ეს ფანტასტიკაა - რუსებს სამ დღეში სამი ოკუპირებული უკრაინული ქალაქი დაატოვებინეს... - კვირის პალიტრა

ეს ფანტასტიკაა - რუსებს სამ დღეში სამი ოკუპირებული უკრაინული ქალაქი დაატოვებინეს...

სამ-ოთხ დღეში ფრონტის ხაზის გარღვევა და მის სიღრმეში 50 კმ-ზე მეტად შეჭრა მართლაც გასაოცარი სამხედრო წარმატებაა უკრაინელი სამხედროებითვის, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ იმავე რაიონში რუსებს თვეობით ბრძოლა დასჭირდათ დასახლებული პუნქტების დასაპყრობად.

ბალაკლეია უკრაინელებმა ერთ დღე-ღამეში გაანთავისუფლეს, მაგრამ როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ეს არ იყო მათი შეტევის მთავარი სამიზნე, წინსვლა ქალაქ კუპიანისკენ გაგრძელდა...

კუპიანსკი ხარკოვის ოლქში შედის და რუსეთის საზღვრიდან მხოლოდ 37 კმ-ითაა დაშორებული, თუმცა მთავარი გარემოება, რაც ამ ქალაქს სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს ისაა, რომ იქ მდებარეობს მსხვილი სარკინიგზო კვანძი, რომელსაც რუსი ოკუპანტები დონბასის ფრონტის სამხედრო ტექნიკით, საბრძოლო მასალებითა და საწვავით მოსამარაგებალად იყენებენ და მისი დაცვას ყველანაირად შეეცდებიან.

შეიძლება ბევრს გაუჩნდეს კითხვა - უკრაინელებმა კონტრიერიშები სამხრეთ ფრონტზე - ხერსონის რაიონში უფრო ადრე წამოიწყეს, მაგრამ იქ ასეთ შთამბეჭდავ წინსვლას ვერ მიაღწიეს, როგორც ხარკოვის მიმართულებაზე, რატომ?

ამის ერთ-ერთი მიზეზი გეოგრაფიული პირობებიცაა.

ნიკოლაევის მხრიდან ხერსონისკენ შეტევების განვითარება უკრაინელ სამხედროებს ფაქტობრივად შიშველ სტეპებში უწევთ, სადაც იშვიათ ქარსაფარ ტყის ზოლებს თუ ამოაფარებ ტანკებს, დანარჩენი შეტევა ღია სივრცეში ხდება და მოწინააღმდეგე ადრეულად აღმოგაჩენს და მოემზადება...

ხარკოვის აღმოსავლეთით კი ტყეების დიდი მასივებია, რომელიც ძალიან ეხმარება შეტევაზე გადასულ უკრაინელებს ბოლო მომენტამდე შენიღბონ თავიანთი ჯავშანკოლონების იერიშების დასაწყისი.

გარდა ამისა, უკრაინელები რუსი ოკუპანტებისგან განსხვავებული ტაქტიკით ახორციელებენ შეტევაზე გადასვლას.

photo-2022-09-10-08-16-32-1662821984.jpg
პანიკამოცული რუსი ოკუპანტები თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ ბალაკლეიადან, კუპიანსკიდან, იზიუმიდან...

ომის დასაწყისში, ბლიცკრიგის მისაღწევად რუსული ჯავშანკოლონები მაქსიმალური სიჩქარით ცდილობდნენ კიევამდე მისვლას და უკრაინის დედაქალაქის აღებას, რითაც ძალიან კარად ისარგებლეს უკრაინელმა მებრძოლებმა და პარტიზანებმა, არაერთი ჩასაფრება მოუწყვეს რუს ტანკისტებს და დიდი ზარალიც მიაყენეს...

ეხლა კი უკრაინელთა შეტევების ტაქტიკა სხვანაირია და ითვალისწინებს მცირე ჯავშანჯგუფებით, სხვადასხვა მიმართულებებიდან შეტევას, რაც ჯერჯერობით იძლევა დადებით შედეგს, რაზეც ფრონტის ღრმა ზურგში სწრაფი შეჭრაც მეტყველებს.

თუმცა, ასეთ სწრაფ წინსვლას თავისი უარყოფითი მხარეც შეიძლება ჰქონდეს, თუკი სოლივით შეჭრილ უკრაინულ დანაყოფებს რუსი ოკუპანტები ფლანგებიდან დასცხებენ და მათ „ქვაბში“ მოქცევას შეეცდებიან.

ამიტომაც ამ შეტევების წარმატებით განვითარებისთვის უკრაინელებს აუცილებლად სჭირდებათ დამატებითი ძალები, რათა შეტევების ტემპი არ დაეცეს...

P.S. სანამ ეს ბლოგი იწერებოდა უკრაინელებმა ქალაქ იზიუმიდანაც გაყარეს რუსი დამპყრობლები და ეხლა წითელ ლიმანს უტევენ...

უბრალოდ წარმოუდგენელი, ფანტასტიკური სისწრაფით ვითარდება უკრაინის არმიის შეტევები, რუსი ოკუპანტები დეორგანიზებული არიან, ისინი პანიკაში ვარდებიან, სამხედრო ტექნიკასა და საბრძოლო საჭურველს პოზიციებზე ტოვებენ და უკან გარბიან...

ყველაზე საინტერესო კი, იცით რა არის - დღეს,10 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის დედაქალაქის მოსკოვის დღე დიდი ზარზეიმით აღინიშნება მთელს რუსეთში ფოიერვერკების გაშვებით...

როგორც ჩანს, მოსკოვსა და კიევს ერთი და იგივე საზეიმო დღე გაუჩნდა, რადგან უკრაინის არმიის ამ მართლაც რომ ფანტასტიკურ წინ სვლას კიევიც მრავალი ფოიერვერკებით შეხვდება...