„შოკში ვარ, ახლახან გავიგე, რომ მხოლოდ ჩემზე ათიათასგვერდიანი ფაილი აქვთ შექმნილი“ - კვირის პალიტრა

„შოკში ვარ, ახლახან გავიგე, რომ მხოლოდ ჩემზე ათიათასგვერდიანი ფაილი აქვთ შექმნილი“

დასავლელი პარტნიორები ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, გააცნობიერონ თავიანთი ქვეყნის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები და სახელმწიფოებრივად იმოქმედონ. "როდესაც საუბარი მაქვს პოლარიზაციაზე, ორ პოლუსს ვგულისხმობ. მთავარი პასუხისმგებლობა მთავრობას აკისრია, მაგრამ აქვე ვგულისხმობ მთელ პოლიტიკურ სპექტრს", - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.­ როგორ გაიგო ოპოზიციამ დასავლელი პარტნიორების მინიშნება და რას აკეთებენ დეპოლარიზაციისთვის, ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად, ვინ აპირებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის გაგრძელებას და ვინ გეგმავს საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე გვესაუბრება:

- ერთადერთი, რაც ჩვენ გვინდა, 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაა,­ რათა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ. სრულად ვეთანხმები ბორელს, ამიტომ მოვითხოვეთ რიგგარეშე არჩევნებიც და სხვა დანარჩენი საკითხების მოგვარებაც. "ოცნებამ" ყველაფერზე უარი გვითხრა და აგვისტო-სექტემბრიდანვე დაიწყო ნეგატიური განწყობების­ შექმნა დასავლელი პარტნიორებისთვის. ეს იყო "მოსმენების შესახებ" კანონის მიღება...

- ფიქრობთ, რომ ეს კანონი დასავლელი პარტნიორების გასაღიზიანებლად მიიღეს?

- დიახ. ამ სრულიად არასაჭირო კანონის დაჩქარებული წესით მიღება, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ვენეციის კომისიის, ჩვენი პარტნიორების - ამერიკის საელჩოს, ევროპარლამენტარების და ჩვენი, ოპოზიციის პოზიციების უგულებელყოფა არ არის გზა ევროპისკენ. მეტიც, ეს არის "ოცნების" მიზანმიმართული ფარული მოქმედების ნაწილი და ცდა, დააზიანოს საქართველოსთვის სტატუსის მიღების შესაძლებლობა ისე, რომ ამის შესახებ მოსახლეობამ ვერ გაიგოს.

შოკში ვარ, ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ მხოლოდ ჩემზე ათიათასგვერდიანი ფაილი აქვთ შექმნილი. 15 კაცი მითვალთვალებს, მისმენს, თუ რას ვაკეთებ, სურათს ვისთან ვიღებ, რომელ ელჩს ვხვდები, ტელეფონზე ვის რას ველაპარაკები და ასე შემდეგ... კი, ვიცოდი, რომ მისმენდნენ, მაგრამ ასეთ მასშტაბს ნამდვილად არ ველოდი.

- ამ ჩანაწერებს შორის ჩვენი სატელეფონო საუბრებიც მოხვდა?

- კი ბატონო, რაც ღია ხაზით ვისაუბ­რეთ, ყველაფერი განხილული და დახარისხებულია: რა შეკითხვა დამისვით, რა გიპასუხეთ. 2 წლის განმავლობაში მთელი ჩემი ცხოვრება დეტალურად აქვთ აღწერილი. დედაჩემი რომ ოჯახურ საკითხზე მეუბნება რაღაცას, ისიც კი აღნიშნული აქვთ. რად უნდათ ეს ყველაფერი, რაში ხარჯავენ დროსა და რესურსს?!

- ხელისუფლების არგუმენტია, რომ ქვეყანა­ უამრავი საფრთხისა და გამოწვევის წინაშე დგას და მოსმენებიც უსაფრთხოებას ემსახურება.

- პრობლემაც ის არის, რომ ხელისუფლება მთავარ საფრთხედ პოლიტიკურ ოპონენტს აცხადებს და მტრულად განწყობილი ქვეყნიდან მოქალაქეების მასობრივ შემოდინებაზე რეაგირება არა აქვს, არც სანქცირებული პროდუქციის გავლას უშლის ხელს. სუს-ს ხელფასს იმისთვის არ ვუხდი, რომ მითვალთვალოს და ჩემი ცხოვრების ეპიზოდები აღწეროს. წესით, ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, მაგრამ უკვე ყველა ვატყობთ, რომ სუს-ი კა-გე-ბედ იქცა.

- საპროტესტო აქციებში მიიღებთ მონაწილეობას?

- მხოლოდ საპროტესტო აქციაში კი არა, ყველაფერში მივიღებ მონაწილეობას, ოღონდ კი საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. პროტესტის გამოხატვა კონსტიტუციით გათვალისწინებული ჩემი უფლებაა და ძალიან არ მომწონს, ამ ამბავს ათასნაირ კუდს რომ აბამენ. ახლა კიდევ ნიკა მელია გამოხტა და ვადამდელ არჩევნებზე გააკეთა განცხადება. თქვენ ხომ გახსოვთ, ამ საკითხზე მე ჯერ კიდევ როდის გელაპარაკებოდით ინტერვიუებში? ახლა აღმოაჩინა მელიამ ვადამდელი არჩევნების საჭიროება? არასწორია მხოლოდ ვადამდელ არჩევნებზე კონცენტრაცია, ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლება ამას აუცილებლად დაიხვევს ხელზე.

- მაშინ როცა ოპოზიციისთვის ასე მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობის მოპოვება­, ლიდერები რატომ ვერ ახერხებენ საერთო­ ინტერესის საგანზე შეთანხმებას, რატომ ცდილობენ­ ერთმანეთისთვის უსიამოვნო სიურპრიზების მოწყობას? მაგალითად ახლა, სანამ ყველა ცალ-ცალკე დააანონსებდით საპროტესტო­ აქციებს და ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას განიხილავდით, ერთმანეთთან რატომ არ შეთანხმდით?

- მე ყველასთან მაქვს ურთიერთობა, ყველას ველაპარაკები, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ გავიგე, რა უნდა, რა ამოცანა აქვს "ნაციონალურ მოძრაობას".

- თქვენვე გაიხსენეთ, რომ ვადამდელ არჩევნებს მოითხოვდით. ახლა, 2022 წლის მიწურულს, აზრი არ აქვს ვადამდელი არჩევნების­ დანიშვნას, როდესაც 2024 წელს ისედაც გვიწევს რიგითი საპარლამენტო არჩევნები?

- "სტრატეგია აღმაშენებელს" მარტივი ამოცანა აქვს - რაც მალე შევცვლით "ოცნების" მთავრობას, მით ნაკლებად დაზიანდება ქვეყანა. "ოცნება" პრორუსული ძალაა და ხალხი მას აღარ ენდობა. ნებისმიერ საპარლამენტო რესპუბლიკაში, როდესაც მთავრობა კარგავს ხალხის ნდობას, უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. როდესაც ქვეყანაში 90% პროდასავლური ძალაა, ხელისუფლება კი პრორუსულია, ეს უკვე ვადამდელი არჩევნების საფუძველია.

- მაშ, რატომ გაგაღიზიანათ ნიკა მელიას ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნამ?

- იმიტომ, რომ მთავარია საქმე და არა სიტყვების ბრახაბრუხი. ვადამდელ არჩევნებამდე საქმეა გასაკეთებელი, ხმამაღალი ყვირილით საქმე ვერ გაკეთდება, ისევე როგორც სიმღერით ვერ აშენდება სოფელი.

- მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ 12-პუნქტიანი რეკომენდაციები გამოგვიგზავნა, თქვენ ამბობდით, რომ კანონპროექტებზე მუშაობთ და როგორც კი სესიები დაიწყებოდა პარლამენტში წარადგენდით. ახლა რისი თქმა შეგიძლიათ, რომელი კანონპროექტი წარადგინეთ?

- აუცილებლად წარვადგენთ უახლოეს მომავალში. გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი შენიშვნები. დათქმა გვაქვს, რომ 20 სექტემბრამდე ყველა დეტალზე შევთანხმდეთ და მერე ყველაფერს წარვადგენთ. გულწრფელად გეტყვით, არ მინდა გამოვაქვეყნოთ ისეთი პროდუქტი, რომელსაც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებენ.

- საკითხებს ვისთან ათანხმებთ?

- ხელისუფლებისგან განსხვავებით, გვინდა ჩვენი მუშაობა ინკლუზიური და გახსნილი იყოს. შესაბამისად, ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ჩვენს კანონპროექტებში საკითხები ჩვენი სურვილებიდან კი არა, ქვეყნის საჭიროებებიდან იქნება გამომდინარე.

ხათუნა ბახტურიძე