„ქართული გენოფონდისთვის შეიძლება ლეკიანობასაც არ მოუტანია ასეთი ზიანი, როგორიც შაქრიანმა ღვინომ მოუტანა“ - კვირის პალიტრა

„ქართული გენოფონდისთვის შეიძლება ლეკიანობასაც არ მოუტანია ასეთი ზიანი, როგორიც შაქრიანმა ღვინომ მოუტანა“

"გომბორი ჩემი ცხოვრების არსებითი ნაწილია", - გვეუბნება ვასილ მაღლაფერიძე, „პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ფილოლოგი, რომელსაც გომბორში აგარაკი გასული საუკუნიდან აქვს. წლების განმავლობაში სამეურნეო გამოცდილება უგროვდება, თუმცა მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი მისთვის საყვარელი გართობაა, საუბრისას კი რწმუნდები, რომ მთლად გართობაც არ უნდა იყოს.

ვასილ მაღლაფერიძე: - გომბორში­ აგარაკს 2000 მეტრზე ცოტა მეტი მიწა ახლავს. თუ ჩემს სამეურნეო გამოცდილებაზეა საუბარი, ამას, ძირითადად, გართობის ხასიათი აქვს... რატომღაც ასე დამჩემდა,­ პამიდვრის მოყვანა მიყვარს. ლაპარაკია 25-ზე მეტ ძირზე. მაქვს ვარდები და სხვა ყვავილებიც, ხეხილი. ვენახი ტერასაზე გავაშენე. ზღვის დონიდან მაღლა ვართ, მაგრამ ფრანგულმა ჯიშმა შარდონემ კარგად იხარა. შარშან 10 ლიტრიც დავწურე, წლეულს კი ცოტა მეტს ველოდები. თეთრი ვაზია, რომელიც საგურამოდან წამოვიღე. წლეულს კარტოფილიც მოვიყვანე. სულ ეს არის ჩემი მეურნეობა. ამით ვერთობი და მგონია, რომ ეს კარგი ჰობია.

- ბავშვობაში სოფელთან გქონდათ ურთიერთობა?

- სულ პატარაობიდან, 2 წლიდან, დიდედასთან სვანეთში ვიყავი ხოლმე. გურიაშიც გვქონდა სოფელი... გომბორში აგარაკი გასული საუკუნის 70-იან წლებში იყიდეს ბაბუაჩემმა და მამამ, მე მაშინ პატარა ვიყავი... ასე რომ, სოფელი მუდმივად არის ჩემს ცხოვრებაში...

მარანიც მაქვს და სხვადასხვა ზომის ცხრა ქვევრი. ზალიკო ბოჟაძის ნახელავია, ძალიან კარგი. ქვევრს დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება იყიდო, ჩაყარო და ღვინო გაგიფუჭოს, რადგან ბევრმა ოსტატმა ხელი მართლაც გაიფუჭა, მე კი გამიმართლა. ქვევრს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რომ ამბობენ, ქვევრის ღვინოო, ამ დროს მნიშვნელოვანია, როგორია ქვევრი. კარგი ქვევრის საძებნელად სად არ ვიარე და ბოლოს ზალიკო ბოჟაძესთან აღმოვაჩინე.

vasil2-1662830947.jpg

- ყურძნის ფრანგული ჯიში რატომ არჩიეთ?­

- სახლი ზღვის დონიდან 1020 მეტრზეა, ასეთ სიმაღლეზე ახლანდელი ჯიშები ნაკლებად ხარობს. ჩემი ოჯახი გურიიდან არის და ვიცი, რომ ადესა საჭმელადაა კარგი, სერიოზულ ღვინოდ არ ითვლება. ზემოთ ეზოში მქონდა კიდეც და ხელი მქონდა ჩაქნეული იმაზე, რომ საღვინე ყურძენი ამ სიმაღლეზე იხარებდა. მერე ლევან უჯმაჯურიძემ მირჩია, შარდონე ვცადოთო. რა მენაღვლებოდა? ტერასაზე თუ არ გაამართლებდა, სილამაზისთვის მაინც იქნება-მეთქი, მაგრამ ძალიან კარგად იხარა, კარგადაც დამწიფდა. ახალი ვენახია, 30 ძირიც არ იქნება. ღვინოში ვერკვევი და საუცხოოა. ჩემს მეგობრებსაც გავასინჯე და მოეწონათ. გაირკვა, რომ თუ მზის ფერდი იქნება, 1000 მეტრზეც კი კარგად იხარებს... ყინვასაც გაუძლო, თან გომბორში დიდი ყინვა იცის. გასულ ზამთარს -25ოჩ იყო. საინტერესო ღვინო დადგა. 22% მაღალი შაქრიანობაა. სამხრეთის ფერდი უწყობს ხელს. დანარჩენ ყურძენს კი ვყიდულობ, რადგან გომბორში არ მოდის...

- ვენახთან, მარანთან, ღვინოსთან ურთიერთობას თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს?

- ეს ადამიანისთვის დამამშვიდებელი რამ არის. თუ ვენახთან არა, ღვინოსთან მაინც უნდა ჰქონდეთ კავშირი. ფერმერად ნამდვილად არ გამოვდგები, მაგრამ რასაც ვაკვირდები, საქართველოში რაც ავადმყოფობაა, მათ შორის - ფსიქიკური განწყობა (აშლილობას არ ვგულისხმობ), გულსისხლძარღვთა დაავადებები და კიდევ ბევრი, ძირითადად, გაკეთებული ღვინის "დამსახურებაა". საქართველოში ღვინოს სულ სვამდნენ და დიდი რაოდენობითაც, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი იყო, მაგრამ ჯანმრთელობას არ ვნებდა. სხვანაირად რომ ყოფილიყო, საუკუნეებს ვერ გაუძლებდა, ბოლოს კი ძალიან მანკიერი რამ მოხდა. ქართული გენოფონდისთვის შეიძლება ლეკიანობასაც არ მოუტანია ასეთი ზიანი, როგორიც შაქრიანმა, გაკეთებულმა ღვინომ მოუტანა, ეს კი ამ სფეროში გაუნათლებლობისა და გაუთვითცნობიერებლობის შედეგია. ბევრმა ღვინო მიიღო, როგორც ნარკოტიკული საშუალება. ღვინის ქვეყანაში ამ პროდუქტის მიმართ ასეთი უპატივცემულობა ჩამოყალიბდა! გაკეთებული, შაქრიანი ღვინო საწამლავია! მით უმეტეს, რომ ქორწილებში, ქელეხებში იყენებენ... ეს არის ტრაგედია, მაგრამ მივეჩვიეთ და არაფრად მიგვაჩნია. საფრანგეთში თუ ადამიანი მეღვინედ არის რეგისტრირებული, ბევრ შაქარს ვერ იყიდის... ვინც ღვინოს ყიდის, უმკაცრესად უნდა გაკონტროლდეს. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ გაკეთებული ღვინის სახით შხამს სვამს.

vasil4-1662830947.jpg

- სამწუხარო რეალობაა... სამეურნეო საქმიანობას დავუბრუნდეთ - ბარვა, გასხვლა სიამოვნებას განიჭებთ?

- გასხვლა მიყვარს, შემოქმედებითი­ პროცესია. ფიქრობ, როგორ გასხლავ, საით გაუშვებ ტოტებს... ვცდილობ, აზრი ვკითხო გამოცდილ ადამიანებს, მეგობარს, მეზობელს... "იუთუბიც" გვასწავლის... ვარდების გამრავლება-მოვლის საქმეშიც ცოტა დავხელოვნდი. 300 ძირი ვარდი მაქვს. წლების განმავლობაში დავაგროვე, ზოგი სად ვიყიდე, ზოგი - სად. ზოგი მეტად გამოდგა, ზოგი - ნაკლებად. ზოგი ძალიან ლამაზია, ზოგი - ნაკლებად, მაგრამ რომ გაიხარა, უკვე ყველა ჩემიანი გახდა...

- ცხადია, წამლავთ კიდეც...

- ბიოწამლით. შეიძლება, ოდნავ სუსტია, მაგრამ უკმაყოფილო არ ვარ. ხშირად არა მარტო ვარდის, სოფლის მეურნეობის არაერთი პროდუქტის მოსაყვანადაც ძლიერ შხამებს იყენებენ. ეს მეორე უბედურებაა. ჩვენი მიწა გაცილებით სუფთაა, ვიდრე ევროპაში და სხვაგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთჯერადი მოგების გამო რაც მინდა, ის გავაკეთო. წარმოიდგინეთ, ამ შხამებს ბოსტნეულში, ხილში იყენებენ. იმას აღარ ვამბობ, რომ ამით სარეველას ანადგურებ. სარეველას ჩვენ ვეძახით, თორემ ბუნების შექმნილია და მასაც თავისი ფუნქცია აქვს. ეს არის ბუნებისა და დედამიწის ურთიერთობის ცუდად ცოდნის შედეგი. მოასხამენ შხამს და ბალახი აღარ ამოდის. ვითომ კომფორტს იქმნიან, მაგრამ წარმოიდგინეთ, მიწაში, რომელზეც დადიხარ, შხამი შეგაქვს... ისე ხომ არ არის, დღეს დაიბადე, აქ მარტო შენ იყო და ყველაფერი გადასანსლო?! ვარდიც, ყვავილიცა და ბოსტნეულიც ხომ შვილისთვის გინდა?! ამ საკითხშიც ძალიან გვიჭირს. გლეხმა დაკარგა ტრადიციული ცოდნა და ხშირად ბუნებისადმი უდიერ დამოკიდებულებას ავლენს. რამდენ რამეს მოვეკიდეთ უდიერად, ხედავთ?!. არადა, ხომ შეიძლება ლაღად ვიცხოვროთ, სუფთა ღვინო დავლიოთ და სუფთა მოსავალი მოვიწიოთ.

vasil3-1662830947.jpg

- ვარდებს რამდენჯერ წამლავთ და სასუქად რას იყენებთ?

- ადრე გაზაფხულზე ვიწყებ და ათ დღეში ერთხელ ვწამლავ. მყავს მრჩეველი, ბატონი კარლო კიკორია. სამი წელია, ბიოხსნარით ვწამლავ და იდეალური შედეგი მაქვს... სასუქს ბუნებრივს ვიყენებ. ეზოში ვარდებს, პამიდორსა და საკარტოფილე ადგილს ყოველ წელს ასე ვანოყიერებ. ჩვენს სოფელში გადამწვარი ნაკელი არ ჭირს. ხელოვნურს არ ვცნობ. ცხადია, ვენახშიც ეს სასუქი შემაქვს.

- სოფელზე რას გვეტყვით, რომელიც, როგორც ჩანს, ძალიან გიყვართ?

- გომბორში სახლის ყიდვამდეც ვისვენებდით, ბინას ვქირაობდით. ეს ერთ-ერთი ლამაზი, კოხტა სოფელია. ისტორიულ წყაროებშიც არის აღწერილი, როგორ მოგზაურობდნენ აქ. ლამაზი სოფელი პატარა ღობეებით, ყვავილებით ადრეული წლებიდან მეც კარგად მახსოვს. აქ გადმოსახლებული პოლონელები ცხოვრობდნენ... გომბორში გათხრებისას ადამიანის ცხოვრების კვალი ბრინჯაოს ეპოქამდეც აღმოჩნდა. თავზე გომბორს ციხე ადგას, ბევრმა არც იცის, რომ ციხეა. ხიდი ჩანგრეული იყო და გომბორი ჩიხი გახლდათ, ახლა პერსპექტივა აქვს. წელიწადია გაზი შემოვიდა, ინტერნეტი ჩაირთო და ფასებიც კატასტროფულად გაიზარდა. მგონი, გომბორი დაიბრუნებს თავის ტრადიციებს. აქ რასაც მოიყვანს ადამიანი, ყველაფერს გაყიდის. კარგი ხილი მოდის, მესაქონლეობაა გავრცელებული. მრავალეროვანი სოფელია და ხალხს ერთმანეთთან თანაცხოვრების კარგი ტრადიცია აქვს. ძველად ექიმები ფილტვების წამლად გომბორს უწერდნენ. ჰაერი შესანიშნავია...

ოჯახით, ძირითადად, აქეთ ვართ, მეგობრებიც ხშირად ვიკრიბებით ჩემთან. ორი შვილი და სამი შვილიშვილი მყავს - 22 წლის, 12-ის და 2-ის და ყველა აქ გაიზარდა. უმცროსი შვილიშვილი, რომელიც ჯერ ძალიან პატარაა, სულ გაიძახის, მარანი, მარანიო. მათაც უყვართ აქაურობა. გომბორს ძალიან კი გავუწიე რეკლამა, მაგრამ ტყუილი არაფერი მითქვამს.