„დღისით გლეხი ვარ, საღამოს კი პოლიტოლოგი“ - კვირის პალიტრა

„დღისით გლეხი ვარ, საღამოს კი პოლიტოლოგი“

„ბარვა იქნება, თოხნა თუ თიბვა - ყველაფერს ცოდნა სჭირდება“

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, პოლიტოლოგი, ლექტორი და ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ბუნებისა და გარემოს დიდი მოყვარულია. სამეურნეო საქმიანობაშიც მონდომება და სათანადო უნარები გამოავლინა და მშვენიერი გარემოც მოიწყო ტოლათსოფელში, თიანეთის მუნიციპალიტეტში. ადრე ამის შესახებ ვისაუბრეთ კიდეც. მან იქ 3 700 კვმ მიწის ნაკვეთი ხელმისაწვდომ ფასად შეიძინა, ეზოში დაზიანებული სახლი დაანგრია და პატარა ასაწყობი სახლი გამართა.რა შეიცვალა არჩილ გამზარდიას მამულში ჩვენი საუბრიდან რამდენიმე წელიწადში, რა შედეგებს მიაღწია მან და როგორ ქმნის თავდაუზოგავი შრომით ოჯახის სარჩოს, ამის თაობაზე თავად გვესაუბრება.

არჩილ გამზარდია:

- ჩვენთან ვაზი ნაკლებად ხარობს, რადგან მთიანი ადგილია, მაგრამ აქაურებს ე.წ. ადესას ჯიშის ყურძენი აქვთ, უფრო დეკორატიული მიზნით და მეც დავრგე... ამის გარდა, რამდენიმე წლის წინ ჩემმა სტუდენტმა კალმები მომიტანა, "ქალის თითი" ჰქვია. შარშან მისგან პირველი 10 მტევანი მოვკრიფე და ბედნიერი ვიყავი. თან ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. წლეულს, ძირითადად, პომიდორი და კიტრი მოვიყვანე. კიტრი თავად დავაჩითილე, პომიდვრის ჩითილებს კი ვყიდულობ, რადგან ჩვენთან გვიან მოდის. მომყავს გოგრა, ცუკინი (ყაბაყის ნაირსახეობა), შარშან მიწის თხილი მოვიყვანე, ასევე - ჭყინტი სიმინდი. ეს იმისთვის, რომ ბავშვებს საკუთარი ხელით მოვატეხინო. ასევე მომყავს "საქართველოს გადამრჩენელი" კულტურა - ლობიო. შარშან ნედლი სარის ლობიო მქონდა, ჭყინტობის დროს მოვხარშეთ და გავყინეთ... ბუნება თვითონაც გეხმარება - მოდის სარეველა, რომელიც კულტურულ ნაწილში არ შედის, მაგრამ სასარგებლოა და მისი საკვებად გამოყენება შეიძლება. ასეთია, მაგალითად, სხვადასხვა მხალი, დანდური. შარშან მხალს ვკრეფდით, ვხარშავდით, ვყინავდით და ზამთარში ოჯახში გაზაფხული გვქონდა. ამავე დროს, ბევრი მცენარის ცნობას ვსწავლობ.

gamzard5-1662829628.jpg

- მაგალითად?

- ბაბუაწვერასგან შესანიშნავი მხლოვანები მზადდება. მისი ღეროები მაისში უნდა მოიკრიფოს, სანამ ყვავილი ყვითელია, თანაც - დღის პირველ ნახევარში. თუ იის ფოთოლსაც შევურევთ, საუკეთესოა. მეტიც - ბაბუაწვერათი ნამცხვარიც კი გავაკეთე. მისი ყვითელი ნაყოფისგან შესანიშნავი სიროფიც მზადდება, რომელიც ძალიან სასარგებლოა. მას "ბაბუაწვერას თაფლს" ვეძახი. გინდ სასმელს შეურევ, გინდ - ჩაის. ასე რომ, არის მცენარეები, რომელთაც შესწავლა უნდა და ვცდილობ, მათ თვისებებს ახლოს გავეცნო. ჩვენმა წინაპრებმა ეს კარგად იცოდნენ - სამკურნალო მცენარე იყო თუ საკვები, იქვე ჰქონდათ... მე და ჩემი მეუღლე შევეცადეთ, ღოლოს შეჭამანდი მოგვემზადებინა... საინტერესო კერძი გამოდის.

- მამულში მარტო მუშაობთ?

- ხანდახან მეხმარებიან, თუმცა უმეტესად მარტოს მიწევს მუშაობა... სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონებში კრიმინალის მაღალი დონის გამო ვერიდები აქ ფასეული ნივთის ან ტექნიკის ქონას, არადა, ადამიანი გაიჭირვებდა, ხელის ტრაქტორს შეიძენდა და უკეთესად მუშაობის საშუალებაც იქნებოდა, ნაკლებადაც დავიღლებოდი, მაგრამ ვიცი, აქ ამას ვერ შევინარჩუნებ, ამიტომ რთულად, კუსტარულად, წინაპრების მსგავსად, მეც თოხით და ბარით ვმუშაობ. ჩემს შვილებს ძალიან უყვართ შემწვარი კარტოფილი და ჩვენც კარტოფილის რაოდენობა გავზარდეთ. ვცდილობ ნატურალურად მოვიყვანო. წლეულს გვალვიანი ზაფხული გვქონდა, მაგრამ კარტოფილის მოსავალი კარგი მივიღეთ. არსებობს ეკონომიური და მარგებელი მორწყვის საშუალება - წვეთოვანი სისტემა. ის მცირე ფართობზე მაქვს დამონტაჟებული და ძალიან დაგვეხმარა. როგორც შეგვიძლია, ვებრძვით ამ გვალვას.

რაც ადრე აქ იოლად მოდიოდა, ახლა იმასაც უჭირს. ძალიან გამრავლდნენ მავნებლები, რომლებიც ბოსტანში ცუდ საქმეს აკეთებენ, თუმცა ვებრძვით... ვეუფლები ახალ საინტერესო აგროკულტურას - პერმაკულტურას. ეს არის, მაგალითად, მულჩირების მეთოდი. ვსწავლობ სხვადასხვა ხერხს, რომ მცენარეებმა ერთმანეთს მეზობლობა გაუწიონ, დაეხმარონ.

gamzard4-1662829628.jpg

- აქ საქმიანობის პარალელურად, ქალაქში გონებრივად აქტიურად შრომობთ. როგორ ასწრებთ ამდენ საქმეს?

- გათვლილი მაქვს დღეები, რომლებიც სოფელში უნდა დავყო და მას ვუქვემდებარებ დროის მენეჯმენტის დანარჩენ წილს. მეხმარება დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა, მათ შორის - სტუდენტებთან. დატვირთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ ეს საქმეები, გონებრივი და ფიზიკური, ერთმანეთს კონკურენციას არ უწევს. ქალაქში ფიზიკური მუშაობის საშუალება არ მაქვს და სოფელი მეხმარება, რომ სუფთა ჰაერზე და გარემოში ვიყო. დღისით გლეხის თანამდებობაზე ვარ, საღამოდან - ლექტორის, დოქტორანტის, ჟურნალისტის, პოლიტოლოგის.

gamzard2-1662829628.jpg

ჩემთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებს სუფთა და ნატურალური პროდუქტები ჰქონდეთ. საამისოდ მაქსიმალურად ვირჯები. ვცდილობ, ამით კონკურენცია გავუწიო მაღაზიის პროდუქტებს, ხშირად შხამიანსაც კი, რის გამოყენებაც, სამწუხაროდ, გვიწევს.

დაღლილობისგან ზოგჯერ ვერც კი ვმოძრაობ. თან ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები ისეთი არ არის, როგორიც რეგიონში გაზრდილი ადამიანის. ბარვა იქნება, თოხნა თუ თიბვა - ყველაფერს ცოდნა სჭირდება.

- დეკორატიული ნაწილი, რაც ეზოს ალამაზებს, ვისი კომპეტენციაა?

- მე და ჩემს მეუღლეს საქმე გაყოფილი არ გვაქვს - ყველაფერს ერთად ვაკეთებთ... ამას წინათ, მაგალითად, მე ჭურჭელს ვრეცხავდი და მეუღლე ეზოში საქმიანობდა, პირიქითაც ხდება ხოლმე. ერთად ვრგავთ ჩითილებს და ვთოხნით. ყვავილნარსაც თანაბრად ვუვლით. ეს ყველაფერი ამ სტრესულ გარემოში კარგი საშუალებაა. რაღაც დარგე, ამოვიდა, აყვავდა - ამას პოზიტიური ემოციები მოაქვს. ეს საშუალება რომ არ მქონდეს, ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა... დღეს ჩემს გონებას თუ მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული აქვს სიმშვიდე, რაც ამ ეპოქაში საქართველოში ძნელია, რადგან პროცესებზე ადამიანებს მშვიდი გონებით მსჯელობა უჭირთ და, ძირითადად, ემოციურობას ვაწყდებით; თუკი სახის ნაკვთებიც არეული არ მაქვს (მეტაფორულად რომ ვთქვათ), ესეც სწორედ ამ გარემოს დამსახურებაა. ზოგჯერ ისეთ არასტაბილურ გარემოში ვცხოვრობთ, როცა არსებობა ორგანიზაციებსაც უჭირთ, ანაზღაურებაც არ არის საკმარისი, მე კი ვფიქრობ, რომ ჩემი ეზოდან მცირე მოსავალს მაინც ავიღებ, რომ მშიერი არ დავრჩე... ხანდახან ეთერში ადამიანებს რომ ველაპარაკები, მუშტი მაქვს შეკრული, წინ ლეპტოპი რომ მიდევს, იქ ვმალავ, რადგან მუშაობისგან მაქვს გადატყავებული... არაესთეტიკურია ასეთი ხელების კადრში გამოჩენა.

gamzard3-1662829628.jpg

გონებრივ და ფიზიკურ შრომაზე ვისაუბრეთ, ამიტომ გეტყვით - ყველაფერი იმაზე მეტად არის ერთმანეთზე გადაბმული, ვიდრე წარმოგვიდგენია. თითქოს სად ლექტორობა, მეცნიერება, ჟურნალისტობა და სად - სოფლის მეურნეობა, არა? არადა, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ადამიანებმა ნორმალურ გარემოში რომ იცხოვრონ, საჭიროა, ამ გარემოს გაუფრთხილდნენ და მასზე იზრუნონ.