„არ მიკვირს, რომ USAID-ის დასკვნა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციას ეყრდნობა“ - კვირის პალიტრა

„არ მიკვირს, რომ USAID-ის დასკვნა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციას ეყრდნობა“

უბრალო და უხარისხო, ბიუროკრატიულ ნამუშევრად შეაფასეს საქართველოს მმართველი გუნდის ლიდერებმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) ანგარიში "კლეპტოკრატიის აღმოფხვრის შესაძლებლობის ფანჯრების წართმევა". დოკუმენტში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კლეპტოკრატიის აღმოფხვრის მიზნით მითითებებს მოიცავს, საუბარი საქართველოსაც შეეხება. გზამკვლევში მიმოხილულია საქართველოში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან გატარებული ის რეფორმები, რომლებიც კლეპტოკრატიის აღმოფხვრისკენ იყო მიმართული. ამასთან ნათქვამია, რომ შესაძლებლობების დახურული ფანჯრის ანალიზის კიდევ ერთი მაგალითია საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევები. ამ ორგანიზაციაზე დაყრდნობით გზამკვლევში ნათქვამია: "გასული ათწლეულის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა მიიტაცა სახელმწიფო. მათ კვლევაში შესწავლილია კორუმპირებული ჩინოვნიკების დაუსჯელობა, საქართველოს მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და ოლიგარქის საიდუმლო ბიზნესები რუსეთში". დოკუმენტში ქვეყნის კლეპტოკრატიისგან გათავისუფლებისთვის კარგ მაგალითად არის დასახელებული 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდგომი რეფორმები. 2012 წლის შემდგომ პერიოდზე კი ნათქვამია, რომ "უმდიდრესმა ოლიგარქმა სახელმწიფო დაატყვევა". USAID-ის ანგარიშსა და ქვეყანაში ბოლოდროინდელ ვითარებაზე მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი გვესაუბრება:

- ჩვენ უკვე შევეჩვიეთ, რომ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც USAID-ია, ადგილობრივი­ არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციას ეყრდნობა. ერთი მხრივ, სწორი­ მიდგომაა, როდესაც საერთაშორისო ორგა­ნიზაციები სიტუაციის ობიექტურად შე­საფა­სებლად ქვეყანაში არსებულ ჩრდილოვან რუპორებს იყენებენ, მაგრამ, მეორე­ მხრივ, არ აქცევენ ყურადღებას იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, ძირითადად, ოპოზიციური პოლიტიკური განწყობებით იკვებებიან და შესაბამისად, მიკერძოებული არიან. ამიტომაც არ მიკვირს, რომ USAID-ის დასკვნა "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციას ეყრდნობა. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა" პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებულია, თავის ხელმძღვანელიან-თანამშრომლებიანად. ეს რომ ნამდვილად ასეა, ეკა გიგაურის ყოველი განცხადებით დასტურდება.

- მმართველი გუნდი ხშირად ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, დასავლელ­ პოლიტიკოსებზე, დიპლომატებსა და ელჩებზე­ ოპოზიცია ახდენს გავლენას. თქვენ რატომ ვერ ახერხებთ მათზე ზეგავლენას და იმ ინფორმაციის მიწოდებას, რაც თქვენი შეხედულებით სწორია?

- სისტემაა ასე აგებული - როდესაც უცხოელ პარტნიორებს ამა თუ იმ ქვეყანაში ობიექტური ინფორმაციის მოპოვება სურთ, ყოველთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს ეყრდნობიან. უბრალოდ, ჩვენ არ გაგვიმართლა, ჩვენი არასამთავრობო სექტორი არ ასრულებს თავის რეალურ მისიას, არ არის ობიექტური ინფორმაციის მიმწოდებელი.

- თქვენ ამბობთ, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის, მაგრამ ოპოზიცია უარს ამბობს პროცესში მონაწილეობაზე. იმისათვის, რომ 12 რეკომენდაცია შესრულდეს პირველ რიგში დეპოლარიზებაა საჭირო. რა გააკეთა მმართველმა გუნდმა იმისათვის, რომ ოპოზიციას "ქართულ ოცნებასთან" ერთად მუშაობაზე უარის თქმის საბაბი არ ჰქონოდა?

- სიმართლე ის არის, რომ პოლარიზაცია რადიკალური ოპოზიციის შექმნილი ხელოვნური პროცესია. დეპოლარიზაციას ვერ მივაღწევთ, თუ ოპოზიცია არ შეწყვეტს რადიკალური და ზოგჯერ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთებას და არ გააცნობიერებს საკუთარ როლს, პასუხისმგებლობას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ დეპოლარიზაციისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ ხერხდება, რადგან დიდწილად დამოკიდებული ვართ იმ პირებზე, რომლებიც სწორედ პოლარიზაციით საზრდოობენ.

- თავის მხრივ, ოპოზიცია ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად აღვივებს პოლარიზებას. ბოლო დროს ამის ერთ-ერთ მაგალითად ასახელებენ ფარულ მოსმენა-მიყურადების თაობაზე მიღებულ კანონს და ირწმუნებიან, რომ ამ კანონის დაჩქარებულად მიღებით მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან უფრო დაძაბა ურთიერთობა და ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობაც დააზიანა.

- ოპოზიციას ნებისმიერი რამის თქმა შეუძლია. მთავარი ის არის, რას ხედავს საზოგადოება და როგორია ობიექტური სინამდვილე. ობიექტურად კი ჩანს, რომ ისინი არ იყენებენ არც ერთ ფორმატს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, პირიქით, ალტერნატიული მთავრობებისა და ფორმატების შექმნას ცდილობენ, რაც აპრიორი გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობისა და თანამშრომლობისთვის­ მზად არ არიან. შემიძლია ნაბიჯ-ნაბიჯ ჩამოგიყალიბოთ, სად რა პროცესი გამოტოვეს, სად არ მიიღეს მონაწილეობა და როდის შეეცადნენ სიცრუის გავრცელებას. ოპოზიციის მოქმედების სურათი წლიდან წლამდე არ იცვლება. მეტიც, უფრო ართულებენ სიტუაციას. რაც შეეხება მოსმენა-მიყურადების თაობაზე მიღებულ კანონს, ვენეციის დასკვნის საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ცვლილებებს არ გააჩნია საკანონმდებლო ხარვეზი. რაც შეეხება ვადებს და დროს, როდესაც ოპოზიციას სურს რაიმეს გაკეთება, მშვენივრად იყენებენ თითოეულ წუთსა და მომენტს. ასე რომ, თუ მუშაობა სურთ ამ ან სხვა კანონსა თუ კანონპროექტზე, დრო ნამდვილად საკმარისი აქვთ.

- რატომ უგულებელყო მმართველმა გუნდმა ოპოზიციის მთელი ზაფხულის განმავლობაში გაკეთებული მოწოდებები, თხოვნა,­ რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი დაწესებულიყო და რუსი ვიზიტიორების მიმოსვლა კანონით გაკონტროლებულიყო?

- იმიტომ, რომ ეს პოპულისტური განცხადებები იყო. არაერთი სტატისტიკა გამოქვეყნდა იმის შესახებ, რომ წელს ქვეყანაში გასულ წლებთან შედარებით ნაკლები­ რუსი ვიზიტიორი შემოვიდა. რეგიონში დაძაბულობის გამო ევროპელები ძველებური მასშტაბით აღარ შემოვიდნენ და რუსები უფრო გამოჩნდნენ.

- რუსების მიერ უძრავი ქონების ყიდვასა და ბიზნესების დარეგისტრირების გახშირებულ ფაქტებზე რას იტყვით? ხომ არ ფიქრობთ, რომ მოსახლეობის სიმშვიდისთვის თვალსაჩინო­ უნდა იყოს, რომ მტრულად განწყობილი ქვეყნიდან შემოსული ვიზიტიორები კონტროლდებიან და საფრთხეს არ წარმოადგენენ?

- რუსების მიერ საქართველოში ქონების ყიდვა და ბიზნესების დარეგისტრირება აპრიორი არ ნიშნავს, რომ კონსპირაციებთან გვაქვს საქმე. ჩვენ მოვუსმინეთ უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, რომელმაც ძალიან დეტალურად, ვფიქრობ, ოპოზიციისთვისაც გასაგებად განმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვან სამუშაოებს აწარმოებს ეს სამსახური რისკების დასაზღვევად. ამ მომენტისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ხათუნა ბახტურიძე