"პუტინი ბოლომდე გადაიხდის იმ დანაშაულების ფასს, რაც მისმა რეჟიმმა ჩაიდინა“ - კვირის პალიტრა

"პუტინი ბოლომდე გადაიხდის იმ დანაშაულების ფასს, რაც მისმა რეჟიმმა ჩაიდინა“

"დღეს ახალი ევროპა იბადება და საქართველოს ამოცანაა არ აღმოჩნდეს ამ პროცესის მიღმა და კიდევ უფრო უარესი, არ აღმოჩნდეს ახალი ევროპული და მსოფლიო წესრიგის არასწორ მხარეს“

გასულ კვირას ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც საქართველოს მხრიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. ქვეყანაში ბოლოდროინდელი დაძაბული პროცესების შემდეგ, იყო მოლოდინი, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები კრიტიკულ განცხადებებს გააკეთებდნენ, თუმცა როგორც საბჭოს თავმჯდომარის, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ჯოზეფ ბორელის, ასევე გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადებები საკმაოდ მოზომილი იყო. მათ კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვითხრეს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, მათ შორის დასძლიოს პოლიტიკური პოლარიზაცია, გაატაროს სასამართლო რეფორმა - გაათავისუფლოს ის პოლიტიკური ზეგავლენისგან, უკეთ დაიცვას უმცირესობების უფლებები და ებრძოლოს კორუფციას. ჯოზეფ ბორელმა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა, რომ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გზით შეძლებს ქართველი ერი საკუთარი ევროპული ამბიციების რეალობად ქცევას.ამის პარალელურად თბილისში იმართებოდა "მაკკეინის ინსტიტუტის" მიერ უკვე მეექვსედ ორგანიზებული თბილისის საერთაშორისო კონფერენცია, ამჯერად სახელწოდებით: "დიდება უკრაინას!" ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები, ექსპერტები და საზოგადოებრივი აზრის ლიდერები ორდღიან საერთაშორისო ფორუმზე, უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეული პრობლემების გარდა, საქართველოსა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობდნენ. სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ შეუერთდა კონფერენციას, მეტიც, მისმა ლიდერებმა სტუმრების ნაწილი კვლავ "რადიკალებად" და "მტრებად" მოიხსენიეს. კონფერენციაზე ერთ-ერთ სპიკერად მიწვეულმა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მონაწილეობაზე უარი იმით ახსნა, რომ არ სურდა "რადიკალურ ჯგუფებთან" ერთად "რადიკალური დღის წესრიგის" გაზიარება, რადგან თურმე დეპოლარიზაციის მიზანთან შეუსაბამოა "რადიკალიზაციის ნორმალიზება".ამ თემებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ საერთაშორისო საკითხთა ექსპერტ თენგიზ ფხალაძესთან:

fxaladze.jpg

- ძალიან კარგია, რომ გაიმართა საქართველო-ევროკავშირის საბჭოს სხდომა, ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. რაც შეეხება განცხადებებს ამ სხდომის შემდეგ, უნდა ვთქვათ, რომ დასავლელ პოლიტიკოსებს დიპლომატიურ ენაზე გაკეთებული და მოზომილი განცხადებები ახასიათებთ, ისინი ჩვენსავით ემოციურად არ აკეთებენ შეფასებებს. არადა, ხშირად გვგონია, როგორც მიჩვეული ვართ საქართველოში, რომ ასეა საერთაშორისო ურთიერთობებშიც, რაც მცდარი შეხედულებაა, ამიტომაც ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მათი საუბრის კილოს, არამედ შინაარსს. მათი მოზომილი კრიტიკა არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს. ითქვა, რომ ევროკავშირი ერთგულია საკუთარი პირობის, რომ საქართველოს დაუდგეს გვერდში, მაგრამ ასევე განაცხადეს, გვესმის ქართველი ერის ამბიცია გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს ამბიცია უპირველესად უნდა უკავშირდებოდეს პასუხისმგებლობასო.

დიახ, ჩვენს ქვეყანას აქვს აღებული პასუხისმგებლობა როგორც ასოცირების ხელშეკრულებით, ასევე იმ 12 პუნქტით, რომლებიც ევროკომისიამ რეკომენდაციების სახით მოგვცა. ჩვენი პასუხისმგებლობაა რეფორმების გატარება. ჯოზეფ ბორელმა პირდაპირ დაასახელა სასამართლოს რეფორმა, დეპოლარიზაცია და სხვა საკითხები, რომელთა შესრულებაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე. ვფიქრობ, გამგებმა ეს უნდა გაიგოს.

მოკლედ, ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და, ბოლოს და ბოლოს, მივხვდეთ, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ და დავიწყოთ ამის გამოსწორება. ბორელმა ასევე განაცხადა, რომ რეფორმების გატარება შესაძლებელია მხოლოდ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, თუმცა მთავარი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება. ჩვენ გვაქვს სერიოზული ვალდებულებები, რომელთა დროული შესრულებაც უპირველესად ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. ეს საქართველოს განვითარებას და წინსვლას სჭირდება.

რაც შეეხება "მაკკეინის ინსტიტუტის" კონფერენციას, ასეთი ტიპის ფორუმები უმნიშვნელოვანესია უპირველესად იმიტომ, რომ ვილაპარაკოთ იმ საფრთხეებზე, რომლებიც საქართველოს ემუქრება. დღეს, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმართულია უკრაინისკენ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ჩვენი პრობლემატიკა ჩაიკარგოს. ნამდვილად მისასალმებელია, რომ ჩვენი პარტნიორები ყველანაირად ცდილობენ საქართველოს გვერდში დგომას. ისინი ჩავიდნენ საოკუპაციო ხაზთან და კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს მხარდაჭერა. მადლობა მათ ამისთვის. დისკუსია, რომელიც იქ მიმდინარეობდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქ რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, უფრო მეტი საშუალება იქნებოდა უფრო სრულყოფილად გველაპარაკა ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემურ საკითხებზე. ძალიან დასანანია, რომ ასე არ მოხდა.

- დასავლელი პარტნიორები უკვე კარგა ხანია საქართველოს მოუწოდებენ დეპოლარიზაციისა და ერთიანი ნების გამოხატვისკენ, თუმცა ჩვენი პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი ყველაფერს აკეთებს, რომ არათუ მოხერხდეს პოზიციათა ოდნავ დაახლოება მაინც, არამედ კიდევ მეტად დაშალონ და დააქუცმაცონ ქვეყანა. ვინაიდან ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უპირველესად ხელისუფლებას ეკისრება, განსაკუთრებით მიუღებელი და აუხსნელიც კი მგონია მმართველი პარტიის წევრების ქცევა, რომლებიც ისეთ თემებ­საც კი, რაც, წესით, ჩვენი საერთო სიხარულის მიზეზი უნდა იყოს, მანიპულაციის საგნად აქცევენ. ამჯერად ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებას ვგულისხმობ, რაც ლამის პოლიტიკური დისკუსიის მთავარ თემად აქციეს - საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე სწორედ ხელისუფლების წევრთა ინიციატივით იმის გარკვევას შეუდგნენ, ვის უყვარს და ვის სძულს ფეხბურთელი.

- სამწუხაროდ, ჩვენ უკვე კარგა ხანია ვცხოვრობთ ორპოლუსიან პარადიგმაში, რომელსაც ვერა და ვერ ვაღწევთ თავს. ეს ნიშნავს, რომ ორივე დაპირისპირებული მხარე საკუთარ თავს მიიჩნევს საუკეთესოდ და ფიქრობს, რომ მის მხარეს არის აბსოლუტური სიმართლე. პოლარიზაციის დასრულებაზე ჩვენი პარტნიორები იმიტომაც გველაპარაკებიან, რომ ორად გახლეჩა ჭამს ქვეყანას. საქართველოსთვის არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამგვარი დაყოფა ქვეყანას საფრთხეს უქმნის, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი ისტორიიდან მაინც ხომ უნდა ვისწავლოთ რამე. მხოლოდ უახლოეს წარსულს რომ გადავხედოთ, ხომ ვიცით ამგვარი კრიზისის უკიდურესად გამწვავებისთვის, თუ რა მძიმე ფასის გადახდა გვიწევდა.სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი საკუთარი, პირადი ამბიციების იქით ვერ იხედება. ვისთვის არის მისაღები ამგვარი ორპოლუსიანი პარადიგმა? იმისთვის, ვისაც სიახლის ეშინია. დღევანდელი პოლიტიკური წონასწორობა აგებულია იმაზე, რომ ერთი ძალა შეიძლება ცუდია, მაგრამ მეორე მასზე უარესია. ამ ვითარებაში აღარ რჩება ადგილი შეთანხმების მისაღწევად. ლაპარაკი იმაზე, რომ შუა უნდა გაიკრიფოს, დამღუპველია ქვეყნისთვის. თუ არ არსებობს ორ დაპირისპირებულ ძალას შორის ხიდი, ბოლოს ეს ორი პოლუსი აუცილებლად შეეჯახება ერთმანეთს და ვითარება აუცილებლად მწვავე კონფლიქტამდე მივა. პოლიტიკოსების დიდ ნაწილს ეს პარადიგმა ხელს აძლევს, იმიტომ, რომ ამაზე დგას მათი პოლიტიკური კარიერა.

იმ შემთხვევაში, თუ შუა არ გაიკრიფება და შეიქმნება საფუძველი თანამშრომლობისთვის, მაშინ ხომ რადიკალიზმზე დაფუძნებული და მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგიდან მომზირალი პოლიტიკოსების დროც დასრულდება. აი, ამისი ეშინიათ.

- ბრიუსელში წასვლამდე პრემიერი გაემიჯნა ე.წ. ოთხეულის ანტიდასავლურ განცხადებებს. ღარიბაშვილის თქმით, ეს არ უწყობს ხელს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას. "ქართული ოცნება", ერთი მხრივ, აცხადებს, რომ მათგან გასულ დეპუტატებთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ამის პარალელურად პარტიის ლიდერებმა, ფაქტობრივად, გაიმეორეს ამ ოთხეულის პათოსი, როდესაც "მაკკეინის ინსტიტუტის" კონფერენციის მონაწილეთა ნაწილს "რადიკალები" და "მტრები" უძახეს. რის მიღწევას ცდილობს ამგვარი ორმაგი თამაშით მმართველი პარტია?

- უპირველესად გეტყვით, რომ ამ ამხედრებული ოთხეულის ამბავი ძალიან დიდ ეჭვს იწვევს, მით უფრო, რომ მათი და ხელისუფლების წევრთა გზავნილები წყლის წვეთებივით ჰგავს ერთმანეთს. პრემიერი ამ ოთხეულს უნდა გამიჯვნოდა არა ბრიუსელში წასვლამდე, არამედ გაცილებით ადრე. მეტიც, მას უნდა გამოეხატა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისადმი უპირობო მხარდაჭერა ამ ოთხეულის ცილისმწამებლური კამპანიის დასაწყისშივე. თუ ისინი მართლაც "ქართული ოცნებისგან" დამოუკიდებლად მოქმედებენ, ეს სწორედ ასე მოხდებოდა. ამიტომ დაუჯერებელია დღეს "ქართული ოცნების" წევრთა მტკიცება, რომ ეს ოთხეული მათთან კავშირში არ არის.

რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი პარტნიორების ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფა, ვიოლა ფონ კრამონს თუ სხვა ევროპარლამენტარებს ვეუზრდელოთ, ისე, როგორც კობახიძე, მაგრამ ამით მათ ვერაფერს დავაკლებთ. ამით მხოლოდ ჩვენს თავს ვვნებთ, რადგან ვკარგავთ იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში უჭერდნენ და ჯერ კიდევ უჭერენ მხარს საქართველოს, ინიციატორები იყვნენ არაერთი განცხადების თუ რეზოლუციისა, რომლებითაც მხარს უჭერდნენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და საზოგადოდ, საქართველოს განვითარებას. ჩვენ შეურაცხვყოფთ Gიმ ადამიანებს, რომლებმაც მომავალშიც უნდა განიხილონ საქართველოს საკითხები, იმსჯელონ და მიიღონ გადაწყვეტილებები. მოკლედ, ვჭრით იმ ტოტს, რომელზეც ვსხედვართ. შესაბამისად, თუ ჩვენ გვსურს ევროინტეგრაცია და დასავლეთის ნაწილად განვიხილავთ თავს, მაშინ უნდა მივხვდეთ, ბოლოს და ბოლოს, რომ ეს ხალხი ჩვენი პარტნიორია, პარტნიორებთან კი ასე არ ლაპარაკობენ. ასე ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან არ ლაპარაკობს, ოკუპანტ სახელმწიფოსთან ურთიერთობისას "სტრატეგიული მოთმინებისკენ" მოგვიწოდებენ. ქვეყანასთან, რომელიც ყოველდღიურად იპყრობს ჩვენს ტერიტორიებს, იტაცებს და აწამებს ჩვენს მოქალაქეებს, სიტყვებს არჩევენ, მაგრამ როდესაც საქმე შეეხება მეგობრებს, მათთან ლაპარაკობენ იმ რიტორიკით, რომელიც სრულიად მიუღებელია საერთაშორისო ურთიერთობებში. ხშირად მესმის ასეთი კითხვა, რადგან ჩვენი მეგობრები არიან, ყველაფერში უნდა დავეთანხმოთო? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ აქ დათანხმება-არდათანხმებაზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკია იმაზე, რომ ნებისმიერი განსხვავებული პოზიციის გამოთქმას თუ კრიტიკას აქვს თავისი წესი და ფორმა. მით უფრო, მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან და არ ადანაშაულებენ ისეთ აბსურდში, რომ თურმე მათ საქართველოს ომში ჩათრევა სურთ. ერთია განცხადებები, რომ თურმე გვინდა ევროპასთან ინტეგრაცია, მაგრამ მეორეა საქმე. საქმით ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ გზას გვიღობავს იმ მიზნის მიღწევაში, რასაც ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაცია ჰქვია.

- მოგეხსენებათ, საკმაოდ კრიტიკული გამოდგა ამერიკის განვითარების სააგენტოს (UშAID) გამოქვეყნებულ ე.წ. გზამკვლევში ჩანაწერი საქართველოზე. დოკუმენტი მსოფლიოს ქვეყნებში კლეპტოკრატიის აღმოფხვრის მიზნით მითითებებს მოიცავს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოზე" დაყრდნობით გზამკვლევში ნათქვამია: "გასული ათწლეულის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა მიიტაცა სახელმწიფო. მათ კვლევაში შესწავლილია კორუმპირებული ჩინოვნიკების დაუსჯელობა, საქართველოს მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და ოლიგარქის საიდუმლო ბიზნესები რუსეთში". ამ დოკუმენტზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ეს შეფასებები ანგარიშში ჩასაგდებიც არ არის, მალე თაროზე შემოიდება და მტვერი დაედებაო.

- ასეთი განცხადებებით მხოლოდ ქვეყანას კი არა, საკუთარ თავსაც ვნებენ. UშAID -ის ანგარიში არ არის მხოლოდ განცხადება, ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტო არის ფედერალური მთავრობის ნაწილი. ორგანიზაცია სრულად სარგებლობს ინფორმაციის იმავე წყაროებით, რომლებითაც აშშ-ის სახელმწიფო და მისი დოკუმენტი "თაროზე შემოსადები ბროშურა" ნამდვილად არ არის. მას ყურადღებით ეცნობიან აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები. როდესაც ამგვარი ორგანიზაციის შეფასებაზე ამბობ, რომ არ გაინტერესებს, მაშინ ძალაუნებურად აღვივებ აზრს, რომ არ გაინტერესებს პარტნიორის შეფასება. თუ არ გაინტერესებს მისი შეფასება, გამოდის, არც პარტნიორად მიიჩნევ. როგორ შეიძლება გინდოდეს ევროკავშირში ინტეგრაცია და არ გაინტერესებდეს ამ ორგანიზაციის წარმომადგენელთა აზრი, ან აშშ-თან თანამშრომლობის გაღრმავება გსურდეს და მისი სააგენტოს ანგარიშს არაფრად აგდებდე!

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალი პოლიტიკური სეზონის გახსნა ვადამდელი არჩევნების თემის წინ წამოწევით სცადა. როგორ ფიქრობთ, რამდენად რელევანტურია ეს მოთხოვნა დღეს, როდესაც ბოლოდროინდელი კვლევებით დასტურდება, რომ ოპოზიციის რეიტინგები უკიდურესად დაბალია?

- ჩვენი მთავარი უბედურება ისაა, რომ პოლიტიკური პროცესი საერთოდ აცდენილია იმ რეალობას, რაც ქვეყანაშია. პოლიტიკოსები გაგებაში არ არიან, საზოგადოებას რა დაკვეთა აქვს, რა აწუხებს და რა უხარია. სანამ მსგავს განცხადებას გააკეთებ, სულ ცოტა, საზოგადოების განწყობები მაინც უნდა შეისწავლო, თუ, რა თქმა უნდა, ეს არ არის განცხადება განცხადებისთვის. ძალიან მაინტერესებს, "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორებმა თუ იცოდნენ, რომ ერთ-ერთი პარტია ასეთი ინიციატივით გამოსვლას აპირებდა. სამწუხაროდ, ოპოზიცია ნაკლებს ლაპარაკობს ხალხის პრობლემებზე, ან თუ ლაპარაკობს, მხოლოდ და მხოლოდ იმ კონტექსტში, რაც მისთვის პოლიტიკურად მომგებიანი იქნება. თქვენ ახსენეთ ხვიჩა კვარაცხელია. არ არის საჭირო ყველას და ყველაფრის პოლიტიკაში ჩათრევა. მას წარმატებას ვუსურვებ, ხშირად გაეხარებინოს გულშემატკივრის გული საქართველოშიც და მის გარეთაც, მაგრამ ის უნდა იყოს იმ სფეროში, რომელშიც ასეთი წარმატებით გამოდის და არ არის საჭირო მისი პოლიტიკაში რამენაირად ჩართვით ქულების ჩაწერა.

- ბოლო დღეებში უკრაინიდან სასიხარულო ცნობები ვრცელდება, წარმატებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევები, ოკუპანტები უკან იხევენ...

- ნამდვილად სასიხარულოა. რეალურად დაიწყო ის პროცესი, რომელზეც აქამდეც ვლაპარაკობდით, რომ უკრაინა ემზადებოდა კონტრშეტევებისთვის. მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია, თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ ერთ თვეში სრულად ამოქმედდება ამერიკული ლენდ-ლიზი, რაც კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს უკრაინას. ომში მყოფი ქვეყანა თვეების განმავლობაში იღებდა სამხედრო დახმარებას, მისი სამხედრო მოსამსახურეები კი გადიოდნენ უმნიშვნელოვანეს სწავლებას და ითვისებდნენ ყველზე თანამედროვე იარაღს. დღეს ამ ყველაფრის შედეგს ვხედავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს უპირველესად იმიტომ, რომ უკრაინა არ არის მარტო. პუტინი ბოლომდე გადაიხდის იმ დანაშაულების ფასს, რაც მისმა რეჟიმმა ჩაიდინა. ომი ერთ-ორ კვირაში ნამდვილად ვერ დასრულდება, სამწუხაროდ, ბრძოლები კიდევ კარგა ხანს გასტანს და სულ უფრო და უფრო გაუჭირდება რუსეთს. ის ენერგეტიკული გათვლები, რაც მას აქვს, ნამდვილად არ მოუტანს იმ შედეგს, რასაც ელის. რუსეთზე წნეხი უფრო გაიზრდება, უკვე მომავალი თვიდან უფრო მწარედ იგრძნობენ სანქციების ძალას. დღეს ახალი ევროპა იბადება და საქართველოს ამოცანაა არ აღმოჩნდეს ამ პროცესის მიღმა და კიდევ უფრო უარესი, არ აღმოჩნდეს ახალი ევროპული და მსოფლიო წესრიგის არასწორ მხარეს. მერე სწორ მხარეს გადასვლას დიდი დრო დასჭირდება. ახლა ჩვენ ვართ ისტორიულ მომენტში, როდესაც საჭიროა ქმედება, აქტიურობა, როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ. საჭიროა რეფორმების გატარება, ქვეყნის გაძლიერება და არა ერთმანეთთან ქიშპი.

ისედაც ბევრი შანსი გავუშვით ხელიდან. წარმოიდგინეთ, რა წინ ვიქნებოდით, რომ გვქონდეს ანაკლიის პორტი, რამდენად დიდი იქნებოდა საქართველოს მნიშვნელობა მსოფლიო გეოპოლიტიკურ კონტექსტში; რამდენად წინ ვიქნებოდით, გაზსაცავი რომ აგვეშენებინა. ამაზე წლებია ვლაპარაკობთ, არაერთხელ ავიღეთ კრედიტიც, მაგრამ ჯერაც არაფერი დაგვიწყია. მეტი შეცდომის დაშვების უფლება არა გვაქვს, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალს განსაზღვრავს.