„რუსეთს აქ არეულობისა და ხელ-ფეხის გახსნის საბაბი არ უნდა მივცეთ და რაც მთავარია, დასავლეთის მხარდაჭერა არ უნდა დავკარგოთ“ - კვირის პალიტრა

„რუსეთს აქ არეულობისა და ხელ-ფეხის გახსნის საბაბი არ უნდა მივცეთ და რაც მთავარია, დასავლეთის მხარდაჭერა არ უნდა დავკარგოთ“

ბოლო ხანს უკრაინული შეიარაღებული ძალების წინსვლა იმედს იძლევა, რომ რუსეთი ამ უთანასწორო ომში ვერ გაიმარჯვებს, თუმცა დასავლურ მედიაში უკვე დაიწყეს იმაზე მსჯელობა, თუ რა საფრთხეებს უნდა ელოდოს ცივილიზებული სამყარო დამარცხებული რუსეთისგან. "ჯიპას" პროფესორის, პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის თქმით, მშვიდად ყოფნის საფუძველი არც საქართველოს აქვს.

- რუსეთის დასუსტება არ ნიშნავს, რომ მისგან საფრთხეებს არ უნდა ველოდოთ და ყველაფერი კარგად არის. რუსეთს ჩვენთან ორი სამხედრო ბაზა აქვს, შესაძლოა იქიდან ნაწილი გაყვანილი ჰყავს, მაგრამ დარჩენილიც საკმარისია, ამასთან, ჰყავს­ ავიაცია. სასწორის პინაზე ორი ერთმანეთისგან განსხვავებული რისკი დევს - საქართველო არ არის უკრაინისხელა ქვეყანა არც ადამიანური რესურსით და არც ტერიტორიულად, უკრაინა ომსაც ახერხებს­ და წინსვლაც აქვს. ჩვენი რესურსების გათვალისწინებით ეს შეუძლებელია. იმიტომ კი არა, რომ ჩვენს სამხედროებს ომი არ სურთ ან ცუდად გაწვრთნილი ჯარი გვყავს, პირიქით - როგორც ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა თომას კარდენმა საქართველოში ყოფნისას განაცხადა,­ საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველ­წლიურად უკეთესი ხდება, მაგრამ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ეს არ არის საკმარისი. იმდენად მცირე ტერიტორია გვაქვს, რომ მანევრირება გაგვიჭირდება. პირველი ნაბიჯი - შესაძლოა გორის მაგისტრალი დაბლოკონ, ქვეყანა ორად გაიყოფა და გარე სამყაროს მოსწყდება, თუმცა არის მეორე და უფრო მნიშვნელოვანი საფრთხე - რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ომში გამოავლინეს, რომ დანდობა არ იციან და ქალაქებს, დასახლებებს, სამოქალაქო ობიექტებს, საზოგადოებრივ დაწესებულებებს, სავაჭრო ცენტრებს, სკოლებსა და საბავშვო ბაღებსაც კი ბომბავენ, მოსახლეობას არ ინდობენ. გაუძლებს კი ასეთ ზეწოლას საქართველო? ამ ბოლო დროს ხშირად ამბობენ, შემდეგი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იქნებაო, რაც დიდი შეცდომაა, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს თავისი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების, საკუთარი მოსახლეობისა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის გაცხადებული აქვს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი პოლიტიკა აქვს არჩეული და ასეთი შინაარსის საუბრები ქვეყნისთვის დამაზიანებელია - საქართველოს სახელმწიფოს სიტყვას ფასი ეკარგება. გარდა ამისა, ვინმეს როგორ წარმოუდგენია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან ომს ვაპირებთ? ეს ხომ ერთხელ გავიარეთ და უდიდესი უბედურება მოგვიტანა? ამაზე ფიქრიც არ შეიძლება. მოსკოვში მეტი კი არაფერი უნდათ, დარეკავენ სოხუმსა და ცხინვალში, ეტყვიან, ხომ გაიგეთ საქართველოს ხელისუფლება რას ამბობს, მათ ხალხიც უჭერს მხარს და თქვენთან ისევ ომს აპირებენო. ორივე რეგიონში სამხედრო ბაზებში განლაგებული ნაწილები საკმარისია, რომ რუსეთმა საქართველოში მიზანს მიაღწიოს. ამ შემთხვევაში კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც უკან დაგვრჩება, ევროკავშირიც და სხვა პერსპექტივებიც. ამიტომ როგორმე უნდა გადავეჩვიოთ ამაზე საუბარს და გავაცნობიეროთ, რომ ამ ტერიტორიებს მხოლოდ მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ. ომზე არც უნდა ვიფიქროთ. ერთი მხრივ, ამას ვამბობთ, მაგრამ იმავდროულად, პირდაპირ და ირიბად ვიმუქრებით, აი, რუსეთი რომ დასუ­სტდება, თქვენი დაცვის თავი აღარ ექნებაო. ეს სურს რუსეთს. მაშინ საბოლოოდ შეეკვრებიან აფხაზები, რომლებიც ახლა მისგან დისტანცირებას ცდილობენ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ტერიტორული მთლიანობის აღდგენა გულით სურს, მაგრამ საფრთხეები გააზრებული არა აქვს.

- რუსეთს არ სჭირდება საბაბი აგრესიისთვის, მით უფრო ახლა, როცა უკრაინაში­ გაუჭირდა, თავის მოსახლეობას უნდა აჩვენოს, რომ რამდენიმე მხრიდან ებრძვის დასავლეთი.

- როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, პირველ რიგში ჯავრი სწორედ საქართველოზე იყარა. ამის საბაბი მივეცით - ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, დამოუკიდებლობისთვის მზად არ აღმოვ­ჩნდით, გარდა ამისა, არც დასავლეთი გვიჭერდა ისე მხარს, როგორც 90-იანი წლების ბოლოს და შიდატერიტორიული პრობლემებიც გვქონდა, რასაც მალე მოჰყვა კიდეც ომები აფხაზეთსა და ცხინვალში. საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, მაგრამ კუდი მაინც მოიქნია. ერთ-ერთი,­ ვინც მწარედ იწვნია იმ მანკიერი სისტემის დაშლა, რომელსაც დღემდე მე-20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას, "ისტორიული რუსეთის დასასრულს" უწოდებენ, საქართველო იყო. ახლა იგივე უკრაინის კისერზე გადადის. თუმცა მასთან ბრძოლა უჭირს, რადგან, ჯერ ერთი, ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოა და გარდა ამისა, ძალიან დიდ დახმარებასაც იღებს.

- რისთვის უნდა ვიყოთ მზად?

- პირველ რიგში ბალანსი უნდა დავიცვათ. შეიარაღებული ძალებიც და სპეცს­ამსახურებიც კარგად მომზადებული უნდა გვყავდეს; გასაგებია, რუსეთს ომს ვერ მოვუგებთ, მაგრამ რაღაცის თავი მაინც უნდა გვქონდეს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, გონივრულად ვიმოქმედოთ, რუსეთს აქ არეულობისა და ხელ-ფეხის გახსნის საბაბი არ უნდა მივცეთ და რაც მთავარია, დასავლეთის მხარდაჭერა არ უნდა დავკარგოთ... არ ვიცი, რით არის გამო­წვეული ამერიკის ელჩის დაუსრულებელი კრიტიკა, შესაძლოა ელჩმა გააკეთა რაიმე განცხადება, თეორიულად გამორიცხული არაფერია, მაგრამ, მეორე მხრივ, ვერაფრით ამიხსნია, რატომ უნდა მოენდომებინა ამერიკას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, რადგან ძალიან კარგად იციან ჩვენი შესაძლებლობები. კერძოდ, ის, რომ ყველაზე დიდი, ორ კვირაში დავმარცხდებით და სამხრეთ კავკასიის რეგიონში როგორც ყველაზე საიმედო მოკავშირე რუკიდან გავქრებით. საბედნიეროდ, ამერიკა ცალკეული პოლიტიკოსის აბსურდული განცხადებების გამო ხელს არ გვკრავს, მაგრამ როდესაც მისნაირ სტრატეგიულ პარტნიორზე ვსაუბრობთ, ზღვარს არ უნდა გადავიდეთ.

- ზოგიერთი ექსპერტის აზრით, რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაშიც შესუსტდება.

- უკრაინაში ომისა და დასავლეთის სანქციების გამო თუნდაც ისე რომ დასუსტდეს რუსეთი, სამხრეთ კავკასიაში რაღაც ცვლილებები დაიწყოს, ამას განსაზღვრული წინა პირობები სჭირდება, რაც მხოლოდ რუსეთზე არ არის დამოკიდებული. მაგალითად, სომხეთში ანტირუსული­ განწყობა მეტადაც რომ გაძლიერდეს, საყრდენი დაკარგოს და ამას საბოლოოდ გიუმრიდან რუსული ბაზის გაყვანაც მოჰყვეს, ამისთვის სომხეთი საბოლოოდ უნდა შეურიგდეს აზერბაიჯანსა და თურქეთს, მათ შორის კი მტრობა იმდენად გამჯდარია, რომ ჯერ ამისთვის ადრეა. თურქეთში პირველი მსოფლიო ომის დროს დატრიალებული ტრაგედიის სიმწარე არ განელებიათ. ასე რომ, რუსეთს იქ სამხედრო ბაზა და გავლენაც, უახლოეს მომავალში მაინც, დაბევებული აქვს. აზერბაიჯანი კი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სხვა მასშტაბის მოთამაშედ იქცა. ეს განაპირობა ნავთობმა, სიმდიდრემ, ასევე იმანაც, რომ საქართველოსგან განსხვავებით, ბაქოდან 40 კილომეტრში რუსული ბაზა არ იდგა და ჩვენთან შედარებით ბევრად გახსნილი ჰქონდა ხელ-ფეხი. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მის უკან უძლიერესი სახელმწიფო, ნატოს წევრი თურქეთი დგას. ამ სამი ფაქტორიდან ჩვენ არც ერთი არა გვაქვს - არც ნავთობი, ცხვირწინ რუსული ბაზა გვიდგას და თურქეთისნაირი მოკავშირეც არ გვყავს­ მეზობლად. ამერიკა კი გვიჭერს მხარს, მაგრამ შორს არის და მასთან არა გვაქვს იმ ტიპის შეთანხმება, როგორიც აზერბაიჯან-თურქეთს, არც მათსავით მენტალური მსგავსება გვაქვს. თავის დროზე, აზერბაიჯანსა და თურქეთზე უფროსმა ალიევმა თქვა, ეს არის ერთი ქვეყანა ორშიო. მათი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება იმ გზით შეძლეს, როგორც თავად მიაჩნდათ საჭიროდ, საქართველო კი ამ გზას ვერ გამოიყენებს და არც უნდა გამოიყენოს.

ასე რომ, სამხრეთ კავკასიაში მართლაც რომ დაიწყოს რუსეთის გავლენის შესუსტება, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანაზე ერთნაირად აისახება... საოცრებებს­ არ ველი, მაგრამ ქვეყანა სტაბილურად რომ ცხოვრობს და ამდენი საფრთხის გარემო­ცვაში ტერაქტები არ ხდება, იმედია, ეს ქართული სპეცსამსახურების სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობის შედეგია. როდესაც ვიღაცები რუსეთის დაშლაზე ოცნებობენ, რატომღაც არ აცნობიერებენ, რომ მისი მართლა დაშლის შემთხვევაშიც არ ელოდება საქართველოს მშვიდი ცხოვრება. რუსეთის დაშლა ჯერ არ არის მოსალოდნელი და გარდა ამისა,­ არც დასავლეთის და ამერიკის ინტერესე­ბშია ამხელა ბირთვული სახელმწიფოს დაშლა, რადგან არავინ იცის, ბირთვული იარაღი ვის ხელში აღმოჩნდება. საბჭოთა­ კავშირი რომ იშლებოდა, დასავლეთში გული უსკდებოდათ, ნეტავ ვინ ჩაიგდებს იარაღს ხელშიო... როდესაც რუსეთი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება, ის პროპაგანდისტული მანქანით ამა თუ იმ ქვეყნის მტრად წარმოჩენას იწყებს. ასე დაიწყო­ 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს კი უკრაინაში. ჩვენ ალალბედზე ვაკეთებთ განცხადებებს, ლოზუნგებს ვისვრით. რუსეთი რომც დაიშალოს, ჩვენს ძველ პრობლემებს­ უამრავი ახალი დაემატება.

- მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონიდან მომავალი საფრთხეები?

- თუნდაც. ბოლოს და ბოლოს, ნატოში ინტეგრაციის შემთხვევაში, იქ ალიანსის ჯარები ჩადგებოდა და საიმედოდ ჩაიკეტებოდა, მაგრამ სრულყოფილად არც ამ შემთხვევაში ვიქნებით დაცული. თუ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონი აფეთქდა, საფრთხე საქართველოსაც დაემუქრება. ახლა აგრესიული იმპერია გვყავს მეზობლად, მაგრამ შემდეგ უკვე მძიმე სამეზობლო გვეყოლება, მრავალფეროვანი რისკებითა და პრობლემებით. არც ის არის გამორიცხული, იქ ისლამური ფუნდამენტალიზმი მივიღოთ. ამისთვის კი მზად საქართველო კი არა, ძლიერი სახელმწიფოები არ არიან...

რუსეთის გეგმა აშკარაა, საქმე ის არის, პატარა საქართველო რას უპირისპირებს აგრესიულ მეზობელს, როგორ ვცდილობთ მისი გეგმის ჩაშლას. რუსეთს ადამიანური რესურსი არასოდეს ენანებოდა. 50000-კაციანი დანაკარგი, რომელშიც, ალბათ­, დაჭრილებიც შედის, რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს. ევროპაში 15 ათასი კაცის დაკარგვაც კატასტროფაა, რუსეთისთვის კი მხოლოდ სტატისტიკა. იმდენად, რომ ლეგენდად ქცეული "აზოველების" ელიტური რუსული დანაყოფის დატყვევებული მებრძოლების გადაცვლაზეც უარს იტყვის. "აზოველების" დათმობა რუსეთს არაფრის სანაცვლოდ არ სურს. ურჩევნია ის სამხედრო ტყვეები დაკარგოს და უკრაინელ ტყვეებს სამხედრო ტრიბუნალი მოუწყოს. ასეთია რუსული ლოგიკა.

რუსეთის სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი ნამდვილად მოძველებულია, მაგრამ ბოლო დროს ტაქტიკა შეცვალეს, ომის პირველ დღეებში ტანკებით ბლიცკრიგი არ გამოვიდა და საარტილერიო ომზე გადავიდნენ, რაც ისეთი მოძველებული­ არ არის, როგორც ტანკები. ომის დროს ორივე­ მხარე იტყუება, მაგრამ ბი-ბი-სის რუკის მიხედვით, უკრაინას წინსვლა აქვს ხარკოვის მიმართულებით, მაგრამ ლუგანსკის ოლქი, ზაპოროჟიესა და ხერსონის ნაწილი დაკავებულია. მხოლოდ ხარკოვის მიმართულებით მათი წინსვლა როგორც სიმბოლ­ურად, ასევე მორალურად, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ამან ნაადრევი აჟიოტაჟი არ უნდა გამოიწვიოს, თუნდაც იმიტომ, რუსეთმა აჩვენა, რომ დაუნდობელია. უკრაინას წინ დიდი ბრძოლები აქვს გადასატანი.