელებს ბევრი რუსი ჯარისკაცი ყავთ ტყვედ აყვანილი და ექსპერტები თვლიან, რომ უკრაინა ასეთი შემართებით მალე კიდევ უფრო წინ წავა და საბოლოოდ, თავისი ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებს. ექსპერტი, რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი დარწმუნებულია უკრაინის გამარჯვებაში. მისი თქმით, ამ დღეებში იქ ჩატარებული ოპერაციები სამხედრო სახელმძღვანელოებში შევა.

ზურაბ ბატიაშვილი :

- ხდება ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ამბობდნენ სპეციალისტები. იყო მოლოდინი რომ მოხდებოდა რუსული არმიის კოლაფსი, იმიტომ რომ გათავდა ადამიანური რესურსი, და რუსული არმიის შეტევითი პოტენციალი. მითი იყო შექმნილი რუსული არმიის უძლეველობაზე. საბოლოო ჯამში, დასავლურმა დახმარებამ, უკრაინელთა შეუპოვრობამ გამოიწვია ის, რასაც ვხედავთ ამ სამი დღის განმავლობაში. უკრაინელებმა სამ დღეში გაანთავისუფლეს ის ადგილები, რომლის აღებას რუსებმა სამი თვე მოანდომეს და ამ ოპერაციას ათეულ ათასობით რუსი ჯარისკაცი შეწირეს. საბოლოო ჯამში, რუსეთისთვის ყველაფერი წყალში გადაყრილია. რაც ხდება დღეს, ეს არის უკრაინის გამარჯვებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც მოყვება კიდეც მსგავსი ჩამოშლები რუსული სამხედრო მანქანის და საბოლოოდ, ეს უკრაინას მიიყვანს სრულ გამარჯვებამდე. უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს და რუსეთი დამაცხდება.

ამ ქალაქების განთავისუფლება ნიშნავს, რომ რუსებს თეორიული შანსიც კი არ დარჩა და დონბასის დაკავების პროგრამა მინიმუმის შესრულებაც აღარ შეუძლია რუსეთს. რეალურად, ჩვენ ვხედავთ რუსული არმიის გაქცევას.

ყველა ვერ ახერხებს გაქცევას და ბევრი ტყვედ ბარდება. მარტო გუშინ 1000-ზე მეტი რუსი სამხედრო ჩაბარდა ტყვედ. არაფერს ვამბობ განადგურებულ ტექნიკაზე, ცოცხალ ძალაზე. უკრაინელების ხელში გადავიდა უკვე უამრავი შეიარაღება. საბჭოთა იარაღი ჯერ კიდევ აქვთ რუსებს, მაგრამ ადამიანური რესურსი აღარ აქვთ დარჩენილი. მოტივაცია სრულად განადგურებულია. ეს რუსული ნაწილების დემორალიზაციას გამოიწვევს. ისინი ისე სწრაფად გარბიან, ასეთი სისწრაფე მსოფლიო სამხედრო ხელოვნებას არ ახსოვს. ძალიან დიდ ტერიტორიებზეა საუბარი, 9 სექტემბრისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრიერიშის შედეგად დაიბრუნეს ხარკოვის ოლქში 3000 მდე კვადრატული მეტრი. აჭარის სიდიდის ტერიტორია დაიბრუნა უკრაინულმა მხარემ და გაანთავსუფლა სამ დღეში იმ არმიისგან, რომელზეც ამბობდნენ რუსული არმია უძლეველიაო.

ყველაფერი თავზე დაემხო რუსეთს, ამას მოყვება ახლა რუსეთის შიგნითაც დაპირისპირება და უკმაყოფილება, იგივე შოვინისტურად და ფაშისტურად განწყობილ რუსებში. ვნახოთ სანამდე მივა და რა დონეს მიაღწევს ეს ყველაფერი, იქნება თუ არა რაიმე კონკრეტული ნაბიჯი გადადგმული ამ ჯგუფების მიერ. მასიურად დაიწყებენ გაქცევას რუსი ჯარისკაცები. მოშლილია ლოჯისტიკა, ადამიანური რესურსი არ არის, მოტივაცია არ არსებობს. მათი ერთადერთი მოტივაცია ამ დრომდე იყო ის ფული, რასაც მათ ჰპირდებოდნენ უკრაინელების მკვლელობაში. ახლა პირიქით დადგა საქმე, ახლა საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობენ და ისეთი სისწრაფით გარბიან, რომ უკრაინელები დაწევასაც ვეღარ ასწრებენ. ეს არის რუსული მანქანის ჩამოშლის და რუსეთის მარცხის დასაწყისი.

- რუსეთი რას გააკეთებს ახლა საპასუხოდ?

- ბევრი არაფერი დარჩათ. მათ თითქოსდა გადაისროლეს რეზერვი სიტუაციის გასამაგრებლად, მაგრამ არაფერი ეტყობა. ჯარი დემორალიზებულია, ჩამოშლილია და გარბის. უკრაინას წინ ვერავინ დაუდგება.

- უკვე ამდენი ხანია იბრძვის უკრაინა, ვხედავთ როგორ იცავს თავის ტერიტორიებს, როგორ ფიქრობთ, როდის შეიძლება ეს ომი დასრულდეს?

- ძალიან ძნელია პროგნოზი გააკეთო ამ დროს. ხვალ რომ პუტინს შეთქმულება მოუწყონ და ჩამოაგდონ, შეიძლება ხვალვე დამთავრდეს ეს ომი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რამდენად მალე იქნება კიდევ ერთი ორი ასეთი სწრაფი შეტევა უკრაინელების მხრიდან განხორციელებული. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ომში. მორიგი შეტევებიც ალბათ მალე იქნება.

- ყველაზე დიდი საფრთხეა ატომური ელექტროსადგურები, რუსეთი თუ ნახავს რომ მარცხდება ხომ არ არის მოსალოდნელი ამ გზით მიიტანოს იერიშები უკრაინაზე და მსოფლიოზე?

- დასავლეთმა მკაფიოდ გააფრთხილა პუტინი, რომ ატომურ ელექტროსადგურებზე რაიმე ფორმით იერიშის მიტანა გამოიწვევს პუტინზე შეტევას და მის ფიზიკურად განადგურებას. რუსეთი რას გააკეთებს, ამის პროგნოზირება რთულია, ხშირად ლოგიკას აღარ ექვემდებარება. რომ სდომოდათ ეს ნაბიჯი გადაედგათ, აქამდე გადადგამდნენ. რუსეთი ამ ომში მარცხდება და ამას დიდი სამხედრო სპეციალისტობა არ სჭირდება. რუსეთი უნდა დამარცხდეს და ძალიან მწარედ დამარცხდება. უკრაინელების შეტევები გაგრძელდება და შეეცდებიან, რომ ეს ტალღა გამოიყენონ. იქნებ ზამთრის სიცივეების დადგომამდე შეძლონ განთავისფლება დამატებით სხვა ტერიტორიების, ეს უფრო მეტ სტიმულს მისცემს მათ და ეს ყველაფერი საბოლოოდ გამარჯვებაში გადაიზრდება.

აგრესორი რუსეთი დამარცხდება. ამ ომში გამარჯვების ფორმულაა, უკრაინელების შემართება, დასავლეთის დახმარება და ეს მიგვიყვანს რუსეთის დამარცხებამდე.